x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
უცნობი ისტორიები დედოფლისწყაროს წარსულიდან
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მდებარეობს მაღლობზე, რომელიც ეკვრის ალაზნის ველს. მის ჩრდილოეთით გადაჭიმულია კავკასიონის მთავარი ქედი. ეს
მაღლობი ძირითადად შედგება კირქვების ფენებისაგან.


კირქვის ასეთ მარაგს ამიერკავკასიაში სხვაგან იშვიათად თუ ნახავთ. დედოფლისწყაროს მაღლობი წარმოადგენს კავკასიონის მცირე ქედის გაგრძელებას. იგი წარმოქმნილია იურიული და ცარცული პერიოდების ზღვარზე. ხმელეთის წარმოშობისას კირქვის მასა, რომელიც წარმოიქმნა ამ ადგილებში ზღვის არსებობის დროს, იცვლიდა ფორმას, იღებდა კლდის, გორაკის და სხვა სახეს. ახლადწარმოქმნილი მაღლობის გარშემო შესაძლებელია დარჩა მტკნარი და მლაშე ჭაობები. ამის დადასტურებაა ალაზნის ველზე და კახეთის მაღლობზე მლაშე ნიადაგები, აგრეთვე ვაშლოვანის დაბლობი და მდინარე იორის ველი.


მუნიციპალიტეტის ცენტრი დედოფლისწყარო მდებარეობს ისტორიული ქიზიყის ტერიტორიაზე. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 650 მეტრია. თუმცა
თავად ქალაქი დედოფლისწყარო 836 მეტრზე მდებარეობს, ხოლო ელიის მთის სიმაღლე 1001 მეტრია. დოფლისწყაროს ჩრდილოეთით ესაზღვრება ყარაღაჯის მთა (931 მ), შირაქის ველის სამხრეთით მთა ყარადარა (916 მ), შირაქის ველის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრებთან დელიჩა (954 მ). ძველ საისტორიო წყაროებში „ქიზიყი“ კამბეჩოვანის სახელწოდებას ატარებს. პირველი საუკუნის ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის დახასიათებით „კამბისენ“ – უწყლო და უსწორო ტერიტორიაა, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზანთან“. ხოლო XVIII საუკუნის გამოჩენილი მეცნიერს ვახუშტი ბატონიშვილსშემდეგი ცნობა აქვს დაცული: „არამედ საქვაბე (საქობო) ასანურამდე არს ადგილი ქიზიყისა, რომელი მოხვევია მთასა, ცივის მთიდან
ჩამოსულსა, ამას ეწოდა პირველ კამბეჩოვანი, კანბეჩთა სიმრავლისათვის“.



V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ქალაქი ხორნაბუჯი სამემკვიდროდ გადასცა თავის შვილს დაჩის. აქვე დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. 523 წელს ირანელებმა მეფობა გააუქმეს იბერიაში, ქვეყანა დაიყო ირანის იმპერიის სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულებად, ე. წ. „კუსტაკებად“. ერთ-ერთი „კუსტაკის“ მმართველის რეზიდენცია გახდა ხორნაბუჯი.
აქ იდგა მძლავრი ირანული გარნიზონი.

.
VII საუკუნეში სასანიანი ირანელები მაჰმადიანმა არაბებმა შეცვალეს. მათ დაიწყეს ისლამის გავრცელება, მაგრამ ახალმა რელიგიამ ფეხი ვერ მოიკიდა კამბეჩოვანში. ეს მხარე რელიგიური ბრძოლის ფორპოსტად იქცა.


XII საუკუნეში მეფეთ-მეფე თამარის ხანაში ხორნაბუჯში სხედან მახატლისძეები. ისინი იმდენად ძლიერი ყოფილან, რომ „ყრმა ვერ აუტირდებოდა დედასა მახატლისძეთა შიშითა“.


XII-XIII საუკუნეებში კამბეჩოვანში 70-80 ათასი კაცი ცხოვრობდა. თვით ხორნაბუჯში, სავარაუდოდ – 10-15 ათასი. ქალაქი წარმოადგენდა ვრცელ ანსამბლებს – ცალკე უბნების სახით – ჭოეთი, კოღოთო, ყარაღაჯი. XII-XIII საუკუნეებში ხორნაბუჯის საერისთავო დიდების ზენიტშია.


