x
image
თუთიკო ბერძენა
ამერიკა - ღუმელი, რომელშიც მოხვედრილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიდან ამერიკელი გამოდნებოდა
image



ჯგუფთაშორისო ურთიერთობები ცრურწმენების, სტერეოტიპების და დისკრიმინაციის წარმომავლობას უკავშირდება.
ცრურწმენა არის სოციალურად შემოსაზღვრული ჯგუფისადმი წინასწარშეგონებული უარყოფითი ატიტუდი. სტერეოტიპი შეიცავს ნიშან-თვისებათა ერთობლიობას, რაც მიეწერება ხოლმე ამ სოციალურად შემოსაზღვრულ ჯგუფებს. სტერეოტიპი ბერძნული სიტყვაა და მყარ ანაბეჭდს, ტვიფრს ნიშნავს. თვითონ ტერმინი სტამბიდან წამოვიდა. პოლიგრაფიაში ის მძიმე, მონოლითურ საბეჭდ ფორმას, გალვანურ კლიშეს აღნიშნავდა, რომელიც ერთხელ ჩამოსხმული, ძნელად იცვლებოდა, და მრავალტირაჟიან და ხელახალ
გამოცემათა ბეჭდვისას გამოიყენებოდა. ეს ცნება 1922 წელს პირველად გამოიყენა მასობრივ კომუნიკაციათა ამერიკელმა მკვლევარმა უოლტერ ლიპმანმა. ლიპმანი თვლიდა, რომ ეს ტერმინი გამოხატავს საზოგადოებაში გავრცელებულ, მიკერძოებულ, აკვიატებულ წარმოდგენებს ზოგიერთი ნაციონალურ-ეთნიკური, სოციალურ-პოლიტიკური და პროფესიული ჯგუფის მიმართ.

ცრურწმენა და სტერეოტიპი იწვევს დისკრიმინაციულ ქცევას _ დაწყებული ადამიანის მიმართ არათანასწორი, უსამართლო მოპყრობით მისი ჯგუფის წევრობის ნიშნით, დამთავრებული მისი უფლებების უხეში დარღვევით და სოციალური თუ პოლიტიკური ჩაგვრით.

ჯგუფთაშორისო ურთიერთობები ისტორიის ჭრილში
ცრურწმენა და სტერეოტიპიზება სათავეს წარსული ჯგუფთაშორისო კონტაქტიდან იღებს. ეს კარგად ჩანს ამერიკის მაგალითზე. კონტაქტის ისტორიულმა ვითარებებმა _ მე-17 ს. დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანთა ჩამოსახლებამ _ გარკვეული ჯგუფთაშორისო ურთიერთობები და ურთიერთაღქმა ჩამოაყალიბა.


დავიწყოთ იმით, რომ შავკანიანები აშშ-ში როგორც იაფი მუშახელი შემოიყვანეს. შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის აშკარა გარეგნულმა განსხვავებამ გაუადვილა თეთრკანიანებს შავკანიანების თავისზე დაბლა მდგომ, არასრულფასოვან ადამიანებად მიჩნევა. მონობის ინსტიტუტმა ჩამოაყალიბა ურთიერთობა, სადაც არსებობდა მხოლოდ ორი როლი: ბატონი და
მონა. ამ როლებს აუცილებლობით მოჰყვა თეთრკანიანების ქედმაღლური დამოკიდებულება შავკანიანებისადმი და მათი ნეგატიური სტერეოტიპიზება. მუშაობას მონებს დასჯის მუქარით აიძულებდნენ და რადგანაც მუყაითი შრომის არანაირი სტიმული არ გააჩნდათ, ისინი ყოველნაირად თავს არიდებდნენ შრომას. ამის გამო თეთრკანიანები მათ ზარმაცებად მიიჩნევდნენ და არ უფიქრდებოდნენ, რომ ეს ბატონისა და მონის ინსტიტუციონალიზებული როლური ურთიერთობიდან მომდინარეობდა. მონათმფლობელები თავის მონების განათლებაზე, ცხადია, არ ზრუნავდნენ და გაუნათლებელი მონების გონიერებაც ეჭვის ქვეშ დგებოდა; მონები ცხოვრობდნენ ღარიბულად _ ცუდი იყო მათი საცხოვრებელი პირობები, ტანსაცმელი, საკვები, ამდენად თეთრკანიანები მათ უმაქნისებად და უსუფთაოებად მიიჩნევდნენ; რადგანაც მონები ყველაფერში თეთრკანიანებზე იყვნენ დამოკიდებულნი, სამუდამოდ "ბავშვებად" რჩებოდნენ და ამიტომაც მათ “ბიჭო”-თი მიმართავდნენ; ბრაზის და გაღიზიანების გამოხატვისთვის ისჯებოდნენ და მონებმაც საკუთარი ემოციების დამალვა ისწავლეს, თეთრკანიანმა მონათმფლობელებმა კი მიიჩნიეს, რომ შავკანიანები მონის ხვედრს არ ემდურიან.


