x
image
თუთიკო ბერძენა
აუტიზმის გახშირების მიზეზები. განაჩენი თუ ფენომენალური ნიჭების გამოვლენის შესაძლებლობა?

image


აუტისტური სპექტრის აშლილობა ბოლო წლებში, მრავალი ფაქტორის გავლენით, საგრძნობლად გახშირდა. საერთაშორისო მონაცემებით, 2000 წელს თუ ეს დარღვევა ჰქონდა 150-დან ერთ ბავშვს, 2012 წელს, აშშ-ის დაავადებათა ცენტრის მონაცემებით, ის უკვე ყოველ 68-ეს აღენიშნებოდა, ხოლო 2021 წლისთვის - ყოველ 50-ე ბავშვს.

ვიდრე აუტიზმი გახშირდებოდა და სპეციალისტების განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევდა, იზრდებოდნენ ამ სინდრომის მქონე ბავშვები, მოზრდილობაში მათ არაკომუნიკაბელურ, ინტროვერტულ ადამიანებად მიიჩნევდნენ, თუმცა ისინი აგრძლებდნენ ასეთ თავისებურ ცხოვრებას ამ დიაგნოზის დასმის გარეშე და სხვადასხვა მიმართულებით უდიდეს წარმატებებსაც აღწევდნენ! აუტიზმის "წყალობით" კლეი მარზო ცნობილი წარმატებული სპორტსმენი გახდა, დონ პრინს-ჰიუზი ცნობილი ანთროპოლოგი, პრიმატოლოგი, ეთოლოგი, წიგნების ავტორია, დერილ ჰანა და დენ ეიკროიდი უნიჭიერესი მსახიობიები არიან, სატოსი ტაძირი ცნობილი წარმატებული ბიზნესმენია, ტემპლ გრანდენი ცნობილი მწერალია, ვერნონ სმიტი ეკონომიკისა და სამართლის პროფესორია, დონა უილიამსი წარმატებული, ძვირადღირებული მხატვარია, ჰიკარი ოე ცნობილი კომპოზიტორია, ჯონათან ლერმანი წარმატებული მხატვარია...


როგორ აღმოვაჩინოთ, რომ ბავშვს აუტიზმი აქვს?


პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ასეთი ბავშვები თავისებურები არიან: უჭირთ მეტყველება, სოციალური ურთიერთობები, ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმით, არ შეუძლიათ ტყუილის თქმა და ჰგონიათ, სხვებიც მათსავით ფიქრობენ. უფრო კონკრეტულად რომ გამოვყოთ

აუტიზმის ძირითადი ნიშნებია:


  • მეტყველების დარღვევა და განვითარების შეფერხება;

  • კომუნიკაციის დარღვევა – ბავშვი ენას კომუნიკაციისთვის ვერ იყენებს, უჭირს იმიტაცია. შესაძლოა, ახასიათებდეს ექოლალია ანუ კითხვაზე კი არ გიპასუხებს, კითხვას იმეორებს იმავე ინტონაციით. სხვათა შორის, ექოლალია ადრეულ ასაკში ჯანმრთელ ბავშვებსაც აქვთ, მაგრამ მათთან ის შეუმჩნევლად გაივლის, ის მათთვის იმიტაციის საფუძველია. ეს სიმპტომი მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებსაც აღენიშნებათ. რაც შეეხება აუტისტური სპექტრის აშლილობათა მქონე ბავშვებს, ისინიც კი, რომლებსაც აქვთ სამეტყველო პროდუქცია და ლაპარაკობენ, მეტყველებას ურთიერთობისთვის არ იყენებენ.

  • სოციალური ინტერაქცია – ბავშვი ვერ ახერხებს სხვა ბავშვებსა და უფროსებთან ურთიერთობის დამყარებას, არ იჩენს ინიციატივას, ხოლო თუ სხვამ გამოიჩინა, შესაძლოა, არ აჰყვეს, უჭირს თვალით კონტაქტი, ემოციის, აზრის ურთიერთგაცვლა.

