x
image
ოტი
ქართული ჯარის პირადი შემადგენლობა და სტრუქტურა 1918-21 წლებში

image1918 წელს მიღებული საშტატო სტრუქტურის მიხედვით, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხვი იყო 41 260, აქედან - 2156 ოფიცერი და მოხელე, 37 474 ვადიანი სამხედრო მოსამსახურე და 1630 ნებით დაქირავებული პირი.

არმიაში ორი ქვეითი დივიზია, ცალკეული საარტილერიო ბრიგადა, ცხენოსანი ბრიგადა, საინჟინრო-ტექნიკური ძალები და სანაპირო (სასაზღვრო) ჯარი შედიოდა.

განისაზღვრა ორი სამ პოლკიანი ქვეითი დივიზიის ჩამოყალიბება. დივიზიებში ასევე შედიოდა საარტილერიო ბრიგადა.


ქვეითი დივიზიის სტრუქტურა

დივიზიის შტაბი, ცალკეული ცხენოსანი ესკადრონი, სამი ქვეითი პოლკი, საარტილერიო ბრიგადა, მესანგრეთა ასეული.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 11 178. 45/54 ქვემეხი.


ცალკეული საარტილერიო ბრიგადის სტრუქტურა

ბრიგადის სამმართველო, მსუბუქი არტილერიის დივიზიონი (სამი 4 ქვემეხიანი ბატარეა), საველე მძიმე არტილერიის დივიზიონი (სამი 4 ქვემეხიანი ბატარეა, მშვიდობიანობის პერიოდში ბატარეაში 2 ქვემეხი), მძიმე საველე ჰაუბიცების ორი დივიზიონი (თითო დივიზიონში სამი, 4 ჰაუბიციანი ბატარეა, მშვიდობიანობის პერიოდში ბატარეაში 2 ქვემეხი).

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 2126. 30/48 ქვემეხი.

ცხენოსანი ბრიგადის სტრუქტურა

ბრიგადის შტაბი, სამი ცხენოსანი პოლკი (თითოეულ პოლკში: პოლკის შტაბი; 3 ცხენოსანი ესაკდრონი; ცხენოსან ტყვიისმფრქვეველთა ესკადრონი; კავშირის კომანდა; ცხენოსან მესანგრეთა კომანდა; საწაფი/სასწავლო კომანდა; მწყობრგარეთა კომანდა; მესაყვირეთა კომანდა), სათადარიგო ესკადრონი, ცხენოსანი ბატარეა.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 3437. 4 ქვემეხი.


საინჟინრო-ტექნიკური ძალების სტრუქტურა

მესანგრეთა ბატალიონი, ტექნიკური ბატალიონი, განსაკუთრებული საავტომობილო ასეული, ჯავშნოსან ავტომობილთა ასეული, საავიაციო რაზმი, მთავარი საინჟინრო საწყობი, საინჟინრო სახელოსნო, თბილისისა და ზესტაფონის პაროქსილინის საწყობები.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 2656. ტექნიკა: 6 ჯავშანავტომობილი; 11 მსუბუქი ავტომობილი; 35 სატვირთო ავტომობილი; 6 ავტომობილი-ცისტერნა; 3 ავტომობილი სახელოსნო; 8 მოტოციკლი და 7 ველოსიპედი. აეროპლანთა რაოდენობა არ დაკონკრეტებულა.


სანაპირო (სასაზღვრო) ჯარის სტრუქტურა

სანაპირო ჯარის სამმართველო, სამი რაზმი, სასწავლო რაზმი.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 4859.

ქვეყნის მატერიალური რესურსები, შეიარაღება და სხვა ფაქტორები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ რესპუბლიკას სამხედრო სამსახურში მუდმივად 42 000-მდე ჯარისკაცი ჰყოლოდა. 1918-1919 წლებში, მშვიდობიანობის პერიოდში, რეგულარულ ჯარში მხოლოდ 10-12 000 სამხედრო მსახურობდა. ომების პერიოდში, მობილიზაციის შედეგად, რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობის რიცხვი 20 000-დან 30 000-მდე მერყეობდა.

