x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135917
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510263
სიახლოვე, როგორც ინტერპერსონალური პროცესი

image

ინტერპესონალური ურთიერთობების მრავალფეროვანი ბუნება ფსიქოლოგებს ადამიანური ყოფის უცნობი, დაფარული დეტალების დაკვირვებით გააზრებისა და შესწავლისკენ უბიძგებს. „სიყვარულის“ დეფინიცია ბევრი სოციალური ფსიქოლოგისთვის დიდი ხანია თავსატეხს წარმოადგენს, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა სიახლოვის ფსიქოლოგიური განცდის განმარტება, რაობა და არსი. როდის მიგვაჩნია ურთიერთობა ახლოდ? როდესაც ვგრძნობთ, რომ პარტნიორს ესმის ჩვენი, რომ ის გვაფასებს და ჩვენზე ზრუნავს. სიახლოვე იგივე ინტიმურობა (ამ უკანასკნელს ხშირად მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებს უკავშირებენ, რაც მცდარია) ყალიბდება მაშინ, როდესაც მეორე ადამიანს აღვიქვამთ მხარდამჭერად, მგრძნობიარედ და ყურადღებიანად. მაშასადამე, გაგება, დაფასება და ზრუნვა არის ინტიმურობის საკვანძო ელემენტები. ეს სამი ფაქტორი დიდ როლს თამაშობს ახლო ურთიერთობებში, სიახლოვისა და კმაყოფილების გრძნობის განცდაში. აღსანიშნავია კოლეჯის სტუდენტებზე ჩატარებული კვლევები, სადაც ისინი აწარმოებდნენ დღიურებს და აღწერდნენ თავიანთ ყოველდღიურ სოციალურ ურთიერთქმედებებს. კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ რაც უფრო მეტად საუბრობდნენ მონაწილეები, რაც უფრო მეტად გრძნობდნენ, რომ მათი ესმოდათ და ისინი მოსწონდათ, მით უფრო ახლოს გრძნობდნენ თავს თავის სოციალურ პარტნიორებთან.

მოვიხმობ მეგობარი გოგონების მაგალითს, რომლებიც ერთმანეთთან საუბრობენ. ლიზას აქვს უთანხმოება თავის ძმასთან და არ იცის, როგორ მოიქცეს. ის ძალიან დათრგუნულად გრძნობს თავს. გოგონამ თავისი პიროვნული გრძნობები და პირადი ინფორმაცია გაუზიარა ენის თვითგახსნის მეშვეობით. ლიზას გაზიარება გამოწვეულია მისი მოტივებით, საჭიროებებით, მიზნებით ან შიშებით. ენიმ მეგობრის თვითგახსნას სითბოთი და გაგებით უპასუხა. მასთან ახლოს ჩამოჯდა და რელევანტური კითხვები დაუსვა. ენი გამოთქვამს თავის აზრზს ლიზას ძმასთან უთანხმოების შესახებ. ლიზა აფასებს ენის ზრუნვას. მას მეგობრის კითხვები მიაჩნია ინტერესის გამოხატულებად და იმის ნიშნად, რომ ენის სურვილი აქვს დახმარება გაუწიოს მას. შედეგად, ლიზა გრძნობს, რომ ენიმ გაუგო და დაეთანხმა მის მოსაზრებებს. ის გრძნობს, რომ ენი ზრუნავს მის კეთილდღეობაზე.

სიახლოვეზე საუბრისას საინტერესოა, ყურადღება გავამახვილოთ ერიკ ერიკსონის ფსიქოსოციალური განვითარების ადრეული მოზრდილობის სტადიაზე - სიახლოვე იზოლაციის საპირისპიროდ. მოცემული განვითარების კონფლიქტი გულისხმობს ინდივიდის მიერ მეორე ადამიანთან ორმხრივად სასიამოვნო ურთიერთობის დამყარებას საკუთარი უნიკალური იდენტობის დაკარგვის გარეშე. აღნიშნულის ვერმიღწევა კი - იზოლაცია, მაშასადამე, კრიზისის ნეგატიურად გადაჭრის პოლუსია. რატომ უჭირთ ადამიანებს ინტიმურობის დამყარება? რატომაა ის ხშირად შემაშინებელი? ფსიქოლოგები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და აღნიშნული გზით ხსნიან, თუ რატომ აწყდებიან ადამიანები სირთულეებს ინტიმურობის დამყარებისას:

  • პოტენციურ მიტოვებასთან დაკავშირებული გრძნობები - შესაძლებელია, ინდივიდმა იფიქროს, რომ როგორც კი ის სხვას დაუახლოვდება, პარტნიორი მიატოვებს.
  • უარყოფის შიში - ინდივიდი ფიქრობს, რომ როგორც კი ნაკლოვანებებს და უარყოფით მხარეებს წარმოაჩენს, მეორე ადამიანს მასთან ყოფნის სურვილი გაუქრება.
  • პიროვნულ კონტროლთან დაკავშირებული საკითხები - ინდივიდი ფიქრობს, რომ სხვასთან დაახლოებით პიროვნულ დამოუკიდებლობას დაკარგავს.
  • წარსულში ძალადობის გამოცდილება - ბავშვობაში ძალადობის გამოცდილება, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის, მოზრდილობაში პიროვნებისთვის ართულებს სხვათა ნდობას.
0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ცუხიშვილი
მარიამ ცუხიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0