  • შეზღუდული ინტერესები – აკვიატება, სტერეოტიპული ქცევა. დაბალფუნქციური (ანუ გონებრივი ჩამორჩენილობით) აუტიზმისთვის ეს არის სტერეოტიპული მოქმედებები: ხელების სპეციფიკური ქნევა, მზერის სხვადასხვა მხარეს მიმართვა, სხვადასხვა პოზის განმეორებითი მიღება, საგნების ამოჩემება, ხოლო უფრო მაღალფუნქციური (გონებრივად განვითარებული) აუტიზმისთვის დამახასიათებელია კოლექციონერის ტიპის ვიწრო ინტერესები. მაგალითად, ბავშვს მოწონს მხოლოდ მატარებლები ან მხოლოდ დინოზავრები, იცის ყველა მათგანის სახელი, კვების, ცხოვრების თავისებურებები და ა.შ. სხვა ინტერესები კი არ გააჩნია.
image

ნორმალურად განვითარებულ 6-7 თვის ჩვილს აინტერესებს უფროსის საუბარი და ცდილობს, მოძრაობაში აჰყვეს. საგანგაშოა, როცა ბავშვს ინტერესს არ უღვიძებს ადამიანის მეტყველება, მაგრამ იზიდავს არამეტყველებითი ხმები და მუსიკა, არ აქვს რეაქცია ადამიანზე, მაგრამ აქვს ამა თუ იმ ობიექტზე, ნაკლებ ყურადღებას აქცევს სათამაშოებს, მაგრამ შესაძლოა უყვარდეს პატარა საგნები, ჭურჭელი, ბოთლები, ინტერესდებოდეს არა მთელი საგნით, არამედ მისი დეტალით, მაგალითად, მანქანით კი არა, ბორბლით. თვალებში არ გიყურებს, არ გიცინის.


წლინახევრის ასაკში ხშირად ვითარდება ძილის სერიოზული დარღვევები, რომელთა რეგულირებაც მშობლებს უჭირთ: შუაღამისას გაღვიძება, დილამდე ღვიძილი, მერე დაძინება...


ორი წლისთვის უკვე გამოკვეთილია თვითმასტიმულირებელი სტერეოტიპული მოძრაობები, წინ და უკან სირბილი, წრეზე სირბილი. ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარება დისპროპორციულია. შესაძლოა, 2-3 წლის ასაკში კითხულობდეს, არჩევდეს ასოებს, იცოდეს ფერების დასახელება, მაგრამ ამ ცოდნას ვერ იყენებდეს კომუნიკაციაში მოთხოვნისა და სიტუაციის შესაბამისად.


ზოგ შემთხვევებში შეინიშნება რეგრესი. მშობელი ამბობს, რომ ბავშვი მანამდე მიზანმიმართულად ამბობდა რამდენიმე სიტყვას, მერე კი დაივიწყა. რეგრესი იოლი დასადგენი არ არის, მაგრამ თუ დადგინდა, დიდია აუტიზმის არსებობის ალბათობა. რეგრესს 12-დან 24 თვემდე აღნიშნავენ. არსებობს დეზინტეგრაციული სინდრომი, იგივე ჰელერის სინდრომი, სადაც რეგრესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ეს სინდრომი სამი წლიდან იჩენს თავს. დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოების მიხედვით, ჰელერის სინდრომი, ისევე როგორც ასპერგერის სინდრომი, კანერის სინდრომი და სხვა დარღვევები, ასა-ს შემადგენლობაში შედის.




ინტელექტი


აუტისტური აშლილობის მქონე ათი ბავშვიდან სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა 6-7-ს აღენიშნება, ხოლო 3-4 მაღალფუნქციურია და ძალიან კარგი ინტელექტით გამოირჩევა, მშვენივრად მეტყველებს. აუტიზმის სიმპტომები მათთან სპეციფიკურად ვლინდება: უჭირთ კომუნიკაციისთვის მეტყველების გამოყენება ანუ მოშლილი აქვთ მეტყველების პრაგმატული მხარე, რაც გულისხმობს იმის ცოდნას, როგორ აწარმოო დიალოგი – დაიცვა ჯერი, შეინარჩუნო თემა, უცბად არ გადახტე ერთი თემიდან მეორეზე, ბოლომდე თქვა სათქმელი, იცოდე, ვისთან როგორი ლექსიკა გამოიყენო ანუ რა სიტყვებით ელაპარაკო ნაცნობს, უცნობს და სხვა. თუმცა პრაგმატული მეტყველების დარღვევა სხვა პრობლემების დროსაც შეინიშნება.


აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ სხვისი პოზიციიდან ყურება, სხვისი ემოციის გაზიარება, როლური თამაშები, ვარაუდი, რას განიცდის სხვა ადამიანი, განჭვრეტა, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს მის ნათქვამს, არ აქვთ იუმორის გრძნობა, არ ესმით გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი. თუმცა ისინი განიცდიან სიყვარულსა და მადლიერებას, მაგრამ ამის გამოხატვა არ შეუძლიათ.



აუტისტური სპექტრის აშლილობა პირველად 1943 წელს ამერიკელმა ფსიქიატრმა ლეო კანერმა აღწერა . თუმცა ტერმინი “აუტისტური აზროვნება” მანამდეც არსებობდა. შვეიცარიელმა ფსიქიატრმა პოლ ბლეილერმა ის ისეთი აზროვნების აღსაწერად გამოიყენა, რომელიც ობიექტური რეალობის შემეცნებისკენ კი არ არის მიმართული, არამედ ინდივიდის შინაგანი სამყაროსკენ, საკუთარი მოთხოვნილებებისა და ოცნებებისკენ.ლეო კანერი მათ უკიდურესად მარტოსულ ინდივიდებად ახასიათებდა. აუტისტური ფენომენის მქონე ბავშვებს შიზოფრენიის დიაგნოზსაც უსვამდნენ. აუტისტური სპექტრის აშლილობათა აღმოჩენის შემდეგ ბავშვთა ფსიქიატრებმა მაიკლ რატერმა და ლორნა ვინგმა ბავშვთა შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ყოფილი პაციენტები, რომლებიც მათთან 60-70-იან წლებში მკურნალობდნენ, ახალი კრიტერიუმების გათვალისწინებით ხელახლა შეაფასეს და მათმა ნაწილმა აუტისტური სპექტრის აშლილობის კრიტერიუმები დააკმაყოფილა.

1980 წელს აშშ-ის ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში DSM-III-ში აუტიზმი და პერვაზიული აშლილობები ბავშვთა შიზოფრენიისგან გამოაცალკევეს და მათთვის განსხვავებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ჩამოაყალიბეს.

თუმცა დღემდე ჭურს დაიგნოზის დასმა, რადგან ზოგჯერ ბავშვებს არ აქვთ კლასიკური სიმპტომები, სურათი შუალედურია მეტყველების სპეციფიკურ დარღვევებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის. ინგლისელი ნეიროფსიქოლოგი დოროთი ბიშოფი აღწერს ასეთ პაციენტებს და აღნიშნავს, რომ გადასახედია ზოგადად მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევების სხვადასხვა ტიპის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები.


image


აუტიზმის გახშირების მიზეზები

აუტისტური სპექტრის აშლილობა ერთდროულად მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის, დედის ორგანიზმის მდგომარეობას ორსულობის დროს, ბავშვის ბიოლოგიურ, სოციალურ და გარემო ფაქტორებს.

დადგენილია, რომ წინაპრებს ან სისხლით ნათესავებს შორის ასა-ს მქონე ადამიანის არსებობა განვითარების რისკს ორჯერ ზრდის. საუბრობენ ასევე გენების მუტაციაზე გარემოს მავნე ზემოქმედების (გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი, საკვები, გამოსხივება, მძიმე მეტალები) შედეგად და აღმოჩენილია Ip, IIq, VIIq, XIIIq, XV და XVIIp ქრომოსომებზე აუტიზმის ნიშნებთან შეჭიდული გენების მარკერები. არსებობს გენეტიკური დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს აუტისტური აშლილობა ან მისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, ვილიამსის სინდრომი, მყიფე იქს-სინდრომი.


ბიოლოგიური ფაქტორი ჰორმონულ და ბიოლოგიურ ცვლილებებს გულისხმობს. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, ორსულის ორგანიზმში ჰორმონ ოქსიტოცინის ნაკლებობა ბავშვის აუტისტურ აშლილობასთანაა დაკავშირებული. ჰორმონული ფონი გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ან მანამდე ჰორმონულ პრეპარატებს, მაგალითად, პროგესტერონს იღებდნენ, ხშირად აღენიშნებათ რეცეპტული მეტყველების შეფერხება ანუ არ ესმით მიმართული მეტყველება.

