x
image
თუთიკო ბერძენა
რამდენ რაიმეს ამბობს თითქოს უბრალო და მარტივი რამ - ყავის მირთმევა

image



ჭიქა ყავის მირთმევის უბრალო აქტი - ერთი შეხედვით თითქოს არაფერი. ეს ხომ ჩვეულებრივი რამაა? რა შეგვიძლია ვთქვათ ამ, ერთი შეხედვით, სავსებით გარკვეულ ქმედებაზე? ძალზე ბევრი რამ.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ყავა არ არის მხოლოდ "გამაცოცხლებელი" სასმელი. მას სიმბოლური ღირებულება აქვს, როგორც ჩვენი ყოველდღიური სოციალური აქტივობების ნაწილს. ხშირად, ყავის დალევასთან დაკავშირებული რიტუალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ყავის დალევა. ორი ადამიანი, რომელიც ჭიქა ყავაზე შეხვედრას თანხმდება, უფრო მეტად ერთმანეთის მონახულებით და საუბრით არის დაინტერესებული, ვიდრე იმით, თუ რას მიირთმევენ, ნალექიანს თუ უნალექოს. სუფრა, ფაქტობრივად, ყველა საზოგადოებაში, სოციალური ურთიერთქმედებისა და რიტუალების შესრულების საშუალებას იძლევა.


მეორე – ყავა, კოფეინის შემცველი თავისებური ნარკოტიკია, რასაც მასტიმულირებელი გავლენა აქვს ტვინზე. დასავლურ კულტურაში, ყავაზე დამოკიდებული ადამიანები, უმეტესად, არ ითვლებიან ნარკომანებად. ალკოჰოლის მსგავსად, ყავა სოციალურად მისაღები `ნარკოტიკია~, მაშინ როდესაც, მაგალითად, მარიხუანა სოციალურად მიუღებელია. თუმცა, არის საზოგადოებები, რომლებიც ტოლერანტულია მარიხუანას ან თუნდაც კოკაინის მოხმარების მიმართ, ხოლო ალკოჰოლისა და ყავის მიმართ არაკეთილგანწყობილია.


მესამე - ინდივიდი, რომელიც ჭიქა ყავას მიირთმევს, ჩართულია მთელ მსოფლიოში გავრცელებული სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების რთულ ქსელში. ყავის წარმოება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია, მუდმივ საქმიან გარიგებებს მოითხოვს ადამიანებს შორის, რომლებიც ათასობით მილით არიან დაშორებულნი ყავის მომხმარებლებისაგან. ასეთი გლობალური გარიგებების შესწავლა სოციოლოგიის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ვინაიდან ჩვენი ცხოვრების მრავალი ასპექტი ამჟამად დამოკიდებულია მსოფლიოში გავრცელებულ სოციალურ გავლენებზე და კომუნიკაციებზე.



დაბოლოს, ფინჯანი ყავის მირთმევა გულისხმობს განვლილი სოციალური და ეკონომიკური განვითარების მთლიან პროცესს.


დასავლეთისთვის ამჟამად ცნობილ ისეთ პროდუქტებთან ერთად – როგორიცაა ჩაი, ბანანი, კარტოფილი და თეთრი შაქარი – ყავა, ფართო მოხმარების პროდუქტად მხოლოდ გვიანი 1800-იანი წლებიდან იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სასმელი ახლო აღმოსავლეთში წარმოიშვა, მისი მასიური მოხმარება დაახლოებით საუკუნენახევრის წინანდელი დასავლური კოლონიური ექსპანსიიდან მოდის. სინამდვილეში, ყავის მთელი მარაგი, რომელსაც დღეს მოვიხმართ, მოდის იმ ადგილებიდან (სამხრეთ ამერიკა და აფრიკა), რომლებიც ევროპელების მიერ იყო კოლონიზებული; იგი არ არის დასავლური საკვების "ბუნებრივი" ნაწილი.

0
56
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0