x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პატრიარქის სიახლოვეს მხოლოდ ვაქცინირებულებს, უარყოფითი პსრ ტესტის მქონე, ან კოვიდგადატანილებს ეძლევათ თურმე ლოცვის უფლება-ნანა გეგეჭკორი

image

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვენებს, სადაც ორ თემას აერთიანებს:

image

ქართულ ქრისტიანობაში ვაქცინაციამ იერარქიული ასახვა ჰპოვა. პატრიარქის სიახლოვეს მხოლოდ ვაქცინირებულებს, ურყოფითი პსრ ტესტის მქონეთ ან კოვიდგადატანილებს ეძლევათ თურმე ლოცვის უფლება. ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ეკლესიის ამბიონებიდან მომდინარე დაუჯერებელი ამბები ვაქცინირებულების „ბლუთუს“ კოდებზე, დაჩიპულ ადამიანებზე, ანტიქრისტეს ბეჭდად შერაცხულ რნმ მოლეკულებზე.
გზააბნეულ, აუცრელ, სიკვდილისთვის გაწირულ მრევლსა და ვაქცინირებული მღვდელმთავრებით გარშემორტყმულ, უსაფრთხო გარემოში მლოცველ იერარქებზე ამბავმა ჩემი უსაყვარლესი მენტორი მომაგონა...
სტეფან კამჰოლცის ღმერთი
------------------------------------
ამერიკული რეზიდენტურის პირველი და წარუშლელი შთაბეჭდილება მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი სტეფან კამჰოლცი იყო.
იმ ბედნიერთა რიცხვში ვარ, ვინც სამი წელი ყოველ კვირა იყო განებივრებული დოქტორ კამჰოლცის ე.წ. „დირექტორის შემოვლით“.
image

არაექიმებისთვის მოვყვები... ყოველ ოთხშაბათს, წინა ღამით მორიგე რეზიდენტების რამდენიმე ჯგუფიდან ერთ-ერთს უნდა მოეხსენებინა მორიგეობაზე ნანახი „ეგზოტიკური“ ანუ განსაკუთრებით საინტერესო, იშვიათი პაციენტის „ქეისი“. ეს ერთგვარი თამაშია, მედიცინის დეპარტამენტის ექიმთა და რეზიდენტთა გუნდის სრული შემადგენლობა ორ ჯგუფად იყოფა, ღამის მორიგე უფროსი რეზიდენტი და ინტერნი ისტორიას ყვებიან მინიმალური დეტალებით, ინტერაქტიულ რეჟიმში; ისე, რომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი აუდიტორიამ უნდა გამოიცნოს, საბოლოო გამოკვლევის გეგმით, კვლევების სავარაუდო შედეგებით და დიაგნოზით. თამაშის გამარჯვებულია ის, ვინც მოქმედების გეგმას მაქსიმალურად ლოგიკურ ჯაჭვად ააწყობს და სწორ დიაგნოზამდე მივა.
ცხადია, მორიგე რეზიდენტებმა დიაგნოზი უკვე იციან, მაგრამ მათ შემთხვევის წინასწარ გათქმის უფლება არ აქვთ და მხოლოდ დაკითხვის ობიექტებად არიან წამოდგენილი ამ თამაშში. თამაშის მთავარი მონაწილე კი მაინც სტეფან კამჰოლცი იყო. ის არბიტრთან ერთად მესამე (დამოუკიდებელი) მოთამაშეც გახლდათ. ჩვენთან ერთად უნდა ეცადა გამოეცნო დიაგნოზი. როგორც წესი პირველი რამდენიმე წინადადების მერე დიაგნოზის საკუთარ ვერსიას ქაღალდზე წერდა, ამოტრიალებულად ჩვენს მაგიდაზე დებდა და ბოლოს საზეიმოდ იხსნებოდა მისი ვერსია. საბოლოოდ თამაში დიდ კლინიკურ კონფერენციად იქცეოდა, დაავადებების დიდი სპექტრის, დიგნოსტიკის მეთოდების და კლინიკური აზროვნების ნიუანსების განხილვა ხშირად ცხარე კამათში გადაიზრდებოდა ხოლმე და აზარტში შესულებს ბოლოს Dr. კამჰოლცი შეგვახსენებდა რომ უკვე პაციენტების დრო იყო. უხალისოდ ამოვატრიალებდით ხოლმე მის ვერსიას, ვიცოდით ის უპირობო გამარჯვებული იყო (თან ყოველთვის).
image

