x
image
თამილა გურაშვილი
დოდო აბაშიძე: " მოგიგონებ და... არც მინდა, დაგივიწყებ და... მოვკვდები...”
image

„მსახიობმა რომ გამარჯვებას მიაღწიოს, ამისთვის არსებობს სამი კანონი: მაყურებელს უნდა ესმოდეს შენი. უნდა გხედავდეს და უნდა აღგიქვამდეს. თუკი მსახიობი ამ კანონებს არ იცავს, არ ახორციელებს, არაფერი არ გამოვა.“, – ამბობდა დ ო დ ო ა ბ ა შ ი ძ ე და თავად მართლაც რომ გაიმარჯვა
ის დღემდე უყვართ და მუდამ ეყვარებათ.
დოდო აბაშიძეს ხშირად ადარებდნენ დევგმირს, რომელშიც სიკვდილის ბოლო წუთებამდე ცოცხლობდა ბავშვი… მისი ბავშვობა კი მართლაც გასაოცარი იყო: ვერაზე პირველ დამრტყმელად და „ყოჩად“ ითვლებოდა, გაუთავებლად ბურთს დასდევდა, ჩხუბობდა… ჩხუბობდა ვაჟკაცურად – მუშტით…
დ ო დ ო ა ბ ა შ ი ძე: „მე არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ კარჩაკეტილი კაცი. მეგობრები მყავდა გარშემო, ცოტა მაგარი ბიჭიც გახლდით. მაშინ ასე იყო, მაძიებლები იყვნენ ყოჩობისა.
მე ვერაზე ვცხოვრობდი. როგორი იყო იცით, მაშინ ჩხუბი? დღეში 10-ჯერ, 15-ჯერ ვჩხუბობდით. ვამტვრევდით ერთიმეორეს. მაშინ ასეთი კანონი იყო, თუ სისხლი წაგსკდებოდა – დამარცხებული იყავი. გამარჯვებული იყო ის, ვისაც სისხლი არ წამოუვიდოდა....
...აი, ეს იყო გარტყმა-გამორტყმები. მერე სპორტს მოვკიდე ხელი, ცხენოსნობას და ნელ-ნელა მოვეშვი ჩხუბს. ბევრი შემთხვევა მქონდა და ბევრჯერ დამიხსნა თეატრალურმა ინსტიტუტმა და აკაკი ხორავამ. საშა კიკნაძე ბევრჯერ იყო ამის მომსწრე. ის სახლში იჯდა და ფანჯრიდან მიყურებდა, მე კი ზემელზე ვჩხუბობდი. წამავლებდა ყურში ხელს და ისე მივყავდი ინსტიტუტამდე.
...მამაჩემის ბებია პირველი მსახიობი ქალი იყო ეფრო კლდიაშვილი. ის ყიფიანის ქალი იყო, აკაკისთან ერთად გამოდიოდა სცენაზე. აკაკი წერეთელი „ჩემს თავგადასავალში“ წერს მის შესახებ.
მერე, შენ ხარ ჩემი ბატონი, ეფრო გათხოვდა გრიგოლ კლდიაშვილზე – პოლკოვნიკი გახლდათ.
საოცარი ოჯახი იყო, ერთი შვილი – საბა, ოდესაში მოკლეს, როდესაც ებრაელების დევნა დაიწყო, საბა კლდიაშვილი მათ იცავდა. სამჯერ გააფრთხილეს და მერე მოკლეს.
ერთ-ერთი პირველი ქართველი ქიმიკოსი გახლდათ. ოდესაში იყო დასაფლავებული და მერე გადმოასვნეს.
მეორე შვილი – სიომონი არქიტექტორი იყო, რომელმაც დაგეგმა სათავადაზნაურო გიმნაზია, დღევანდელი უნივერსიტეტი. მან ვარაზისხევში, უნივერსიტეტის პირდაპირ ააშენა კოშკივით დაკიდებული სახლი, იქ ცხოვრობდა და ისე ხელმძღვანელობდა მშენებლობას.