არქეოლოგიური გათხრებით და შემთხვევით აღმოჩენილი მასალების მიხედვით ხორნაბუჯი ყარაღაჯთან ერთად ჩაბმული იყო საერთაშორისო ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობაში. აქ ერთმანეთს ხვდებოდნენ ვაჭრები ირანიდან, არაბული სამყაროდან, შუა აზიიდან, ჩრდილო კავკასიიდან, რუსეთიდან. აქ აღწევდა საქონელი ინდოეთიდან და ჩინეთიდან.


სამწუხაროდ, XIII საუკუნის მეორე მეოთხედიდან უდიდესი საფრთხე დაემუქრა ხორნაბუჯის საერისთავოს. მონღოლთა შემოსევებმა გაანადგურა არა მარტო კამბეჩანის მწარმოებელი საზოგადოება, არამედ ფიზიკურად ამოწყდა და გადაშენდა თვით ხორნაბუჯელთა საქვეყნოდ სახელგანთქმული საგვარეულო. ამიერიდან აღარ არსებობს ხორნაბუჯის საერისთავო. გაუქმდა საეპისკოპოსო კათედრა. ქიზიყის ცენტრი ჯერ ბოდბის მონასტერი გახდა.


1441 წლიდან მაღარო, 1764 წლიდან ქალაქი სიღნაღი. ჩამოყალიბდა თავისუფალი ქიზიყი – სოციალური და პოლიტიკური თავისთავადობისათვის მუდამ შემართული გასამხედროებული თემი. დავიწყების წყვდიადში იძირებოდა დიდი ქალაქი ხორნაბუჯი. მას იშვიათად იხსენიებდნენ.


XIX საუკუნეში ხორნაბუჯ-ყარაღაჯის სტრატეგიულ ადგილზე მუდმივად დაბანაკდა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები. ჯერ ყარაბაღის, მოგვიანებით კი ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკა. რუსი დრაგუნები განლაგდნენ ყარაღაჯში. ცალკეულმა რაზმებმა დაიკავეს პოზიციები ალაზნის გასწვრივ და ხორნაბუჯ-დედოფლისწყაროს სანახებში.

სამხედრო დასახლებამ კვლავ გააცოცხლა დაცარიელებული მხარე. 1826 წლიდან დედოფლისწყაროში მოხვდა ბევრი ცნობილი დეკაბრისტი. ერთი მათგანის გადამდგარი ოფიცრის გრიგოლ ნეჩვოლოდოვის სახლი (ამჟამად დედოფლისწყაროს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი)
ლიტერატურულ-პოლიტიკური ცხოვრებით სუნთქავდა,
აქ იმართებოდა სალონური შეხვედრები, თეატრალური
დადგმები.


დედოფლისწყაროში ბევრმა უცხოელმა იმოგზაურა და ყოველ მათგანს სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებდა. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ბრუნდებოდნენ არა მხოლოდ მეცნიერული ინტერესების, არამედ იმ მეგობრულ ურთიერთობათა გამო, რაც მათ ქართველებთან აკავშირებდათ.


გერმანელი მოგზაური და მეცნიერი ანტონ გიულდენშტედი, ფრანგი მოგზაური _ ვაჭარი ჟაკ-ფრანსუა გამბა, ფრანგი არქეოლოგი და ეთნოგრაფი ჟოზეფ დე-ბაი,
გრიგორ გაგარინი – თავადი, მხატვარი, ფოტოგრაფი (მის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ფოტო ასახავს ელიაობის დღესასწაულს).


