x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135914
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
ჯორჯ კელის ფიქსირებული როლის თერაპია

image
კელის პიროვნული კონსტრუქტების თეორია აგებულია კონსტრუქციული
ალტერნატივიზმის ფილოსოფიურ პოზიციაზე. თვითონ კონსტრუქტი, როგორც
ვიცით, ესაა სამყაროს კონსტრუირების ანუ ინტერპრეტაციის მეთოდი.
კონსტრუქციული ალტერნატივიზმი, როგორც ასეთი დოქტრინა, გულისხმობს,
რომ „სამყაროს ყველა ჩვენეული თანამედროვე ინტერპრეტაცია გადასასინჯი ან
შესაცვლელია“, ანუ ჩვენი ქცევა არასოდეს არის სრულად განსაზღვრული და ყოველთვის გვაქვს გარკვეული ხარისხის თავისუფლება, გადავსინჯოთ ან შევცვალოთ რეალობის ჩვენეული ინტერპრეტაცია. კელის აზრით, სამყაროში არაფერია ისეთი, რის შესახებაც არ არსებობს, სულ მცირე, ორი შეხედულება. აქედან გამომდინარე, არაფერია მუდმივი და საბოლოო სახით წარმოდგენილი.

კელიმ შექმნა კონსტრუქტების გამოვლენის მეთოდიკაც, რომელიც
შემდგომში დაიხვეწა და დღეს სხვადასხვა ვერსიის სახით არსებობს. კელის
მეთოდიკას როლური კონსტრუქტების ტესტი ანუ რეპტესტი ეწოდება და
თვითანგარიშის მეთოდს წარმოადგენს: რეპტესტის ერთ-ერთ ვერსიაში ადამიანს
მოეთხოვება მისთვის მნიშვნელოვან და ახლობელ ადამინებს შორის მსგავსებისა
და კონტრასტის დაჭერა.


ჯორჯ კელიმ ასევე შეიმუშავა ფიქსირებული როლური თერაპიის ტექნიკა. ამ
მიდგომის მიხედვით, ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ რეალობას. შესაბამისად, ეს
რეალობა არ არის ფიქსირებული და ცვალებადია. მოდით უფრო დეტალურად
განვიხილოთ რეალურად როგორ მუშაობს კელის ფიქსირებული როლური
თერაპია. ეს თერაპია მიზნად ისახავს კლიენტის მკურნალობას იმ თვით-სქემების შესწავლით, რომლებიც მას არ გააჩნია. თერაპევტი ეხმარება კლიენტს მოიქცეს ისე, თითქოს სხვაა. ამისათვის თერაპევტი შეისწავლის კლიენტისთვის შესაფერის ალტერნატიულ როლებს, რომელიც უნდა მოირგოს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. აღნიშნული თერაპიით კელი გვთავაზობს, რომ გარკვეული გაგებით, გავხდეთ მსახიობები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი მოვიქცეთ ისე, როგორც თითქოს სხვა ადამიანი. კელის აზრით, ქცევის ამგვარი ცვლილებით უფრო ადვილია შევისწავლოთ ეფექტური კონსტრუქციული სისტემები. მაგალითად, თუკი ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კონსტრუქტს “უსიამოვნო'' და ყველა ადამიანს აღნიშნული კონსტრუქტის მიხედვით აღვიქვამთ, ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვაიძულოთ ჩვენი ქცევა შევცვალოთ ისე, რომ მოცემული კონსტრუქტი შეიცვალოს “სასიამოვნოთი''.

ფიქსირებული როლური თერაპიის ტექნიკა მოიცავს სტადიებს, რომელთა გავლაც საჭიროა სასურველი როლის მორგებამდე:


თვითდახასიათება - პაციენტი საკუთარ თავს აღწერს მესამე პირში. ამას პერსონაჟის სკეჩს უწოდებენ. შემდეგ, თერაპევტი წერს ახალ აღწერას ახალი როლის საფუძველზე. ამას კი ფიქსირებული როლის სკეჩს უწოდებენ. ამ შემთხვევაში თერაპევტი პაციენტისთვის ირჩევს როლს. ეს იმიტომ ხდება, რომ თერაპევტს უკეთ შეუძლია დაინახოს, რომელი როლი იმუშავებს და რომელი როლი მისცემს საშუალებას პაციენტს, მიიღოს ახალი პერსონალური კონსტრუქციები.


