x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
"მალე ქვეყანას კოვიდთან მებრძოლი აღარ ეყოლება, თუ ასე გაგრძელდება ვერც ერთი ვერ გადავრჩებით" - ლევან რატიანი

image

ლევან რატიანი არ გამორიცხავს, რომ თუკი ვირუსის გავრცელების მასშტაბები იმ ტემპით გაგრძელდა, როგორი მაჩვენებელიც ყოველდღიურად ფიქსირდება, ქვეყანას საექიმო რესურსი აღარ დარჩება.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი შიშობს, რომ ეპიდვითარებას რესურსი ვერ გაუძლებს და ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება.

"თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი, ამიტომ სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკი და დაღმავალი. რომ არ მოხდეს ტალღისებურად ინფექცია, არ მიიღოს ამან რასაც ჰქვია სპორადული ხასიათის ინფექცია, ჯერ ამაზე ლაპარაკი შორსაა, თუმცა ამიტომ უნდა მოხდეს ინფექციის ლიკვიდაცია.

ძალიან მეშინია ხოლმე ამას ვამბობ, მაგრამ დადგება პერიოდი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა", - ამბობს ლევან რატიანი.

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე, ვაქცინაციასა და პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა.

"ჩვენს კლინიკას ბოლო 12 დღის განმავლობაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე ეს არის ცუდი ინდიკატორი. ეს არის მეხუთე ტალღის დასაწყისი. ასეთი მაღალი ციფრებით არცერთი ტალღა არ დაწყებულა. თუ ეს ტალღის დასაწყისია, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში?!

მეორე მომენტია, იწყება სეზონური ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გავრცელება, ტვინდემია ახალი ტერმინი არ არის, ის მანამდეც არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. ორივე ერთად ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის.

შესაძლებელია, ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი. ან შეიძლება იყოს ერთი, როდესაც არის სეზონური გრიპი, ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ვაქცინის გაკეთება. ფაქტი ჯიუტია, რომ მასობრივი ვაქცინაცია უამრავი სიცოცხლის გადარჩენის მომტანია", - განაცხადა ლევან რატიანმა.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ასევე, პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემია რეგრესს მაშინ განიცდის, როდესაც ქვეყანაში იარსებებს პოპულაციური იმუნიტეტი.

"პანდემია რეგრესს განიცდის მაშინ, როდესაც არსებობს პოპულაციური იმუნიტეტი. პოპულაციის იმუნიტეტს წარმოქმნის 2 ფაქტორი - ეს არის ვაქცინირებულები და ინფიცირებულები. თუ ამათი ჯამი შეადგენს 80%, ამის შემდეგ სწორედ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტის ალბათობა იზრდება. იმისთვის, რომ დაავადებამ განიცადოს უკუგანვითარება, მოსახლეობის 60-80% უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული. ვაქცინაციის პრობლემა ქვეყანაში გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა. პირველი, არის ის, რომ ადამიანები არ არიან ინფორმირებული თუ რა არის ვაქცინების ბიოლოგიური შინაარსი. ვაქცინაცია უნდა იყოს გლობალური და არა წერტილოვანი. თუ ვაქცინაცია არის გლობალური მაშინ ის ეფექტურია.

თუ ჩვენ არ დავიცვათ არსებულ რეგულაციებს, მედიცინა ჩვენი ქვეყნის ძალიან მალე ჩიხში შევა. დადგება მომენტი, როდესაც საავადმყოფოში მომუშავე პერსონალი გამოიფიტება და სამწუხაროდ მოსალოდნელია, რომ მოსახლეობა დარჩეს მედპერსონალის გარეშე", - აღნიშნავს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორის, როშელ ვალენსკის თქმით, არავაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 18-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში.

"2021 წლის 28 აგვისტოს დასრულებული კვირის მდგომარეობით, სრულად აცრილ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 4.5 იყო, ხოლო არავაქცინირებულებში 83.6", - განაცხადა როშელ ვალენსკიმ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი, ხოლო 2 507 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე 22 ოქტომბერს განახლდა. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 684 337-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 624 688 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში პაციენტი 9 657 ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8, 32%, ბოლო 14 დღის - 8, 89%, ბოლო 7 დღის - 8, 99%-ია.

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0