არასდროს დამავიწყდება დირექტორის პირველი შემოვლა. უიშვიათესი დაავადება, რომელიც ადრე მხოლოდ წიგნებში წამეკითხა, ჰოსპიტლის 603-ე პალატაში მელოდებოდა. მთავარი შთაბეჭდილება კი Dr. კამჰოლცის ბოლოსიტყვაობა იყო. დაავადებაზე ამომწურავი ექსკურსი ლიტერატურული წყაროების მითითებით დაასრულა და რამდენიმე სტატია ჟურნალის გამოშვების წლის, ნომრის თარიღის და გვერდის ზუსტი დეტალებით ჩაგვაწერინა. ხუმრობად ჩავთვალე და არც ჩავიწერე. იმდენად დაუჯერებელი მეჩვენებოდა 1983 წლის, ნოემბრის ნომრის, 29-ე გვერდზე მითითებული სტატიის სათაურის რეალურობა (ცხადია, ეს თარიღი პირობითია, მე მასავით უნიკალური მეხსიერება არ მაქვს რომ დეტალები ასე ზუსტად მახსოვდეს), გულწრფელად ჩავთვალე, რომ გაგვეხუმრა. დარბაზიდან გამოსულს უფროსი რეზიდენტი დამადგა თავს, აციმციმებული სმარტფონით ხელში. დაუჯერებელი მოგეჩვენა და იმიტომ არ ჩაინიშნე ლიტერატურა, არა?.. სმარტფონში სტატია ჰქონდა გაშლილი. ყველა თარიღი, სათაური და გვერდი ზედმიწევნით ზუსტად ემთხვეოდა Dr. კამჰოლცის მიერ მოწოდებულ მონაცემებს. გულიანად დამცინა, ინტერნების პირველი შოკი Dr. კამჰოლცია, შოკის უფრო მძლავრ ულუფებს მისგან სამი წლის განმავლობაში ყოველდღე მიიღებ და თან ისე, რომ გაოცების უნარს არასდროს დაკარგავო.
image

მართალი აღმოჩნდა უფროსი რეზიდენტი. Dr. კამჰოლცს უნიკალური მეხსიერება ჰქონდა. იმ ერთეული ადამიანების რიცხვს განეკუთვნებოდა მთელს დედამიწაზე სულ თითზე ჩამოსათვლელები რომ არიან და ყველაფერი რაც ოდესმე უნახავთ ან წაუკითხავთ მანქანის სიზუსტით ახსოვთ. ამავე დროს, ამ უსასრულო ინფორმაციის უსწრაფესად ანალიზის უნარი აქვთ. თუ კი ოდესმე წარმოგიდგენიათ ცოცხალი ბიბლიოთეკა, უსასრულო შესაძლებლობებით, ეს Dr. კამჰოლცი იყო. ამას თან ერთვოდა არაჩვეულებრივი კლინიკური აზროვნება, საოცარი ჰუმანურობა და უშრეტი ენერგია მიუხედავად 70 წელს გადაცილებული ასაკისა. Dr. კამჰოლცი იყო გამოსავალი ნებისმიერი სირთულის კლინიკური ამოცანიდან. მას რამდენიმე წინადადებაში შეეძლო ამოეხსნა პაციენტის პრობლემა, რადიოლოგიურ კვლევაში დაენახა ის რასაც მის გარდა ვერავინ შეამჩნევდა; ლაბორატორიულ კვლევებში ამოეცნო კომბინაციები რასაც სხვა ვერ ჩაწვდებოდა...
image