ჰყავდათ კიდევ ქალიშვილი მარიამი, პირველი ქართველი ვიოლონჩელისტი ქალი.
როდესაც მამაჩემი ვ ა ნ ი კ ო ეფროსთან ჩადიოდა, მის მიერ გამართულ სპექტაკლებში მონაწილეობდა. აქედან იწყება მამას დაინტერესება თეატრით. ის შესანიშნავად მღეროდა. ბათუმის განთავისუფლებაში მონაწილეობდა.
მერე ახალციხეში იბრძოდა. დაჯილდოებული იყო ორდენით მამაცობისთვის.
მას ბარიტონი ჰქონდა, მაგრამ ა ხ მ ე ტე ლ ი თ იყო გატაცებული და ბოლომდე შესწირა თავი. ახმეტელის სტუდია, ე.ი. ფაღავას სტუდია, დაამთავრა და 1924-35 წლებში რუსთაველის თეატრში მუშაობდა.
ტრაგიკული ბედი ჰქონდა, რეპეტიციიდან წაიყვანეს და უკან აღარ დაბრუნებულა. უკვალოდ გააქრეს. უნიჭიერესი ადამიანი იყო. დღესაც მესტუმრა ადამიანი, რომელიც მასთან მუშაობდა, ილუშა ურუშაძე. მამას იხსენებდა, ეს იყო საოცარი პროფესიონალი მსახიობიო. თამაშობდა სახასიათო როლებს.
დედაჩემი ახმეტელმა სახლიდან წაიყვანა, თითქმის ძალით დაამთავრებინა სტუდია და ისიც მსახიობი გახდა. მერე დედაჩემიც მამაჩემს გაჰყვა…“
…სცენაზე ახმეტელის „ლამარას“ თამაშობენ. ლოჟაში პატარა დოდო აბაშიძე ზის გატრუნული – თვალს არ აცილებს სცენას. საცაა, აბობოქრებული ხევსურები ხმლებს იშიშვლებენ, პაუზაა, ლოჟაში თმაქოჩორა, სახეანთებული დოდო წამოხტა და დაგვიანებული რეპლიკა ისროლა წკრიალა ხმით.
მსახიობებმა საბრძოლველად შემართული ხმლები დაუშვეს. სცენაზე მდგარი დოდოს მამა დაიბნა და დედას ხელით ანიშნა, ბავშვი გაიყვანეო.
დოდოს დარცხვენილი დედა კი თავად ახმეტელმა დაამშვიდა: „დამშვიდდი, ნინო, ბიჭში მსახიობი ზის!“…
...„თეატრალური ინსტიტუტი დიდ იმედებს ამყარებს სტუდენტ დოდო აბაშიძეზე და მიაჩნია, რომ ის დიდი მსახიობი გახდება.“ – ამას უკვე თეატრალური ინსტიტუტის რექტორი აკაკი ხორავა ჩაწერს მის დახასიათებაში.
არადა, თეატრალურ ინსტიტუტში ნაცნობობით მიიღეს, გამოცდაზე გრიშაშვილის ლექსს კითხულობდა: „ჩამღერებით წავიკითხე და თანაც, რაც ძალა და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. იმხელას ვყვიროდი, რომ მთელი პროფესურა აუდიტორიიდან გარბოდა.
თურმე მაჩერებდნენ კიდეც, მაგრამ მე არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი. ინსტიტუტში დროებით, თებერვლამდე ჩამრიცხეს.
აკაკი ხორავამ თქვა, დავტოვოთ გამოსაცდელი ვადით და მერე გადავიწყვიტოთო.
მერე დოდო ალექსიძემ მომიწყო გამოცდა, მომცა ეტიუდი და ეს ეტიუდი ისე შევასრულე, რომ მთელი ინსტიტუტი ამაზე ლაპარაკობდა.