ამგვარად, შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის როლურმა ურთიერთობებმა განაპირობა ის შეხედულებები, რაც თითოეულ ჯგუფს შეექმნა ერთმანეთის შესახებ. ამ სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში მონაწილე პროცესები საერთოა ყველა სხვა, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სტერეოტიპისთვის. მაგ., არაკვალიფიციური მუშა განიხილება როგორც ღონიერი, უნიჭო, იმპულსური და წინდაუხედავი; ხოლო ბიზნესმენი როგორც მომხვეჭელი, გონებასხარტი, ქედმაღალი და ცბიერი; მაღალი სოციალური კლასიდან გამოსული ადამიანი ჭკვიანი, მიზანსწრაფული, პროგრესული, მოწესრიგებულია,
ხოლო დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენილი უმეცარი, ზარმაცი, არხეინი, გარეგნულად მოუწესრიგებელი და უსუფთაოა. ამრიგად, ჯგუფებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები ასევე აყალიბებს სტერეოტიპებს. ეს სტერეოტიპები, ჩვეულებრივ, უკავშირდება ცალკეულ ჯგუფებს, მაგრამ ამ ჯგუფების ნამდვილ ბუნებასთან ცოტა რამ აქვთ საერთო. ყოველ ჯგუფს, რომელიც გარკვეულ სოციალურ როლს ასრულებს, მაშინვე ენიჭება ამ როლთან დაკავშირებულ სტერეოტიპი. მონები თეთრკანიანები
რომ ყოფილიყვნენ, ხოლო შავკანიანები მონათმფლობელები _ სტერეოტიპებიც შებრუნებული იქნებოდა.

სოციოლოგმა რობერტ ბლაუნერმა წამოაყენა პროვოკაციული თეზისი, რომ შავკანიანთა ყოფა ამერიკაში კოლონიალიზმის სახეობაა. იგი მას შიდა კოლონიალიზმს უწოდებს. მისი აზრით, ეს ცნება აშშ-ს სხვა ჯგუფებსაც მიეყენება, განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტის მკვიდრი მოსახლეობის _ ინდიელების და მექსიკელ-ამერიკელების ყოფას.
შიდა კოლონიალიზმი კლასიკური კოლონიალიზმის სახეობაა. კოლონიალიზმის კლასიკური ფორმები სამი ძირითადი ნიშნით ხასიათდება. პირველი, ერთი ჯგუფის მიერ მეორის ძალისმიერი დაპყრობა-დამონება. ჩვეულებრივ, გარედან მოსული დომინანტური ჯგუფი იპყრობს მეორის ტერიტორიას, როგორც ეს გაკეთდა ამერიკაში ევროპელ თეთრკანიანთა მიერ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის, ინდიელების მიმართ. მეორე, კოლონიურ საზოგადოებაში დაქვემდებარებულ ჯგუფს შეზღუდული აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება და აგრეთვე, გადაადგილების თავისუფლება. შავკანიანებს ამე-რიკაში შეზღუდული ჰქონდათ ეს თავისუფლება. კოლონიალიზმის მესამე ნიშანია დაქვემდებარებული ჯგუფის ღირებულებების და ტრადიციების ტრანსფორმირება ან სრული მოსპობა. ამერიკაში მონებად ჩაყვანილ აფრიკელებს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობა ჰქონდათ. ჩამოსვლისთანავე ისინი დააცილეს ერთმანეთს და აიძულებდნენ ელაპარაკათ ინგლისურად.


