x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რა ინტერესები ამოძრავებს თურქეთს სირიაში?
image
რა ინტერესები ამოძრავებს თურქეთს სირიაში?

სირიის არაბთა რესპუბლიკა ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლების მქონე ტერიტორიას მოიცავს და ოდითგანვე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მდებარეობას იკავებს. სრული დამოუკიდებლობა სირიამ 1963 წელს მოიპოვა, თუმცა ამ მოვლენის პარალელურად ქვეყნის მთავრობა უამრავი გამოწვევის წინაშე იდგა. საშინაო პრობლემებთან ერთად საგარეო საფრთხეებიც არსებობდა: 1967 წელს დაკარგა გოლანის დაბლობები, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს, ხოლო 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან. განვითარების მხრივ, სირია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დანარჩენ მსოფლიოს. ადამიანის უფლებათა მნიშვნელობა თითქმის ნულამდე იყო დაყვანილი, ხოლო ქვეყანაში გამეფებული იყო სოციალური უთანასწორობა, რაც ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობაზე ისახებოდა. ამ და სხვა ეკონომიკურმა თუ პოლიტიკურმა პრობლემებმა საბოლოოდ სირიის არაბთა რესპუბლიკაში შეიტანა ის საპროტესტო მუხტი, რასაც იმ დროს „არაბული გაზაფხული“ უწოდეს. 2011 წელს დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა და დღემდე ამ ომმა ექვსასი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დღეს სირიაში რამდენიმე სახელმწიფოს აქვს განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია და ესენი არიან: აშშ, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, კატარი და თურქეთი. მიუხედავად ყოველი მხარის მიერ გაცხადებული ყალბი განცხადებებისა მშვიდობიანობის სწრაფ დამყარებასა და ქაოსის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, შეუმჩნეველი არ რჩება მათს ნაბიჯებში ჩამალული ინტერესები, რომელთაგანაც განსაკუთრებულ ყურადღებას თურქეთის ბოლო დროს განხორციელებული ოპერაციები იქცევს.

რა სახის ევოლუცია განიცადა თურქეთ-სირიის ურთიერთობებმა? [1]“თურქეთ-სირიას შორის კავშირი ჯერ კიდევ 2002 წელს დამყარდა და ეს ურთიერთობა ამ უკანასკნელში თურქული ქარხნების გახსნითა და ახლო აღმოსავლეთში თურქული პროდუქციის გატანით შემოიფარგლა“. 2004 წელს ამ ქარხნებმა თურქეთს 250 მილიონი ამერიკული დოლარი მოუტანა, ხოლო ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და 2010 წლისთვის 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამან თურქეთ-სირიის „მეგობრობა“ კიდევ უფრო გააღრმავა. თურქეთისთვის სირია იყო დერეფანი, რომელსაც ის არაბული სამყაროსკენ მიჰყავდა და ამიტომაც სირია მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. 2010 წელს თურქეთმა სირიას თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა, ხოლო სანაცვლოდ ევროპასთან ურთიერთობის მოგვარებას შეჰპირდა, რაც სირიისთვის დიდი მონაპოვარი იქნებოდა. ამრიგად, თურქეთ-სირიის ურთიერთობები ეს იყო წმინდა წყლის ეკონომიკური კავშირი, რომელიც მეტწილად თურქეთის სასარგებლოდ იყო გადახრილი და მის ინტერესებს მორგებული, რაც არაბულ სამყაროზე გასვლასა და მათთან ვაჭრობას ემყარებოდა, თუმცა სირიის არაბთა რესპუბლიკამაც რამდენიმე ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ.


მიუხედავად სირიის თურქეთთან მიტმასნებისა, ყველაფერი მალე შეიცვალა, როდესაც 2011 წელს მშვიდობიანი გამოსვლები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თურქეთის ხელისუფლებამ მალევე განჭვრიტა, რომ ეს ომი დიდხანს არ დასრულდებოდა. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც საქმეში ზესახელმწიფოები ჩაერთვნენ, რამაც თურქეთის ვარაუდები კიდევ უფრო განამტკიცა. [2]“ჯიჰადის მიმდევრების მატებამ რეგიონში და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, სირიის ჩრდილოეთში ქურთების გაძლიერებამ საფრთხე შეუქმნა თურქეთის შიგნით მშვიდობიანობასა და სუვერენიტეტს. ამას დაემატა 3.6 მილიონამდე მიგრანტი, რომლებმაც თავი თურქეთს შეაფარეს“. ყველაფერმა ამან თურქეთის სირიისადმი პოლიტიკა საგრძნობლად შეცვალა და მისი ეკონომიკური ინტერესები ახლა სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა.