საინტრესო აღწერა დაგვიტოვეს იტალიელმა მისიონერებმა, ასევე ძმებმა სიმენსებმა, რომლებმაც ამიერკავკასიაში პირველი ნავთობის მომპოვებელი საწარმო და ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დედოფლისწყაროში
აამოქმედეს; აქ მუშაობდენ ასევე გერმანელი ეთნოგრაფი-მკვლევარი ჰენრიხ იულიუს კლაპროტი, ესპანელი სამხედრო პირი ვან-გალენი, გერმანელი ნატურალისტი – ვილჰელმ ეგერი, მეცნიერმა ედუარდ ივანეს ძე ეიხვალდმა
გამოიკვლია დედოფლისწყაროს ტბის წყალი. დედოფლისწყარო მოინახულეს: ა. გრიბოედოვმა, ა. პუშკინმა, მ. ლერმონტოვმა, ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ და ეს არასრული ჩამონათვალია.


ისტორიკოსი, პოეტი, იაკუბოვიჩი თავის წიგნში „რუსეთის მმართველობის დამკვიდრება კავკასიაში“ წერს, რომ გადმოსახლებული განათლებული დეკაბრისტების ინიციატივით სამხედრო ნაწილებთან იხსნებოდა სკოლები.
განსაკუთრებით კარგად იყო განვითარებული ყარაღაჯის
დრაგუნთა სკოლა. ასეთ სკოლებში ზოგჯერ ადგილობრივ
მცხოვრებთაც იღებდნენ. კერძოდ, ყარაღაჯიდან თუქურმიშაში (ასე ერქვა დედოფლისწყაროს მცირე პერიოდში მთიელი მებრძოლის, ბუქური მიშას, საპატივსაცემოდ, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ადგილობრივ მოსახლეობას ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში) გადატანილ
დრგუნთა სკოლაში აღიზარდნენ: მწერალი და ხალხოსანი
დიმიტრი მაჩხანელი (ნადირაძე), ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი მოსე ჯანაშვილი.


მოსახლეობა ძალზე ნელა იზრდებოდა, დედოფლისწყაროში რამოდენიმე ქართველი ცხოვრობდა (ეს კარგად
ჩანს 1886 წლის აღწერიდან). შემდეგში თანდათანობით
დაიწყეს გადმოსახლება მირზაანელებმა, ზემომაჩხაანელებმა, არბოშიკელებმა.


ჩვენი დაინტერესების საგანი გახდა დედოფლისწყაროში არსებული სახლი ბულვარის ქუჩაზე, ამჟამად რუსთაველის IV შესახვევში დგას სახლი, რომელიც არანაირ ყურადღებას არ იქცევს გარეგნული ეფექტებით. საერთო ფართობით იგი საკმაოდ დიდია. დღეს ამ სახლში რვა ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთ ოჯახში შემორჩენილია ამ სახლის ძველი დიდების ნაშთი: ბუხარი, რომელიც აშენებულია ძვირფასი მასალით გარეგნულად ხელოვნების უმშვენიერეს ნიმუშს
წარმოადგენს. აღსანიშნავია მისი ნაკეთობა, ჩუქურთმები, მოხატულობა და შეხამებული ფერები; ასევე ძველი უზარმაზარი სარკე, მარმარილოს ფეხებიანი დასადგამით.

.

ეს სარკე აქ მცხოვრებთა გადმოცემით პარიზში უნდა ყოფილიყო დამზადებული; ძვირფასი შანდალი დაგერმანელი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი.
XIX საუკუნის ბოლოსთვის „ცარსკოე-კოლოდცში“ (დედოფლისწყაროში) იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის ნოვგოროდის და ტვერის პოლკების 28-ე დივიზიის 42-ე დრაგუნის ოფიცერთა კორპუსი. პოლკოვნიკის მეუღლეს
ალექსანდრა ივანეს ასულ ციციანოვას (ციციშვილს) მიეცა მიწის ნაკვეთი 2710 კვადრატული საჟენი (საჟენი: 2 მ და 13 სმ). ამ ფაქტის შესახებ 1893 წელს გაცემულია მოწმობა „ცარსკოე-კოლოდცის“ გარნიზონის უფროსის
მიერ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთში შედიოდა სხვადასხვა შენობები და ნაგებობანი. მათ შორის ზემოხსენებული სახლი, რომელიც გაკეთებული ყოფილა გერმანული პროექტით – მორებისაგან.


