x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134928
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509328
დედოფლისწყაროში მარტოხელა, 86 წლის თინა წიკლაური საარსებო შემწეობის მოლოდინში
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები 86 წლის თინა წიკლაურის საცხოვრებელი სახლი გადახურეს. მარტოხელა მოხუცის სახლს გამაგრებითი სამუშაოები ქველმოქმედების ფარგლებში, წიკლაურების საგვარეულო კავშირის დაფინანსებით ჩაუტარდა. მოხუცი ავარიულ სახლში ციროზით დაავადებულ ახალგაზრდა შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა 41 წლის შვილი რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ რთულ პირობებთან ბრძოლა მარტოს უწევს. ბოლო წლებში ჩაწოლილი შვილის ერთადერთი პატრონი თავად იყო. უკვე რამდენიმე წელია, მათ ძველ სახლში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. საცხოვრებელი ხელის შევლებას, დიდი ხანია, საჭიროებს, თუმცა, ვაჟი ავადმყოფობის, დედა კი უსახსრობის გამო საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდა.


„როგორც გარეთ წვიმდა ისე შიგნით. ამიტომ როცა წვიმს, ქვემოდან „პოლის ჯოხს“ შევუყუდებ ხოლმე, მეშინია ჭერი არ დამეცეს და არ ჩამიტანოს. საწოლსაც აწვიმს, ამიტომ წვიმის დროს თავს მეორე მხარეს გადავიტან ხოლმე და ზემოდან ცელოფანს ვიფარებ. ყველა მხრიდან წყალი ჩამოდის. იატაკიც არ ვარგა, ქარიც შემოდის, მორყეული კარებია და საბანს წავიფარებ ხოლმე, რომ სიცივემ არ შემაწუხოს. ძირითდად, ცარიელ ხახვს ვჭამ, სხვა არაფერი გამაჩნია, რომ შევატანო. ახლაც, ვიდრე თქვენ მოხვიდოდით, ფქვილის კერძი უნდა გამეკეთებინა, ჩიხითმისნაირად. ესაა ჩვენი საკვები, ხახვი და ნიორი...

image
რამდენი წელია, ასე ვართ, რომ სული გადავირჩინოთ. ეზოში თუ რამეს მოვიყვან, ეს არის ჩემი საკვები. მაგრამ წელს აღარც ხახვი მეთესა, აღარც ნიორი, ისიც საყიდელი გამიხდება, ამ ზამთარს რა უნდა ვქნა, არ ვიცი. გეფიცებით, ბევრჯერ მშიერსაც დამიძინია. თუ რამ გამაჩნდა, შვილს ვუნახავდი, მას ვაჭმევდი, რომ ის არ დასუსტებულიყო. შაქარიც არ მაქვს, რომ ელემენტარულად ჩაი მაინც მოვადუღო. მეზობლებმა გაიხარონ, ეგენი მეხმარებიან. ლუკმას და ტანსაცმელს ისინი მაძლევენ. პენსიას ვიღებ, ჩემი ერთადერთი შემოსავალი ესაა, მაგრამ არაფერში არ მყოფნის. ახალგაზრდა შვილის წამლებში მეხარჯებოდა. სამი თვისას ერთად გამოვიტან ხოლმე და ისე მიდის ხელიდან, ვერ ვგრძნობ. აი, ამ თვეშიც ისე გამითავდა პენსიის ფული, რომ 5 ლარიანი წამლის ყიდვა მინდოდა და ისიც ვეღარ ვიყიდე. დენის ფულიც ორი თვეა, არ გადამიხდია. არ ვიცი, რამდენს დამაჯარიმებენ. დიდი ეზო მაქვს, მაგრამ მოსახნავია, ვერ ვამუშავებ, აბა, როგორ დავამუშაო, რა შევძლო. დახმარება რომ შემიწყდა, სულ სამი ქათამი მყავდა, სხვა არაფერი მაბადია. მათაც მითხრეს ნაკვეთი დიდი გაქვსო. დიდი ნაკვეთი რას მარგებს, როცა დაუძლურებული ვარ. დახმარება რამდენიმე თვის წინ შემიწყვიტეს, ისეთი მაღალი ქულები მომივიდა, არ ვიცი რამ გამოიწვია. ალბათ ქათმების გულისთვის, სხვა მიზეზი არ მექნებოდა. ჩემი შვილი ურთულეს პირობებში სიცოცხლეს ებრძოდა, საშველი არსაიდან იყო, “ _ ყვება თინა წიკლაური.



