სხვა პანიკური აშლილობა და პანიკური შეტევები - გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა 2021, 13 ნოემბერი, 15:03 პანიკური აშლილობის ძირითად ნიშან-თვისებას პანიკის შეტევები წარმოადგენს, ანუ შფოთვის უეცარი შეტევები, რომლის დროსაც დომინირებს სომატური სიმპტომები.
სომატურ სიმპტომებს თან ახლავს ჯანმრთელობის სერიოზული გართულების შიში (მაგალითად, გულის შეტევის შიში).
პანიკური შეტევის სიმპტომებია: თავბრუსხვევა; ყურებში ხმაური; თავის ტკივილი; სისუსტის შეგრძნება; გულის წასვლის შეგრძნება; მგრძნობელობის დაკარგვა; სახის, ქვედა და ზემო კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება; კარპოპედალური სპაზმები( მტევნისა და ტერფის კუნთების შეკუმშვა); პრეკორდიალური დისკომფორტი; სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება; ქოშინი; უსიამოვნო შეგრძნება; გაგუდვის შეგრძნება; დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში; დეპერსონალიზაცია ან დერეალიზაცია; ოფლიანობა და სხვა მრავალი. ეს სიმპტომები არ არის აუცილებელი ყველა ერთდროულად აღინიშნებოდეს პაციენტს. პანიკის შეტევის მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნიშანს-თვისებას წარმოადგენს ის, რომ შფოთვა სწრაფად აღმოცენდება; სიმპტომები მძიმეა; პიროვნებას აქვს კატასტროფული შედეგების შიში. ზოგიერთი პაციენტისთვის, სხვა სიმპტომებთან ერთად დამახასიათებელია ჰიპერვინტილაციაც, რომელიც, თავის მხრივ, ზემოქმედებს სხვა სიმპტომებზე. ჰიპერვინტილაცია არის ხშირი და ზედაპირული სუნთქვა. სწორედ ეს იწვევს უჰაერობის შეგრძნებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიპერვინტილაცია შესაძლოა აუხსნელი ფიზიკური სიმპტომების მიზეზს წარმოადგენდეს (მაგ: თავბრუსხვევა, ტაქიკარდია). ასევე, პანიკის შეტევებს ადგილი აქვს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ფობიკურ-შფოთვითი აშლილობის (განსაკუთრებით აგორაფობია), დეპრესიული აშლილობის დროს. გამოკვლევების თანახმად, ერთი წლის მანძილზე ზოგად პოპულაციაში პანიკური აშლილობის გავრცელების სიხშირე 1000 ადამიანში დაახლოებით 14 შემთხვევას შეადგენს. პანიკური აშლილობის გამომწვევ მიზეზად ითვლება: გენეტიკა, ბიოქიმიური ჰიპოთეზა, პანიკური შეტევების რედუქცია, კოგნიტური ჰიპოთეზა. ბიოქიმიური ჰიპოთეზა ორი რიგის დაკვირვებებს ეფუძნება: პანიკის შეტევის ინდუქცია ანუ ქიმიურ აგენტებს პანიკის გამოწვევა უფრო იოლად შეუძლიათ პანიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში. ქიმიური აგენტების სიმრავლე, რომლებსაც ასეთ პაციენტებთან პანიკის შეტევების პროვოცირება შეუძლიათ, ართულებს ერთი ზოგადი კაუზალური მექანიზმის დადგენას. არსებობს მოსაზრება, რომ პანიკის შეტევები შეიძლება გამოწვეული იყოს ანომალიებით პრესინაფსურ ადრენორეცეპტორებში, რომლებიც ნორმალური ფუნქციონირებისას ზღუდავენ პრესინაფსური ნეირონების აქტივობას შფოთვის კონტროლთან დაკავშირებული თავის ტვინის უბნებში. პანიკის შეტევა შეიძლება 5-HT-ს ან ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების ფუნქციონირების დარღვევითაც იყოს გამოწვეული. მკურნალობის კურსი მოიცავს ფსიქიატრის მიერ დანიშნული ფარმაკოთერაპიას და ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ კოგნიტურ თერაპიას. 51 1-ს მოსწონს
|