x
image
მაკუნა
Mediator image
"ოცნებას" ხელისუფლების "მოგზავნილი" ვგონივარ, "ნაციონალებს" კი, – პირიქით
imageარჩევნებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი, შესაბამისად, წინასაარჩევნო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და განსაკუთრებული მნიშვნელობა პარტიების სტრატეგიულ ხედვას ენიჭება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა დიპლომატებს 6-პუნქტიანი მიმართვა გადასცა. ეს პუნქტებია: "1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" შემოსავლებსა და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრითაა დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა. 3. შეიქმნას ყველა პირობა, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%-ი) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა. 4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას. 5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და, სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი. 6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით"... "ქართული სიტყვა" საარჩევნო სუბიექტების ტაქტიკურ სვლებზე "საქართველოს პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელ კახი კახიშვილის ესაუბრა.
– ბატონო კახი, უკვე ცნობილია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები, რომელთა მიხედვითაც, შეგვიძლია, საარჩევნო სუბიექტების სტრატეგიაზე ვისაუბროთ...


– სიებით, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იკვეთება. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ პირველად მიმართა ისეთ ტაქტიკას, როცა საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარები სიით «დააზღვია», რითიც, პრაქტიკულად, გამოჩნდა, რომ «ნაციონალები» ისე არხეინადაც არიან, როგორი შთაბეჭდილების შექმნაც უნდათ. «გადაზღვევის ტაქტიკა» «ქართულმა ოცნებამაც» გამოიყენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ძალიან კონკურენტული არჩევნები იქნება. რაც შეეხებათ «ქრისტიან- დემოკრატებს», მათ ძალიან საინტერესო ტაქტიკა აქვთ – სიაში 40%-ი ქალია, რაც ამ პარტიას დაფინანსებას გაუზრდის. ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია სიაში არ არიან. ვერ ვიტყვით, რომ ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და სიაზე უარი ამიტომ თქვეს, თუმცა მათი ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ მობილიზებულნი არიან, რომ პარტიას უფრო მეტი ხმა მოუტანონ.
საერთოდ, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციისთვის კარგი სურათი არ იკვეთება – რაც მეტი ოპოზიციური კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს, ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატს გამარჯვების მეტი შანსი ექნება, მით უმეტეს, იმ ადმინისტრაციული რესურსის პირობებში, რომელიც არჩევნებს ახლავს.

"ქართული ოცნების" სიის სათავეში კახი კალაძის გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გემოიწვია.როგორ ფიქრობთ, აპოლიტიკური წარსულის პოლიტიკოსის პირველობა გამართლებულია?


– კალაძის პირველნომრობას სიმბოლური დატვირთვა აქვს – საზოგადოებრივი სახე და, ამასთან, მრავალფეროვანი პარტიული კოალიციის შემკვრელად კარგი ვარიანტია. კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი რომელიმე პარტიის ლიდერი რომ ყოფილიყო, ამას, შესაძლოა მეორე პარტიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყოლოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ასე სპეციალურად გაკეთდა – კალაძე პარტიული არასოდეს ყოფილა და არც შეუსრულებელ დაპირებებთან ასოცირდება.

– ლიდერთა ათეულში კახა შარტავას არყოფნამ გარკვეული შეკითხვები გააჩინა...


– როგორც კოალიციაში განმარტეს, მან არჩევნებში მონაწილეობა თავად არ ისურვა. როგორც ჩანს, კახა შარტავა ამ ეტაპზე აქტიურ პოლიტიკაზე უარს ამბობს. ყოველ შემთხვევაში, ამას სხვაგვარ ახსნას ვერ ვუძებნი.


– მოდით, "ქართული ოცნების" 6-პუნქტიან მოთხოვნაზე გადავიდეთ. ეს ე.წ. ულტიმატუმირეალურად რას შეცვლის, მით უმეტეს, რომ არჩევნებამდე ერთი თვეც აღარაა დარჩენილი...



– ეს განცხადება ივანიშვილმა ისე დააანონსა, რომ მთელი საქართველო რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში იყო. შეიძლება, მართლაც, სხვა განცხადების გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა... მე თუ მკითხავთ, ეს 6-პუნქტიანი მოთხოვნა ცოტა დაგვიანებულია იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა, კონკრეტული დეპარტამენტები და სამსახურები ერთი მიზნისკენ მიდიან – "ქართულ ოცნებას" დაბრკოლება და პრობლემა შეუქმნან. თუკი პოლიტიკური ნება იქნება, ამ 6 პუნქტიდან ზოგი, შეიძლება შესრულდეს, ზოგის შესრულება კი, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან საპარლამენტო სესიების განახლებასა და საკითხის პარლამენტში გატანას მოითხოვს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უწყებათაშორისი კომისიის არაეფექტურობაზე საუბარიც დაგვიანებულია. სამაგიეროდ, ამ მოთხოვნებში სწორადაა ყურადღება გამახვილებული ვაშაძის გადაწყვეტილებაზე, რომლის ძალითაც, ჩვენი ემიგრანტი თანამემამულეების ხმები, პრაქტიკულად, დაიბლოკა. მოკლედ, ამ ექვს პუნქტში გაწერილი მოთხოვნები ლეგიტიმურია, მით უმეტეს, რომ ამ დარღვევებზე მხოლოდ ადგილობრივი "არასამთავრობოები" კი არა, ეუთო და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებიც საუბრობენ. ამ განცხადებას ულტიმატუმად არ მივიჩნევ, მაგრამ თუკი პრევენციულ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ხელისუფლება იმ პუნქტების შესრულებაზე უნდა დასთანხმდეს, რასაც კანონში ცვლილების შეტანა არ სჭირდება. ისე, "ნაცმოძრაობას" გამარჯვების მართლა რომ სჯეროდეს, ამაზე დასთანხმდებოდა...