მისი შვილი _ 41 წლის როინი, უკურნებელი სენით ციხეში დაავადდა, ციროზის ბოლო სტადიაში მყოფი, მიმდინარე წლის მაისში გარდაიცვალა. როგორც არხილოსკალოში ამბობენ, გაჭირვების გამო ელექტროკაბელები მოიპარა, რის გამოც დააპატიმრეს.


წიკლაურების საგვარეულო კავშირში ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, რომ ოჯახის პრობლემების შესახებ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ვიდეორეპორტაჟიდან შეიტყეს, რის შემდეგაც დახმარების სურვილი გაუჩნდათ. წუხან, რომ ვიდრე დედოფლისწყაროში ჩამოსვლას შეძლებდნენ, ავადმყოფი შვილი გარდაეცვალა. „ვიცოდით, რომ დედოფლისწყაროს ამ საზღვრისპირა ზონაში ბევრი წიკლაური ცხოვრობს, აქ ბევრი მოგვარე გვეგულება და ძალიან ვამაყობთ. მაგრამ კონკრეტულად ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. მათი პრობლემები ტელევიზიით შევიტყეთ. „ობიექტივის“ ჟურნალისტები დაგვეხმარნენ, დაგვაკავშირეს და შევძელით ჩამოვსულიყავით და ჩვენი წვლილი შეგვეტანა. ჯერ ადგილობრივები დაგვეხმარნენ, აზომეს საცხოვრებელი ფართი და მონაცემები თბილისში მოგვაწოდეს, რომ გათვლილი ყოფილიყო ყველაფერი. ვიდრე თანხების მობილიზების ორგანიზება მოხერხდა, სამწუხაროდ, ქალბატონ თინას შვილი გარდაეცვალა. დაფუძნებული გვაქვს ა(ა)იპ „წიკლაურთა საგვარეულო ერთობა“, გვაქვს საქველმოქმედო ფონდის ანგარიში. ოჯახებში გადავაბრძანებთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, რომელთან ერთად არის შესაწირი ყულაბა. მასშიც გროვდება ხოლმე გარკვეული რაოდენობის თანხა. სწორედ ამ ანგარიშზე ჩარიცხული და ყულაბაში მოგროვილი თანხით ვანხორციელებთ ხოლმე სხვადასხვა პროექტებს. ჩვენი გვარის ხელმოკლე ოჯახებს ვეხმარებით ხოლმე. ამ პროექტს დავარქვით „დავეხმაროთ ერთმანეთს“. ჩვენ ვეხმარებით წიკლაურებს და ქველმოქმედების ინაციატორ წიკლაურებს ვუწყობთ ხელს ჩვენი მეშვეობით დახმარება ადრესატამდე მივიდეს. თუმცა, ჩვენი ფონდის ბენეფიციარი შეიძლება იყოს სხვა გვარის წარმომადგენელიც. წიკლაურთა საგვარეულო ერთობა დაილოცა პატრიარქის მიერ 2010 წლის 23 მაისს. ხატმწერ მამუკა გელაშვილის მიერ დაიწერა საგვარეულო ხატი, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. 2012 წელს კი იურიდიულად დაფუძნდა წიკლაურთა საგვარეულო ერთობა. მოგვენიჭა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი. მრავალი წელია, ქველმოქმედებას ვეწევით. გარდა ამისა, ვცდილობთ შემოქმედებითი ნიჭით და სპორტული წარმატებების მქონე მოგვარეებს პოპულარიზაციაში დავეხმაროთ, მათ შორის შემოქმედებითი საღამოებისა თუ დარბაზების ორგანიზებაში, “ _ განაცხადეს საგვარეულო კავშირში.


