x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
დედოფლისწყაროს მემორიალის პარკის აღდგენა იგეგმება
image


დედოფლისწყაროს შესასვლელში მდებარე მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის, მისი ტყეპარკის და აქვე მდებარე ტბის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაცია დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას დაუდასტურა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს შესანიშნავი დასასვენებელი პარკი შეემატება.


პარკის აღდგენა შესაძლოა სწორედ იმ პროექტის ფარგლებში განხორციელდეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. ქიზიყი.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ამ სკვერს მეუღლესა და შვილებთან ერთად, სააღდგომოდ დედოფლისწყაროში ყოფნისას, ჯერ კიდევ 2015 წელს, არაოფიციალურად ესტუმრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.


პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს.



„პროექტი ითვალისწინებს ახალი სამუშო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება. ჩვენი ვარაუდით, 63 მუნიციპალიტეტში ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.


დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ დაწვრილებით საუბარს რამდენიმე დღეში შეძლებს.


„რამდენიმე შეხვედრა კიდევ უნდა შედგეს და შემდეგ შემეძლება დეტალებზე დაწვრილებით ვისაუბროთ. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ამ მემორიალსა და ტყე-პარკთან დაკავშირებით საინტერესო იდეები გვაქვს და ძალიან მალე მოსახლეობას ვაცნობებთ. ეს ყველაფერი კი დროში გაწელილი არ არის, უახლოეს თვეებში მოხდება, “ - აცხადებს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.


ჯერ უცნობია, რა პრინციპით განაწილდება 500 მილიონი რაიონებზე და რამდენ მილიონს მიიღებს დედოფლისწყარო, თუმცა ცნობილია, რომ პროცესი ამავე თვეში დაიწყება და ტენდერებიც ივნისამდე უნდა გამოცხადდეს. შედეგად კი ყველა რაიონის ცენტრი უნდა განვითარდეს, განახლდეს მთავარი გამზირების ფასადები, მოედნები და სკვერები.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0