x
იმპეტიგო-ფორმები და მკურნალობა

image



იმპეტიგო ეს არის ფართოდ გავრცელებული კანის კონტაგიოზური ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Streptococcus pyogenes ან Staphylococcus aureus-ის შეჭრით ეპიდერმისის ზედაპირულ შრეში.შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერი ასაკის პირებში, თუმცა უფრო ხშირად ინფიცირდებიან ბავშვები 2-დან 5 წლამდე.განსახვავებენ პირველად და მეორეულ ფორმებს.პირველადი იმპეტიგო ვითარდება მაშინ, როდესაც კანის საფარველის მთლიანობა დარღვეული არ არის, განსხვავებით მეორეულისგან, სადაც აღინიშნება მცირე ზომის დაზიანება მაგ.: ნახეთქები, მწერის ნაკბენი, ეგზემა და სხვა.

იმპეტიგოს კლასიფიკაციაში გამოყოფენ 2ფორმას:
არაბულოზური (შემთხვევათა 70%)
ბულოზური

არაბულოზური იმპეტიგო ჩვეულებრივ ლოკალიზებულია ცხვირისა და პირის გარშემო, ზოგჯერ კიდურების მიდამოშიც და წარმოდგენილია წითელი იარების სახით, რომელიც სწრაფად პერფორირედება და წარმოიქმნება დაახლოებით 2სმ დიამეტრის მქონე სქელი, ოქროსფერი ქერქი, რომელიც მოგვაგონებს სიმინდის ფანტელს.ფუფხის გახმობის და ჩამოცილების შემდეგ წარმოიქმნება წითელი ლაქა, რომელიც ნაწიბურის განვითარების გარეშე ქრება რამდენიმე დღიდან კვირამდე.
არაბულოზური ფორმიის იმპეტიგო არ არის მტიკვნეული, თუმცა აუცილებელია არ მოხდეს მასზე ხელის შეხება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ინფექცია მარტივად ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც.
სხვა სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ჯირკვლები ვლინდება მძიმე შემთხვევებში, თუმცა იშვიათია.

ბულოზური იმპეტიგო ლოკალიზდება სხეულის ცენტრალურ მიდამოში- წელსა და ყელს შორის ან კიდურებზე და ვლინდება სითხით სავსე ბუშტის სახით, რომლის დიამეტრი 1-2 სმ-ია, ახასიათებს სწრაფი გავრცელება, რამდენიმე დღეში წყლული სკდება და წარმოიქმნება ყვითელი ქერქი, რომელიც ნაწიბურის დატოვების გარეშე ქრება.განსხვავებით არაბულოზური ფორმისგან, ის არის მტკივნეული და აღინიშნება ქავილიც, გავრცელების მხრივ კი როგორც არაბულოზური ფორმის დროს, ამ შემთხვევაშიც ის სწრაფად და მარტივად ვრცელდება.
ასევე ვლინდება ტემპერატურის მომატება და ჯირკვლების შეშუპება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმპეტიგო მაღალკონტაგიოზურია და სიმპტომები ჩნდება ინფიცირებიდან 3დღეში.გარდა უშუალოდ გამონაყართან შეხებისა, ის ასევე შეიძლება გავრცელდეს ტანსაცმლის, პირსახოცისა და თეთრეულის საშუალებით.ასევე ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებულის ცხვირიდან გამონადენი.

იმპეტიგოს განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
თბილ და ტენიან კლიმატში ცხოვრება
დიაბეტი
დასუსტებული იმუნური სისტემა
კანის დაავადებები-ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი
მზის ან სხვა ტიპის დამწვრობები
კანის პარაზიტული დაავადებები
მწერის ნაკბენი
კონტაქტური სპორტი

იმპეტიგოს დიაგნოზი ისმება კლინიკურად დათვალიერების შემდეგ, თუმცა მკურნალობის სწორად წასამართად საჭიროა მიკრობიოლოგიური ანალიზი-ნაცხის კულტივირება, რათა დადგინდეს კონკრეტულად რომელი ბაქტერიაა მისი გამომწვევი.

მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები.თუ რა ტიპის ანტიბიოტიკები გამოიყენება ეს დამოკიდებულია გავრცელების არეალზე და სიმძიმეზე, მაგ.:
თუ იმპეტიგო ლოკალიზებულია სხეულის მცირე ნაწილზე გამოიყენება ტოპიკური, ანუ ადგილობრივი ანტიბიოტიკები-მუპიროცინის კრემი ან მალამო (ბაქტრობანი) და რეტაპამულინის მალამო (ალტაბაქსი).
მძიმე და გავრცელებული ფორმის შემთხვევაში საჭირო ხდება ორალური ანტიბიოტიკების გამოწერა, როგორიცაა ამოქსიცილინი/კლავულანატი (აუგმენტინი), ცეფალოსპორინები ან კლინდამიცინი (კლეოცინი).ორალურ ანტიბიოტიკებს ზოგჯერ თან სდევს გვერდითი ეფექტები, მაგ.: ღებინება.
მკურნალობის შემთხვევაში იმპეტიგო უკუგანვითარებას განიცდის 7-დან 10 დღის ვადაში.თუმცა თუ არსებობს კანის სხვა თანმდევი დაავადება/მდგომარეობა მკურნალობას დასჭირდება აღნიშნულზე მეტი დრო.

მიუეხედავად იმისა, რომ იმპეტიგო არის კანის დაზიანების მსუბუქი მდგომარეობა, ზრდასრულებში უფრო მაღალია რისკი სხვადასხვა გართულებების განვითარების ვიდრე ბავშვებში.ეს გართულებებია:
მწვავე პოსტ-სტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი
ცელულიტი
ლიმფანგიტი
სეფსისი

პრევენციისთვის ნომერ პირველი არის კარგი ჰიგიენა:
ხშირად დაიბანეთ ხელები
დაფარეთ ჭრილობები და მწერის ნაკბენი
არ შეეხოთ გამონაყარს
ყველა ის ნივთი, რომელიც შეხებაშია გამონაყართან გულდასმით გარეცხეთ ცხელ წყალში ან მოახდინეთ მათი დეზინფექცია
არ გამოიყენოთ დაავადებულთან საზიარო ნივთები, მაგ.: თეთრეული, ტანსაცმელი, პირსახოცი და სხვა.

ამრიგად, იმპეტიგო არის მაღალკონტაგიოზური, ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ვლინდება კანზე ბულოზური ან არაბულოზური გამონაყარის სახით, თუმცა არ წარმოადგენს სერიოზულ მდგომარეობას და სწარაფად ალაგდება თუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს და დაიცავთ კარგ ჰიგიენას.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0