...ამის მერე ინსტიტუტში დამტოვეს. მე კიდევ ისე მომეწონა კარგი ნიშანი, რომ მერე სულ კარგ ნიშნებზე ვსწავლობდი და მე და აკაკი დვალიშვილი მარჯანიშვილის პირველი სტიპენდიატები გავხდით. 1949 წელს ჩამიყვანეს კიდეც რუსთაველის თეატრში…“
...რუსთაველის თეატრში დოდო აბაშიძემ მხოლოდ 7 წელი გაძლო და გაიქცა… გაიქცა კ ი ნ ო შ ი.
დ ო დ ო ა ბ ა შ ი ძ ე:
„მისვლისთანავე მთავარ როლებს მაძლევდნენ ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა „პეპო“, „ხევისბერი გოჩა“, „ნგრევა“… აღდგენილ „ყაჩაღებში“ მამაჩემის ნათამაშევი როლი ვითამაშე, ეპიზოდური როლებიც მითამაშია.
1956 წელს დოდო ალექსიძემ რატომღაც ოიდიპოსის როლზე დამიძახა, სამი ოიდიპოსი იყო უკვე – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე.
მე ვთქვი, „რად მინდა მე ოიდიპოსი“? მერე, რომ ვნახე, იმხელა ტექსტი იყო, ვიფიქრე, რა მასწავლის, -მეთქი და გავიქეცი თეატრიდან, წავედი კინოში, დავრჩი და დავრჩი კინოში.
მერე კინომ მიმიჩვია იმით, რომ მას სიყალბე არ უყვარს. ტექსტები პატარაა, უფრო იოლია. ქე ვიყავი, გენეცვალე, ასე და ვარ ამ დაწესებულებაში.“ – იხსენებდა მსახიობი სიკვდილის წინ, კინომცოდნე ლელა ოჩიაურისთვის მიცემულ, ბოლო ინტერვიუში…
...კინოში მისი დებიუტი „ჭრიჭინაში“ შედგა, მის „ჟოლობქვეშ“, თავსხმაში მდგარ „ბიჭიკოს“ კი ბედმა მერე 60 კინოროლი „დაასხა თავს“.
დოდო აბაშიძემ მაყურებლის გულებისკენ პირველივე, თუნდაც ეპიზოდური როლებით გაიკვალა გზა.
ქართულ კინოს წამყვან მსახიობად კი მაინც მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველის“ შემდეგ მოგვევლინა.
ზაზა აბაშიძე:
"მ ა მ ა მეშვიდე თუ მერვე კლასამდე საოცრად წყნარი და რბილი ხასიათის ბავშვი ყოფილა....გოგოებთან თამაში უყვარდა, მაგრამ სიტყვა "გოგოს" ვერ გამოთქვამდა და "დოდოს" ამბობდა, ამიტომ შეარქვეს სახელად დოდო, თორემ დ ა ვ ი თი ერქვა.
როცა წამოიზარდა, ჰანტელებით ვარჯიში დაუწყია და მეათე კლასში უკვე ისეთი "ყოჩი" დამდგარა, რომ აუღებელ ციხესიმაგრეს ჰგავდა. თუმცა, ძველი ბიჭი კი არ იყო, დღევანდელი გაგებით. ვერ იტანდა, როცა ვიღაც ვინმეს ჩაგრავდა. თვითონ სხვას არასოდეს დაჩაგრავდა, მაგრამ მისი დაჩაგვრაც შეუძლებელი იყო...
როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარდა ფეხბურთის თამაში. დიდი დავით ყიფიანი - დათო ყიფიანის მამა, იხსენებდა, ერთად რომ ვთამაშობდით, ფეხები სულ დამტვრეული მქონდაო.
დოდოს დედ-მამა რუსთაველის თეატრის მსახიობები იყვნენ. ბაბუაჩემი ვანიკო აბაშიძე ოცდაჩვიდმეტ წელს იმ ცხრა კაცთან ერთად დახვრიტეს, სანდრო ახმეტელის ჯგუფს რომ ეძახიან. ერთი წლით ადრე იგი თეატრიდან გაუშვეს და ლანჩხუთში გადაიყვანეს .... ბოლო წელს იქ ცხოვრობდა, იქ დააარსა თეატრი, რეჟისორიც იყო და მსახიობიც.