სოციალურ-ფსიქოლოგიურ-კულტურული თეორიის მიხედვით, აუტიზმის განვითარებაზე სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები ახდენს გავლენას. ამერიკელმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, რომ აშლილობა ხშირია მიგრანტებს შორის. ე. ფომბონის 2001 წლის ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ერთი ან ორივე მშობლის მიგრანტის სტატუსი აუტიზმის სიხშირესთანაა შეჭიდული. ზოგი მეცნიერის ინტერპრეტაციით, მიგრანტი ქალები მოწყვეტილნი არიან თავიანთ გარემოს, უწევთ კვების სტილის, სოციალურ-ფსიქოლოგიური გარემოს შეცვლა, გარშემო არ ჰყავთ ნათესავები, მეგობრები, ემოციური და სტრესული ფონი კი იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, რაც ნაყოფზეც მოქმედებს.


ერთ-ერთი თეორია აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირზე მიუთითებს. წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაციის დაწყებისთანავე ამერიკაში თითქოს იმატა აუტიზმის შემთხვევებმა. ეჭვი ჰქონდათ ვაქცინის შემნახავ ნივთიერებაზე – თიმეროზალზე, რომელიც მძიმე მეტალებს შეიცავდა, მძიმე ლითონებით ინტოქსიკაცია კი აუტიზმის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა, მაგრამ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევებმა არ დაადასტურა ვაქცინაციის კავშირი აუტიზმის შემთხვევებთან.


აუტიზმის გახშირება ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგიცაა. ლეო კანერის მოღვაწეობის პერიოდში, 70-იან წლებამდე, აუტიზმის ჩამოყალიბების ნეიროგანვითარებითი დარღვევის მოდელის გავრცელებამდე მეცნიერებაში დომინირებდა ფსიქოანალიტიკური მოდელი. ეს თეორია აუტიზმს დედა-შვილის მიჯაჭვულობის ადრეული დარღვევისა და ადრეული ტრავმატიზაციის შედეგად განიხილავდა, აუტიზმს კი “ცივი დედების” დაავადებას უწოდებდნენ. სინამდვილეში “სიცივეში” დედას არ მიუძღოდა ბრალი – როდესაც შვილს რეაქცია არ ჰქონდა ალერსზე, არ შედიოდა კონტაქტში, ქვეცნობიერად დედაც ვეღარ ეკონტაქტებოდა მას, რადგან არ იცოდა, როგორ დაეძლია მათ შორის აღმართული კედელი.


ფრანგული სკოლა აუტიზმს დღესაც ფსიქოანალიტიკურად უდგება. მათი გაგებით, აუტიზმი ბავშვის ადრეული ტრავმატიზაციის შედეგია. ამ თეორიის თანახმად, აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელი ნიშნები რეაგირებაა მატრავმირებელ სტრესულ მოვლენებზე. დარღვეულია ბავშვის არა კოგნიტიური, არამედ ემოციური განვითარება და განვითარებისადმი მთლიანი მიდგომაა საჭირო. ფსიქიატრების მიერ დასმული დიაგნოზი, ადრეული მიჯაჭვულობის დარღვევა, ძალიან ჰგავს აუტისტური სპექტრის აშლილობას, ოღონდ ის ოდნავ მოგვიანებით ვლინდება.

ფაქტია, აუტიზმის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ადრეული ტრავმატიზაცია – ძუძუდან ადრეული მოწყვეტა, დედასთან ურთიერთობის დეფიციტიც ასრულებს. დამატებითი ფაქტორებია ძიძა, ტელევიზორი და კომპიუტერი. კომპიუტერი ძალიან მავნე გავლენას ახდენს ბავშვის მეტყველებისა და ენობრივ განვითარებაზე. ამიტომაც ურჩევენ ამერიკელი პედიატრები მშობლებს, ორ წლამდე ასაკის ბავშვი ტელევიზორსა და გაჯეტებს არ გააკარონ. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს, რომელიც ტელევიზორთანაა მიმჯდარი, არ აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნები, მაგრამ მათი თავის ტვინი უფრო მოწყვლადია, დამოკიდებულნი ხდებიან ტელევიზორზე, ძალიან უყვართ უჩვეულო სტიმულაცია, განსაკუთრებით – რეკლამები. ასეთი დამოკიდებულება, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, აფერხებს ენისა და მეტყველების განვითარებას.



