x
image
თუთიკო ბერძენა
"მსოფლიო აღარ იქნება ისეტი როგორიც პანდემიამდე იყო" . მაშ როგორი იქნება მსოფლიო მეცნიერების აზრით?

image

ვუსამძიმრებთ ინტელექტის წინაპრებსა და ოჯახის წევრებს.... მას უკანასკნელ გზაზე მივაცილებთ ჭირისუფალნი...
პანდემიამდე ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ მისი რეანიმაცია შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საბოლოოდ ვემშვიდობებით მას.... არ გვინდოდა ამის დაჯერება, როცა სარტრის "ინტელექტუალის საფლავს" ვკითხულობდით, სადაც ის ამბობს, რომ პოსტმოდერნმა, ტრადიციული გაგებით, ინტელექტუალები დაასაფლავა. მათი დრო წავიდა! თუმცა თვითონ სარტრი აღმოჩნდა უკანასკნელი ყველაზე დიდი ინტელექტუალი.....
"რადიოში უსმენენ რეგის; კინოში ვესტერნს უყურებენ; ლანჩზე მაკდონალდსში მიდიან, ხოლო სადილობენ ადგილობრივი სამზარეულოს რესტორნებში; ტოკიოში ფრანგულ სუნამოს ხმარობენ და რეტროს სტილის ტანსაცმელს იცვამენ ჰონკონგში" - ასე აღწერა ლიოტარმა საზოგადოება, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. გეცნოთ, ალბათ.. მსგავსი სიტუაციის ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი, რაც ადრე წარმოუდგენელი რამ იყო. ეს თანამედროვე ტრანსფორმირებადი საზოგადოების
დამახასიათებელი ნიშნებია, რაც ცხოვრების სრულიად ახალ სტილსა და სტრატეგიას, თამაშის ახალ წესებს სთავაზობს ადამიანებს. საჭირო აღარ იყო SARS-CoV-2 ვირუსის შექმნა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეცნობებინათ: "მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც პანცდემიამდე იყო"... მსოფლიო კოვიდის გარეშეც უკვე აღარ იყო "ისეთი" და გახდა "ასეთი" ინფორმაციული ტექნოლოგიების შედეგად....
ნიცშეს შემდგომი დროიდან – "ღმერთის სიკვდილიდან" მოყოლებული რელიგია ისედაც სხვადასხვა ალტერნატივით შეიცვალა. რეალობას ჩაენაცვლა ვირტუალური, ჰიპერრეალობა. ადამიანი მის მიერ შექმნილი ჰიპერრეალობის ზედაპირზე მოტივტივე ვირტუალურ არსებად გადაიქცა, რომელიც ყოფიერების
სიღრმეებს ერიდება. ჩვეულებრივი კულტურული პრაქტიკა გახდა ტურიზმი, როგორც რეალობიდან გაქცევისა და სიმულაციის სიმბოლო. შემეცნების ტრადიციულმა პრაქტიკამ მომხმარებლურ საზოგადოებაში უკანა პლანზე გადაინაცვლა და
მოდური გახდა ემოციური ლიცენზიის განათლება, რომლის ლოზუნგიცაა "აკეთე ის, რაც გსურს". ინტელექტუალთა მდგომარეობამ ტრანსფორმაცია განიცადა და მწერალი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე შეცვალა ექსპერტმა.
ჩვენმა ეპოქამ ინტელექტუალებს ყველაფერი წაართვა, რაც ტრადიციულ საზოგადოებაში ჰქონდა. ისინი უფუნქციოდ დარჩნენ. დღევანდელი საზოგადოების წევრთა მიზანი ნებისმიერი საშუალებებით პროფესიული და პერსონალური წარმატების მოპოვება გახდა. მიზანმა გაამართლა საშუალება! განათლების სისტემაც ამისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. მისთვის ნიშანდობლივია კარნავალური, სანახაობრივი კულტურა. ეფემერული კულტურა, რომელშიც წამყვან როლს მასმედია და რეკლამა ასრულებს. აქ ყველა და ყველაფერი თეატრალიზებულია, განსაკუთრებით პოლიტიკური ცხოვრება, რომლის ტრანსფორმაციაც ტრადიციული აზროვნებისა და გემოვნების მქონე ადამიანთა რეაქციას იწვევს. დააკვირდით მსოფლიო პოლიტიკას! პოლიტიკა დღეს განიხილება არა როგორც ადამიანის აქტიურ და სერიოზულ სახელმწიფოებრივ საქმიანობად, არამედ ხმაურიან სანახაობად, ემოციური განტვირთვის ადგილად, სერიოზულობისა და არასერიოზულობის გაურკვეველ ნაზავად. როგორც ლიოტარი ამბობს, ასეთ ეპოქაში არცერთი პოლიტიკური ბატალია რევოლუციით არ დასრულდება. რევოლუციის შემთხვევაში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, რომელიც პოსტმოდერნულ საზოგადოებაში ფულის, მოგების მომტანი შოუს ელემენტია და მეტი არაფერი. ყველაფერი ეს იმ კულტურული პარადიგმების ცვლილების შედეგია, რომელიც ნიცშესეული "ღმერთის სიკვდილით" იწყება და, საბოლოოდ, ბოდრიარისეული "ადამიანის სიკვდილით" სრულდება.
