პროზა ნაზი შამანაურის ავადმყოფობის ისტორია ექიმამდე არ მისულა, უშიშროების თანამშრომლებმა წაიღეს. 2021, 7 ივლისი, 13:44 "სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ, იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე... იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია...”
---
"...უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს” .
* * *
ახალგაზრდა, ლამაზი ქალის, ნაზი შ ა მ ა ნ ა უ რ ი ს ტრაგიკული ამბავი 1971 წლიდან იწყება, როცა მან უნივერსიტეტი დაამთავრა და მშობლიურ კუთხეში, დუშეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ფრანგული ენის სპეციალობისა და ჟურნალისტის დიპლომით (რესპუბლიკურ გაზეთებსა და სკოლა-ინტერნატში მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა) მშობლიურ რაიონში, წესით, მის კარიერას ხელი არ უნდა შეშლოდა.
..."თბილისი", "კომუნისტი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "ახალგაზრდა ჟურნალისტი", "სახალხო განათლება", "სოფლის ცხოვრება" ... ეს იმ გაზეთების მცირე ჩამონათვალია სადაც ნაზი მუშაობდა და 1974 წლის 7ივნისს, სწორედ ამ უკანასკნელ გაზეთში მხილების პუბლიკაციის გამოქვეყნებისას დაიხურა გზა რაიონულ თუ რესპუბლიკურ გაზეთებში ახალბედა ჟურნალისტისთვის.
ხელისუფლების მანკიერი მხარის მხილება მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. აკრძალულ თემებზე პერიოდულად და შეპარვით უნდა გეწერა. ნაზიმ კი ეს ვერ შეძლო – მან მთავარ მიზნად მხილება დაისახა და ბიუროკრატიასა და წითელ ელიტასთან საჩივრების ენაზე დაიწყო საუბარი.
...მხილების წერილი გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" :
"დუშეთის რაიონიდან ბევრი საუკეთესო მექანიზატორი გარე სამუშაოზე წავიდა.რაიონი კი მექანიზატორთა ნაკლებობას განიცდის.ხშირია შემთხვევა, ტრაქტორი გაჩერებულია იმის გამო, რომ მექანიზატორი არ არის.მეურნეობაში ადგილი ჰქონდა მიწერებს, დატაცებებს, ყალბ დოკუმენტაციას.არ ერიდებოდნენ თვალის ახვევას და აშკარა დანაშაულს, საკუთარი სურვილით ამცირებდნენ პირუტყვის ფაქტიურად არსებულ რაოდენობას, ადგილი ჰქონდა ფურების მიწერის ფაქტებს, რითაც ხელოვნურად გაზარდეს რძის წარმოებისა და ხბოთა მიღების პროცენტი."
"მაშ რისთვის არსებობს უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი თუ ჟურნალისტი სიმართლეს არ მოემსახურება ბრძოლაში, ბრძოლაში. რომელიც ხელს უშლის ჩვენს წინსვლას. არ უნდა ავუაროთ გვერდი გადამჭრელ პრობლემებს, მწვავე საკითხებს, არ უნდა მივჩქმალოთ სულიერ ცხოვრებაში არსებული ნაკლოვანებანი და სიძნელეები უნდა ვამხილოთ", --წერს ნაზი შამანაური თავის დღიურში.
* * *
...სრულიად მარტოდმარტო დარჩენილი, სახლს მიეჯაჭვა. კარჩაკეტილობა ბავშვობიდან მისი უმთავრესი თვისება იყო. თანატოლებს მუდმივად საკლასო ოთახის ფანჯარას აკრული, განაპირებული და დედის კალთას მიწებებული ახსოვთ. დედა, სარა ინაშვილი, ნაზის ერთადერთი თანამდგომი და გულშემატკივარი იყო. ის დაჰყვებოდა შვილს „კომუნისტისა” და „სოფლის ცხოვრების” რედაქციებში; ის იყო წაუკითხაობისა და დაუბეჭდაობისთვის განწირული სტატიების უკან დაბრუნების მოწმე...
***
...გადიოდა დრო. ნაზი სულ უფრო და უფრო იშვიათად ტოვებდა სახლს. ერთთავად ვარდისფერ ქვედაბოლოსა და თეთრ ბლუზაში იყო გამოწყობილი. თმა შუბლზე გადაევარცხნა. საქაღალდეების დასტა ჩაეკრა გულში. თავდახრილი და დაძაბული, აჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებოდა – ქუჩას. გადასასვლელთან დიდხანს ყოვნდებოდა. შორს, მოსახვევში თვალმოკრული მანქანის ჩავლას უცდიდა. :ჩვენი მოკვლა უნდათ, ” – ჩასჩურჩულებდა გვერდით მდგარ დედას....
***
"მოიპოვო ჭეშმარიტი თავისუფლება - ნიშნავს, შეხვიდე სულიერ სამყაროში.თავისუფლება სულის თავისუფლებაა..
.სულიერ სამყაროში შესასვლელად ადამიანმა თავისუფლების გმირობა უნდა ჩაიდინოს" - წერდა ნიკოლოზ ბერდიაევი
და ...განა "თავისუფლების გმირობა" არ იყო ის, რომ ჩარგალში, "ვაჟაობის" დღესასწაულზე, 1982 წლის 14 აგვისტოს, ნაზი შამანაურმა სიტყვა ითხოვა, უარი უთხრეს ის კი ტრიბუნასთან მიიჭრა და 77--გვერდიანი მომზადებული ტექსტით, დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი ამხილა, აგრეთვე, საქართველოს სავალალაო მდგომარეობა, რისთვისაც იგი უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა მაშინვე დააკავეს
ნაზი შამანაურსა და სარა ინაშვილს თავზე ტომრები ჩამოაცვეს და მილიციის მანქანაში
ჩაყარეს.დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა - შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა( დიაგნოზი - ქრონიკული სულიერი დაავადება შიზოფრენია, ბოდვითი ფორმა.)
"... დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატიმროში... 16 აგვისტოს, ორშაბათს, წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისგან არ გვეძინა. მეცამეტე დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს – დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება“...
...ზუსტად 5 თვე გაძლო ამ ჯოჯოხეთში...
***
.დღიურებს ნაზი, წესისამებრ, საწოლში წამომჯდარი, ძაფით აკინძულ ქაღალდის ნაგლეჯებზე წერდა.
თავიდან მის სტრიქონებში პროტესტი ჭარბობდა, მერე სევდიანი ნოტები გაჩნდა, ბოლოს კი ყველაფერი სასოწარკვეთამ და სრულმა აპათიამ დაჩრდილა. ქალმა სიკვდილზე ფიქრი დაიწყო:
"ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი... მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ, ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ... ძალები არ გამომლევია, უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია...”
***
აღგზნებული ავადმყოფების პალატაში გამოკეტილი ნაზი. შიმშილობის მეცამეტე დღეს. დეიდას დარიშხანის შემოტანას თხოვს. არა იმიტომ, რომ დაიღალა და მეტი არ შეეძლო, არამედ სიმართლე ვერსად ჰპოვა.ნინო (ნაზის დეიდა) : შვილო თქვი, რომ შეცდი, უნებურად მოგივიდა ასეთი შინაარსის წერილის დაწერა, შენ ვერ გადაარჩენ ქვეყანას, მომავალზე იფიქრე, შენს ოჯახზე...
-- "ჭიანჭველას ქვის აწევაც კი ძალუდს, რკინა კი წვეთწვეთობით იხვრიტება.ღირსეულად სიკვდილი მიჯობს ამ ბოროტებაში ხელის გასვრას., --ამბობდა ნაზი შამანაური.
"სიცოცხლე - ჩემთვის სულ ერთიანად ძვირფასი, ბროლის ჭიქასავით ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს.დავყურებ ამ ნამსხვრევებს და ვფიქრობ, ნუთუ შეიძლება ამის ჩამდენს ადამიანი ეწოდოს?ნუთუ ამდენ ღვარძლს და ბოროტებას იტევს ადამიანი?...
...ნეტა რას ფიქრობს მამა ზეციერი ამ ქვეყნად დატრიალებულ ცოდო-ბრალზე?
53 დღის ნაშიმშილარი ვარ.ნაგვის გადაყრისას სრულიად შემთხვევით მოვკარი დედაჩემს თვალი, მაგრამ მისვლა არავინ დამანება.პირველი სექტემბერი პედაგოგ ქალს საგიჟეთში გაატარებინეს.მაიძულებენ მტვრის გადასაწმენდ ჩვრად ვიქცე, დავდო ხელწერილი, რომ აღარასდროს ვიჩივლებ.ვუარყო ჩემი პიროვნება?ვერ ვუღალატებ უნივერსიტეტს, სამშობლოს, ხალხს..."
.***
..შიმშილობის მეხუთე თვეს, 12 იანვარს. გადაიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში. ...
... რვა დღის შემდეგ, 1983 წლის 20 იანვარს, ნაზი შამანაური რეანიმაციის განყოფილებაში, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სეფსისი დასახელდა...
***
... "ორი დღის წინ გოგოს ტირილი დაუწყია, ყვიროდა: დედაჩემის ნახვა მინდა.მე მივხვდი რომ ეს შენ თხოულობდი ჩემს ნახვას, დედამ იგრძნო...დედამ იგრძნო ამ დასასრულის დასაწყისი!!!"
"პაწია მგალობელი ჩიტი სამხეცის ვოლიერში გამოკეტეს. ვოლიერში, რომელსაც გისოსიანი სარკმელები ჰქონდა...სულ ცოცხით უმტვრიეს მგალობელს ნისკარტი; ბუმბული, ქათიბი, სულ დაუზიანეს, ფრთები შეაჭრეს, ესეც არ აკმარეს, ენაც ამოაჭრეს ჩიტუნას. ირგვლივ წრე შეუკრავთ შავ ყორანს, ბუს, მიკიოტს, სიცილ-ხორხოცით ყოველ წუთს უხსენებენ "ბრალდებას"...
- რა შენი საქმე იყო ჩიტუნა, სულელო, ამ ქვეყნის მგოსნობა, მსმენელთ დატკბობა, რისთვის უგალობდი სიცოცხლეს, ეს შენი საქმე არ არის! ვერ ხვდები, ნუთუ ვერ გაიგე, სიცოცხლით დატკბობა, სიცოცხლის გალობა ეკუთვნის მხოლოდ ამ წუთისოფლის ბოროტ ძალებს... შეგვხედე, ვინაა მძლეთა მძლე, ვის აქვს ძლიერი ნისკარტი, ვისი ხმა ჭახჭახებს ამ ქვეყნად, რეგვენო, ვერც ახლა შეიგნებ?!
სიცოცხლე ჩვარივით უნდა ექციათ XX საუკუნის ჯალათებს..... ჩიტუნა მინის სარკმელზე მაინც აწერდა "თავისუფლებას".
"ჩემი სიმართლე ჩემი მტერია".
"ავადმყოფობის ისტორია ჩემამდე არ მოსულა, უშიშროების თანამშრომლებმა წაიღეს.”, --სარა ინაშვილი.
დედა ქალიშვილის დაკრძალვას არ დასწრებია – ის ჯერაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი იყო..გარდაიცვალა 1996 წელს...დაკრძალეს დუშეთის რაიონში, შვილის გვერდით.
203 2-ს მოსწონს
|