საქართველო "ვიწვი თინა ბოკუჩავას საცოდავობით!"- რას წერს ლევან ლორთქიფანიძე 2021, 20 აგვისტო, 14:37 პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ფოთში, მერობის კანდიდატად დასახელებული თინა ბოკუჩავას გიგი უგულავათი ჩანაცვლების ფაქტს სოციალურ ქსლეში ეხმაურება და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს "უპრინციპოს" უწოდებს, რომელიც პარტიისთვის ერთგულების დასადასტურებლად ყველაფრისთვის მზად არის: "გიგი უგულავა ხან ძირძველი თბილისელია, ხან ფესვმაგარი ხონელი… როცა სჭირდება ამბობს, რომ ზუგდიდის კონტურული რუკა აქვს მკერდზე ამოსვირინგებული, ახლა ფოთზე მოიფიქრებს რამეს! იმასაც შეამჩნევდით, როგორი წივილ-კივილითა და ლანძღვა-გინებით გაიქცა “ნაციონალური მოძრაობიდან” “ევროპულ საქართველოში”! დღეს უკვე “ევროპული საქართველოდან” გამოიქცა უკან და ჩვეული ისტერიკით დაბრუნდა “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომლის ლიდერსაც ცოტა ხნის წინ ჯართს ეძახდა. ადამიანი თუ ხარ, რაიმე პრინციპი ხომ უნდა გქონდეს?! ვიწვი თინა ბოკუჩავას საცოდავობით! ქალი მაგდა გიობელსივით შვილებს დახოცავს პარტიისა და ფიურერისთვის, ყველაფერზე მიდის ერთგულების დასადასტურებლად და არავინ არაფერს უფასებს. საპარლამენტო არჩევნები იყო და გუბაზ სანიკიძის გადაღმა მაჭუმდე არმისული ჩაწერეს ენმ-ის სიაში, ახლა ფოთის მერობის კანდიდატად წარადგინეს და ორ დღეში გიგი უგულავათი ჩაანაცვლეს. რა ბინძურია ეს პოლიტიკური კლასი, ნამდვილი გუბე!”– წერს ლევან ლორთქიფანიძე. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფოთის მერობის კანდიდატად თავდაპირველად თინა ბოკუჩავას კანდიდატურა დაასახელა, თუმცა მოგვიანებით, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოზიცია შეცვალა და მის ნაცვლად ფოთელებს გიგი უგულავა წარუდგინა. როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ გუშინ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა მსგავსი შეთავაზება პარტიის მხრიდან მას მართლაც ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ფოთთან მას არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ წინადადებაზე უარი თავადვე განაცახადა: "დიახ, ამგვარი შემოთავაზება ნამდვილად იყო პარტიის მხრიდან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბმა არ მაქვს საქართველოს ამ ისტორიულ ქალაქთან, ჩავთვალე, რომ ჩემი მხრიდან არ იქნებოდა გონივრული, ამ შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი" - აღნიშნა ბოკუჩავამ.1153 შეფასება არ არის |