x
image
თამილა გურაშვილი
"..ეს ჟურნალისტები არ იყვნენ 2008 წელს ,სიცოცხლის ფასად , ინფორმაციას რომ გაწვდიდნენ, ცხელი წერტილიდან?

image
პირველი არხის ოპერატორმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზ შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

"მე, კახაბერ ჯანაშვილი, 1989 წლიდან გავხდი პროფესიით - ოპერატორი და ვამაყობ ამით. ბევრი რამ ვნახე, ამ 32 წლის განმავლობაში.
9 აპრილი, რეფერენდუმი!
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება!
ზვიად გამსაზურდიას გაღმერთება და დამხობა!
შევარდნაძის ჩამოყვანა და მის წინაშე დაჩოქილი ხალხი!
ცხინვალის და აფხაზეთის ომი!
მხედრიონის ტერორი, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ!
გაბრაზებული ზვიადისტების მიერ, ხალხის ჯვრებით ცემა!
ამერიკული ხორბალის ნაცვლად, ყოვლად უხარისხო პური ქართველ ხალხს. დაუსრულებელი რიგები, ამ პურისთვის!
პარლამენტში შევარდნილი პოლიციელები!
გაღატაკებული ქართველი ხალხი!
უშუქოდ ჩაბნელებული და უგაზოდ გაყინული ხალხი! რუსეთის ტერორი, საქართველოს წინააღმდეგ!
ვარდების რევოლუცია და შევარდნაძის გადადგომა!
სააკაშვილის აღზევება და დამხობა!
8 აგვისტოს ომი. დაღუპული ჩვენი გმირები!
საკნების ქალაქი რუსთაველზე, თუ ტელევიზიასთან!
7 ნოემბერი! იმედის დარბევა და არეული სიტუაცია ქვეყანაში! ორი დღე და ღამე საავადმყოფოში!
6 მაისი!
26 მაისი!
ფოტოგრაფების ჯაშუშებად შერაცხვა!
ოცნების გამარჯვება, დიდი მოლოდინები!
კოხაბიტაცია!
ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ბრძოლა, საქართველოსთვის!
19 ივნისი და გავრილოვის ღამე!
ღირსებაშელახული ხალხის პროტესტი!
და ბოლოს, 5 ივლისი!
32 წელია, ამ ყველაფრის მონაწილე ვარ! 17 წლის მივედი ტელევიზიაში . ახლა, 50 წლის ვარ! რაც დღეს მოხდა, სული მეწვის! ყველაფერი დამენგრა გონებაში, ყველაფერი აირია, რისიც მწამდა, 50 წლის ტრადიციულ კაცს ! ვერაფერი გამიგია, რატომ ხდება ეს უბედურება ჩვენს თავს!
ჩემი მეგობრები, 38 კაცი, ჟურნალისტები და ოპერატორები, ლინჩის წესით არიან გასამართლებულნი!
ეს გოგო-ბიჭები, ჩემი შვილების თანატოლები, რომლებიც იმისთვის იყვნენ იქ, რომ დანარჩენი საქართველოსთვის, არსებული სიტუაცია პირდაპირ ეთერებში მიეწოდებინათ! ნაცვლად მადლიერებისა, რას ვხედავ : ჩემივე ერი, ვისთან ერთადაც ვოცნებობდი, დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს შექმნაზე, ჩემივე კოლეგებს, ლინჩის წესით უსწორდებიან!
მართლმადიდებლობა ნიშნავს მართალს, სიმართლის მადიდებელს, ჭეშმარიტ ქრისტიან ქართველ კაცს, სიყვარულს, თანადგომას, ტოლერანტობას, მოყვასის სიყვარულს!
ეს რა ხდება?! რა დაგემართა, ჩემო ქვეყანავ?! რამ გადაგრია?! საკუთარ შვილებს ვეღარ ცნობ?!
განა, რა დავრჩით ქართველები, ამ პლანეტაზე, რომ ასე გვძულს ერთმანეთი?!
სად არის, მოყვასის სიყვარული? სად დაკარგე სული, ჩემო სამშობლოვ?!
სული მტკივა და ვერ ვხვდები, რა გავაკეთო! ასეთი სიძულვილი, საკუთარი შვილების, ნუთუ შეიძლება?! განა პატრიარქმა, იმის კურთხევა მოგცათ, საკუთარ შვილებს, თავპირი დაუნგრიეთო?! განა, ახლა უფრო არ დაზიანდა დედა ეკლესია?! რა ჩავიდინეთ ამით? რა გავაკეთეთ? სიყვარული - სიძულვილში გავცვალეთ?! სად არის, ჩემი სამშობლო?! სად დაიკარგა, თანაგრძნობა და სიყვარული, ერთმანეთისა?!
რატომ მომკალით სულიერად და რატომ წამიშალეთ ყველაფერი, რაც მიყვარდა!
რატომ გვძულს ასე ერთმანეთი?!
განა, ეს ჟურნალისტები არ იყვნენ, 2008 წელს, თავიანთი სიცოცხლის ფასად, ინფორმაციას რომ გაწვდიდნენ, ცხელი წერტილიდან?!
განა, ეს გოგო-ბიჭები არ იყვნენ, პანდემიის დროს, ჩაკეტილი საქართველოდან, ინფორმაციებს რომ გაწვდიდნენ, თავიანთი ჯანმრთელობის რისკის ფასად?!
მაშინ, სხვანაირი ადამიანები იყვნენ?!
და ბოლოს, ეს ის ჟურნალისტები და ოპერატორები არიან, რომლებმაც, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი შექმნეს, ერთ მუშტად გაერთიანდნენ და გვერდში უდგანან, ჯანმრთელობაშერყეულ ბავშვებს.
ის, რაც დღეს მოხდა, ყოვლად გაუგონარი და დაუშვებელია! მართლაც, რომ ღმერთმა გიშველოს, ჩემო საქართველო!" - წერს პირველი არხის ოპერატორი კახა ჯანაშვილი
0
15
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0