ზემოხსენებული მოწმობის თანახმად ეს მიწის ნაკვეთი
ალექსანდრა ციციანოვას გადაეცა დროებით სარგებლობაში და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მაინც რჩებოდა ხაზინის განუყოფელ ნაწილად.
1919 წელს (როცა ხელისუფლება შეიცვალა) ალექსანდრა მამაცაშვილმა საკუთრების ნაწილი გაყიდა სოფელ მირზაანში მცხოვრებ წყალობა ივანეს ძე ლაპიაშვილზე, რომლის შთამომავალნიც დღეს ამ სახლში ცხოვრობენ. ამ აქტის შესახებ არსებობს პირობის ხელწერილი, რომლის
თანახმად ალექსანდრა ციციანოვ-მამაცაშვილმა წყალობა
ლაპიაშვილს გადასცა სახლი ეზოთი, ბაღჩით, აბანო თავისი გამართულობით (სააბაზანოთი მილებით), გასაშლელი მაგიდა, ერთი ჭაღი სამი პულპულით. პირობის თანახმად ალექსანდრა მამაცაშვილი აქ იცხოვრებდა 1919 წლის ღვინობისთვის (ოქტომბრის) გასვლამდის. მისგან სახლები შეიძინეს აგრეთვე გიგო ივანეს ძე ლაპიაშვილმა და ბესო მიხაკოს ძე ალუღიშვილმა.

image



გადმოცემით ალექსანდრა ივანეს ასული უნდა ყოფილიყო ყვარლელი თავადების – ჭავჭავაძეების ახლო ნათესავი. მისი ქალიშვილობის გვარი ზუსტად არ არის
ცნობილი, სავარაუდოდ – შალიკაშვილი. თავდაპირველად იგი გათხოვილა თავად ციციშვილზე, ხოლო მეორედ იქორწინა მეფის არმიის ოფიცერ მამაცაშვილზე. კნეინა უშვილო იყო. იგი დედასთან და დისშვილ კატუშასთან
ერთად ცხოვრობდა. ალექსანდრა მეტად განათლებული ქალი იყო. იცოდა გერმანული, ფრანგული და რუსული ენები. კნეინა და მისი დისშვილი გაკვეთილებს ატარებდნენ უცხო ენებსა და მუსიკაში. მას ჰქონდა შესანიშნავი ფრანგული როიალი, რომელიც ბოლშევიკებმა ჩამოართვეს. ამ დიდებულ სასახლეში იმართებოდა ბალები. კნეინა, როგორც აქ მცხოვრებნი ამბობდნენ, მაღალი გემოვნების ქალი ყოფილა. ტანსაცმელს საფრანგეთში აკერინებდა.
მას დიდ პატივს სცემდნენ. ქალბატონის ძილის დროს აკრძალული ყოფილა ურმების გავლა-გამოვლა, რათა მათ ხმაურზე ქალბატონს არ გაღვიძებოდა. დღესასწაულებზე უძვირფასესად იმოსებოდა და ისე გამოდიოდა გარეთ თანმხლებითურთ.


მისი სასახლე შედგებოდა 14-15 ოთახისაგან. დიდი დარბაზი, საძინებელი, ჩაის დასალევი ოთახი, ჩასაცმელი ოთახი, კნეინას დედის მოსასვენებელი ოთახი, მოსამსახურეთა ოთახი და ა. შ. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო და აბანო მარმარილოთი ყოფილა მოპირკეთებული. დღეს მათ ადგილას ჩვეულებრივი ოთახებია. ქალბატონს ჰქონია უძვირფასესი ავეჯი, ჭურჭლეული, ჭაღები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სახლი გაიყიდა 1919 წელს.


დიდგვაროვანი ქალბატონი დედოფლისწყაროში დარჩა, რადგან ბოლშევიკების შემოსვლის მერე ემიგრაციაში წასვლა ვერ მოასწრო და სიღარიბეში გარდაიცვალა.
ასეთია ამ ოდესღაც ბრწყინვალე სასახლის და მისი უიღბლო, მაგრამ დიდებული ქალბატონის ისტორია, რომელიც ასახავს XX საუკუნის 30-იან წლებამდე დედოფლისწყაროს ისტორიულ წარსულს.


ლალი ბასილაშვილი, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპერტი

1
131
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
131
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1