ბუშტი-კაბები პირველად ლონდონში გამართულ ჩვენებაზე გამოჩნდა, 2019 წელს. პოდიუმზე საჰაერო ბუშტები კაბებად იქცა, რასაც სტატიის ბოლოს განთავსებულ ვიდეოში საკუთარი თვალებით იხილავთ.
მაღალი მოდა ჩვეულებრივისაგან განსხვავდება ექსტრავაგანტურობით. იგი არ ქმნის კოსტიუმებს, რომლითაც წახვალთ ყოველდღიურად სამსახურში, მაგრამ წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი გამოსვლისათვის მაღალი მოდის ტენდენციები და პროდუქტები ნამდვილად ეხმარება ცნობილ ადამიანებს.
ფრედერიკ ტიარანდსენი ნორვეგიელი მაღალი მოდის დიზაინერია (კუტურიე, მოდელიორი), ლონდონის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული. თავისი გამოსაშვები ჩვენებისათვის ტიარანდსენმა შექმნა უჩვეულო კოსტიუმები. ტარანდსენის მიერ შეკერილ ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელები პოდიუმზე დეფილირებდნენ დიდი რეზინის საჰაერო ბუშტებით. რაღაც მომენტში ჩაცმულობა "იჭიმება" და მერე იშლება. შემდგომ მცირე მანიპულაცია, მოძრაობა ჩაფუშული ბუშტით და იგი გადაიქცევა ულამაზეს კაბად. ტიარანდსენი ირწმუნება, რომ მისი კოსტიუმები შთაგონებულია ცნობილი ბრიტანული ნისლებით (ინგლისი "ნისლიან ალბიონად" იწოდება).
ბუშტი-კაბების დასამზადებლად დიზაინერმა გამოიყენა ნატურალური კაუჩუკი (რეზინი). მხოლოდ ერთი ასეთი კოსტიუმის, კაბის შესაკერად ნორვეგიელ დიზაინერს დასჭირდა დაახლოებით 5 მეტრამდე რეზინი, რომელიც შეიძინა შრი-ლანკაში (ცეილონი).
კაბის გასაბერად მოდელებმა სპეციალური სამაგრს დააჭირეს. თვითონ დიზაინერი აღიარებს, რომ კოსტიუმების დამზადებისას ბუშტი მის თავზე 3-ჯერ გასკდა და ტკაცუნის მაღალმა ხმამ ლამის დააყრუა. ფრედერიკ ტიარანდსენის საბედნიეროდ, პოდიუმზე, ჩვენებაზე არცერთი ბუშტი-კაბა არ გამსკდარა.
დიზაინერის თქმით, ბუშტი-კაბაში ბევრი ჰაერია, რაც 3 საათს აძლებინებს მას, არ სკდება. გასათვალისწინებელია ერთადერთი გარემოება, ადამიანები, რომელთაც კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში) აწუხებთ, ნამდვილად არ იგრძნობენ თავს კომფორტულად ასეთ "ბუშტში".
ექსტრავაგანტურობით გამორჩეული ლედი გაგას რეაქცია ბუშტი-კაბებზე უცნობია, თუმცა ასევე ეპატაჟურმა ვარსკვლავმა, ლინდსი ლოჰანმა დადებითად შეაფასა ეს ახალი მოდური ტენდენცია. "ეს ძალიან სიურეალისტურია", - განაცხადა მსახიობმა.
ფრედერიკ ტიარანდსენს უკვე მოიხსენიებენ მოდის ასპარეზზე ამომავალ ვარსკვლავად. ახალგაზრფა დიზაინერს ჰქონდა ბედნიერება, ემუშავა ცნობილ ბრენდებთან: "ბალენსიაგასა" (ესპ.) და "ლუის ვიტონთან".
მეტი თვალსაჩინოებისათვის იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=gNmv8r3yB6g