დიაგნოზი

აუტიზმის სამედიცინო მარკერები არ არსებობს, პატარა ბავშვის ქცევა კი ძალზე ვარიაბელურია და სხვადასხვა ადამიანთან, სხვადასხვა გარემოში ის სხვადასხვანაირად იქცევა, ამიტომ ბავშვი რამდენიმე სპეციალისტმა უნდა შეაფასოს: ფსიქიატრმა, ნევროლოგმა, ფსიქოლოგმა, ნეიროფსიქოლოგმა, ოკუპაციურმა თერაპევტმა, შესაძლოა, მეტყველების თერაპევტმაც. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ბავშვის ქცევაზე დაკვირვება, სპეციალური ტესტების ჩატარება, მშობლებთან გასაუბრება.

ბოლო დროს გახშირდა აუტიზმის წაშლილი, მიმიკრირებული ფორმები, როდესაც დაავადების ყველა ნიშანი არ არის აშკარა, ან არის და ზოგ შემთხვევაში ქრება ადრეული ინტერვენციის ფონზე. ბოლო ათი წელია, მომრავლდნენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ შეგრძნებათა მოუწესრიგებლობა, რასაც სენსორული ინტეგრაციის დარღვევას უწოდებენ. ის აუტისტური სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომია და გარემოს სტიმულებზე უჩვეულო რეაგირებით გამოიხატება.


მკურნალობა

თბილისში უკვე მოქმედებს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის. ეს პროგრამა ფსიქოლოგიურ მიდგომებს ეფუძნება. ყველაზე გავრცელებულია ბიჰევიორული მიდგომა ანუ გამოყენებითი ქცევითი ანალიზი – ABA. ABA თერაპია გულისხმობს ბავშვისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს პოზიტიური ქცევის განმტკიცებას და ჩააქრობს ნეგატიურს, დაეხმარება ბავშვს ვერბალური ანუ სამეტყველო ქცევის, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობის ჩვევების გამომუშავებაში.


ბავშვი სწავლობს სიტყვით მოთხოვნას, სიტყვის საჭიროებისამებრ გამოყენებას. ABA თერაპია ყველაზე გავრცელებული, იაფი, სწრაფი, გაზომვადი და ეფექტურია. ასიდან 99 ბავშვი მას კარგად ემორჩილება.არსებობს თერაპიის სხვა მეთოდებიც, მაგალითად, ფლორთაიმი. ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში სწორედ ამ მეთოდს მივმართავენ. ფლორთაიმის მიზანია არა კონკრეტული ჩვევების ფორმირება, არამედ კონკრეტული უნარების სტიმულირება და მათი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში. თუმცა ფლორთაიმთერაპია უფრო ნელია, სპეციფიკურ მომზადებას და გამოცდილებას მოითხოვს და ამიტომ უფრო ძვირიც ღირს.თერაპიის ეს ორი სახეობა ერთმანეთს არ გამორიცხავს. პირიქით, დასაწყისისთვის კარგია ABA, მერე კი – კომუნიკაციის განვითარებაზე ორიენტირებული თერაპია. აუცილებელია მკურნალობაში ლოგოპედისა და ოკუპაციური თერაპევტის ჩართვაც. ამდენად, მკურნალობა ძვირად ღირებული სერვისია, ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში მას სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოში აუტიზმის მკურნალობის პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში მოქმედებს.

თვითდამაზიანებელი ქცევის შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტური მკურნალობაც იქნას ჩართული.



