ბართოლინის ჯირკვალი განთავსებულია ვაგინასა და ვულვას შორის, შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია, ის გამოყოფს სითხეს და უნარჩუნებს ვაგინას სინოტივეს.სითხე ვაგინაში გამოიყოფა მილაკების გავლით, თუ ეს მილაკები დაიხშო, სითხე ლაგდება მათში, ჯირკვალი შუპდება და ყალიბდება ცისტა.უმეტეს შემთხვევაში უმტკივნეულო და კეთილთვისებიანია, თუმცა ცისტაში ბაქტერიების შეჭრის შედეგად ის გარდაიქმნება აბსცესად, რომელიც არის შემოფარგლული ჩირქოვანი მასა.
სიმპტომები შესაძლოა არც გამოვლინდეს, თუ ცისტა არ არის დიდი ზომის ან ინფიცირებული.აბსცესის არსებობისას აღინიშნება ძლიერი ტკივილი სიარულის, ჯდომისა და სექსუალური აქტის დროს, ტემპერატურის მომატება და შემცივნება, სისუსტე, შესაბამისი მიდამოს სიწითლე, შეშუპება და გამონადენი ცისტიდან, ხოლო დიდი ზომის ცისტა იწვევს ერთ-ერთ მხარეს დიდი სასირცხო ბაგის დაგრძელებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბართოლინის ცისტა ყალიბდება ჯირკვლის მილაკის დახშობისა და სითხის შეგუბების გამო, რაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოწვეული იყოს ტრავმის ან ინფექციის შედეგად.ცისტის ინფიცირებას მრავალი ბაქტერიის შეჭრა განაპირობებს, თუმცა მათგან უნდა გამოვყოთ შემდეგი: Escherichia coli, Chlamydia trachomatis, Neisseria gonorrhoeae, Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae
10დან 2 ქალს აღენიშნება ბართოლინის ცისტა.არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ზრდის ცისტის განვითარების რისკს :
ხშირი სექსუალური კონტაქტი
ტრავმა
ქირურგიული ჩარევა
ასაკი - 20 დან 30 წლამდე ქალებს უფრო ხშირად აქვთ ეს პრობლემა
ისტორიაში ბართოლინის ცისტის არსებობა
არ არსებობს რაიმე პრევენციული ღონისძიება ბართოლინის ცისტის ჩამოყალიბებისთვის, თუმცა კარგი ჰიგიენა და დაცული სექსუალური აქტი (კონდომის გამოყენება) თავიდან აგაცილებთ ინფექციის შეჭრას და ბართოლინის ცისტის აბსცესად გარდაქმნას.
ცისტის სამკურნალოდ საჭიროა თბილი წყლის აბაზანები: შეავსეთ აბაზანა თბილი წყლით, მხოლოდ იმ რაოდენობით, რომ დაფაროს ვულვის ნაწილი, გაიმეორეთ დღეში 3-4ჯერ, რომ ცისტა თავისით გასკდეს და მისი შიგთავსი გარეთ გამოვიდეს.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა:
მენჯის ღრუს გამოკვლევა
ნაცხის აღება, სისხლის საერთო და შარდის ანალიზი, რათა შემოწმდეს სექსუალურად გადამდები ინფექციის არსებობა
ბიოფსია, რომელიც კეთდება 40 წელს გადაცილებულ ქალებში, კანცეროგენური უჯრედების შესამოწმებლად.
თუ გამოკვლევით დადასტურდა სექსუალურად გადამდები ინფექციის არსებობა ან ცისტა ინფიცირდა საჭირო ხდება ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება, მაგრამ თუ აბსცესის შიგთავსი სწორად დრენირდება, მაშინ შესაძლოა ანტიბიოტიკები აღარც გახდეს საჭირო.
ქირურგიული დრენაჟი-საჭიროა სედატიური საშუალებების გამოყენება ან ანესთეზიის ჩატარება.პროცედურა ტარდება შემდეგნაირად-ცისტის ზედაპირზე კეთდება მცირე ზომის განაკვეთი და ამ განაკვეთშივე იდგმება კათეტერი, რომელიც ადგილზე რჩება დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში, რათა სრულად მოხდეს შიგთავსის დრენირება.
მარსუპიალიზაცია-ეს პროცედურა ტარდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს რეციდივს, ხდება ცისტის შესავლის გაკვეთა-გახსნა, მისი კედლის ცირკულარული გაკერვა, რათა შეიქმნას მუდმივი გახსნის პირობები, ჩადგმული კათეტერის შეცვლა შესაძლებელია მარსუპიალიზაციის პროცედურის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში.პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით საათნახევარია, პაციენტის გაწერა შესაძლებელია იმავე დღეს და ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები.
თუ მკურნალობის არც ერთი საშუალება შედეგს არ იძლევა და აღინიშნება ხშირი რეციდივი, მაშინ საჭიროა ჯირკვლის მოცილება.ოპერაციის ჩასატარებლად უპირველეს ყოვლისა კეთდება ანესთეზია, პროცედურის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 1 საათია.