x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135917
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
რა გავლენას ახდენს ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობა ზრდასრულობაში რომანტიკულ ურთიერთობებზე?
image


რა არის მიჯაჭვულობა? პირველ რიგში, დავიწყოთ მიჯაჭვულობის ცნების განმარტებით. მიჯაჭვულობა ესაა ემოციური კავშირი, რომელიც ყალიბდება ჩვილსა და დედას ან სხვა მზრუნველს შორის. მიჯაჭვულობის თეორიის ავტორების, ბრიტანელი ფსიქიატრის ჯონ ბოულბისა და ამერიკელი ფსიქოლოგის მერი ეინსვორტის, მოსაზრებების თანახმად, ბავშვობაში-პირველი ურთიერთობის დროს განცდილი ემოციური კავშირის ხარისხი ხშირად განსაზღვრავს ზრდასრულობაში სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ხარისხსა და იმას, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები სხვასთან ემოციურ თუ ფიზიკურ სიახლოვეზე. მერი ეინსვორტმა და მისმა კოლეგემა გამოყვეს მიჯაჭვულობის ოთხი ფორმა, რომელიც ჩვილსა და მის აღმზრდელს შორის ყალიბდება:


უსაფრთხო/სანდო მიჯაჭვულობა - ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი არის ყოველთვის ადვილად ხელმისაწვდომი და ბავშვის საჭიროებების მიმართ ყურადღებას გამოხატავს. ასეთი ბავშვი, როგორც წესი, თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს.

ამბივალენტური/რეზისტენტური მიჯაჭვულობა - ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ბავშვის საჭიროებებზე არათანმიმდევრულად რეაგირებს. ის შეიძლება ზოგჯერ ადვილად ხელმისაწვდომი და ყურადღებიანი იყოს, ზოგჯერ კი, პირიქით, მიუწვდომელი და უყურადღებო. ასეთი ბავშვი საფრთხის მიმართ ხდება ზედმეტად მგრძნობიარე და ხშირად განიცდის შფოთვასა და ბრაზს.


განრიდებული მიჯაჭვულობა - ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ბავშვისადმი, ჩვეულებრივ, უყურადღებობასა და გულგრილობას იჩენს. ასეთი ბავშვები საკუთარ თავში ინახავენ და თრგუნავენ სურვილებს და საკმაოდ ადრე უყალიბდებათ იმის განცდა, რომ ამ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ.


დეზორგანიზებული/დეზორიენტირებული მიჯაჭვულობა - ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი არათანმიმდევრულად იქცევა, ზოგჯერ ყურადღებიანი და მზრუნველია ბავშვის მიმართ, ზოგჯერ კი უყურადღებო და გულგრილი. შედეგად ბავშვიც ურთიერთსაწინააღმდეგო და დაბნეული ქცევებით გამოირჩევა, შეიძლება ენდობოდეს მას ან პირიქით, შიშსა და ბრაზს გრძნობდეს.



ზრდასრულთა რომანტიკული ურთიერთობები

მიუხედავად იმისა, რომ ბოულბი ყურადღებას ძირითადად ჩვილი ბავშვისა და მზრუნველის ურთიერთობის ბუნებაზე ამახვილებდა, ის თვლიდა, რომ ადამიანს მიჯაჭვულობა ახასიათებდა „აკვნიდან საფლავამდე“. თუმცა მკლევრებმა მხოლოდ 1980-იანი წლების შუა ხანაში დაიწყეს სერიოზული მსჯელობა და განხილვა იმის თაობაზე, რომ მიჯაჭვულობამ შეიძლება ზრდასრულობაშიც იმოქმედოს. სინდი ჰეზენი და ფილიპ შეივერი იყვნენ პირველები, ვინც ამ საკითხის კვლევა დაიწყეს. 1987 წელს ჩატარებულ კვლევებში მათ აღნიშნეს, რომ ახალშობილებსა და აღმზრდელებსა და რომანტიკულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას აქვს საერთო მახასიათებლები.


