საქართველო
"პირადად აგებ პასუხს თუ პრეზიდენტი გარდაიცვლება!“ – მაია ორჯონიკიძე ნიკა მელიას
2021, 16 ნოემბერი, 22:20
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე "ენმ"-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართავს და დაუყონებლივ მრავალრიცხოვანი აქციის შეკრებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევს. ორჯონიკიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს ეკისრება.
"მივმართავ ნიკა მელიას – ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალათიათასიან აქციას და ათასმეერთეჯერ აღარ დაშლი – ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან! კმარა ბრძოლის იმიტაცია და 60-ათასიანი აქციების დაშლა! პირადად აგებ პასუხს თუ პრეზიდენტი გარდაიცვლება! პირადად" – წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიციის დღევანდელი აქციის მონაწილეები ერთდროულად რესპუბლიკის მოედანიდან, აღმაშენებლის ხეივანიდან და კახეთის გზატკეცილიდან დაიძრნენ და საბოლოოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
საპროტესტო ტალღის ფარგლებში აქციის მონაწილეები დღეს ყველა სახელმწიფო უწყებასთან შეჩერდნენ. ისინი ხმაურითა და საყვირებით აპროტესტებდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტს.
"გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში" - მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნებათ, ყოველდღიური რყევები კი "ქართული ოცნების" რეჟიმს დაამხობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში დააკავეს, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.
რუსთავის საპატიმროში გადაყვანილმა სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა, 8 ნოემბერს კი, მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მალულად რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ექს - პრეზიდენტი უკვე 47 დღეა რაც შიმშილობს. ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში შევიდა.
ლომჯარიას განცხადებით, ექიმები გაესაუბრებიან მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, ასევე შეამოწმებენ გლდანის ციხის საავადმყოფოში არსებულ ვითარებას და მის თავსებადობას სააკაშვილის საჭიროებებთან. მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:
-
გიორგი გრიგოლია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
-
გრიგოლი ხურციძე, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
-
გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგი;
-
გიორგი პაპიაშვილი, კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
-
აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
-
მამუკა მაჩაიძე, ინფექციონისტი, თერაპევტი;
-
ნინო ზავრაშვილი, ენდოკრინოლოგი.