x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135917
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510263
რატომ არ ვეხმარებით ზოგჯერ ადამიანებს?
image

1964 წელს, ახალგაზრდა ქალი, სახელად კიტი გინოვესი, სამსახურიდან სახლში გვიან ღამე ბრუნდებოდა. თავის სახლთან ახლოს მას თავს დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს. თავდამსხმელებთან საათნახევრის განმავლობაში ბრძოლის დროს, დატანჯული, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. მოგვიანებით, 38-მა ადამიანმა, რომელიც ახლოს მდებარე სახლებში ცხოვრობდა, განაცხადა, რომ გაიგონა ქალის ყვირილი, თუმცა არავინ მისულა მის დასახმარებლად და პოლიციისთვისაც არავის დაურეკავს. პოლიცია კიტის სიკვდილიდან მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გამოიძახეს. პოლიციის მოსვლის მიუხედავად, მაინც არავინ გამოსულა გარეთ. მხოლოდ მაშინ გამოჩნდა ხალხი ქუჩაში, როდესაც სასწრაფო დახმარება გარდაცვლილი ქალის გვამის წასაღებად მოვიდა. რატომ არავინ დაეხმარა კიტი გინოვესს? ბევრმა ჟურნალისტმა ეს შემთხვევა შეაფასა, როგორც ადამიანის ტანჯვის მიმართ ადამიანების აპათიისა და გულგრილობის ნიშანი. თუმცა, სოციალურმა ფსიქოლოგებმა ამ ტრაგედიის საპასუხოდ დაიწყეს მეცნიერული კვლევა, თუ რატომ იკავებს თავს მოწმე გასაჭირში მყოფი ადამიანის დახმარებისგან ხანდახან? კვლევებმა აჩვენა მოცემულ სიტუაციაში რამდენიმე ფაქტორის მნიშვნელობა. ესენია: სხვა ადამიანების არსებობა, ფიზიკური გარემო პირობები და დროის ზეწოლა.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • სხვა ადამიანების არსებობა - მოწმეების არსებობა. სოციალური ფსიქოლოგების – ბიბ ლატანისა და ჯონ დარლის აზრით, დახმარების არგაწევა გამოწვეული იყო ბევრი მოწმის არსებობით. მოწმეებს შეიძლება ეფიქრათ, რომ სხვამ უკვე დარეკა პოლიციაში და შესაბამისად, დახმარების გაწევაზე ნაკლებ პიროვნულ ვალდებულებას გრძნობდნენ ადამიანები. ამიტომ არცერთმა დარეკა პოლიციაში. კვლევრებმა ამას მოწმის ეფექტი უწოდეს. მოწმის ეფექტი არაერთი კვლევით არის გამყარებული.
  • საინტერესოა, რატომ აფერხებს სხვების დასწრება დახმარების გაწევას? გადაწყვეტილების მიღების თეორია რამდენიმე ახსნას გვთავაზობს. პირველი არის, პასუხისმგებლობის დიფუზია, რომელიც იქმნება სხვა ადამიანების არსებობის შემთხვევაში. თუ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გაჭირვების მოწმე, მხოლოდ ის ხდება პასუხისმგებელი სიტუაციაზე და ძალიან დიდ დანაშაულს იგრძნობს, თუ არ ჩაერევა. მაგრამ თუ რამდენიმე კაცია მოწმე, დახმარების გაწევა რამდენიმე წყაროსგანაა მოსალოდნელი. ამიტომ ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობს იგი.


    მეორე ახსნა ეხება სიტუაციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ გაუგებრობას. პოტენციური „დახმარების აღმომჩენები“ ხშირად ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან იმაში, არის თუ არა სიტუაცია საგანგებო და საჭიროა თუ არა მათი ჩარევა. სხვა მოწმეების ქცევამ შეიძლება ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს, სიტუაცია არასწორად გაიგოს და არასწორად იმოქმედოს. თუ სხვები იგნორირებას უკეთებენ რაღაც მოვლენას და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება, ჩვენც ვივარაუდებთ, რომ ეს შემთხვევა საგანგებო არაა და დახმარებას არ საჭიროებს.