ამ პარალელების საფუძველზე ჰეზენი და შეივერი ამტკიცებდნენ, რომ ზრდასრულთა რომანტიკული ურთიერთობები, ისევე როგორც ჩვილთა და აღმზრდელთა ურთიერთობა, არის მიჯაჭვულობა. მათი თქმით, როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები ძლიერ ლტოლვას ამჟღავნებენ სხვა ადამიანის მიმართ, მწვავედ განიცდიან განშორებას, ცდილობენ მის გვერდით იყვნენ და მასთან ერთად გაატარონ დრო. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ რომანტიკულ ურთიერთობებს მოზრდილებში ბავშვების მიჯაჭვულობის მსგავსად, ბიოლოგიური საფუძველი აქვს. როგორც ბიოლოგიური სახეობის წარმომადგენელს, ადამიანს აქვს ემოციური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების განწყობა, რომ მეტი კომფორტი და უსაფრთხოება იგრძნოს ახლობლების გარემოში. ბავშვთა და ზრდასრულთა მიჯაჭვულობას, რა თქმა უნდა, აქვს განმასხვავებელი ნიშნებიც: პირველ რიგში, ზრდასრულთა მიჯაჭვულობა ორმხრივია, ანუ თითოეული პარტნიორი არა მხოლოდ იღებს სითბოსა და მზრუნველობას, არამედ გასცემს კიდეც. ბავშვსა და მის აღმზრდელს შორის კი მიჯაჭვულობა ცალმხრივია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ბავშვზე ზრუნავენ. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ ზრდასრულთა მიჯაჭვულობა თანაბარ პარტნიორებს შორის, წყვილში მყარდება, ხოლო ბავშვთა მიჯაჭვულობა ბავშვსა და აღმზრდელს შორის. და ბოლოს, ზრდასრულთა მიჯაჭვულობა, განსხვავებით ბავშვებისგან, უმეტესად სექსუალურ ლტოლვასაც მოიაზრებს.


1995 წელს ბრენანმა და შეივერმა შეაჯამეს კოლეჯის სტუდენტებსა და ზრდასრულებზე ჩატარებული კვლევების შედეგები და ზრდასრულები მიჯაჭვულობის სტილის მიხედვით გამოყვეს შემდეგნაირად: უსაფრთხო/სანდო, ამბივალენტური, განრიდებული და დეზოირიენტირებული. მიჯაჭვულობის თითოეულ ტიპში მოხვედრილ ზრდასრულ ადამიანთა პროპორცია, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, დიდწილად მეორდება და ბავშვების შესაბამის პროპორციებს დაახლოებით ემთხვევა. image


უსაფრთხო/სანდო ზრდასრულები - ასეთი ტიპის ზრდასრულებს აქვთ საკმაოდ მაღალი თვითშეფასება და სიამოვნებთ სხვებთან ახლო ინტიმური ურთიერთობების დამყარება. ისინი საკუთარ თავს აღწერენ, როგორც ადამიანებს, რომლებიც სხვებთან ახლო ურთიერთობებს შედარებით ადვილად ამყარებენ და იშვიათად ფიქრობენ, რომ სხვებისგან უარს მიიღებენ. საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებს ძირითადად აღწერენ როგორც ბედნიერს, მეგობრულსა და სანდოს. არ უჭირთ პარტნიორისთვის აზრებისა და გრძნობების გაზიარება. დაშორების შემთხვევაში კი სტრესს მარტივად უმკლავდებიან და არ აწუხებთ ზედმეტი შფოთვები. სხვა ზრდასულებთან შედარებით, უსაფრთხო ზრდასრულები უფრო ხშირად აფასებენ მათ მშობლებს, როგორც სამართლიან, მზრუნველ და მოსიყვარულე ადამიანებს.


