x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136016
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510295
ქცევის დადებითი განმტკიცება
image

ბავშვები ხშირად არასასურველ ქცევებს ავლენენ, მშობლები და აღმზრდელები კი აქ ქცევის შემცირებას ცდილობენ, რათა ბავშვს სოციალურად მისაღები ქცევა დაასწავლონ. განვიხილოთ მარტივი მაგალითი, რომელიც ხშირია ყოველდღიურობაში: ბავშვი მეგობარს სათამაშოს ართმევს. აუცილებელია, რომ მას სათამაშოს მოთხოვნა და საკუთარი ჯერის დალოდება ასწავლონ. სასურველი ქცევის დასწავლის ერთ-ერთ საშუალებას დადებითი განმტკიცება წარმოადგენს.

დადებითი განმტკიცებისას კონკრეტულ ქცევას სასურველი შედეგი მოყვება, რაც დიდი ალბათობით მომავალში გაზრდის მის გამოვლენას. ისევ განხილულ მაგალითს დავუბრუნდეთ : მშობელმა ან აღმზრდელმა დაინახა, რომ ბავშვმა მეგობარს სათამაშო სთხოვა, თავისი რიგი დაიცვა და ამიტომ შეაქო. დიდი ალბათობით ბავშვი მომავალშიც შეეცდება რიგის დაცვას, რათა უფროსისგან შექება დაიმსახუროს.

რა შეიძლება იყოს განმამტკიცებელი? ყველაფერი, რაც ზრდის ქცევის გამოვლენის ალბათობას. გამოყოფენ სხვადასხვა კატეგორიებს:


კვებითი განმამტკიცებელი _ ბავშვისთვის სასურველი ნებისმიერი საკვები, მაგალითად, ტკბილეული. კვებითი განმამტკიცებლის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი არ არის ალერგიული კონკრეტული საკვების მიმართ, ან ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის გამო მისთვის კონკრეტული საკვების მიღება არ არის მიზანშეწონილი. კვებითი განმამტკიცებლის მიწოდება უნდა მოხდეს მცირე ულუფებით.

მატერიალური განმამტკიცებელი _ ნებისმიერი ნივთი, რომელიც ბავშვისთვის სასურველია. მაგალითად: სათამაშო.

აქტივობითი განმამატკიცებელი _ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სასურველია ბავშვისთვის. მაგალითად: თამაში, მულტფილმის ყურება.

გადაცვლადი განმამტკიცებელი _ სასურველი ქცევის გამოვლენით ნივთების ან სიმბოლოების, მაგალითად სტიკერების დაგროვება, რომელის გადაცვლა შესაძლებელია სხვა ტიპის განმამტკიცებელში. ამ დროს აუცილებელია, რომ ბავშვს გადაცვლის წესები ავუხსნათ.

სოციალური განმამტკიცებელი - შექება, გაღიმება, თვალის ჩაკვრა, პრივილეგიის მინიჭება, მაგალითად: ზღაპრის შერჩევის უფლების მიცემა, მასწავლებლის თანაშემწედ დანიშვნა.

რა თქმა უნდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ, სანამ რომელიმე ტიპის დადებით განმამტკიცებელს მივაწვდით ბავშვს. ამ კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე დადებითი განმტკიცება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

  • განმამტკიცებელი ბავშვის ინტერესებს მოარგეთ _ განმამტკიცებელი ბავშვისთვის სასურველი უნდა იყოს. მაგალითად, ბავშვს არ უყვარს ძერწვა და განმამტკიცებლად ამ აქტივობას სთავაზობთ, ბავშვი სასურველ ქცევას არ შეასრულებს.
  • ბავშვის დაჯილდოება უნდა მოხდეს სასურველი ქცევის განხორციელებისთანავე _ ამასთან, დაჯილდოებისას აღუწერეთ ის ქცევა, რის სანაცვლოდაც მან ეს განმამტკიცებელი მიიღო. მაგალითად: „ძალიან გამიხარდა, რომ მეგობარს ნებართვა სთხოვე, სანამ მის სათამაშოს აიღებდი “.
  • ერთი და იმავე განმამტკიცებელი დროთა განმავლობაში ბავშვს შეიძლება, მობეზრდეს, ამიტომ საჭიროა რამდენიმე განმამტკიცებლის შერჩევა და მათი შეცვლა.
  • როდესაც სასურველი ქცევა განმტკიცდება, უნდა მოხდეს განმამტკიცებლის მიწოდების შემცირება. მაგალითად : თავიდან რიგის დაცვის ყოველი შემთხვევისას შეაქეთ ბავშვი და მას შემდეგ რაც ის საკმარისი სიხშირით დაიწყებს ამ ქცევის გამოვლენას, შესაძლებელია არა რიგის დაცვის ყოველი შემთხვევის განმტკიცება, არამედ დღის განმავლობაში წამახალისებლის ორჯერ მიწოდება.
  • წაახალისეთ სასურველ ქცევასთან მიახლოებული წარმატებული მცდელობები _ არ დაელოდოთ სასურველი ქცევის იდეალურად გამოვლენას და საწყის ეტაპზე წაახალისეთ სასურველ ქცევასთან მიახლოების მცირედი მცდელობებიც.
  • განმამტკიცებელი უნდა იყოს მის მოსაპოვებლად საჭირო ძალისხმევის ტოლფასი _ მაგალითად თუ ბავშვმა სათამაშოები ყუთში ჩაალაგა და მასწავლებელმა ის მთელი კვირით დანიშნა თავის თანაშემწედ, ეს სავარაუდოდ ვერ ჩაითვლება გამოვლენილი ქცევის ძალისხმევის ტოლფასად.
  • 0
    121
    შეფასება არ არის
    ავტორი:თამარ ხუჯაძე
    თამარ ხუჯაძე
    121
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0