კონფლიქტები ფარული გარიგება, რომლის გამოც, სტალინმა ჰიტლერის ევროპულ ვოიაჟზე თვალი დახუჭა 2021, 13 ივლისი, 8:53 საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს მხოლოდ აგრესიის მსხვერპლი კი არა, თავადვე იყო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადახედვის ინიციატორი. ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის აზრით, ის ევროპაში ანტიფაშისტური ოპერაციის დროსაც კი, ერთდროულად გამათავისუფლებელიც იყო და ოკუპანტიც. თუმცა, ეს სამამულო ომის დასრულების შემდეგ იყო, მანამდე კი, იყო პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ფინეთი... პოლონეთიმოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის (1939 წ. 23 აგვისტო) საიდუმლო ოქმის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა. თუმცა სსრკ-ს ხელისუფლება თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას საზღვრებს მიღმა დარჩენილი თავისი მოქალაქეების, – უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა (გერმანია პოლონეთში 1 სექტემბერს შეიჭრა და სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»). ამასთან, საბჭოთა ხელისუფლება პოლონელებს დაპირა, რომ მათ იგივე შესაძლებლობები ექნებოდა, რაც «ინტერნაციონალური საბჭოთა ოჯახის» სხვა ხალხებს. თუმცა, რეალურად, სხვაგვარად მოხდა.
რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ბალტიის ზღვის სანაპიროზე სამი სახელმწიფო – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ჩამოყალიბდა. ამ ქვეყნების სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო შეთანხმებით და სსრ კავშირთან ხელმოწერილი ორი დოკუმენტით იყო გამყარებული. სსრ კავშირსა და გერმანიას შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედი გადაწყვეტილი იყო: ლატვია და ესტონეთი სსრ კავშირის გავლენის ქვეშ მოხვდა, ხოლო ლიტვა გერმანიის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. თუმცა, უკვე პოლონეთის ოკუპაციის დროს, სტალინმა ჰიტლერს ლიტვის გადაცვლა, მის საკუთრებაში არსებული პოლონეთის მიწების ექვივალენტურ ნაწილში შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. 1939 სექტემბერ–ოქტომბერში, სსრ კავშირმა ბალტიის ქვეყნებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და მათ ტერიტორიაზე, გერმანიისგან თავდაცვის მიზნით, სამხედრო ბაზები განათავსა. ხოლო, 1940 წ. ივნისში, მოსკოვმა ეს ქვეყნები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა. სამხედროების მხარდაჭერით, სამივე ქვეყანაში, არჩევნების გზით, ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდნენ და იმავე წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჯერ საბჭოთა რესპუბლიკები შექმნეს, ხოლო შემდეგ, სსრ კავშირის შემადგენლობაში შევიდნენ.
მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის (1939 წ. 23 აგვისტო) საიდუმლო ოქმის თანახმად, საბჭოთა გავლენის სფეროში, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, რუმინეთის ბესარაბიაც ხვდებოდა. სსრ კავშირი რუმინეთში 1940 წლის ივნისის ბოლოს შეიჭრა, მას შემდეგ, რაც ბუქარესტს ულტიმატუმი წაუყენა ბესარაბიის და ბუკოვინას მისთვის გადაცემის თაობაზე. ბუკოვინაზე, ხსენებულ პაქტში, საუბარი არ ყოფილა და ამ ტერიტორიაზე სსრკ-ს პრეტენზიებთან დაკავშირებით ჰიტლერს აცნობეს. სტალინის გაზრდილმა «მადამ» ფიურერი აღაშფოთა, მაგრამ რუმინელებს ურჩია (რუმინეთი, II მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მხარდამჭერი იყო. რედ.), რომ სსრ კავშირისთვის ტერიტორია დაეთმოთ. 27 ივნის ბუქარესტმა საბჭოთა ულტიმატუმი მიიღო და უკვე 1 ივლისს სსრ კავშირის სასაზღვრო ჯარებმა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, პრუტისა და დუნაის სანაპიროებთან ახალი პოზიციები დაიკავეს. «რუმინული ოპერაციის» შედეგად, სსრ კავშირმა 50 ათასი კვ. კმ. (რუმინეთის 17 %) ტერიტორია შეიერთა, რომელზეც 3 მლნ. 770 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ხოლო, 1940 წლის 2 აგვისტოს, რუმინეთის ყოფილი ტერიტორია მოლდავეთის საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადდა. თავდაპირველდა, მოსახლეობას არანაირი დისკომფორტი არ ექმნებოდა, მაგრამ კოლექტივიზაციის რეფორმამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია და 30 ათასი «ანტისაბჭოთა ელემენტი» ციმბირის გზას გაუყენეს. იაპონია 1945 წლის გაზაფხულზე სსრ კავშირი დილემის წინაშე დადგა: მას ან 1941 წ. აპრილში, იაპონიასთან დადებული პაქტის თანახმად, ნეიტრალტეტის პირობა უნდა შეესრულებინა, ან 1945 წლის თებერვალში, იალტის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული უნდა ყოფილიყო და იაპონიისთვის ომი გამოეცხადებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ 5 აპრილს იაპონიასთან დადებული ხელშეკრულების დენონსირება მოახდინა, რითაც იაპონიასთან ომის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა. ისტორიკოსების აზრით, იაპონიასთან ომისთვის მზადება, სსრ კავშირმა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო, როდესაც ამურის კომსომოლსკიდან ხაბაროვსკამდე რკინიგზის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
არხის სხვა სიახლეები:1. სტალინმა II მსოფლიო ომის დამთავრების და საკუთარი გარდაცვალების თარიღი წინასწარ იცოდა
|
|