დოდო მამამისს ძალიან თბილად იხსენებდა - ვაჟკაცი კაცი იყოო, - ამბობდა. ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ, რეპეტიციაზე რომ წასულა, უკან აღარ დაბრუნებულა.
დოდოს ძალიან უყვარდა დ ე დ ა - ნინო ა ნ დ რ ო ნ იკ აშვილი. ქმრის დახვრეტის შემდეგ მარტომ გაზარდა ვაჟი.
დიდი ბებია, ეფრო კ ლ დ ი ა შ ვ ი ლ ი, პირველი ქართველი პროფესიონალი მსახიობი ქალი, მე-19 საუკუნის მსახიობთა თაობის წარმომადგენელი, აკაკი წერეთლის პარტნიორი ყოფილა სცენაზე.
ბებიაჩემს საოცრად ეამაყებოდა ანდრონიკაშვილობა...ანდრონიკე კომნენოსის შთამომავლები არიან ანდრონიკაშვილები.
ბებიაჩემს გამორჩევით უყვარდა ყველა ანდრონიკაშვილი. საზოგადოდ, ანდრონიკაშვილების ქალები სილამაზით იყვნენ განთქმულნი....ბებიაჩემი სულ ამბობდა - მე, ანდრონიკაშვილის ქალი, აბაშიძეს როგორ გავყევიო. დოდო იქით უტევდა - აბაშიძეები თქვენზე ნაკლები რით ვართ, მეტიც ვართო. სულ ამაზე კამათობდნენ...
მამის პირველი პარტნიორი სცენაზეც და კინოშიც მედეა ჩახავა იყო. კინოში მისი პირველი როლი "ჭრიჭინაში" შესრულებული ბიჭიკოა.
სხვათა შორის, სცენაზე შილერის "ყაჩაღებში" როლერი ითამაშა. ამ როლს მამამისიც თამაშობდა. დოდოს მამის კოსტიუმი ჩააცვეს თურმე და ვინც ვანიკოს იცნობდა, ყველა ტიროდა, დოდოს რომ უყურებდნენ.
ტექსტის დამახსოვრება უჭირდა და თეატრიდან მისი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
"დათა თუთაშხიაში" სეთური რომ ითამაშა, გიგა ლორთქიფანიძე ოპერატორის უკან მდგარა და დოდოს ტექსტს კარნახობდა. ძალიან დისციპლინირებული მსახიობი იყო, - წუთით არ დაიგვიანებდა გადაღებაზე... როგორი ნასვამიც უნდა მოსულიყო ღამით, მეორე დილას ექვს საათზე ფეხზე იყო. საერთოდ, დოდოს თავის შემოქმედებაზე ლაპარაკი არ უყვარდა.
, ...სახლში არაფრის გაკეთება არ ეხერხებოდა. ლურსმანს ვერ მიაჭედებდა და გადამწვარ ნათურას ვერ გამოცვლიდა.
შინ სულ სხვანაირი იყო, ვიდრე გარეთ. შეეძლო საათობით არ ელაპარაკა, თავის ოთახში ჩაკეტილიყო და წიგნი ეკითხა. როგორც ჩანს, გარეთ ხარჯავდა მთელ ენერგიას.
მონათხრობით ვიცი, რომ დედაჩემის და დეიდაჩემის სახლში, დეიდაჩემის დაბადების დღეზე სტუმრად მისულან ცნობილი ქირურგები - ვახტანგ ხურციძე (წოპე) და ზაალ კახიანი, რომლებსაც თან ეროსი მანჯგალაძე და დოდო მიუყვანიათ.
ასე გაიცნო მამამ დედაჩემი - მარინა ახვლედიანი.
დედა უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდა და მამაჩემმა ამის გამო თეატრალურის დამთავრების შემდეგ უცხო ენების ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ ვერ გაძლო და სწავლას თავი დაანება. ცოლად მოგვიანებით შეირთო, ფილმის --"მე ვიტყვი სიმართლეს" გადაღებისას.
