x
image
თამილა გურაშვილი
რატომ წაისვა გაზეთ “შანსის“ რედაქტორის მოადგილემ..ფეხის ფრჩხილებზე მანიკური?

image

“შანსის“ რედაქციაში ერთი ხანშიშესული, ძალიან პრინციპული ჟურნალისტი, ავთანდილ გველესიანი მუშაობდა. ბატონი ავთო კარგად კი წერდა, მაგრამ ძალიან გრძელი წერილების გამოცხობა უყვარდა. ამ ხნის კაცისთვის მასალის შემცირება მერიდებოდა, არა და, დიდი წერილები გაზეთს ამძიმებდა. მაშინ რედაქტორის მოადგილედ, გაზეთ “კასპის განთიადის“ ყოფილი რედაქტორი, წერილების დაჩეხვის დიდოსტატი, თემურ ჟღეტი მყავდა და ბოლოს, გველესიანის წერილებს მასთან ვამისამართებდი…
მოეწამლა ხასიათი ბატონ ავთანდილს და ჭირივით შეიძულა თემურ ჟღენტი, რომელიც მის 20-გვერდიან ნაჯაფარს, გვერდნახევრამდე დაიყვანდა ხოლმე. ბევრჯერ შემომჩივლა, მოიცილე ეგ ჯალათი რედაქციიდან, თორემ ავტორიტეტს გიფუჭებსო… ბოლოს გამწარებულ გველესიანს ცეცხლზე ნავთი დავუსხი და რედაქციის დიდი “ღადავისტი“, ზურა კორკოტაძე მივუგზავნე.
“-ბატონო ავთო, დავიღუპეთ, ეს რომ „ასავალ-დასავალმა“ ან სხვა გაზეთმა გაიგოს, თავი მოგვეჭრებაო, ვიშვიშებდა ზურა. მე ვერ ვეტყვი, შენ უნდა უთხრა ბონდოს, ეს თემურ ჟღენტი, ნამდვილად იმნაირია, კაცების მოყვარული, ბაქოში აქვს ნასწავლი, პარტიულ სკოლაში... ჩემი თვალით ვნახე, როგორ ისვამდა ფეხის ფრჩხილებზე მანიკურს…“
“-აუჰ, მაგას ვერ დავიჯერებ, რა სისულელეებს ბოდიალობ“, გაცხარებულა ავთო...
“-თუ არ გჯერა, შენი თვალით შეხედე…“-არ ეშვება ზურა...
ცნობისმოყვარეობამ და ძველმა ბოღმამ თავისი ქნა, 70 წელს გადაცილებული კაცი, ძლივს შეაყენეს სკამის თავზე და იქიდან გადაახედეს ჩვენ მიერ წინასწარ დარიგებულ ჟღენტს, რომელსაც შარვალი გაეხადა და თანამშრომელი გოგონასგან ნათხოვარ მანიკურს, ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა(!)…
ხუთ წუთში, ჩემ კაბინეტში ავთანდილ გველესიანი გაცოფებული შემოვარდა, მაგიდაზე, უკვე 40-ფურცლიანი საგაზეთო წერილი დააგდო და მრისხანედ გამოსცრა:
– ახლა მივხვდი, რატომ ჩეხავდა თემურ ჟღენტი ჩემს წერილებს...
--რატომ?! — შევიცხადე მე…
-იმიტომ, რომ „ეგენი“ თავისზე ნიჭიერ ხალხს ვერ იტანენო!...
-ვინ ეგენი?...
-ვინ და “ისეთები“... ან ეგ, ან მე!..
ჩავბჟირდი... ჩემი სიცილის ხმაზე, კაბინეტი კარებს უკან აყუდებული თანამშრომლებით გაივსო. გველესიანი დიდხანს ვერ მოვიდა აზრზე, თან ახარხარებულ ჟღენტს აკვირდებოდა, ფიქრობდა, „ამას“ რაღა აცინებსო…
კორკოტაძე სადღაც გაპარულიყო, იცოდა, რომ კარგი დღე არ დაადგებოდა…
R. S. გუშინწინ, ჩემი ნიკას ფილმის პრეზენტაცია იყო ლონდონის ფესტივალზე, დღეს საღამოს დაჯილდოებაა.. დიდი იმედი მაქვს, რომილიმე ნომინაციაში(მამაკაცის როლის მთავარი შემსრულებელი, მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისურა), ერთ ჯილდოს მაინც მიიღებს და ამ ამბის გაგება, ყველაზე მეტად, თქვენთან, ჩემს კოლეგებთან ერთად მინდა, სწორედ მაგიტომ მოგნიშნეთ... ნიკა ხომ რედაქციაში, თქვენ თვალწინ იზრდებოდა(!)..." წერს ყოფილი მთავარი რედაქტორი გაზეთ "შანსი"-ში ბონდო ქურდაძე
რ ე ტ რ ო
პარიზი. 10.06.2019.
0
258
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0