ამბივალენტური ზრდასრულები - ასეთი ტიპის ზრდასრულებს აქვთ დაბალი თვითშეფასება, სწყურიათ ემოციური სიახლოვე და მუდმივად ახლო ურთიერთობებს ეძებენ, მაგრამ სულ იმის გამო შფოთავენ, რომ მათი სიყვარული უპასუხოდ დარჩება. სწორედ ამის გამო, ისინი პარტნიორებისგან სულ სიყვარულის დამტკიცებას, დარწმუნებასა და ზედმეტ მზრუნველობას ითხოვენ. ამბივალენტური რესპოდენტები მათ სასიყვარულო კავშირებს აღწერენ, როგორც აკვიატებულ ვნებას, ემოციურ აღმაფრენასა და ჩავარდას, უკიდურეს სექსუალურ ლტოლვასა და ეჭვიანობას. მათთვის დამახასიათებელია ერთი ნახვით შეყვარება და ხშირი გაუგებრობები რომანტიკულ პარტნიორებთან. ამბივალენტური ზრდასრულები მშობლებს ახასიათებენ, როგორც მომაბეზრებელ, მომთხოვნ და უბედურ ქორწინებაში მყოფ ადამიანებს.


განრიდებული ზრდასრულები - ასეთი ზრდასულები ამბობენ, რომ პრობლემები უჩნდებათ, როდესაც სხვებთან ახლო ურთიერთობის დამყარებას და რომანტიკულ პარტნიორებთან სრული ნდობის მოპოვებას ცდილობენ. სასიყვარულო კავშირის დახასიათებისას ისინი აღნიშნავენ ემოციური აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდებს, სიახლოვის შიშსა და ეჭვიანობას. განრიდებული ტიპის ზრდასრულები მიჯაჭვულობის მოთხოვნილებას უარყოფენ და რომანტიკული ურთიერთობების დასრულებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მათთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულობის შეგრძნება. იშვიათად ენდობიან პარტნიორებს და ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობების ნაცვლად, ამჯობინებენ შედარებით ხანმოკლე სექსუალურ ურთიერთობებს. განრიდებული ზრდასრულები მშობლებს აღწერენ, როგორც მომთხოვნს, კრიტიკულსა და ნაკლებად მზრუნველს.


დეზორგანიზებული ზრდასრულები - ასეთ ზრდასრულებს, ამბივალენტური ზრდასრულების მსგავსად, აქვთ დაბალი თვითშეფასება, მუდმივად ეძებენ უსაფრთხო ურთიერთობებს, თუმცა ამასთანავე ფიქრობენ, რომ სიყვარულსა და ახლო ურთიერთობებს არ იმსახურებენ. ეს ხშირად გამომდინარეობს ბავშვობის ტრამვისაგან, ძალადობისა ან უარყოფისგან. არ აქვთ ემოციების თვითრეგულაციის უნარი. დეზორგანიზებული ზრდასრულების რომანტიკული ურთიერთობები ხშირად დამაბნეველია და მათი ემოციები პარტნიორის მიმართ იცვლება ხოლმე სიყვარულიდან სიძულვილამდე. პარტნიორის მიმართ ხშირად ავლენენ ეგოისტურ, მაკონტროლებელ, უნდობელ, ფეთქებად ხასიათს და მიდრეკილნი არიან ძალადობისა და აგრესიისკენ. ისინი მშობლებს ახასიათებენ, როგორც ზოგჯერ ყურადღებიანსა და მზრუნველს, ზოგჯერ კი უყურადღებოსა და გულგრილს.


საბოლოო ჯამში, ბავშვთა მიჯაჭვულობის სტილი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი რომანტიკული ურთიერთობები ექნებათ მომავალში ზრდასრულებს, თუმცა ამ მიჯაჭვულობის სტილის ცვლილება, ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად, გარკვეულწილად შესაძლებელია.


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ლია ყველიაშვილი
ლია ყველიაშვილი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0