პროზა გურამ რჩეულიშვილი:აქ ყველაფერი ისედაც ღელავს და შენ უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში. 2021, 7 ივლისი, 17:11 “რატომ ცხოვრობს ადამიანი, რა აწვალებს, რა საჭიროა ეს ყველაფერი – სავსეა ამ ამბებით ჩემი თავი, სავსე იყო ტოლსტოი, წავიდა. წავალ მეც და არ იქნება არაფერი და თუ არ იქნება არაფერი, რატომ ვიღვწით, ვფიქრობთ, ვსწავლობთ.“,
კაცს აქვს მოთხოვნილება, იფიქროს, ისწავლოს არა უკვდავებისთვის, არამედ წამისთვის, როცა ის ცხოვრობს და რომელიც მისთვის არის მარადიულობა”.
***
„მთებში დავდივარ – ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს“. ღვინოს ვსვამ – ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რად უნდა?“
* * *
დაიბადა თბილისში. სწავლობდა პლეხანოვზე, მეცხრამეტე სკოლაში, შემდეგ – თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე.
სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობა სამიოდე წელი დასცალდა. 1960 წელს, 26 წლის ასაკში, გაგრაში, დასახრჩობად განწირული ადამიანების ზღვიდან გამოყვანისას დაიღუპა.
სიკვდილამდე ერთი წლით ადრე შექმნილ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში, „მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ“, წერდა:
„ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდა…“
გამუდმებით გრძნობდა სიკვდილის სიახლოვეს. აკი უთხრა კიდეც თავის ბავშვობის მეგობარს და მისი სიკვდილის შემდეგ პირველ ბიოგრაფს ნუგზარ წერეთელს, – გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო.
თითქოს გვარს ამართლებსო, გურამ რჩეულიშვილი მართლაც ყველასგან გამოირჩეოდა. …
გურამ ასათიანი: „ფართოდ გაღეღილი, თითქმის შარვლის ქამრამდე ჩახსნილი პერანგის პირი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ძლიერი, დაჟინებული გამოხედვა. დიდი, უხეში, მძიმე ფეხსაცმელები თითქმის მიწისკენ ეზიდებოდნენ მის სხეულს და, ამავე დროს, მთელ მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც მოუსვენარი, ამტყდარი, თითქოს უეცარი ნახტომისთვის გამზადებული ძალა. ის პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ინტერესს. თითქოს დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას თავისი პიროვნებისადმი. როგორც ამბობენ, ახლო მეგობრებს ის გამორჩევით უყვარდათ და ხშირად უთმობდნენ მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს“.
თუ ნაადრევად სიკვდილი ეწერა, ალბათ, ზუსტად ისე უნდა წასულიყო, როგორც წავიდა – სხვების გადასარჩენად ზღვაში შესული და სიკვდილთან მოთამაშე.
გურამის ბავშვობის მეგობარი ნუგზარ წერეთელი წერს, რომ ადამიანების დახმარება გურამ რჩეულიშვილს სისხლში ჰქონდა გამჯდარი. შეუძლებელი იყო, მათხოვრისთვის გვერდით ჩაევლო და ფული არ მიეცა, თუნდაც ამის გამო მშიერი დარჩენილიყო:
„ერთხელ, მივდივართ ელბაქიძის დაღმართიდან პლეხანოვისკენ სასადილოში ხინკლის საჭმელად, ბუნებრივია, ლექციების შემდეგ. ვართ ძალიან მშივრები, სულ გვაქვს 25 მანეთი. შეამჩნია, რომ იქვე, კუთხეში, მოხუცი ქალი ზის და იქაც იგივე დაემართა. ეტყობა, ცუდად გახდა, ადამიანი ასეთ დღეში რომ დაინახა, ამოიღო მთელი ჩვენი ფული და მისცა…“
ზვიად გამსახურდია :
„გურამ რჩეულიშვილზე ფიქრისას უფრო და უფრო მკვიდრდება ჩემში ერთი აზრი, რომელიც შეეხება ქართულ ხასიათს, ჩვენი ეროვნული ფსიქიკის ერთ თავისებურებას.