რა ინტერესები აქვს თურქეთს სირიაში დღეს? 2002-11 წლებისგან განსხვავებით, თურქეთის ინტერესებმა უფრო მეტად ნაციონალისტური შინაარსი შეიძინა. ჯერ კიდევ 2011 წელს თურქეთმა დაიწყო იმ ამბოხებულების სამხედრო გაწვრთნა, რომლებმაც შემდგომ თავისუფალი სირიული არმია ჩამოაყალიბეს. თურქეთის ხელისუფლება არც რადიკალი ისლამისტების დაფინანსებას ერიდებოდა, თუმცა მნიშვნელოვან შედეგს მათი დახმარებით ვერ მიაღწია. 2016 წლის მარტში ქურთების მიერ ჩრდილოეთ სირიაში ქურთისტანის სახელმწიფოს ე.წ. როჟავას შექმნამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თურქეთის შიგნით. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი უკვე თავად თურქეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლებდა, განსაკუთრებით გამაღიზიანებელი კი ის ფაქტი იყო, რომ ქურთები აშშ-ს მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ხოლო თურქეთში ოფიციალური ცნობებით 6 მილიონამდე ქურთი ცხოვრობდა და მათი უმეტესობა სწორედ საზღვრიპირა რეგიონებში. ეს თურქეთს მოსალოდნელი ქაოსის წინაშე აყენებდა, [3]“ამიტომ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მალევე წარადგინა გეგმა, რომელიც თურქეთის მოსაზღვრე სირიის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნასა და იქ სირიელ მიგრანტებს დასახლებას ითვალისწინებდა“. ჩემი აზრით, ამ გეგმით ერდოღანმა ევროპასა და აშშ-ს დაანახვა თურქეთის ეროვნული ინტერესის რამდენიმე მიმართულება:

  • რაკი ევროპა არ აპირებს სირიელი მიგრანტების მიღებას და ეს მეტწილად თურქეთს უწევს, ერდოღანი თავისი ძალებით მოაგვარებს ამ პრობლემა დასავლური პარტნიორების გარეშე. ეს არის ნაბიჯი, რითაც თურქეთი საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს;
  • თურქეთის გეგმა ბუფერული ზონის შექმნასთან დაკავშირებით ნაკლებად არის მიგრანტებზე ზრუნვის გამოხატულება. ეს უფრო მომავალზე გათვლილი გეგმაა, რომელიც თურქეთის საზღვრებიდან ქურთების გაყრასა და იქ მუსლიმური მოსახლეობის დასახლებას ითვალისწინებს. [4]“თურქებს ყოველთვის ახასიათებდათ ეთნონაციონალიზმი. ისინი მუდამ ცდილობდნენ თავის ირგვლივ ისეთი ხალხების შეკრებას, რომლებიც რელიგიური თუ კულტურული კუთხით მათთან ახლოს იყვნენ, რადგანაც ეს კონფლიქტების აცილებისა და სწრაფი კონსოლიდაციის მეტად პერსპექტიულ გზად ეჩვენებოდათ“. სწორედ ამიტომ თურქეთისთვის ბუფერულ ზონაში მიგრანტების დასახლება თურქეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა და იმ ზონიდან ჯერ ქურთების წინააღმდეგ ოპერაციებს მოითხოვდა, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იყო ერდოღანის ადმინისტრაციის მიერ და ეს გეგმა სწორედ ამ შეფარულ ინტერესს შეიცავდა;
  • ბუფერული ზონის შექმნით თურქეთი თავიდან აიცილებს საკუთარ ქვეყანაში ქურთული სეპარატიზმის გაღვივების შანსებს და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხეებს. გარდა ამისა, ოთხ მილიონამდე მიგრანტის სამშობლოში დაბრუნებითა და მათთვის პირობების შექმნით, თურქეთი შეიძენს როგორც იაფ მუშახელს საკუთარი ეკონომიკური ვითარების უფრო გასაძლიერებლად, ისე ჯარისკაცებს, რაც თურქული ჯარისთვის ცოცხალი ძალის დანაკარგებს შეამცირებს და ოპერაციებში მეტწილად ისევ სირიელების გადამზადებასა და შეიარაღებას დაუბრუნდება. სირიელების გამოყენება სამხედრო თვალსაზრისით თურქეთს არაერთხელ განუხორციელებია და ეს წლევანდელი ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდა აზერბაიჯანის რაზმების მხარეს.
ამრიგად, ერდოღანის განცხადება: „ჩვენ იქამდე დავრჩებით სირიაში, სანამ არ დავასრულებთ იმას, რაც გვსურს“, კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ თურქეთის ინეტერესები სირიაში იმაზე მრავლისმომცველი და პრაგმატულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ერდოღანის პოლიტიკა იმაზე მეტად თამამი და აგრესიული აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიო ამას მოელოდა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლამ თურქეთი ჯერ რუსეთს დაუპირისპირა, ხოლო შემდგომ ქურთების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ აშშ-თან. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ერდოღანს საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობების ღრმად სწამს და დამოუკიდებელ მოთამაშედ მოვლენა სურს, რისთვისაც პირველ რიგში რეგიონში მოკავშირეების გაჩენა და მეზობლად კონფლიქტური ჯგუფების მოშორება სჭირდება. სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანისთვის გაწეულმა დახმარებამ თურქულ ეთნონაციონალიზმში ნატო საბოლოოდ დაარწმუნა და ალბათ, სირიაში გატარებული პოლიტიკა ახლა უფრო თვალსაჩინო და ახსნადი გახადა. მიუხედავად მწვავე კრიტიკისა და სანქციებით მუქარისა, თურქეთი არ ცვლის პოლიტიკას და ჩრდილოეთ სირიის მიმართ მისი ინტერესო გაქრობას არ აპირებს.

0
134
2-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითბ
დავითბ
134