1919 წლის ივლისში, რეგულარული ჯარის მშვიდობიანი პერიოდის შტატით განსაზღვრული პირადი შემადგენლობა შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ, რეგულარულ ჯარში 1322 ოფიცერი და მოხელე, 14 178 ვადიანი სამხედრო მოსამსახურე და 1450 ვადის ზევით მოსამსახურე და ნებით დაქირავებული დარჩა - სულ 16950 სამხედრო და სამოქალქო პირი. ჯარი საკადრო სისტემაზე გადავიდა. მშვიდობიანობის დროს, არმიის შემადგენლობაში, ორი დივიზიის ნაცვლად, სამი ქვეითი ბრიგადა ჩამოყალიბდა, რომლებიც, ომის შემთხვევაში, სამ დივიზიად უნდა გაშლილიყო. პირადი შემადგენლობის რიცხვი, პირველ ეტაპზე, 45 600 უნდა ყოფილიყო, ხოლო შემდგომში - 60 000. ახალი ორგანიზაციის მიხედვით, რეგულარულ ჯარში, მშვიდობიანობის პერიოდში, 3 საარმიო ქვეითი ბრიგადა, საარმიო არტილერიის დივიზიონი, ცხენოსანი რაზმი, სანაპირო რაზმი, საინჟინრო-ტექნიკური ძალები და სამხედრო სკოლა ირიცხებოდა.


ქვეითი ბრიგადის სტრუქტურა

ბრიგადის სამმართველო, 4 ქვეითი ათასეული (ბატალიონი), საარტილერიო დივიზიონი (3 ბატარეა).

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 3330. შეიარაღება - 12 ქვემეხი.

საარმიო არტილერიის დივიზიონის სტრუქტურა

დივიზიონის სამმართველო, სამთო ბატარეა, მსუბუქი ჰაუბიცების ბატარეა, მძიმე საველე არტილერიის ბატარეა.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 565. შეიარაღება - 12 ქვემეხი.


ცხენოსანი რაზმის სტრუქტურა

რაზმის სამმართველო, სამი ესკადრონი, ცხენოსან-ტყვიისმფრქვეველთა ესკადრონი, მეკავშირეთა მცირე გუნდი (ასეული), ცხენოსან მესანგრეთა გუნდი, სასწავლო მცირე გუნდი, უმწყობრო მცირე გუნდი.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 633.


სანაპირო რაზმის სტრუქტურა

სანაპირო ჯარის სამმართველო, ფოთის, ახალციხის, სოხუმის, დარიალის, სიღნაღის და ბორჩალოს რაზმები, თბილისის სადარაჯო ათასეული, ფლოტილია.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 3116. შეიარაღება - 3 კატარღა.


საინჟინრო-სატექნიკო ძალების სტრუქტურა

საინჟინრო-სატექნიკო ძალების სამმართველო, მესანგრეთა ათასეული, ცალკეული საავტომობილო გუნდი, საავიაციო გუნდი, საავიაციო სკოლა, რადიო-ტელეგრაფის გუნდი.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 1240. ტექნიკა - 69 ავტომობილი (აქედან 4 ჯავშნოსანი), 16 მოტოციკლი.


1920-1921 წლებში მცირე ცვლილებები შევიდა 1919 წელს დამტკიცებულ შტატებში. რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობის რიცხვი, 1920 წლის 25 ივნისის დეკრეტის საფუძველზე, 16 950-დან 19 630-მდე გაიზარდა. ჩამოთვლილი შენაერთების გარდა, შეიარაღებულ ძალებში, პერიოდულად, ქართველ მუსლიმთა ცხენოსანი დივიზიონი, ქართველ მუსლიმთა ქვეითი ათასეული, ქართული ლეგიონი და ბორჩალოს აზერბაიჯანელთა ცხენოსანი ასეული შედიოდა.

შემცირების მიუხედავად, 1919-1921 წლებში, მშვიდობიანობის დროს შტატების სრული შევსება, პერიოდულად, პრობლემას წარმოადგენდა. საომარი საფრთხის ან ომის დროს რეგულარული ჯარის პირადი შემადგენლობის რიცხვი, ამ პერიოდში, 25 000-დან 40 000-მდე მერყეობდა.

0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0