x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135913
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
დასწავლილი უმწეობა
image
დასწავლილი უმწეობა არის ფენომენი, როდესაც ცხოველი ან ადამიანი ხშირად ემორჩილება ავერსიული სტიმულის ზემოქმედებას და ვერ ახერხებს მისგან თავის დაღწევას. საბოლოოდ, იგი წყვეტს სტიმულისთვის თავის არიდების მცდელობას და ისე იქცევა თითქოს სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია. იმ შემთქვევაშიც კი, როდესაც ავერსიული სტიმულისგან თავის არიდების საშუალებები არსებობს, ადამიანი/ცხოველი არ იყენებს მათ, რადგან დასწავლილი უმწეობა ხელს უშლის ამ მოქმედების განხორციელბაში.

დასწავლილი უმწეობის ფენომენი შეისწავლეს ფსიქოლოგებმა - მარტინ სელიგმანმა და სტივენ მეიერმა. ისინი ატარებდნენ ექსპერიმენტებს ძაღლებზე, რომელთა ერთ ნაწილს აწვდიდნენ ელექტრული შოკის სერიას, რომლისგანაც თავის დაღწევა შესაძლებელი იყო, მეორე ნაწილს კი აწოდებდნენ იმავე სიძლიერის შოკის სერიას, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. მათ მიერ მიღებული შედეგების მიხედვით, პირველ პირობაში მყოფმა ცხოველებმა შეძლეს გაქცევის დასწავლა, ხოლო მეორე პირობაში მოხვედრილმა ცხოველებმა ეს ვერ მოახერხეს. იმ ფაქტმა, რომ მხოლოდ გარდაუვალი შოკის შემდეგ ვერ სწავლობდნენ ცხოველები გაქცევას, მიიყვანა მკვლევარები ფენომენამდე, რომელსაც დასწავლილი უმწეობა უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფენომენის შესწავლა ცხოველებზე ექსპერიმენით დაიწყო, იგი საკმაოდ აქტუალურია ადამინების შემთხვევაშიც. მაგალითად, ქალბატონი, რომელიც მორცხვია სოციალურ სიტუაციებში და ფიქრობს, რომ ამ სიტუაციის გაკონტროლება არ შეუძლია, შედეგად, იგი გაურბის სოციალურ თავყრილობებს, ნაცვლად იმისა, რომ სიმორცხვე დაძლიოს. იგი შეგუებულია საკუთარ ე.წ. უსუსურობას და არც ფიქრობს, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასწავლილი უმწეობა შესაძლოა ადამიანის ბავშვობიდან იღებდეს სათავეს, რომელშიც დიდი წვლილი შეაქვთ არასანდო ან უპასუხისმგებლო აღმზრდელებს. მაგალითად, როდესაც ბავშვს სჭირდება დახმარება და ამ დროს მას ყურადღებას არავინ აქცევს, ამის ფონზე შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია არასასიამოვნო სიტუაციის შესაცვლელად. ბავშვის ცხოვრებაში მსგავსი ფაქტების სიხშირე გავლენას ახდენს განვითარების შემდგომ საფეხურებზეც, რადგან დასწავლილ უმწეობას შეუძლია გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია, ან ორივე. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, უყალიბდება მომავალი სიტუაციების ვერგაკონტროლების მოლოდინი.

მიზეზი იმისა, რომ ვიღაც შეიძლება მარტივად მოექცეს დასწავლილი უმწეობის გავლენის ქვეშ უკავშირდება პიროვნების ატიტუდებს. თუ ადამიანი ოპტიმისტია, იგი პრობლემას აღიქვამს, როგორც დროებითს და მას გარეგან ფაქტორებს აწერს. იმ შემთხვევაში თუ პიროვნება პესიმისტია, იგი პრობლემას აღიქვამს, როგორც მუდმივს და მის გამომწვევ მიზეზებს შინაგან დისპოზიციებს უკავშირებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დაბალანსებული ოპტიმისტური ფიქრები მნიშვნელოვანია პიროვნების უკეთესი ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური ფუნქციონირებისათვის. მაგრამ თუ პიროვნება უკიდურესად ოპტიმისტია, მას შეიძლება ჰქონდეს არარეალური მოლოდინები წარმატებასთან დაკავშირებით. გადამეტებული ოპტიმიზმი შეიძლება მიზეზი გახდეს დიდი იმედგაცურების. იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი იმედგაცრუებას განიცდის, ეს ფაქტი გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე და ოპტიმიზმს უიმედობა ანაცვლებს.


კვლევები აჩვენებს, რომ დასწავლილი უმწეობის გადალახვა შესაძლებელია, თუ ჩარევა საწყის ეტაპზე მოხდება. დიდხნიანი დასწავლილი უმწეობა შესაძლოა შესუსტდეს, თუმცა იგი გრძელვადიან ძალისხმევას საჭიროებს. თერაპიას შეუძლია ეფექტურად შეამციროს სიმპტომები. ერთ კვლევაში მონაწილეებს თხოვეს, რომ ეცადათ და შეესრულებინათ ამოუხნელი დავალება. შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომელთაც გავლილი ჰქონდათ თერაპიის კურსი, წარუმატებლობისდა მიუხედავად, მაინც ცდილობდნენ დავალების შესრულებას. ხოლო მონაწილეები, რომლებიც არ გადიოდნენ თერაპიულ მკურნალობას, ადვილად ნებდებოდნენ და წყვეტდნენ მცდელობას.

ასევე ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომლის მიზანია დაეხმაროს პაციენტებს, რათა მათ შეძლონ ნეგატიური აზრების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს უწყობს დასწავლილი უმწეობის განვითარებას და ჩაანაცვლონ ეს აზრები უფრო ოპტიმისტური და რაციონალური ფიქრებით.

0
142
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე კუპრაშვილი
ელენე კუპრაშვილი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0