ამრიგად, შავკანიანების მდგომარეობა ამერიკაში კლასიკური კოლონიალიზმის ორ მნიშვნელოვან ასპექტს ემთხვევა, მაგრამ განსხვავდება ერთი ასპექტით _
შავკანიანები ამერიკის კონტინენტის მკვიდრ მოსახლეობას არ წარმოადგენდნენ.
ბლაუნერი ამტკიცებს, რომ არათეთრკანიანი რასობრივი ჯგუფების ყოფაცხოვრება დიდად განსხვავდებოდა ამერიკის თეთრკანიანი უმცირესობების ცხოვრებისაგან. დომინანტი ჯგუფის სოციალურ სისტემაში ინტეგრაცია გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იყო ირლანდიელი, გერმანელი, პოლონელი, იტალიელი, შვედი და ევროპული წარმოშობის სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის, ვიდრე არათეთრკანიანებისთვის. ნაწილობრივ, ეს ასეც იყო, რადგან თუკი ამ ჯგუფების წევრები აითვისებდნენ დომინანტი ჯგუფის ენას
და ძირითად სოციალურ წეს-ჩვეულებებს, გარეგნულად მათი გამორჩევა დომინანტი უმრავლეობისგან თითქმის შეუძლებელი ხდებოდა. მეტიც, ევროპელი ეთნიკური ჯგუფები ისე არ იჩაგრებოდნენ, როგორც არათეთრკანიანი რასობრივი ჯგუფები. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კულტურული სხვაობები ევროპელ ჯგუფებსა და თეთრკანიან უმრავლესობას შორის იმთავითვე არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ეს აფრიკელ ჯგუფებსა და თეთრკანიან უმრავლესობას შორის იყო. ევროპელი ჯგუფები არ იცვლიდნენ რელიგიურ მრწამსს, ინარჩუნებდნენ ოჯახურ ურთიერთობათAსისტემას და არაერთ კულტურულ ტრადიციას. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ შეზღუდული ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად გადაადგილების თავისუფლება. ამდენად, ამერიკულ საზოგადოებაში მათი აბსორირების პროცესი გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობდა. არც თუ იშვიათად, ყოფილი იმიგრანტები თეთრკანიანი უმრავლესობის წევრები ხდებოდნენ,
რაც არათეთრკანიანებისთვის სრულიად მიუწვდომელი იყო.


მრავალი წლის მანძილზე ამერიკა განიხილებოდა როგორც ღუმელი, რომელშიც მოხვედრილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიდან ამერიკელი გამოდნებოდა. თუმცა ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი აბსორბირდა და თეთრკანიანი ანგლოსაქსური პროტესტანტული დომინანტური კულტურის ჭარმომადგენლად, ინგლისური აბრევიატურით წასპ-ად იქცა.
არაერთი ეთნიკური ჯგუფი დღესაც ინარჩუნებს სუბკულტურული უნიკალურობის ძლიერ განცდას. ამ სხვაობის დასაფიქსირებლად მილტონ გორდონმა განასხვავა ასიმილაცია და აკულტურაცია.
ასიმილაციაა, როდესაც დომინანტური კულტურით მთლიანად შთანთქმული სუბკულტურა სწყვეტს არსებობას. ეს ჯგუფი, აღარ არსებობს როგორც კულტურული ჯგუფი, მაგრამ მისი წევრები თანაბრად მონაწილეობენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ განიცდიან დისკრიმინაციას, თავისუფლად შედიან შერეულ ქორწინებაში, თავს აიგივებენ სრულიად ამერიკულ საზოგადოებასთან, ითავისებენ ზოგადამერიკულ კულტურულ წეს-ჩვეულებებს.