მსოფლიო ნამდვილად აღარ იქნება "ისეთი", რადგან პანდემიამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ადამიანის გავირტუალებას! ვირუსს ტრიგერის როლი დააკისრეს. ვისაც არ ჰქონდა სოც ქსელი, ისიც იძულებული გახადეს, ამ ყუთში შემომძვრალიყო!
ბოდრიარის თქმითაც ხომ, რეალობა ანუ ტრადიციული საზოგადოება ვირტუალურ საზოგადოებად
გადაიქცეოდა თანდათან? რა საჭირო იყო ეს?, ლოგიკურად, ამ პროცესის დასაჩქარებლად (ერთ-ერთი მიზეზიც ეგ უნდა იყოს)! ამიერიდან ადამიანი და საზოგადოება მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არსებობს რ ე ა ლ უ რ ა დ. ამ ვირტუალურ სივრცეს კი თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის. ყველაზე ინტიმურმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმაც კი ტრანსფორმაცია განიცადა, მაგალითად, ჰიპერსაზოგადოებაში ადამიანები კმაყოფილებას ვირტუალური სექსით იღებენ და ეს მიაჩნიათ რეალობად. ნამდვილი სინამდვილე მისმა ვირტუალურმა ორეულმა შეცვალა. ამიერიდან ადამიანი და საზოგადოება სიმულირებულია.
მხოლოდ ინტელექტის სიკვდილი კი არა, ყველაფერს ამას ბოდრიარი ადამიანისა და საზოგადოების სიკვდილს უწოდებს.
ფაქტია, რომ თანამედროვეობამ უმთავრესი პრობლემების მოგვარება ვერ მოახერხა: წინა ეპოქამ ვერცერთი დაპირება ვერ შეუსრულა ადამიანებს. იმედები გაუცრუა. პირიქით, უფრო იმატა შიმშილმა და სიღარიბემ. პოსტმოდერნი კი, რომელშიც საკუთარი ნებით, ტაშის კვრით და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ვაშა-დიდებით შევაბიჯეთ - საერთოდ არაფერს ჰპირდება არავის!. დააკვირდით - მომავალი აღარ არსებობს... მარადიულ აწმყოში გადავინაცვლეთ, როგორც ამას ბაუმანი უწოდებდა.... ადამიანებმა ყოველდღიური ცხოვრებით უნდა იცხოვრონ, შეუძლებელი გახდა ხვალინდელი დღის დაგეგმვა, რადგან რაც დღეს ფასეულია, ხვალ ფასს კარგავს და პირიქით!
ჩაგვიქრა პროგრესის მანათობელი შუქურა. თუ აქამდე წარსულში ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საიმედო მომავალს, ჩვენი შვილები მსგავსი ოპტიმიზმით აღარ გამოირჩევიან. ისინი რეალურად შძეაფასებენ შექმნილ ვითარებას და "პროგრესისაგან" მაინცდამაინც დიდ ცხოვრებისეულ დივიდენდებს აღარ მოელიან.
პოსტმოდერნის პირობებში საკვირველი აღარ არის, რომ მეცნიერებამ დაკარგა თავისი პრიორიტეტი და ის კითხვებზე პასუხს უკვე ვეღარ იძლევა: პოსტმოდერნისტების აზრით, მეცნიერებამ ვერცერთი მის წინაშე დასახული ამოცანა ვერ გადაწყვიტა. ის ჭეშმარიტების მიღწევას დაჰპირდა ადამიანებს, რაც ვერ შეასრულა. "დიდი ნარატივების" დრო წავიდა. რა სარკაზმია? რომ ობიექტური რეალობა და ჭეშმარიტება, თურმე საერთოდ არ არსებობს. ჭეშმარიტება მოდერნისტული საზოგადოების ქიმერა იყო, რომელიც პოსტმოდერნმა შთანთქა. პოსტმოდერნი ჭეშმარიტებათა სიმრავლეზე აკეთებს აქცენტს, ხოლო რაც შეეხება რეალობას, იგი "სოციალური კონსტრუქციის" ეკვივალენტიაო!!!