ამ ფილმში დედაჩემი მთავარ როლს ასრულებს, მამა - მეხანძრეს თამაშობს. ფილმის ბოლო კადრებზე ვხუმრობ - მეც ვთამაშობ-მეთქი, რადგან ამ დროს დედაჩემი უკვე ფეხმძიმედ იყო..
მე რომ დავიბადე, მამა 33 წლის იყო, დედა კი 25-ის. დოდო იმ დროს სამშობიაროში ყოფილა და როცა სახლში დაურეკავს, მარტო ეს უყვირია: ბიჭია, ბიჭიო...
მიუხედავად იმისა, რომ მამას დოდოს ვეძახდი და დედას - მარინას, ბავშვობიდანვე მათთან ძალიან მორიდებული ვიყავი. ისინი არასოდეს მანებივრებდნენ, თუმცა არც არაფერს მაკლებდნენ.
არ მახსოვს, რომ მამას ჩემთვის საგანგებოდ მორალი წაეკითხოს. ორ-სამ სიტყვას იტყოდა ისეთს, რომ უკვე ვხვდებოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. არასოდეს ძალა არ დაუტანებია რაიმეზე. ერთადერთი, რასაც ხშირად მიმეორებდა, ის იყო, იქნებ ბიოლოგიურზე ჩაგებარებინაო.
რატომ ჰქონდა ეს აჩემებული, არ ვიცი. მახსოვს,
მამაჩემთან მხოლოდ ერთხელ ვთქვი - თეატრალურში ხომ არ ჩავაბარო-მეთქი. ვიცოდი, მაინცდამაინც არ გამიჭირდებოდა იქ მოხვედრა... მაგრამ ეს რომ წამომცდა, ისე შემომიბღვირა და მითხრა, ამ სისულელეებს თავი გაანებეო, რომ მას მერე ამაზე ხმა აღარ ამომიღია. მე არც ბიოლოგიურზე ჩავაბარე და არც თეატრალურში....
... უფრო ხნიერიც რომ ვიყო, დოდოს შვილიაო, მაინც იტყვიან. თავიდან მაღიზიანებდა, მერე შევეჩვიე. ისე კი არასოდეს არსად გამომიყენებია მისი სახელი - ავტოინსპექციასთანაც კი...
ძალიან კარგი თამადა იყო. სხვადასხვა სუფრას სულ სხვადასხვანაირად უძღვებოდა. ქალების სადღეგრძელოს თქმა იცოდა ძალიან ხატოვნად და ორიგინალურად. ერთხელ ერთ ქალს უთხრა - სახეზე გეტყობა, სიყვარულის აფიშა ხარო....
ნემსის გაკეთების ეშინოდა...
სულ მანქანით დადიოდა. ერთხელ გაიარა ფეხით და მაინცდამაინც მაშინ სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და თავში დაეცა, - შვიდი ნაკერი დაადეს უნარკოზოდ. ექიმი სთხოვდა, ნემსს გაგიკეთებო, მაგრამ დოდო არაფრით დათანხმებულა.
სხვათა შორის, ცხვირის ოპერაციაც უნარკოზოდ გაიკეთა, - პისტოლეტის ტარი ჩაარტყეს ერთხელ ცხვირში და გაუტეხეს, არასწორად შეუხორცდა. და ვეღარ სუნთქავდა. წოპეს გააკეთებინა ოპერაცია უნარკოზოდ. ტკივილს იტანდა, მაგრამ ნემსის ეშინოდა...
ძალიან უყვარდა უახლესი ტექნიკა - ტელევიზორები, მაგნიტოფონები... ასევე მანქანა.
თბილისში მაშინ ერთი ჯანო კახიძეს ჰყავდა "მერსედესი" და მეორე დოდოს, მაგრამ არ უვლიდა. ბოლოს "მერსედესი" გაყიდა, "ვილისი" იყიდა და იმით დადიოდა, მე ეს მანქანა თუ გამიძლებსო, - ამბობდა.
