x
სააკაშვილი: ჩამოსვლის პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა
image
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთხელ არ უცდია. მისივე თქმით, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდა, პირველი მცდელობა კი "კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა".

წერილობითი ინტერვიუ სააკაშვილთან მთავარმა არხმა ჩაატარა და ექსპრეზიდენტის ციხიდან მიღებული წერილები საზოგადოებას გაააცნო.

"ვემზადებოდი დიდი ხანი. ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი. რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი. არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ", — ნათქვამია წერილში.

სააკაშვილის თქმით, რიკოთზე ლობიანი მიირთვა და დაკავებამდე ხინკალიც გამოიძახა, თუმცა, მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოასწრო.


"ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე; რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი", — აცხადებს სააკაშვილი.

ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებს შეეხებოდა, მან უპასუხა, რომ ეს ერთდროულად მონატრების შედეგიც იყო და დიდი ხნის ნაფიქრი დასკვნაც.

"პირველი ეს იყო დაუძლეველი, უსაზღვრო მონატრება. ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველოს სხვადასხვა ადგილები: პეკინის ქუჩა, ჩემი სადარბაზო, რუსთაველი, ვერა და 51-ე სკოლა, 1-ლი ექსპრიმენტული სკოლა, ბორჯომი, ბათუმი, ანაკლია, გაგრა.

მეორე ეს იყო რაციონალური, დიდი ხნის ნაფიქრი დასკვნა, როცა ვუყურებ, დემოგრაფიას, გეოპოლიტიკას, შიდა ინსტიტუციების ჩამოშლას და ვფიქრობ, რომ ამ ხაზის მიღმა უკვე ისეთ ზონაში გადავდიოთ, საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება", — ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ინტერვიუში სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითიდენტიფიკაციას ზვიად გამსახურდიასთან ახდენს, თუმცა, საკუთარ ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ ავლებს.

"90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი, აი, ამ მიტოვებულ დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი", — წერს ექსპრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს გამოაქვეყნა თვითმფრინავის ბილეთები, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო საქართველოში. 1-ლ ოქტომბერს სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ის ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. საღამოს კი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სააკაშვილი დაკავების დღესვე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობას აცხადებს. ის 13 დღეა შიმშილობს.

0
824
2-ს მოსწონს
ავტორი:ევა გუმაშვილი
ევა გუმაშვილი
824
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0