    შეფასების შიში არის მესამე ფაქტორი მოწმის ეფექტში. თუ ვიცით, რომ სხვა ადამიანები აკვირდებიან ჩვენს ქცევას, შეიძლება შეგვეშინდეს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებთ ან ჩვენს ქცევას ნეგატიურად შეაფასებენ. მაგალითად, კვამლით სავსე ოთახში მყოფი ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ნერვიულობის გამოხატვის შემთხვევაში, დანარჩენი ორი ადამიანის ფონზე, რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ კვამლს, სულელებად გამოჩნდებოდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეფასების შიში გვიბიძგებს დახმარებისკენ. თუ დავინახეთ ადამიანი, რომელიც კიბეზე დაგორდა ან გულის შეტევა აქვს, სოციალურად ადეკვატური რეაქცია სწორედ დახმარების გაწევაა. ასეთ სიტუაციებში, იმის ცოდნამ, რომ ვიღაც გვაკვირდება, შეიძლება პირიქით, გვიბიძგოს დახმარებისკენ.

  • გარემო პირობები - ფიზიკური გარემო საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანების მხრიდან დახმარების გაწევაზე. როდის უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ გზის განაპირას მდგომ მძღოლს მანქანის შეკეთებაში დაეხმარებით – მაშინ, როდესაც გარეთ მზიანი, სასიამოვნო ამინდია, თუ როცა წვიმს და ცივა? ცალსახაა, რაც უფრო კარგი ამინდია, მით უფრო დიდია დახმარების გაწევის ალბათობაც. აგრეთვე მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი ადგილი, ქალქების ზომა და სხვ.(თუმცა კვლევებით გამყარებული ეს მოსაზრებები, მხოლოდ უცნობების დახმარებას მოიაზრებს).
  • დროის ზეწოლა - ზოგჯერ ადამიანები თვლიან, რომ მეტისმეტად ჩქარობენ და არ სცალიათ სხვის დასახმარებლად. დარლისა და ბატსონის მიერ ჩატარებული კვლევა ამ ეფექტს ადასტურებს. კვლევის ფარგლებში, სტუდენტებს უთხრეს, რომ გადასულიყვნენ გვერდით შენობაში ხანმოკლე მოხსენების გასაკეთებლად. ზოგს უთხრეს, რომ შეეძლოთ არ ეჩქარათ, რადგან შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყებოდა, ხოლო დანარჩენებს უთხრეს, რომ სასწრაფოდ წასულიყვნენ, რადგან მათ უკვე ელოდებოდნენ. ერთი შენობიდან მეორეში გადასვლის დროს, კართან ცდის მონაწილეები ხვდებოდნენ ღარიბულად ჩაცმულ კაცს, რომელიც კარებთან ეცემოდა და ხველას იწყებდა. საკვლევი კითხვა იყო – დაეხმარებოდა თუ არა ცდისპირი უცნობ მამაკაცს? აღმოჩნდა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ჩქარობდნენ უფრო ნაკლებად ეხმარებოდნენ “გაჭირვებულ“ კაცს კართან, ვიდრე ის სტუდნტები, რომლებსაც არ ეჩქარებოდათ. ეს მოსაზრება შეიძლება დანახარჯისა და სარგებლის პრინციპიდან ავხსნათ. აშკარაა, რომ ცდისპირები წონიდნენ დანახარჯსა და სარგებელს როგორც მსხვერპლისთვის, ისე მოხსენებისთვის და ამის შესაბამისად მოქმედებდნენ.
  • საბოლოო ჯამში, ადამიანების მხრიდან უცხო ადამიანების დახმარებაზე დიდ გავლენას ახდენს მოწმის არსებობა, გარემო პირობები და დროის ზეწოლა. ამიტომ ცალსახად იმის თქმა და დასკვნის გამოტანა, თუ რატომ არ დაეხმარა ერთი ადამიანი მეორეს - არასწორია. საჭიროა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი გავითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად ვეცადოთ, კონკრეტულ სიტუაციებში არ მოვექცეთ ისეთი სოციალური გავლენების ქვეშ, რომლებიც საბოლოოდ ფატალურ შედეგებს გამოიწვევს.

    0
    47
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამ კაჭიური
    მარიამ კაჭიური
    47
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0