x
image
არსენალი
დი მატეომ ჩემპიონობა დაგეგმა

imageლონდონის "ჩელსის" იტალიელი თავკაცის, რობერტო დი მატეოს ხელში წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი მოიგო. ბუნებრივია, სეზონის ასეთი შთამბეჭდავი დასრულების შემდეგ "არისტოკრატებს" სერიოზული ამბიციები აქვთ.
- სამი ტურის შემდეგ "ჩელსი" ერთპიროვნული ლიდერია, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ბოლომდე გაჰყვეთ საჩემპიონო მარათონს?
- "ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც არ უნდა ვიბრძოლოთ ოქროს მედლებისთვის. შემადგენლობის მხრივ, სულ მცირე, არავის ჩამოვუვარდებით. რა თქმა უნდა, ისეთი დონის ტურნირის მოგება, როგორიც ინგლისის პრემიერლიგაა, ურთულესი საქმე იქნება, მაგრამ ისე ნამდვილად არ არის, რომ რომელიმე გუნდი ჩვენზე მეტად მივიჩნიო ფავორიტად".

- მართალია, სამიდან სამი შეხვედრა მოიგეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე თამაშში კონკურენტს აჯობეთ.

- "ამის დროც მოვა, ჯერ ხომ კონკურენტებთან არ გვითამაშია. ვისაც შევხვდით, მათ მოვუგეთ".

- დიდიე დროგბას წასვლის შემდეგ თავდასხმის ხაზში არსებული პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს?

- "ჯერჯერობით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ბრწყინვალედ გამოიყურება ფერნანდო ტორესი. ესპანელის გარდა, მრავლად გვყავს შემტევი სტილის ფეხბურთელები, მაგალითად ახლახან ნაყიდი ოსკარიც გამოდგება, რომელიც უდიდესი ტალანტია".

- ჩემპიონატის სტარტზე ტორესი მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ ერთია, რამდენიმე შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება და მეორე - სტაბილურად გოლების გატანა. ამ მხრივ, "ელ ნინიო" დროგბას ნამდვილად ვერ გაუტოლდება.

- "დროგბას, რომ უდიდესი ფეხბურთელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩემი აზრით, დიდიე "ჩელსის" ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ტორესი ახლა სრულებით გვაკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, მისი კარგი თამაში ეპიზოდური არ იქნება და ის აუცილებლად ჩაატარებს მთელ სეზონს მაღალ დონეზე".

- ჩემპიონობისთვის ბრძოლა ახსენეთ და მთავარ კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?

- "პირველ რიგში, რა თქმა უნდა მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის", რომელიც ტიტულების მხრივ კვლავაც დამშეულია. მართალია, "ქალაქელებმა" წინა სეზონში ოქროს მედლები მოიპოვებს, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ ერთი საჩემპიონო ტიტულით დიდი გუნდი ვერ გახდები. ამიტომაც ისინი კვლავაც მაქსიმალურად მოტივირებული იქნებიან. ცალკე აღნიშვნის ღირსია "მანჩესტერ იუნაიტედი". ყოველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს სათავეში სერ ალექს ფერგიუსონი ჰყავს, სპეციალისტი, რომელმაც ფეხბურთში ყველაფერი იცის. დარწმუნებული ვარ, ფერგიუსონს რამდენიმე ისეთი სიურპრიზი ექნება, ყველას რომ გაგვაკვირვებს".

- როგორ ფიქრობთ, საჩემპიონო ბრძოლაში "არსენალი" და "ტოტენჰემი" ვერ ჩაერთვებიან?

- "ამ გუნდებს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლონ, განსაკუთრებით - "ტოტენჰემმა". მათ საამისო რესურსი უბრალოდ, არ გააჩნიათ. "არსენალი" უფრო გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, უფრო შეთამაშებული არიან, თუმცა არც "არსენალის" შანსია მაინცდამაინც შთამბეჭდავი".

- გუნდიდან წასულმა ლუკაკუმ დანანებით აღნიშნა, რომ "ჩელსიში" დრო სულ ტყუილად დაკარგა.

- "მისი ეს ნათქვამი მეც მოვისმინე და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ლუკაკუმ "ჩელსიში" იმდენი რამ ისწავლა, რომ მადლობელი უნდა იყოს. ის ფეხბურთელად სწორედ ჩვენთან ჩამოყალიბდა და ნამდვილად არ მესმის, ახლა რატომ აკეთებს ასეთ უმადურ განცხადებებს, თუმცა ეს ჩემი საქმე არაა, რაც სურს, ის ილაპარაკოს".

- მაიკლ ესიენი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად მიიჩნევა, თქვენ კი ის იჯარით მადრიდის "რეალში" გაუშვით.

- "ესიენი აქედან არავის არ გაუშვია. ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ჩვენ მისი თხოვნა გავითვალისწინეთ. მას ძალიან სურდა "რეალში" თამაში და ახლა მადრიდშია, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ მოვლენების ისეთ განვითარებას, რომ ესიენი გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ "ჩელსიში" დაბრუნდეს".

- კლუბი დატოვა კიდევ ერთმა საყრდენმა ნახევარმცველმა, პორტუგალიის ნაკრების წევრმა მეირელეშმა.

- "მან საკმაოდ საინტერესო შეთავაზება მიიღო და უარის თქმა არ უნდოდა. ჩვენ მშვიდად ვისაუბრეთ და საკმაოდ კარგად დავშორდით ერთმანეთს. მეირელეშს სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ".

- რატომ არ სცადეთ მისი შენარჩუნება?

- "მას გარანტია სურდა, რომ ძირითადის ფეხბურთელი იქნებოდა, ამის გარანტიას კი მე ვერავის ვერ მივცემ, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ შორის არანაირი გაუგებრობა არ იყო და ჩვენ მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს".

- ჩავლილი ამბავია, მაგრამ ყველას ძალიან აინტერესებს, მართლა იყო თუ არა დაძაბულობა თქვენსა და "ჩელსის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს შორის.

- "ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ დაძაბულობაც არ არსებობდა. ის ახლა "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად კარგად წარმოაჩენს.

1
49
2-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
49
  
2012, 14 სექტემბერი, 22:43
++++
0 1 1