„რა შობს მოყვასისთვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი. სად არიან ჩვენში მოწმენი უზენაესი ჭეშმარიტების სიყვარულისა? ესენი არიან გელათის აკადემიის აწ დახავსებული კედლები, ეს გახლავთ იყალთოს კიპარისების მისტიური სიჩუმე. სად არიან მოწმენი მოყვასისათვის თავგანწირვისა? ესენი გახლავთ ველები ანისისა, დიდგორისა, ბასიანისა, მანციკერტისა, მარაბდისა, კრწანისისა“.
2002 წელს მწერლის უმცროსი დის, მარინე რჩეულიშვილის. ოცწლიანი მუშაობის შედეგად გამოიცა გურამ რჩეულიშვილის ექვსტომეული საარქივო გამოცემა.
„…ხშირად ვიყავი მისი ნაწარმოებების პირველი მკითხველი მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ავტოგრაფის იერსახე ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო, არქივზე მუშაობის დასაწყისიდანვე ისინი მოულოდნელად გამიუცხოვდნენ და მივხვდი, რომ მათ შესახებ არაფერი ვიცოდი.
შეშინებულმა აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტო დავრჩი ხელნაწერებთან, რომლებიც თითქოს რაღაც ამოუცნობი საიდუმლო მნიშვნელობით იყვნენ სავსენი. მათი გაგება ხშირად ჩემს ძალებს აღემატებოდა“, – მარინე რჩეულიშვილი.
* * * * მე მომერია დიდი სურვილი....
მე მომერია დიდი სურვილი დავწერო
ჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით
და თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _
და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,
არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,
არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და
ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,
არც დიდ ქუჩებში მიმუშავია
ფეხსაცმლის მწმენდავად,
წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ
და ლომიც კი არ მომიკლავს.
და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც
გაგიკვირდებათ,
რომ არ მყოლია მეგობარი
არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,
არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ბოზი,
არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,
არც სომეხი, არც რუსი,
არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.
მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა
როგორც ერთობა კაცისა და ბუნების
ყველა კანონების,
მიყვარდა მეფე ოიდიპოს
თავისი ვნებით, თავისი ბედით,
დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები
და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.
მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,
მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით
და მიყვარს ლენინი _ რატომ არ ვიცი!?
მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით
და კაცი თავისი ნერვიული ხმით,
წინასწარმეტყველში მიყვარს
მისი კაცური ტანჯვა
და არა მისი წინასწარჭვრეტა.
კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,
ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.
მე ვიცი:
ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:
კაცის და მხეცის.
ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ,
ერთიანი მსოფლიოს
პირველო პოეტო,
ჩემო სამშობლოვ, საქართველო,
მცხოვრებო ცხოვრებით
მთელი მსოფლიოსი.
დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,
ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,
გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,
მღერის შენზე, გრძნობებზე,
ომში ვაჟკაცობაზე,
სიყვარულზე, მეგობრობაზე,
ბრძოლაში მშვიდობაზე,
მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე
და შექსპირი
იყვნენ ღირსი ქართველობის.
ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,
რატომ ტოვებ ჩრდილში
რუსთაველს და საქართველოს,
რატომ? რატომ? რატომ?!
ხომ არ გეშინია შენი თავის?!
აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,
ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა
აქ არ არის კონტრასტი!
აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,
უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ
ეს ქვეყანა!
* * * ერლომ ახვლედიანი: გურამი მაშინაც მომწონდა, როდესაც არ ვიცნობდი .ერთმანეთი პიონერთა სასახლეში ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის წრეზე გავიცანით, VIII-IX კლასში ვიყავით. ვიმოგზაურეთ ხევსურეთში. გურამმა თემად “საბრძოლო იარაღები“ აიღო, მე - "შრომითი საქმიანობა“. ჩვენს არჩევანშიც იგრძნობოდა განსხვავება და მისი ბუნების სიღრმე. გურამს ხევსურული ტანსაცმელი ეცვა და ცხენს აჭენებდა ვაჟკაცური იყო ძალიან. მისი ხასიათი ბუნებასთან კონტაქტში უფრო მძაფრად იკვეთებოდა.
სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდით. გურამს მეცნიერული ინტერესები ჰქონდა, ლურსმულ დამწერლობას სწავლობდა. 1954 წელს ჩვენი ფაკულტეტი დაიხურა, ერთი წელი გამიცდა და ორივე შუასაუკუნეების ისტორიის ფაკულტეტზე აღმოვჩნდით.