შერჩეული როლის შეფასება - პაციენტი ასრულებს თერაპევტის მიერ შერჩეულ როლს. ის მიცემულ როლს ირგებს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, რათა გაუმკლავდეს ყველაფერს, რაც ამ როლისთვისაა დამახასიათებელი.


შედეგების შეფასება - ორი კვირის დასრულების შემდეგ თერაპევტი ხვდება პაციენტს შედეგების შესაფასებლად.


გადაწყვეტილების მიღება - პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა სურს: შეინარჩუნოს მიცემული როლი ან როლის ზოგიერთი მახასიათებელი, თუ დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ როლს. ჩვეულებრივ, თუ პაციენტი თავს მშვიდად გრძნობდა ან სარგებლობდა გამოგონილი როლის უპირატესობებით, იგი აირჩევს მის გაგრძელებას. შემდეგ, პრაქტიკასთან ერთად, ეს გახდება ჩვევა.


გამომშვიდობება - პაციენტმა უნდა დაწეროს გამოსამშვიდობებელი წერილი მის წინა როლთან დაკავშირებით. ეს თერაპიის დასრულებას ნიშნავს.



მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი ქეისი. ვიღაც X პიროვნება მიდის
ფსიქოთერაპევტთან იმის გამო, რომ მას არ მოსწონს მისი ეჭვიანი ბუნება და ამის გამო მეორე ნახევართან ურთიერთობაში აქვს პრობლემები. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ის ფიქრობს თავის პარტნიორზე, მისი პირადი კონსტრუქცია არის "საკუთრება". თერაპიაზე მისული კლიენტი პირველ რიგში წერს თვითდახასიათების სკეჩს და აღწერს, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს. შემდეგ, თერაპევტი მისთვის ქმნის ფიქსირებულ როლს (Y პიროვნებას) და სთავაზობს Y- ის მისეულ აღწერას. თქვენი აზრით, რომელ კონსტრუქტს შესთავაზებს თერაპევტი „ეჭვიანის“ საპირისპიროდ? თერაპევიტის მიერ აღწერილი Y პიროვნება აუცილებლად იქნება "სანდომიანი" როლის მქონე. მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში X პიროვნებას უწევს "იმსახიობოს" და Y-ის როლში იცხოვროს. ეს ნიშნავს, რომ ორი კვირის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა შეამოწმოს და არ გააკონტროლოს პარტნიორი, არ დაურეკოს ხშირად, არ შეუმოწმოს პირადი შეტყობინებები და ა.შ. 2 კვირის შემდეგ X პიროვნება ხვდება თერაპევტს და იღებს გადაწყვეტილებას, უნდა თუ არა ამ როლში დარჩენა. ვინაიდან X-ის თერაპიაზე მისვლის მიზანი იყო სწორედ ამ თვისების გამოსწორება, ის ირჩევს ფიქსირებულ როლს და დროთა განმავლობაში ჩვევაშიც გადასდის. შედეგად ეჭვიანი პიროვნება ხდება ადამიანი, რომელიც პარტნიორის მიმართ ნდობითაა აღჭურვილი.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კელის ფიქსირებული როლის თერაპია მიზნად ისახავს პაციენტის გააქტიურებას ისე, რომ მას სარგებელი მოუტანოს. ამ თერაპიის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ პაციენტი თავად ირჩევს საკუთარ თავს. თერაპევტი არ ეუბნება მას, რომ ყოველთვის ერთი განსაზღვრული მიმართულებით იმოქმედოს, პირიქით პაციენტს უბიძგებს იმისკენ, რომ მოსინჯოს სხვადასხვა გზა და ნახოს თუ რა შედეგი ექნება თითოეულს. თუკი პაციენტს მოუნდება ნებისმიერ დროს შეუძლია დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ როლს. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ პაციენტები არ გრძნობენ ზეწოლას, რომ შეიცვალონ და მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება როლების საბოლოოდ მორგებისას. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ თერაპიას ხშირად მიმართავენ მაშინ, როდესაც სხვა თერაპიები წარუმატებელია.

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:ლია ყველიაშვილი
ლია ყველიაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0