ნიშანდობლივია, რომ ვიდრე ივანიშვილი 6-პუნქტიანი მოთხოვნით, "ნაცმოძრაობა"კი, დეკლარაციით გამოვიდოდა, არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდა, 17-პუნქტიანი ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერათ. ამ ხელშეკრულების მე-17 პუნქტი სწორედ იმას ითვალისწინებდა, რომ თუკი დანარჩენი 16 პუნქტი შესრულდებოდა, არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უნდა ეცნო...

რაც შეეხება ქუჩას, იმის მოლოდინი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, არსებობს, რადგან ხმების დაცვა საპროტესტო აქციის გარეშე ვერ მოხდება, თუმცა იმასაც გააჩნია, თუ როგორი ხასიათი ექნება ქუჩის აქციებს... ის ხალხმრავალი აქციები, რომლებიც გვახსოვს, კრახით იმიტომ მთავრდებოდა, რომ ოპოზიცია შეუსრულებელ მოთხოვნებს აყენებდა. მთავარი მხოლოდ ქუჩაში გასვლა კი არა, არამედ, ისაა, თუ როგორი სტრატეგიით გადიხარ.

– შედეგის მიღწევისთვის როგორი სტრატეგია სჯობია და, საერთოდ, ხალხის ქუჩაში გასვლარევოლუციას გამორიცხავს?


– ყველაფერი არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებულია. საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეს, კანონის ფარგლებში, პროტესტის გამოხატვის საშუალებას აძლევს. არ ვიცი, იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების შედეგებს არ სცნობს, კოალიცია რას აპირებს, მაგრამ მგონია, რომ ნებისმიერი სახის აქციის შემდეგ, პარლამენტში შევა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოემზადება.
– ხელისუფლება ივანიშვილის ულტიმატუმმა შეაშინა?


– ხელისუფლება იმ ტექნოლოგიას, რომ ამ ექვსი პუნქტის შესრულებაზე კატეგორიული უარი არ განეცხადებინა, ძალიან კარგად ფლობს, მაგრამ თავს არც ექვსივე პუნქტის შესრულებით მოიკლავს, მით უმეტეს, რომ «ნაციონალებმა» უკვე განაცხადეს, ისედაც ვაძლევთ პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ საარჩევნო გარემოში მონაწილეობის საშუალებასო...

– პრემიერობის კანდიდატთა დებატებში, რომელიც 9 სექტემბერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გავა, «ქართულმა ოცნება» არ მონაწილეობს. ამით «ოცნება» ოპონენტებს იმის თქმისსაბაბს ხომ არ მისცემს, რომ ივანიშვილი თითქოს დებატებს გაურბის?


– ოპოზიცია ხელისუფლებასთან დებატებით ისე განებვირებული არაა, რომ რომელიმე ფორმატზე უარი თქვას, მით უმეტეს, პრემიერ ვანო მერაბიშვილთან. ვფიქრობ, ეს შანსი ივანიშვილმა უნდა გამოიყენოს, თან ამ დებატების ნახვის საშუალება ყველა რეგიონს ექნება. ამიტომ, ახლა იმ ფუფუნების დრო არაა, როცა დებატებზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან უნდა დაჯდე. ისე, ნათელია, რომ სააკაშვილი დებატებში არ "დაჯდება" – ამით სააკაშვილი არ დაადასტურებს, რომ ის და ივანიშვილი ერთ რანგში არიან. საერთოდ, სააკაშვილი წინასწარ შერჩეულ აუდიტორიასთან თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს...


– ხელისუფლება ჩასაფრებულია და კოალიციის ყველა ნაბიჯს, ასე ვთქვათ, ლუპით აკვირდება. ამფონზე, «ოცნების» მხრიდან თუნდაც თამაზ თამაზაშვილზე ფსონის დადება გარკვეული შეცდომახომ არაა?


