მე არც იაპონელი ვარ და მით უფრო არც სამურაი, მაგრამ მე "რონინი" ვარ, მებრძოლი რომელმაც სამშობლოს დაცვა ვერ შესძლო
მე არც ამომავალი მზის ქვეყნის შვილი ვარ და არც სამურაი, მაგრამ მე "რონინი" ვარ, მებრძოლი რომელმაც ბევრი იბრძოლა, ბევრჯერ დაიჭრა, მაგრამ სამშობლო ვერ დაიცვა.
დღისით მეც სხვებივით ვცხოვრობ-ვმუშაობ, ვხუმრობ, ვიღაცას რჩევას ვაძლევ, მეც ვიღებ სხვებისგან რჩევებს, ვერთობი.
მაგრამ ღამით მარტო ვრჩები ჩემს ფიქრებთან, ფიქრებთან რომლებიც სინათლის სიჩქარით მოდიან და დილამდე კინოკადრივით ენაცვლებიან ერთმანეთს ჩემს გონებაში.
მე დამარცხებული არმიის ჯარისკაცი ვარ, რომელიც რევანშისთვის ემზადება, ემზადება, მაგრამ ამ მზადებაში წლები სწრაფად გადიან, რევანშის შანსი კი არაა.
არ მიყვარს ქალაქის ხმაური და მაქსიმალურად ვცდილობ სოფელში ყოფნას, ჩემებმა იციან მიზეზი და შეეჩვივნენ ჩემს ასეთ საქციელს.
განმარტოება მიყვარს, როგორც "რონინს", რომელიც საკუთარ წარსულზე ფიქრით ათენებს ღამეებს, 2-3 საათი მძინავს ღამით, წლებია უკვე ასეა.
მტერთან ბრძოლა ადვილი არაა, მაგრამ საკუთარ თავთან და საკუთარ წარსულთან ბრძოლაა განსაკუთრებით რთული, მით უფრო მაშინ როცა დამარცხებული არმიის ჯარისკაცი ხარ.
ებრძვი საკუთარ თავს და მხოლოდ იმაზე ფიქრობ საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგო და გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა.
"რონინს" მოსვენებას არ აძლევს მარცხის სიმწარე, სხვის მიერ დაშვებული შეცდომით თუ დანაშაულებრივი ბრძანებით გამოწვეული დამარცხების ტკივილი.
იმაზე ფიქრიც აწუხებს, როგორც "რონინს" 22 ლარიან სუბსიდიას, რომ დაუნიშნავენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაომარს.
ომში დამარცხებული "რონინის" ღირსება ამით კიდევ ერთხელ გაითელება.
მე მეტს არც ვიმსახურებ, მე ხომ დამარცხებული არმიის ჯარისკაცი ვარ.
მე არც იაპონელი ვარ, მით უფრო არც სამურაი, მე ქართველი "რონინი" ვარ, ვინც პატარა ასაკიდან ბევრი იბრძოლა საკუთარი სამშობლოს დასაცავად, მაგრამ დამარცხდა.