x
image
თამილა გურაშვილი
როგორ ჩააბარა ფილმი "ჯარისკაცის მამა" რეზო ჩხეიძემ მოსკოვში

image

ფილმის "ჯარისკაცის მამა" გადაღება 1965 წელს დასრულდა, მაშინ ამას სურათის ჩაბარება ერქვა. წლის ბოლოს- 31 დეკემბერს, ყველა დიდ ორგანიზაციას მთავრობის წინაშე ჰქონდა ვალდებულება წარედგინა ანგარიში, თუ როგორ დამთავრდა წელი. როგორია ფინანსური მაჩვენებლები, შესრულდა თუ არა გეგმა და ა.შ. მაშინ საქართველოც საბჭოთა კავშირის გეგმაში შედიოდა და შესაბამისად ეს ფილმიც მოსკოვისთვის უნდა ჩაებარებინათ. თუ ფილმს დეკემბერში არ ჩაიტანდნენ მაშინ მთელი საბჭოთა კავშრის კინოგეგმა ვარდებოდა, ეს კი, ყოვლად დაუშვებელი იყო. მოემზადნენ და 31 -ში დანიშნულების ადგილას იყვნენ. არასამუშო დღე იყო და სამინისტროში ფილმის ჩაბარებაზე მხოლოდ კინემატოგრაფიის მინისტრი, რომანოვი და მისი მეუღლე მივიდნენ.

„ისინი ახლოს დასხდნენ ეკრანთან. მე და ხმის ოპერატორი დარბაზის ბოლოში ვისხედით. საერთოდ, რეჟისორი ზუსტად ატყობ, თუ როგორ იღებს მაყურებელი ფილმს. ვატყობ ამ მინისტრს არ მოსწონს, ფეხებს აბაკუნებს, გაიხედავს-გამოიხედავს და რაღაცას იწერს. ცოლი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს და ემოციებსაც შესაბამისად გამოხატავს.

დამთავრდა სურათი და რომანოვი წამოვიდა ჩემსკენ. მეუბნება. - „ზნაიტე ჩტო ია ვამ სკაჟუ, ეტუ კარტინუ სავეცკი ნაროდ ნე ბუდეტ სმატრეტ“ - „პაჩემუ ტავარიშ რომანოვ, ჩტო ვი ნაშლი ტაკოვა?“ ვეკითხები და მპასუხობს, რომ მახარაშვილი არის ჯარისკაცი, რომელიც კლავს საბჭოთა არმიის ოფიცერს, ამის უფლება კი საბჭოთა არმიაში არა აქვთ, ამიტომ მე ვერ გავუწევ აგიტაციას იმას რაც საბოჭთა კავშირისთვის მიუღებელია. თქვენზე პასუხს ვერ ვაგებ, ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროც წინააღმდეგი იქნება ამ ფილმის გამოჩენისო.


image

რა უნდა მეთქვა, - მინისტრია. ვატყობდი რომ სისულელეს მეუბნებოდა, მაგრამ დავა არ დამიწყია. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. სახლში წავედი, დავწექი, არ ვიცოდი რა მექნა. თბილისში რომ დამერეკა და მეთქვა არ მიიღეს სურათიო, სტუდიაშიც გადაირეოდნენ და ოჯახშიც. გადავწყვიტე დროებით თავი შემეკავებინა, ერთი კვირა გავიდა, დაახლოებით და დამირეკეს. დამიბარეს ფილმის ჩვენებაზე, რომლისთვისაც „პოლიტიჩესკაია პრავიტელსტვა სავეცკოი არმიი“ - ს უნდა ეყურებინა.

ეს ძალიან საშიში ორგანიზმი იყო, დაახლოებით კაგებე. სხვა რა გზა გვქონდა, მივედით მე და ჩემი ხმის ოპერატორი. ვზივართ და ველოდებით, როდის შემოვლენ. მალე მთავარი გენერალ ლეიტენატი ვლადიმერ ვასტოკოვი გამოჩნდა, რომელსაც 12-მდე სხვა გენერალი შემოჰყვა. დასხდნენ და დავიწყეთ ჩვენება.

ყველა ინტერესით ადევნებდა თვალს, სასაცილო მომენტებში იცინოდნენ, მერე ერთი მოტრიალდა და ჟესტებით გვანიშნებდა, რომ მოსწონდა. მივხვდით, ყველაფერი კარგად იყო, არა და ძალიან ვნერვიულობდით ამათზე იყო დამოკიდებული ცეკაში რას იტყოდნენ. ბოლოს ძალიან ჩაერთვნენ და გამხიარულდნენ.

ფილმი რომ დასრულდა უფროსი გვეკითხება, რატომ არ მიიღო თქვენმა მინისტრმა ეს ფილმიო? რა უნდოდა მას თქვენგანო? ვუპასუხეთ, ის სთვლის, რომ ეს ფილმი კანონის არღვევს და არ შეიძლება ჯარისკაცი საბჭოთა არმიის ოფიცერს კლავდესმეთქი. ჩაიცინა, როგორც ჩანს თქვენმა მინისტრმა ვერაფერი გაიგოო, - „ეტა ნე სალდატ, ეტა ატეც სოლდატა, ი კარტინა ტაკ ი ნაზივაეტსია -„ატეც სალდატა“ . პირიქით, ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს ფილმი და გპირდებით მას მთელი საბჭოთა კავშირი ნახავს, გილოცავთ გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთო.“- იხსენებს რეჟისორი რეზო ჩხეიძე.

0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0