1956 წლის 9 მარტს სტუდენტები ლექციებიდან გაჰყავდათ. გურამმა მანიშნა საქმე მაქვსო, იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ლიტერატურული ურთიერთობა.
მან თავისი მოთხრობები წამაკითხა. ძალიან მეამაყება გურამმა თავისი მოთხრობების პირველ შემფასებლად რომ ამირჩია. მერე წავედით დასალევად. ფული არ გვქონდა და ჩემი საათი დავაგირავეთ.. ამის შემდეგ, ექვსჯერ მაინც მოუწია ჩემს საათს დაგირავება.
გურამი გარეგნობით კარგი იყო. ბერძნული სულისა და ხორცის ერთიანობა ჰქონდა. ჩაცმულობაშიც ვლინდებოდა მისი სული და გემოვნება…
გურამს შეეძლო მტერიც მოყვარედ ექცია. არ უყვარდა მტრობა.
გურამის საფლავთან ოცი კაცი მაინც ვიკრიბებოდით ხოლმე, სრულიად განსხვავებული ადამიანები ბუნებითაც და სოციალური მდგომარეობითაც. უმეტესობა ჩხუბის შემდგომი შერიგებით ჰყავდა მოპოვებული.
ლენინის ძეგლისკენ გამიზნული თოფის სროლა იყო კივილის გამოხატულება. თავის ავტობიოგრაფიაში წერს ფორმულას__ “დამალეთ საქართველო!“ დამალეთ ისე, როგორც ძვირფასი განძი. მრავლისმთქმელია ეს სიტყვა, გურამის გარდა სხვა ვერავინ ვერ იტყოდა ასე.
გურამი ტყუილად არაფერს არ წერდა. არასდროს არ მინახავს მაგიდასთან მჯდომი. სულ დადიოდა, ხან მთაში, ხან ზღვაზე… მიკვირს საიდან მოაგროვა ამდენი, თითქოს სიკვდილის შემდეგაც გააგრძელა წერა. ფენომენალური პიროვნება იყო. წერდა ისეთ რამეებს, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას უნდა ესწავლებინა, . გამოცდილებაზე მეტად მისი მოთხრობები მწერლური წვდომის შედეგი იყო. იმ პერიოდში ყველაზე უკეთ გიორგი შატბერაშვილმა შეიცნო გურამი.
ვფიქრობ, რომ გურამი იღებდა იმპულსებს სხვებისგან, მაგრამ ყველა ნაწარმოების გმირი, ყოველი მათგანი, თვითონ არის. მას მოდელად თავისი თავი ჰყავს, თავისი თვისებები, რომლებიც მოსწონს ან არ მოსწონს და მათ ახორციელებს სხვებში. გურამი თვითმყოფადი კაცი იყო, რაღაც ძალის მქონე. სიკვდილის შემდეგ მან ეს ძალა იმ სახლის კედლებში დატოვა, სადაც გაიზარდა. მე დღესაც იქ ვგრძნობ თავს სამშობლოში."
გურამ რჩეულიშვილის პირველი მოთხრობა 1956 წლის თებერვლით თარიღდება; უკანასკნელი ლექსი კი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დაწერა და დედას მიუძღვნა:
დედა! არ ჩამოხვიდე ზღვაზე.ზღვა ძალიან ღელავს
შენთვის არ შეიძლება აქ ცურაობა ზღვა ძალიან ღელავს
შენც ძალიან ღელავ არ ჩამოხვიდე იცოდე ზღვაზე
ზღვა უდარდელია, ის ტყუილა ღელავს
ის ქარისგან ღელავს, შენ კი უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში
მე თოლია ვარ და ქართან ერთად მლაშე ტალღებს ვეთამაშები,
ქარი ქრის თავისთვის,
ზღვისთვისაც სულერთია თოლიის ბედი,
შენ კი დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში.
თოლიასაც არა აქვს თავის დარდი.
არც ქარში აქვს ბინა
არც ზღვაში აქვს ბინა
არც ხმელეთზე
დ ე დ ა!
ნუ ჩამოხვალ...
აქ ყველაფერი ისედაც ღელავს
და შენ უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან
ზღვაში.
1960 წლის აგვისტო. გაგრა.
http://server5.intermedia.ge/pictures/large/627/627648.jpg?/nodar-CxeiZe-da-guram-rCeuliSvili.jpg 205 შეფასება არ არის
|