x
რა არის ბერი-ბერი?

image

ბერი-ბერი B1 ვიტამინით, იგივე თიამინის, დეფიციტით გამოწვეული დაავადებაა.
განასხვავებენ ბერი-ბერის ორ მშრალ და სველ ფორმას.
სველი ფორმა გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობა.
მშრალი ფორმის დროს ზიანდება ნერვული სისტემა, მცირდება კუნთის ტონუსი და საბოლოოდ ვითარდება კუნთების პარალიზი.
მკურნალობის გარეშე ბერი-ბერი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.თუ თქვენ გაქვთ წვდომა თიამინის შემცველობით მდიდარ საკვებთან, მაშინ დაავადების განვითარების შანსი არის ძალიან დაბალი, უფრო ხშირად ის ვლინდება ალკოჰოლიკებში, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის მქონე პირებსა და ტოქსიკოზის მქონე ფეხმძიმეებში.

ბერი-ბერის სიმპტომატიკა დამოკიდებულია მის ფორმაზე.

სველი ბერი-ბერის სიმპტომებია:
ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს
გულისცემის გახშირება
ქვედა კიდურების შეშუპება

მშრალი ბერი-ბერის სიმპტომებია:
კუნთის ფუნქციის დაქვეითება, განსაკუთრებით ქვედა კიდურების კუნთების
ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა კიდურებში
ტკივილი
გონების ნაწილობრივი დაბინდვა
მეტყველების დარღვევა
ღებინება
ნისტაგმი
პარალიზი

ბერი-ბერი დაკავშირებულია ვერნიკ-კორსაკოფის სინდრომთან.ვერნიკის ენცეფალოპათია და კორსაკოფის სინდრომი, ორივე არის თიამინის დეფიციტით გამოწვეული თავის ტვინის დაზიანების ფორმები.შესაბამისად, უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც ბერი-ბერის ადრეულ სტადიებზე არ ხდება მკურნალობა, ვითარდება ვერნიკ-კორსაკოფის სინდრომი.

ვერნიკის ენცეფალოპათია აზიანებს თავის ტვინის უბნებს, თალამუსსა და ჰიპოთალამუსს.მათი დაზიანება კი იწვევს:
კონფუზიას-დიზორიენტაციას დროსა და გარემოში
მეხსიერების დაკარგვას
ატაქსიას
მხედველობითს პრობლემებს - ნისტაგმსა ან მხედველობის გაორებას

კორსაკოფის სინდრომი ყალიბდება ტვინის იმ უბნის დაზიანებით, რომელიც მეხსიერების ფორმირებაზეა პასუხისმგებელი და იწვევს:
მეხსიერების დაკარგვას
ახალი ინფორმაციის დამახსოვრების გართულებას
ჰალუცინაციებს

რა იწვევს ბერი-ბერის?
დაავადების ეტიოლოგია უკავშირდება B1 ვიტამინის დეფიციტს, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს:
არასწორი კვება და საკვებ რაციონში თიამინით ღარიბი საკვების მოხმარება
ორგანიზმის მიერ ვიტამინის შეწოვის უნარის დაქვეითება

რა ფაქტორები ზრდის დაავადების განვითარების რისკს?
ალკოჰოლი-ალკოჰოლის მიღება ართულებს ვიტამინების შეწოვას
ჰიპერთირეოიდიზმი
ხშირი ღებინება ორსულობის პერიოდში
ბარიატრიული ქირურგია
შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი
გახანგრძლივებული დიარეა ან დიურეტიკების მოხმარება
დიალიზი

როგორ ხდება დიაგნოსტირება?
დაავადების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება სისხლისა და შარდის ანალიზი, რათა განისაზღვროს ორგანიზმში თიამინის დონე, თუ დაავადების განვითარების მიზეზი არის ორგანიზმის მიერ ვიტამინის აბსორბციის დაქვეითება, ამ შემთხვევაში სისხლის ანალიზი აჩვენებს თიამინის დაბალ, ხოლო შარდის ანალიზი მაღალ დონეს.
ასევე, საჭიროა ნევროლოგიური გასინჯვაც - კოორდინაციის, რეფლექსების სისუსტის, კონფუზიის, მეხსიერების პრობლემების და დელირიუმის გამოსავლენად.
ფიზიკური გასინჯვა გულის პრობლემების გამოსარიცხად - მოწმდება აქვს თუ არა პაციენტს გულისცემის სიხშირე გაზრდილი, ქვედა კიდურების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.

ბერი-ბერის მკურნალობა გულისხმობს თიამინის დეფიციტის შევსებას დანამატების სახით, რთულ შემთხვევებში კი ინტრავენურად.

დაავადების პრევენციისთვის საჭიროა თიამინით მდიდარი საკვების დამატება საკვებ რაციონში, მაგალითად:
ლობიო და პარკოსნები
ხორცი
თევზი
მარცვლოვანი პროდუქტები
თხილეული
რძის პროდუქტი
ზოგიერთი ბოსტნეული - სატაცური, ისპანახი, ჭარხლის ფოთოლი, ბრიუსელის კომბოსტო და სხვა

გაითვალისწინეთ, რომ საკვები პროდუქტების თერმულად დამუშავება და გადამუშავება ამცირებს თიამინის შემცველობას მასში.

ბერი-ბერის დაავადება არის შექცევადი ადრეულ სტადიებზე, ანუ მანამ, სანამ დაზიანდება ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა, მაგრამ თუ მდგომარეობა დამძიმდა ვერნიკ-კორსაკოფის სინდრომით პროგნოზი არც თუ ისე კეთილსაიმედოა.

0
530
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0