x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135917
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510263
ერთგულების როლი პიროვნულ ურთიერთობებში

image

ერთგულება არის მრავალმხრივი კონცეფცია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა ადამიანებთან ურთიერთობისას. იგი უკავშირდება მორალურ და ეთიკურ ცნებებს, ემოციებს, განცდებს. ერთგულება გვხვდება ნებისმიერი სახის ურთიერთობაში, იქნება ეს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან თუ რომანტიულ პარტნიორებთან. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებით ერთგულები არიან, მოსალოდნელია, რომ ყველა სიძნელისდა მიუხედავად ერთად დარჩებიან. ერთგულება ურთიერთობაში ეხება ყველა იმ დადებით და უარყოფით ძალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ურთიერთობას.

ურთიერთობისადმი ერთგულებაზე ზეგავლენას ახდენს სამი ძირითადი ფაქტორი და შესაბამისად სამი სახის ერთგულების ფორმა შეგვიძლია გამოვყოთ:

1) ერთგულებაზე ზეგავლენას ახდენს კონკრეტული პიროვნებისა და ურთიერთობისადმი მიზიდულობა. თუ ჩვენ მოგვწონს პიროვნება, გვსიამოვნებს მასთან ყოფნა და ადვილად ვურთიერთობთ მასთან, ჩვენ მოტივირებული ვიქნებით, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთგულება უფრო დიდია მაშინ, როდესაც მეტია კმაყოფილება. ამ კომპონენტს “პიროვნულ ერთგულებას” უწოდებენ, რადგან ის ეხება ინდივიდის სურვილს -შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს ურთიერთობა.

2) ერთგულებაზე ზეგავლენას ახდენს ჩვენი ღირებულებები და მორალური პრინციპები – შეგრძნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა. ეს “მორალური ერთგულება” ეფუძნება ვალდებულების გრძნობას, რელიგიურ ვალდებულებას ან სოციალურ პასუხისმგებლობას. მაგალითად, ადამიანი ქორწინებას ხელს უწყობს თუ მას სწამს, რომ ქორწინება წმინდა რამაა, ამიტომ მეუღლისადმი ერთგული მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა იყოს.

3) ერთგულება ემყარება უარყოფით ძალებსა თუ ბარიერებს, რაც ურთიერთობის დასრულებას ინდივიდისათვის ძვირად ღირებულს ხდის. დაქორწინებულ ადამიანს შეიძლება აშინებდეს განქორწინების სოციალური, ფინანსური და იურიდიული შედეგები და თავს უბედურ ქორწინებაში გამომწყვდეულად გრძნობდეს. სიტუაციას, რომელშიც ადამიანი გრძნობს, რომ უნდა გააგრძელოს ურთიერთობა, “იძულებით ერთგულებას” უწოდებენ.

ერთგულება მნიშვნელოვნად ზრდის ურთიერთობის ხარისხს, თუმცა ურთიერთდამოკიდებულების თეორიის მიხედვით, ერთგულებაზე ასევე შეიძლება მნიშვნელოვნად მოქმედებდეს ალტერნატივების ხელმისაწვდომობა და ურთიერთობაში ჩადებული ინვესტიციები.

ალტერნატივების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ურთიერთობისა. ერთგულებაზე გავლენას ახდენს ალტერნატივების შედარების დონე. ჩვენ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვხვდებოდეთ პიროვნებას, რომ სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს. როდესაც დამოკიდებული ვართ ურთიერთობაზე იმისათვის, რომ მივიღოთ ის, რასაც ჩვენ ვაფასებთ და რისი მიღებაც სხვაგან არ შეგვიძლია, მოსალოდნელია, რომ არ დავტოვებთ ამ ურთიერთობას, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკეთესი ალტერნატივების არარსებობა ზრდის ერთგულებას.

ერთგულებაზე ასევე ზეგავლენას ახდენს ურთიერთობაში ჩადებული ინვესტიციები. ინვესტიციები მოიცავს დროს, ენერგიას, ფულს, ემოციურ ჩართულობას, საერთო გამოცდილებას და პარტნიორის ინტერესებისათვის საკუთარი ინტერესების გაწირვას. ურთიერთობაში დიდი ინვესტირების ჩადებამ და შემდეგ იმის აღმოჩენამ, რომ ურთიერთობა არ არის დამაჯილდოებელი, შეიძლება გვაგრძნობინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა საკუთარ თავზე, რათა ურთიერთობას შევხედოთ დადებითი კუთხიდან და უგულვებელვყოთ მისი უარყოფითი მხარეები. რაც უფრო მეტს ჩავდებთ ურთიერთობაში, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება მისი შეწყვეტა.

მრავალ ურთიერთობაში არსებობს მჭიდრო კავშირი ერთგულებასა და ურთიერთობით კმაყოფილებას შორის. როდესაც ახლგაზრდა შეყვარებული წყვილი განსაკუთრებულ ჯილდოებს ხედავს ურთიერთობაში, მათთვის ერთგულების დაცვა მნიშვნელოვანი ხდება. ადამიანები აღარ ხვდებიან სხვებს, უარს ამბობენ ალტერნატიულ ურთიერთობებზე, რათა ერთად იყვნენ. ურთიერთობაში ჩადებული ინვესტიციები ჩვეულებრივ სიყვარულს ემყარება და ხელს უწყობს ერთგულების შემდგომ ზრდას. კონფლიქტებისა და უთანხმოების შემთხვევში, ურთიერთობაში ჩადებულმა ინვესტიციამ შეიძლება ხელი შეუწყოს წყვილის მოტივირებას, მოძებნონ ურთიერთობის გაუმჯობესების გზები და ხელახლა გააღვივონ მიმქრალი სიყვარული.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგულება უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან ურთიერთობას, ზრდის ინვესტიციებს და კმაყოფილებას, რაც იძლევა მჭიდრო ემოციური კავშირისა და სრულყოფილი ურთიერთობის შენარჩეუნების შესაძლებლობას.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე მამისეიშვილი
სალომე მამისეიშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0