x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135916
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510263
ფსიქოლოგიური მედეგობა
image

ადამიანთა ყოფა-ცხოვრება არცერთ ეპოქაში ყოფილა ცვლილებებს მოკლებული, უნიკალურად მდგრადი და ურყევი. ყოველთვის თავს იჩენს სტრესული სიტუაციები, რომლებიც პიროვნებისგან მოითხოვს ფსიქოლოგიურ რესურსებს, რათა ინდივიდი შეეწყოს ახალ რეალობას, გაუგოს ახალ მოცემულობას, თუმცა არც ეს მიიღოს სამარადჟამო მდგომარეობად და მოემზადოს ახალ-ახალი მოვლენების აღმოცენებასთან შესახვედრად. რა არის ის, რაც პიროვნებას სტრესთან, წნეხთან, პრესთან გამკლავებაში ეხმარება? გვაქვს კი რაიმე მექანიზმი თუ ადაპტაციის პროცესი თვითნებურად მიედინება? ფსიქოლოგები წლების განმავლობაში მსჯელობენ ფსიქოლოგიურ მედეგობაზე, მის მნიშვნელობასა და ცხოვრების განმავლობაში მის გამომუშავების სტრატეგიებზეც კი.

ფსიქოლოგიურ მედეგობას ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია შემდეგნაირად განმარტავს: მედეგობა არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს გამოწვევებთან, რთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან ადაპტირებას, ქცევით და ემოციურ მოქნილობასა და მსგავსი სიტუაციის შედეგად აღძრულ მრავალ შინაგან და გარეგან მოთხოვნასთან გამკლავებას. ფსიქოლოგიურად მედეგი ინდივიდები სიმშვიდეს ინარჩუნებენ კატასტროფების, საკმაოდ მძიმე მოვლენების დროს. მედეგ ადამიანებს ძალუძთ, მოახდინონ საკუთარი უნარებისა და ძალების მობილიზება და გადალახონ სირთულეები, კერძოდ, სამსახურის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, განქორწინება, დაავადება და სხვ. უიმედობასა და უსასოობაში ჩავარდნის ნაცვლად ფსიქოლოგიურად მედეგი ადამიანები იყენებენ დაძლევის ჯანსაღ მექანიზმებს და პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ არიან ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს.

აღსანიშნავია, რომ მედეგობა არ გულისხმობს ცხოვრების გადამეტებულად პოზიტიურად აღქმას. უნდა ითქვას, რომ ამ თვისებით აღჭურვილი ინდივიდებიც განიცდიან სტრესს, დანაკარგს, ფრუსტრაციას, თუმცა მათ მეტად შესწევთ ძალა განვლონ რთული სიტუაციები ჯანსაღად, ნაკლები ემოციური გართულებებით, გამოწვევებისგან გაიზარდნონ და აქციონ გამოცდილება ცოდნად. ფსიქოლოგიური მედეგობის კარგი დემონსტრაცია უახლესი ისტორიიდან გახლავთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდგომ მოსახლეობის დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისა და ცხოვრების გაგრძელებისადმი.


ფსიქოლოგების მოსაზრებით, ფსიქოლოგიური მედეგობის განვითარება შესაძლებელია. ისინი გვთავაზობენ სპეციალურ ტექნიკებს, რეკომენდაციებს, რომლებსაც სტატიაში წარმოვადგენ. ფსიქოლოგიური მედეგობის გასაზრდელად დაგვეხმარება:

1) ფიქრების რესტრუქტურიზაცია - მნიშვნელოვანია სიტუაცია აღვიქვათ მრავალწახნაგოვნად, მეტად პოზიტიურად, ვიდრე ნეგატიურად. მოვძებნოთ გზები, რომელთა მეშვეობითაც მცირე სასიკეთო ცვლილებებს მაინც განვახორციელებთ.

2) მხარდაჭერის მოძებნა - პრობლემებზე საუბარი მათ ვერ გააუჩინარებს, თუმცა გაზიარება თავს უკეთ გვაგრძნობინებს. საყვარელ ადამიანებთან რთულ საკითხებზე დისკუსია ერთგვარ ინსაიტს გამოიწვევს, გაგვიჩნდება ახალი იდეები, რაც სამომავლო გეგმების მოფიქრებაში დაგვეხმარება.

3) ფოკუსირება მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება - კრიზისული სიტუაციისას მოვლენათა გაუკონტროლებლობა დიდი სტრესის მიზეზია, ამიტომაც აუცილებელია გავიაზროთ, რომ ყველა დეტალს ვერასდროს გავაკონტროლებთ, რაღაც ყოველთვის დარჩება ჩვენს ძალთა მიღმა. ფოკუსირება იმაზე, რისი შეცვლაც ძალგვიძს ყველაზე ადეკვატური გამოსავალია.

0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ცუხიშვილი
მარიამ ცუხიშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0