9 საკულტო ეკრანიზაცია, რომლებიც წიგნებზე უკეთესი გამოვიდა- კიდევ რას დაამატებდით?
წიგნების მიხედვით ფილმებს ძალიან ხშირად იღებენ, თუმცა იშვიათია ეკრანიზაცია თვითონ ნაწარმოებზე უკეთესი რომ გამოვიდეს. გამონაკლისები ალბათ მხოლოდ ეს ფილმებია:
1. დიდი გეთსბი
ფიცჯერალდის ეს რომანი 13 ჯერ იქნა ეკრანიზირებული, თუმცა მხოლოდ 2013 წლის ფილმზე შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოებიც კი დაჩრდილა. საინტერესოა კრიტიკოსების დადებითი შეფასება ლეონარდო დიკაპრიომ გამოიწვია თუ ძვირადღირებულმა და უხვმა სპეცეფექტებმა.
2. მებრძოლთა კლუბი
ჩაკ პოლანიკის წიგნის ეკრანიზაცია. ფილმის გამოსვლისას კრიტიკოსებმა ის სხვადასხვანაირად შეაფასეს, მხოლოდ 10 წლის შემდეგ, The New York Times მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეს ფილმი “დიდი ალბატობით, ჩვენი დროის განმსაზღვრელ საკულტო ფილმად" დაასახელა. ფილმიდან კი ციტატები ამოიღეს რომელთაგან ყველაზე ცნობილია -“ მებრძოლთა კლუბის პირველი წესი- არაფერი თქვა მებრძოლთა კლუბის შესახებ". რაც შეეხება დასასრულს, თვით პოლანიკმაც აღნიშნა, რომ ფილმის ფინალი წიგნის ფინალზე გაცილებით უკეთესი იყო.
3. ფორესტ გამპი
უინსტონ გრუმის წიგნის ეკრანიზაცია. ფილმში მთავარი გმირი კეთილი და მიამიტი მამაკაცია, წიგნში კი ავტორს ის ასახული ჰყავს როგორც აუტანელი ცინიკოსი. ფილმის რეჟისორმა გადაწყვიტა მთავარი გმირი დადებით პერსონაჟად წარმოეჩინა და სწორედ ეს მოეწონა მაყურებელსაც. თვითონ ფილმმა კი 6 ოსკარი აიღო.
4. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
კენ კიზის წიგნის ეკრანიზაცია. წიგნიც და ფილმიც გვიყვება თუ როგორ ხვდება მთავარი გმირი ფსიქიატრიულ კლინიკაში და როგორ ცდილობს დაღეჭილი რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას. მართალია ეკრანიზაციას თვითონ კიზიც აკრიტიკებდა იმის გამო, რომ “მთხრობელი" უკანა პლანზე იყო გადაწეული, მაგრალ ფილმმა 5 ოსკარი მაინც აიღო და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.
5. შინდლერის სია
ფილმს საფუძვლად დაედო ავსტრალიელი მწერლის თომას კენელის წიგნი "შინდლერის კიდობანი", რომელიც დაფუძნებულია ჰოლოკოსტის დროს მომხდარ რეალურ მოვლენებზე. გმირმა ოსკარ შინდლერმა გადაარჩინა 1200 ებრაელის სიცოცხლე პოლონეთისა და გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ფილმი ყველაზე ძვირადღირებული გახდა შავ-თეთრი კინოს ისტორიაში.
6. ნათლია
მარიო პიუზოს ლეგენდარული წიგნის ეკრანიზაცია. ფილმი მოგვითხრობს სიცილიის მაფიისა და კარლეონეს ოჯახის შესახებ. მარლონ ბრანდოს შესრულებული როლისთვის ოსკარიც გადასცეს, მაგრამ მან უარი თქვა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის დისკრიმინაციის პროტესტის მიზნით.
7. მექანიკური ფორთოხალი
ენტონი ბერჯესის წიგნის ეკრანიზაცია. რომანის დაწერა მწერალმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. დისტოპიური რომანი მოგვითხრობს ადამიანის აგრესიის არსზე, რომლის მოგვარება ციხესაც კი არ შეუძლია. სტენლი კუბრიკს დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადასაღებად, რეჟისორს წიგნის ენობრივი სირთულე აფრთხობდა, საბოლოოდ კი მაინც გადაწყვიტა ფილმის გადაღება.
8. მწვანე მილი
სტივენ კინგის წიგნის ეკრანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგს ზედმეტსახელი "საშინელებათა ჟანრის მეფე" აქვს, "მწვანე მილი" უფრო მისტიკა და უიმედობაა ვიდრე საშინელებათა ჟანრი. ფილმის ცა წიგნიც მოგვითხრობს სიკვდილმისჯილ პატიმარ ჯონ კოფის შესახებ. მამაკაცი გარკვეულ ძალებს ფლობს და ძალიან კეთილი და დაუცველია, მიუხედავად დიდი ფიზიკური ზომებისა.
9. გაქცევა შოუშენკიდან
სტივენ კინგის კიდევ ერთი საკულტო ეკრანიზაცია. ფილმი ყველა დროის საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში დღესაც ლიდერობს და უნდა ითქვას, რომ წიგნიც კი დაჩრდილა.