აკულტურაცია არ არის იმდენად ყოვლისმომცველი, როგორც ასიმილაცია. იგი გულისხმობს დომინანტური ჯგუფის კულტურულ წეს-ჩვეულებებთან მორგებას საკუთარი იდენობის დათმობის გარეშე. ჯგუფი, რომელმაც აკულტურაცია გაიარა, ლაპარაკობს დომინანტი ჯგუფის ენაზე; იგი ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტიტუციებში მონაწილეობს. მაგრამ, ამასთანავე ინარჩუნებს საკუთარი განსხვავებული იდენტობის განცდას და ზოგიერთ (და არა ყველა) კულტურულ წესსა და ჩვეულებას; მისი წევრები არ შედიან შერეულ ქორწინებაში დომინანტი კულტურული ჯგუფის წევრთან და დომინანტურ ან სხვა სუბკულტურულ ჯგუფებთან კონფლიქტშიც კი შეიძლება იმყოფებოდნენ.
აკულტურაცია უფრო სწრაფია, ვიდრე ასიმილაცია. ამერიკაში ჩასული ყველა ჯგუფი იძულებული იყო გარკვეული აკულტურაცია გაევლო თუნდაც იმისთვის, რომ გადარჩენილიყო. სხვა საკითხია ასიმილაცია. ამერიკის დომინანტი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა არათეთრკანიანი ჯგუფების ასიმილაციას. არაერთ სუბკულტურულ ჯგუფს, თეთრკანიანს და არათეთრკანიანს, ასევე არ სურდა ასიმილაცია. ის ფაქტი, რომ დღესაც არსებობს ჯგუფები, რომლებსაც ჰქვია იაპონელი-ამერიკელები, პოლონელი-ამერიკელები, მექსიკელი-ამერიკელები, ირლანდიელი-კათოლიკეები, ებრაელები და მკვიდრი ამერიკელები, მოწმობს იმას, რომ ეს სუბკულტურული ჯგუფები მთლიანად არ ასიმილირდა.
ტერმინი ეთნიკური პლურალიზმი აღწერს იმას, რომ ამერიკაში დღემდე არიან იდენტიფიცირებადი ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც თანაარსებობენ და ურთიერთობენ ერთმანეთთან. ეს პროცესი გულისხმობს არა მხოლოდ უმცირესობის ჯგუფის აკულტურაციას უმრავლესობის ჯგუფთან, არამედ იმასაც, რომ უმრავლესობის ჯგუფის კულტურაც რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებთან კონტაქტში მეტნაკლებად იცვლება.


ამერიკული კულტურის უდიდესი მონაპოვარი _ ჯაზი, სწორედ ამის შედეგია.
სტრუქტურული ასიმილაციის თეორია იცვლებოდა ამერიკა და ჯგუფაშორისო ურთიერთობები სულ უფრო კომპლექსურ ხასიათს იძენდა. ამ გართულებული ურთიერთობების გააზრების ერთერთი მცდელობაა
სტრუქტურული ასიმილაციის თეორია, რომლის ავტორია პეტერ ბლაუ. ბლაუ ამტკიცებს, რომ ისტორიის მანძილზე საზოგადოების სოციალური სტრუქტურის სხვადასხვა პარამეტრებს შორის გადაფარვის ხარისხი საკმაოდ შეზღუდული და მეტნაკლებად სტაბილური იყო (სოციალურ სტრუქტურებში იგულისხმება სოციალური კლასი, რელიგია, ეთნიკურობა). მაგ., არსებობდა რასობრივი სტატუსის იერარქია, რომელშიც თეთრკანიან ადამიანებს უფრო მაღალი სტატუსი ჰქონდათ, ვიდრე არათეთრკანიანებს და სტატუსის ეს
იერარქია ზუსტად შეესაბამებოდა სოციალური კლასის იერარქიას (თეთრკანიანთა უმრავლესობა უფრო მაღალ სოციალურ კლასს ეკუთვნოდა, ვიდრე არათეთრკანიანები).