– შეცდომებსა და განცხადებებზე პასუხისმგებელი თავად კოალიციის ლიდერია, მაგრამ ხალხის იმით დაშინება, თამაზაშვილის დროში ვბრუნდებითო, უსუსურია, მით უმეტეს, რომ მაშინ პოლიტიკური ამინდის შემქმნელი თამაზაშვილი არ იყო. თუკი წარსულში დაბრუნებაზე ვლაპარაკობთ, «ნაცმოძრაობას» არანაკლებ ოდიოზური ფიგურები ჰყავს, რომლებიც ამინდს მაშინ ქმნიდნენ, როცა თამაზაშვილი ერთ-ერთი შემსრულებელი იყო. დღეს მთავრობაში ძველი დროის შემოქმედი გაცილებით ბევრია, ვიდრე – ოპოზიციაში. ისე, კოალიციაში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები 2003 წლამდე მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეები იყვნენ და სააკაშვილი ხელისუფლებაში სწორედ მათი მხარდაჭერით მოვიდა... ბიძინა ივანიშვილთანაც, რომელსაც ახლა მტრად მიიჩნევს, წლების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა... იარლიყების მიწებებით ხელისუფლებაა დაკავებული, საქართველოს კანონმდებლობაში კი წერია, რომ საარჩევნო კამპანია არ უნდა იყოს აგებული სხვა ადამიანის უფლების შელახვაზე. დაუსაბუთებელი ბრალდებები ნამდვილად ცილისწამებაა.

რა ამის პასუხია და, თქვენი აზრით, პოლიტტექნოლოგიებს რომელი მხარე უფრო კარგად ფლობს –მმართველი გუნდი თუ «ოცნება»?


– არის ტექნოლოგიები, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა. მაგალითად, საბიუჯეტო პროგრამები ხშირად პიარს ემსახურება... ისიც პიარტექნოლოგიებს უკავშირდება, რომ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარებით ერთმანეთს უპირისპირდებიან...
თავის დროზე ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, რომ ოპოზიციაში ზღვარი გაავლო. მას კარი ყველასთვის უნდა გაეღო და სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა, ვინ არის ოპოზიცია და ვინ – არა. ივანიშვილმა გამონაკლისები დაუშვა – "მრეწველები" მიიღო. არადა, თავის დროზე "მრეწველებიც" თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან. თუ სიხისტეს იჩენდა, მაშინ ყველას მიმართ უნდა გამოეჩინა...

...დასანანია, რომ "არასამთავრობოებიდანაც" ძალიან ცოტაა ნეიტრალური. სხვათა შორის, ძალიან რთულ დღეში ვართ: ერთი მხარეც გვაკრიტიკებს და მეორეც, მაგრამ არა უშავს. სჯობია, გვაკრიტიკონ, ვიდრე – მოგვეფერონ, რადგან ამით კიდევ უფრო იმატებს ობიექტურობის ხარისხი. ისე, "ოცნებას" ხელისუფლების "მოგზავნილი" ვგონივარ, "ნაციონალებს" კი, – პირიქით, მაგრამ როცა ვხედავ გასაკრიტიკებელს, ორივე მხარეს ვაკრიტიკებ. ჩემი საქმე პარტიების თამაშის წესებზე ნეიტრალური დაკვირვება და შეფასებაა. არასამთავრობო ორგანიზაციას ნამდვილად არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ მხარე გახდეს და შეცდომებზე თვალი დახუჭოს. 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, სწორედ ასეთ შეცდომებზე თვალისდახუჭვამ მიიყვანა ქვეყანა ჩიხამდე. ამიტომ, როცა ვხედავ, რომ შიდაპარტიული ინტერესების გადაკვეთის გამო, ეს ადამიანი შეცდომაში შეჰყავთ, ვალდებული ვარ, განვაცხადო და თუ ივანიშვილს ისეთი დემოკრატიის აშენება სურს, რომლისაც საფრანგეთსაც შეშურდება და გერმანიასაც, მაშინ "არასამთავრობოების" მიერ გამოთქმულ შენიშვნებს არ უნდა "ეკიდებოდეს". ისეთ არასამთავრობოს არ ვგულისხმობ, როცა ამტკიცებ, რომ თითქოს სუფთა პოლიტიკის მომხრე ხარ და მერე, "ნაციონალების" სიაში მეთორმეტე, ან მეთხუთმეტე ნომრად აღმოჩნდები. არასამთავრობო "სუფთა პოლიტიკის" ხელმძღვანელმა ზურა ჯაფარიძემ, როგორც ჩანს, ეს ადგილი დაიმსახურა...


მაკა დეკანოსიძე? გაზეთი "ქართუი სიტყვა"

http://www.for.ge




4
107
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
107
  
2012, 12 სექტემბერი, 0:37
რა რამდენი ხანო, ორი ნომრით წინ გამოქვეყნდა ჩემ გაზეთში, ერთ დღეში...
2012, 12 სექტემბერი, 0:34
+++
მალადეც,რამდენი ხანი წერდიი??/საინტერესოაააა
2012, 12 სექტემბერი, 0:29
წაიკითხე, კარგი ანალიზია. ძალიან მომეწონა შეფასებები, თან კარგი მოსაუბრეა ძალიან
2012, 12 სექტემბერი, 0:26
+++
0 1 4