ალბათ, თვალნათლივ ხედავთ იმასაც, რომ კულტურული უთანხმოებებიც ძლიერდება. ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ თანამედროვეობა ტოლერანტობისა და სოლიდარობის
ერა გახდებოდა, მაგრამ ვერც ამას მივაღწიეთ და ამიტომ იგი ჩაგვინაცვლეს "სოციალური სამართლიანობით", სექსუალური და სხვადასხვა უმცირესობის უფლებათა დაცვით.... .
ნახეთ, როგორ განიცდის ტრანსფორმაციას თითქმის ყველა სოციალური ინსტიტუტი!
პოლიტიკა ტრანს და პოსტპოლიტიკად იქცა,
რელიგია – ტრანსრელიგიად,
ოჯახი – ტრანსოჯახად!
ჩვენ ოჯახური ცხოვრების ახალ-ახალი ვარიანტიდან
სასურველის არჩევის სრული თავისუფლება გვაქვს!.
ჩვენ მხოლოდ ერთი დღისთვის ცხოვრობა დავიწყეთ!
შორეული მომავლის ცნება სრულიად უცხო გაგვიხდა. და მართალია, ცხოვრების მთავარი სტიმული პროფესიული და ფინანსური წარმატება რაღაცნაირად ადრეც გვქონდა, მაგრამ დღევანდელი ამ სწრაფვის განმასხვავებელი გახდა ის, რომ ამ წარმატებას უნდა მივაღწიოთ არა თანდათან, კიბისებურად, დიდ განათლებით და შრომით, არამედ ამ წუთას, ახლა და აქ! მორჩა! უცებ გენერლებაი ხდებიან რიგითი ჯარისკაცის საფეხურის გავლის გარეშე ნებისმიერ სფეროში! ამისთვის ცხოვრების ნებისმიერი წესი, სტილი და სტრატეგიაა მისაღები, ყველაზე ამორალურიც კი....
დიახ, ეს ყველაფერი მტკივნეულად აისახება რელიგიასა და კულტურაზე. ეს ყველაფერი ყველაზე დიდ ზიანს ადამიანის სულიერებას აყენებს. დიახ რელიგია გახდა პოსტმოდერნიზმის მთავარი სამიზნე! რელიგიური მეინსტრიმი რადიკალურად იცვლება. მოდა და ტენდენციები, რეკლამა იქცა რელიგიად .
შინაგანი ღირსება და ჭეშმარიტების წვდომა ამოაგდო მოდამ და ჩაანაცვლა ფრაზებით ჟონგლირებით, ყალბი ერუდიციით. ადამიანი და საზოგადოება დესაკრალიზდა. რელიგიური ცხოვრების პროფანაციას კი შედეგად მოჰყვება ტრადიციული რელიგიური ცხოვრებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. პოსტმოდერნის თეორეტიკოსები ამას რელიგიის დეკონსტრუქციას უწოდებენ..
ეს ყველაფერი, რელიგიური გაგებით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ არც ისე შორსაა აპოკალიფსი.
რელიგიური ეთიკის სფეროში მორალურ რელატივიზმს, ნიჰილიზმსა და ღირებულებათა დევალვაციას ვაწყდებით, რასაც ჭეშმარიტებასა და მცდარობას, სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავების მოსპობა, საზრღვრის წაშლა მოჰყვება. ამაზე მეტად ადამიანისა და საზოგადოების დაცემა და გადაგვარება ძნელი წარმოსადგენია.
ამ პროცესებმა მარგინალური პიროვნების ჩამოყალიბებას
შეუწყო ხელი, რაც, სოციალური თვალსაზრისით, საშიშია, ძალიან საშიში!!!
როგორი იქნება მსოფლიო კოვიდის შემდეგ?
გარდა იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება, გადარჩენილთაგან სახეზე იქნება ე. წ. ჰიპერსაზოგადოება! (სახეზე ვართ კიდეც უკვე) ეს სოციალურის ახალი განზომილებაა.
გაურკვევლობა მისი გარკვეულობაა.
დიახ, სწორედ ასეთი სურათია დღეს ვაქცინებთან დაკავშირებითაც!
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სხვაგვარ მსოფლიოში - დიდ გაურკვევლობაში, სადაც ყველაფერი გარკვეულია!"
ამას ნამდვილად სჭირდებოდა "მახარობელი"...
და ეს მახარობელი სწორედ SARS-CoV-2 აღმოჩნდა!
0
265
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0