ასევე, არათეთრკანიანთა შორის ცოტა იყო კათოლიკე ან ებრაელი; რასობრივი და რელიგიური ჯგუფების წევრობა არ ფარავდა ანუ არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ამ ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური და კლასობრივი ჯგუფების საზღვრების შენარჩუნებას ხელს უწყობდა მათი საცხოვრებელი უბნების განცალკევებულობა (სეგრეგაცია). ეს ნიშნავს, რომ ამ სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულ ჯგუფებს შორის კონტაქტი იყო მინიმალური.

დროთა განმავლობაში სურათი იმდენად შეიცვალა, რომ ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის შიგნით სხვადასხვა სოციალური კლასის წარმომადგენელი გაჩნდა. მაგ., თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის იმიგრანტთა მესამე თაობა კლასობრივი თვალსაზრისით არ განსხვავდება ინგლისურენოვანი უმრავლესობისგან (განსხვავდებიან მხოლოდ ესპანელები და შავკანიანები). განსახლების სეგრეგაცია რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ძალზე შემცირებულია და თანდათანობით ქრება. რელიგიური საზღვრებიც იშლება. სულ უფრო იზრდება კონტაქტი იმ ჯგუფებს შორის, რომლებსაც ადრე კონტაქტი თითქმის არ ჰქონიათ.
მატულობს სოციალურ კატეგორიებს შორის გადაფარვა. ადამიანები სულ უფრო სწყდებიან ჯგუფებს, რომლებსაც ეკუთვნოდნენ და მათი შიდაჯგუფური კავშირებიც სუსტდება.

სოციალური სტრუქტურის სხვადასხვა პარამეტრთა გადაფარვის შედეგად იზრდება მეგობრული კავშირები სხვადასხვა ჯგუფის წევრეთა შორის, შერეული ქორწინებების რიცხვი და ა.შ. შერეულ ქორწინებათა მაჩვენებლების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ერთი პარამეტრით, მაგ., რელიგიით, მსგავსნი არიან სხვა პარამეტრით, როგორიცაა სოციალური კლასი და რასა.
ეს მსგავსება იმდენად დიდია, რომ განსხვავებებს ჩრდილავს. შერეულ ქორწინებებში დაბადებული ბავშვები თავს არ აიგივებენ რომელიმე მშობლის ეთნიკურ ჯგუფთან, რაც კიდევ უფრო მეტად შლის ჯგუფურ საზღვრებს. ამ თეორიის თვალთახედვით, ამერიკულ საზოგადოებაში ჯგუფის წევრობის კატეგორია კარგავს ძალას ანუ საზოგადოება ნაკლებად პლურალისტული ხდება: ჯგუფები ისე ირევა ერთმანეთში, როგორც ამას “სადნობი ღუმელის” მეტაფორა ხატავს. ამ ტენდენციიდან მთავარი გამონაკლისია მკაცრი
შესაბამისობა რასასა და სოციალურ კლასს შორის _ შავკანიანთა უმრავლესობა ჯერაც ღარიბია და შავკანიანის და თეთრკანიანის შერეული ქორწინება დიდი იშვიათობაა.

1
74
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
74
  
,,ამერიკა ჰგავდა ღუმელს, საიდანაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანისგან ამერიკელი უნდა გამომდნარიყო,, - გადასარევია!!!
0 1 1