image


სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაზეთ „შირაქს“ უთხრეს, რომ თუკი არხილოსკალოში მცხოვრები თინა წიკლაური სააგენტოს ადგილობრივ ფილიალს განცხადებით მიმართავს, მისი სარეიტინგო მონაცემები ხელახლა დაითვლება და შესაძლებელი გახდება, დახმარების აღდგენის შანსი მიეცეს.


ოჯახის პრობლემას კარგად იცნობს დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ სოფლის რწმუნებული და თვითმმართველობა ოჯახს ყოველთვის გვერდით ედგა.

image

სოფელ არხილოსკალოს მაჟორიტარი დეპუტატი დედოფლისწყაროს საკრებულოში, შალვა ხორნაული განმარტავს, რომ წიკლაურს სოფელი ხშირად დახმარებია და ბოლო ხანსაც მოსახლეობამ საკუთარი წვლილი შეიტანა.


„ამასწინათ, პირადად მე გადმომირიცხა ამერიკაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა არხილოსკალოელმა ქალბატონმა ფულადი თანხა 100 დოლარის ოდენობით, სწორედ ამ ქალბატონის დასახმარებლად და მე პირადად მივუტანე სახლში. სოფელში უბანუბან ჩამოიარეს, ზოგმა ფული დადო, ზოგიერთმა საკვები პროდუქტები მოაგროვა, ზოგმა ტანისამოსი. მანამდეც, ვიდრე როინი გარდაიცვლებოდა, მისმა თანაკლასელებმა შეაგროვეს ფული და დახმარება გაუწიეს, “ _ ამბობს შალვა ხორნაული.


image


მარტოდ დარჩენილ მოხუცს ქველმოქმედების შემდეგ კიდევ ვესაუბრეთ. თინა ბებო ამბობს, რომ მის საძინებელში აღარ წვიმს და აღარც ქარი შემოდის. თუმცა, სათბობი შეშა ჯერ არ აქვს და ოთახებში ისევ ცივა: „ძალიან მადლობელი ვარ, შვილო, დიდი მადლობა ყველას ამ დახმარებისთვის. ჟურნალისტებსაც და საგვარეულო კავშირსაც. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, არ ვიცი ზამთარს ცოცხალი როგორ გადავურჩებოდი. წვიმა აღარ ჩამოდის ჩემს ოთახებში, მაგრამ შეშა არ მაქვს, არც იმდენი ფული მაქვს, რომ ვიყიდო, არც ძალა მერჩის, რომ საიდანმე მოვაგროვო. გასულ წელს გამგეობამ შეშის ფული ნამდვილად მომცა, ცოდვას ვერ ვიტყვი, მპირდებიან, რომ წელსაც მომცემენ. ძალიან კმაყოფილი ვარ სოფლის დეპუტატისა და რწმუნებულის, ხშირად მოდიან, რაც შეუძლიათ, მეხმარებიან. მაგრამ სოციალური დახმარების აღდგენა მაინც ვერ შევძელი. შვილი რომ დამეღუპა, სააგენტომ ხელახლა გადამამოწმა. აგვისტოს თვეში ახალი პასუხი მომივიდა და ისევ უარი მივიღე, ძალიან მაღალი ქულები მოვიდა და არ ვიცი ეს რამ გამოიწვია. რა ნახეს ჩემს სახლში არ ვიცი, ახლა გამიხარდა, ჭერი რომ გაამაგრეს და გადახურეს, მაგრამ ეს ქულებს კიდევ უფრო ასწევს და რაღას აღმიდგენენ?“

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0