საბავშვო ბაღისა და სკოლის შერჩევა


ბავშვის ჩვეულებრივ ბაღში მიყვანა სჯობს. როცა მდგომარეობა რთულია, ბავშვი უჩვეულოდ რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე და ხშირად აქვს ტანტრუმი (ძლიერი ჭირვეულობა), უარს ამბობს კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციაზე, სპეციალური განათლების მქონე მასწავლებლისა თუ სათანადოდ მომზადებული ფსიქოლოგის დაუხმარებლად შეუძლებელია ჯგუფში მისი ადეკვატური ჩართვა. ასეთი ბავშვისთვის განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნას სპეციალური მომზადება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებელიც, მშობელიც და ბავშვიც დიდ პრობლემებს შეეჯახებიან. ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში აუცილებელია გარეგანი სტიმულების კონტროლის ცოდნა, ასევე სხვა ბავშვების მშობლებისა და სხვა მასწავლებლების ცოდნის ამაღლება აუტიზმის შესახებ. ბავშვის ინკლუზიისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლებისა და მშობლების განწყობაც. თუ ასა-ს ნიშნები მკაფიოდაა გამოხატული, შესაძლოა, უკეთესი იყოს ინტეგრირებული საბავშვო ბაღი, იგივე შეიძლება ითქვას სკოლაზეც:თუ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლები სათანადოდ არ არიან მომზადებულნი, მათ და სხვა მოსწაფეების მშობლებს არ აქვთ ადეკვატური განწყობა, ბავშვს ახასიათებს თვითდამაზიანებელი ქცევა ან მძიმე ტანტრუმი, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია, სპეციალიზებულ სკოლაში ვატაროთ.


აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის, თუნდაც მაღალფუნქციურის, ინკლუზია საკმაოდ რთულია. უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სტიმულების კონტროლი, რადგან შესაძლოა, ბავშვს გარშემო მყოფებისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით დაეწყოს ტანტრუმი,


ბავშვი გაკვეთილში ჩართული არ არის, ამიტომ მისთვის ინტეგრირებულ კლასში ყოფნა ჯობს. ასეთი კლასი თბილისში ორია, მაგრამ ისინიც ჯერ კიდევ მოითხოვს დახვეწას. მასწავლებლებს პრაქტიკა და გამოცდილება აკლიათ და მოსწავლეც ბევრია. არ შეიძლება, ასა-ს მქონე შვიდ ბავშვს ორად ორი მასწავლებელი ასწავლიდეს. ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაფუძნებული სტანდარტის თანახმად, საჭიროა ორ ბავშვზე ერთი მასწავლებელი და ექვსზე – სპეციალური განათლების მქონე ერთი პედაგოგი. ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებისთვის ზოგადსაგანმანთლებლო კლასის თანატოლებთან ერთად ჩასატარებელი აქტივობები მკაფიოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს.

იმედი



უტისტური სპექტრის აშლილობა არ არის განაჩენი. დროული გამოვლენისა და სწორი მკურნალობის შედეგად სურათი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. რაც უფრო ადრე დაიწყება ის, მით მეტია ბავშვის მოქნილი ნერვული სისტემის ადეკვატური განვითარების შანსი. ორ წლამდე საჭიროა ბავშვები მოვარიდოთ ტელევიზორს, აიპედსა თუ სხვა გაჯეტებს, ორ წლამდე ასაკი მეტყველების განვითრებისთვის კრიტიკული პერიოდია და ამ დროს უნდა ესმოდეს ბავშვს ცოცხალი მეტყველება მშობლიურ ენაზე. აუცილებელია მშობლებთან კომუნიკაცია და თამაში, მშობლების ყურადღების ცენტრში ყოფნა, კომუნიკაცია და-ძმასთან, სიტო და მზრუნველი გარემო.

image

დავამთავროთ იმით, რითაც დავიწყეთ:
ხშირად აუტისტ და სავანისტ ადამიანებს ფენომენალური ნიჭები აქვთ!
თითქმის ბრმა რიჩარდ ვოუერი მეხსიერებით ხატავს. მისი ნახატები არაერთ პოლიტიკოსის და ცნობილი ადამიანის კელდებს ამშვენებს.
სავანტის სინდრომის გამო 11 წლის ასაკამდე საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. მოკლედ, ბუნება ზოგს ამას აძლევს, ზოგს იმას, ყველაფერს ერთად - არავის. სავანტების "გენიალობის ზონა" ტვინის მარცხენა საფეთქლის წილშია გააქტიურებული, რასაც ე. წ. ნორმალურ ადამიანში სძინავს, სავანტისტებთან და აუტისტებთან კი მუდმივად მუშაობს, რისი დამსახურებაცაა მათი არაჩვეულებრივი მეხსიერება და რიგი გასაოცარი ფენომენალური უნარები. მეცნიერები ცდილობენ, ეს ზონა ჯანსაღ ადამიანებსაც გაუღვიძონ, მაგრამ ჯერჯერობით ამის მიღწევა არ მოხერხდა. აი, ამაშია საქმე!

0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0