თუკი შეიძლება პროფესიულად რამეში გაგიმართლოს, მე ბედნიერი ვარ რომ მისი მოსწავლეობა მოვასწარი.
image

კოვიდ-პანდემიის პირველი ორი კვირის მერე ყველანი მივხვდით, რომ ამ ვერაგი დაავადების მთავარი სამიზნე ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებებით დამძიმებული ადამიანები იყვნენ. ბევრმა ჩვენგანმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ხანდაზმული უფროსი ექიმებისთვის პაციენტებთან უშუალო კონტაქტი აგვეკრძალა. ეს ფუნქცია სიკვდილის და გართულებების ნაკლები რისკის მქონე რეზიდენტებმა და ექიმებმა შევითავსეთ. მაღალი რისკის ექიმები ჩვენთან ერთად შემოვლებს ვირტუალურად ესწრებოდნენ. Dr. კამჰოლცი ურჩი აღმოჩნდა. ის განაგრძობდა bedside round-ებს (პაციენტთან უშუალო შემოვლებს). როგორც წესი მას ყოველთვის ურთულესი, ამოუხსნელი ამოცანების დროს ვიხმობდით ხოლმე საშველად. ერთ-ერთ ასეთ პაციენტთან შემოვლაზე ვნახე ბოლოს და ვუსაყვედურე, რატომ რისკავდა ასე ჯიუტად და რატომ არ გვაძლევდა საშუალებას ინფიცირების რისკისგან დაგვეცვა. საკონფერენციო დარბაზში მარტონი ვიყავით ამ საუბრისას. ნიღაბი მოიხსნა, გამიღიმა და მკითხა, შენ ხომ ყოველ დღე დადიხარ სამსახურში, შენ ხომ ყოველ დღე იგდებ თავს საფრთხეში, შენ ხომ შეიძლება ყოველი შემოვლისას დაინფიცირდე, ჩემი სიცოცხლე რატომ ღირს შენსაზე ძვირი? ზუსტად არ მახსოვს რა ვუპასუხე. ამ ფრაზის მერე არც ის დღე მახსოვს კარგად. მახსოვს, მას მერე განსაკუთრებული მონდომებით ვცდილობდი მისი სიცოცხლის ფასი ყოფილიყო ჩემიც...
image

ყველანი „ღვთის შვილები ვართ“ მომისმენია ხშირად. ღვთის შვილობა თუ რამეს გულისხმობს ჩემი და Dr. კამჰოლცის სიცოცხლის თანაბარ უფლებას ალბათ, მაგრამ სინამდვილეში მისი სიცოცხლე ბევრი სხვა სიცოცხლის გაგრძელების აუცილებელი პირობა იყო. მიუხედავად გენიალობისა (ის მართლა იყო გენიალური პულმონოლოგი) მას მიაჩნდა, რომ ჩემი და მისი სიცოცხლე თანაბრად ღირებული იყო და ამიტომაც თავს ვალდებულად თვლიდა ჩემთან ერთად მიეღო კოვიდ-სიკვდილის რისკი ყოველდღიურად.
image

ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში შუაღამით, მედიცინის ჯგუფის შიდა „ჩატის“ გაუთავებელმა წრიპინმა გამომაღვიძა. შოკირებულების „ემოჯების“ წვიმა იყო, Dr. კამჰოლცი ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს, კოვიდით გამოწვეული რესპირატორული დისტრესით. მას მერე მთელი ჰოსპიტლისთვის მისალმებად იქცა, ახალი რა იცით Dr. კამჰოლცზე. ყველას ერთიანად გვჭირდა „denial“ (როცა ვერ იჯერებ რომ შეიძლება ავად იყო ან ცუდი პროგნოზი გქონდეს). მართვით სუნთქვას ეკმო მოჰყვა... ფილტვები კოვიდმა მთლიანად ნაწიბურად აქცია. მერე მთელს სხეულს მოედო, ყველა ორგანო უფუნქციოდ დატოვა... ხან დროებით გაუმჯობესებულ ლაბორატორიულ ან სხვა დიაგნოსტიკურ პარამეტრს ვებღაუჭებოდით იმედად, ხან მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან, საუკეთესო მეცნიერების მიერ სპეციალურად მისთვის გამოგზავნილ უახლეს წამალს ან იდეას... მაშინ გავაცნობიერე პირველად, რომ ძალიან ბევრი წამყვანი სახე მეცნიერებასა თუ უბრალოდ კლინიკურ პრაქტიკაში მისი მოსწავლე იყო, კარიერის რომელიღაც ეტაპზე.
image
ინტენსიური თერაპიის დღეები მეც მერგო ტკივილად. ის ჩემი ჯგუფის პაციენტი იყო. ყელში გაჩხერილი ბურთებით ვაბარებდით ერთმანეთს ღამის და დღის მორიგეები მის პალატაში მომხდარ თუ დაგეგმილ ამბებს.
image

ორ თვეზე მეტხანს გასტანა კოშმარმა და ბოლოს კოვიდმა გაიმარჯვა ჩვენზე...
თუ ოდესმე შეიძლება ნამდვილი ექიმი იხილოთ, ეს Dr. კამჰოლცი იყო, ცოდნის წარმოუდგენელი მაშტაბით, გამოცდილებით, ადამიანობით, კლინიკური აზროვნებით, ინტუიციით, შრომისუნარიანობით, დაუზარლობით, იუმორით, უკეთილშობილესი, გულწრფელი ღიმილით... და მიუხედავად ამ სიდიადისა, მისთვის, ჩემი და მისი სიცოცხლე თანაბრად ფასობდა.
image

პანდემიამდე ცოტახნით ადრე, მასთან ამოუხსნელი ამოცანის გასაზიარებლად ვიყავი მისული. ცხადია, ამოხსნა, ჩვეული სიმარტივით. რამდენიმე წუთში მისი კაბინეტი პროფესიულად გაზრდილმა დავტოვე. თან, ელექტროკარდიოგრაფიაზე საოცარი წიგნი გამომატანა. რამდენიმე უნიკალური შემთხვევაა ამ წიგნში და მინდა აუცილებლად ნახოო. წიგნი განუსაზღვრელი დროით მათხოვა, იცოდა ჩვენი ჯოჯოხეთური გრაფიკი და ესეც კი გაითვალისწინა. მის პალატაში ყოველდღე შესვლისას ვპირდებოდი, რომ ამ წიგნს აუცილებლად დავუბრუნებდი.
image

წიგნი ვერ დავუბრუნე... მაგრამ ბოლო ამოსუნთქვისას დავპირდი, რომ ამ და კიდევ სხვა წიგნებიდან მიღებულ ცოდნას ჯანმრთელობად და სიცოცხლედ დავუბრუნებდი ყველას, ვინც პაციენტად აღმოჩნდებოდა ჩემს პალატაში.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, დღემდე არ ვიცი რა აღმსარებლობისა იყო. მის კაბინეტში ვერცერთი ღმერთის ხატს ან ფოტოს ვერ იპოვიდით. იქ ღმერთი წიგნები, მისი უსაზღვრო პროფესიონალიზმი და დაუჯერებელი ადამიანობა იყო.
image

ასე გავიცანი სტეფან კამჰოლცის ღმერთი. მუდამ ჩემთან არის ახლა ის ღმერთი; ვიცი როდის უნდა ვილოცო და როდის მოვუხმო საშველად. მე მიყვარს ჩემი ღმერთი!
6
115
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
115
  
2021, 9 დეკემბერი, 11:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 9 დეკემბერი, 9:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 8 დეკემბერი, 22:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 6 დეკემბერი, 15:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 27 ოქტომბერი, 13:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 12 სექტემბერი, 15:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6