კარგი მეოჯახე იყო, სულ უცხოეთიდან ჩამოჰქონდა წვენების საწური, ყავის სახარშები, ტაფები, ქვაბები, უამრავი ჭურჭელი, დანა-ჩანგალი... ისეთი ნივთები ჩამოჰქონდა, რომ ქალსაც გაუჭირდებოდა შერჩევა...
ნუცა განსაკუთრებით უყვარდა, მუციკოს ეძახდა. ნუციკომ შეირქვა თვითონ "მუცა" და იმიტომ...
მერე, დათუნა რომ დაიბადა, სულ გაგიჟდა. ფოტოსურათზე რომ ნახა საწოლზე ტიტლიკანა წამომჯდარიყო, თქვა, - ვა, ეს რა შაჰივით ზისო და ამის მერე დაუდ-შაჰს ეძახდა. სანდროს კი ვეღარ მოესწრო.
სხვათა შორის, ხანდახან ნაცნობების სახელები ავიწყდებოდა და ყველას მამუკას ეძახდა. მამა, ესე იგი, მამუკაო - ეტყოდა. ზოგჯერ ნაცნობებს სიყვარულოვიჩსაც ეძახდა...
როგორც ჩანს, ძალიან უნდოდა, ჩემთვის ვანიკო დაერქმიათ და არა ზაზა. ამიტომაც გადაწყვეტილი მქონდა, - როცა პასპორტს ავიღებდი, სახელი გადამერქვა. კომკავშირულ ბილეთშიც ივანე ჩავაწერინე.
როცა მამამ წაიკითხა - "ივანე დავითის ძე აბაშიძე" - ცრემლი მოადგა. მართალია, ვეღარ მოვახერხე სახელის გადარქმევა, მაგრამ ახლა ჩემს შვილს, დათუნას ვეუბნები, შვილი რომ გეყოლება, ვანიკო დაარქვი-მეთქი...
მამას მართალი კაცის ცხოვრების წესი ჰქონდა და არასოდეს გადაუხვევია. მისი ცხოვრების წესი ჩემთვის მამის დანატოვარი მემკვიდრეობაა.
ბოლო წლებში სცენა მოენატრა და განიცდიდა, რომ თეატრიდან წამოვიდა. ენატრებოდა სცენაზე თამაში, ოცნებობდა, შექსპირის ტრაგედიებიდან რომელიმე როლი ეთამაშა. მის მაგიდაზე შექსპირის წიგნი მუდმივად იდო. რიჩარდ მეფესა და ოტელოს ხშირად კითხულობდა. მესმოდა, რომ თავისთვის თამაშობდა.
შემდეგ მიხეილ თუმანიშვილმა კინომსახიობთა თეატრში მიიწვია, მაგრამ იმ პერიოდში ავად გახდა. ასე რომ, სცენაზე დაბრუნება და შექსპირის პერსონაჟების განსახიერება აუხდენელ ოცნებად დარჩა.
მამას უკანასკნელი ფილმი იყო "ფესვები", რომლის გამოსვლასაც ვეღარ მოესწრო.
დოდო 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. საოცარია, რომ "ფესვებში" რაც მის გმირს დაემართა, მალევე მამაც იმავე მდგომარეობაში ჩავარდა – ინსულტი ჰქონდა, ვეღარ მოძრაობდა, 2 წელი ასე იყო.
ფილმის პრემიერა რომ შედგა, დოდო საავადმყოფოში გვეწვინა. მთელი მედპერსონალი დავპატიჟეთ ფილმის ჩვენებაზე.
კინოს სახლიდან დაბრუნებულ ექთნებს მამას პალატაში შესვლა აღარ უნდოდათ, ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ის ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც მისი გმირი გიორგი.
...
* * *
…ვაი, წრაფად აცივდა,
დღეო, რა მალე მოკლდები,
მოგიგონებ და... არც მინდა,
დაგივიწყებ და...
მოვკვდები...”
დ ო დ ო ა ბ ა შ ი ძ ე
დღეს, 1 მაისს, დ ო დ ო ა ბ ა შ ი ძ ი ს დაბადების დღეა! - წერს ლალი გოგუაძე.
1
715
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
715
  
0 1 1