საზოგადოებრივი ჰანა არენდტის " ტოტალიტარული მოძრაობა" . მივდივართ თუ არა ტოტალიტარიზმისკენ? 2021, 16 აპრილი, 16:42
ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორიტიკოსი და ისტორიკოსი ჰანა არენდტი, რომელიც ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ გერმანიიდან საფრანგეთში გადაიპარა. 1940წელსი კი ინტერნირებულ იქნა გიურსის საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც მოახერხა გაქცევა. ამავე წელს, ოკუპირებული საფრანგეთიდან ჯერ ლისაბონში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში გაიქცა. ასწავლიდა მრავალ უნივერსიტეტში. იგი არის ტოტალიტარიზმის თეორიის შემქმნელი. ჰანამ ჰოლოკოსტში არამარტო გერმანელები, არამედ საკუთარი რჯურის ხალხი - ებრაელები ამხილა, რომლებიც საკუთარი თავის გადასარჩენად ეხმარებოდნენ ფაშისტებს ებრაელთა დევნისას...
ტოტალიტარიზმი ანტიდემოკრატიული რეჟიმია, რომელსაც ჰანა არენდტი თავისუფლების გამანადგურებლად მიიჩნევდა. მისი თქმით, ტოტალიტარიზმი მასების გულის მოგებას პროპაგანდის საშუალებით ცდილობს, რომელიც ფსიქოლოგიური ომის ნაწილია. მას ტოტალიტარული მოძრაობები ძალაუფლების მოპოვებისთვის იყენებენ. ავტორი ტერორს ტოტალიტარული სახელმწიფოს მართვის ფორმად მიიჩნევდა, ხოლო პროპაგანდას - მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ქვეყნის შიგნით ტოტალიტარული მოძრაობების პროპაგანდა მიმართულია არატოტალიტარული ფენისადმი, ხოლო ქვეყნის გარეთ - არატოტალიტარული სახელმწიფოებისადმი. პროპაგანდა მიმართულია მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც არასაკმარისად სჯერა მოძრაობის მიზნების. ტოტალიტარული მთავრობა ცდილობს, იზოლირებული გახადოს ქვეყნის მოსახლეობა და გააძლიეროს პროპაგანდა. როცა ტერორია გაბატონებული, პროპაგანდა საჭირო აღარაა. ავტორი მასობრივ ტერორს ძალის პროპაგანდად თვლიდა. პროპაგანდით ტოტალიტარიზმი დიდ ხანს ვერ იარსებებდა. შიშის დასათესად საჭიროა ტერორი. ვინც არ დაემორჩილებოდა რეჟიმს, უმკაცრესად ისჯებოდა. ხალხი ვერ ბედავდა წინააღმდეგობის გაწევას და თავს იტყუებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. როცა ტოტალიტარიზმი აბსოლუტურად აკონტროლებდა ყველაფერს, ძალადობა დასაშინებლად კი არა, არამედ ტყუილების რეალიზაციისთვის ხდებოდა საჭირო. არენდტი ტერორის ზეგავლენას უფრო ფართომაშტაბიანად მიიჩნევდა, ვიდრე პროპაგანდას, რადგანაც ტერორი მაშინაც კი გრძელდება, როცა პროპაგანდის მიზანი მიღწეულია. მას მაგალითად მოჰყავს საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული ტერორი, რომელიც ზენიტშია, პროპაგანდა კი სრულიად გამქრალია. ტოტალიტარული პროპაგანდა საშიში მინიშნებებით ახდენდა ხალხზე გავლენას. კომუნისტურ პროპაგანდა იმით აშინებდა ხალხს, რომ ადუმორჩილებლობის შემთხვევაში უსარგებლოდ განლევდნენ ცხოვრებას. ნაცისტები კი დაუფარავად აფრთხილებდნენ ადამიანებს, რომ თუ ბუნებისა და მარადიულობის კანონის წინააღმდეგ იცხოვრებდნენ, მათ სისხლი გადაუგვარდებოდათ. ომის დროს ჰიტლერი საკუთარ გენერლებასც კი ატყუებდა, რომ ებრაელებს ევროპიდან გადაასახლებდა. სინამდვილეში მათი ამოწყვეტა ჰქონდა განზრახული. ტოტალიტარულ პროპაგანდას ხალხი გადაჰყავს გამონაგონ ილუზიაში. მასები ემორჩილებიან გამოგონილ სტაბილურობას. ერთ–ერთი გამონაგონი ებრაელების მსოფლიო შეთქმულების ამბავი იყო. ტოტალიტარული მმართველობა პროპაგანდის მეთოდებს თავისი საგარეო პოლიტიკის, ან საზღვარგარეთ არსებული განშტოებებისთვის იყენებს. თუ ზეწოლა გარე სამყაროსგან მოხდა, პროპაგანდა გააქტიურდება. მისთვის დამახასიათებელია წინასწარმეტყველული ფორმით განცხადების გაკეთება, რითაც თავს არიდებს დისკურსიას. აბსურდული არგუმენტი ადვილად დასაჯერებელი ხდება, თუ მას აწმყოში არ გამოვცდით და მომავალს მივანდობთ მისი უპირატესობის დამტკიცებას. ტოტალიტარული პროპაგანდა საკუთარ თავს ხელშეუხებლად წარმოაჩენს. მისი მართებულობა განხილვას არ ექვემდებარება. ნაცისტები გერმანელებს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ მათი მარცხის შემთხვევაში, გერმანელი ხალხი განადგურდებოდა. ჰიტლერი წინასწარმეტყველებით ამართლებდა საკუთარ გადაწყვეტილებებს. იგი ამბობდა, რომ ბუნების კანონები ისედაც ანადგურებდა დემოკრატიებს, ებრაელებს, ავადმყოფებს, აღმოსავლულ ქვეყნებს და ამიტომაც ისინი უნდა განადგურებულიყვნენ. ავტორის თქმით, „შეუმცდარი წინასწარმეტყველების მეთოდი ტოტალიტარული პროპაგანდის ნებისმიერ სხვა იარაღზე მეტად ააშკარვებს მის საბოლოო მიზანს მსოფლიო დაპყრობისა“ ( არენდტი 2018, 366 ). ტოტალიტარიზმში ლიდერის მახასიათებელი იყო შეუმცდარობა. მას არ უნდა ეღიარებინა შეცდომა, გადაწყვეტილება განსჯას არ ექვემდებარებოდა. ლიდერი რეალობას ტყუილებს არგებდა. ავტორის აზრით, „ფაქტი სრულიად დამოკიდებულია ადამიანის ძალაუფლებაზე, რომელსაც შეუძლია მისი ფაბრიკაცია“ ( არენდტი 2018, 365 ). ტოტალიტარიზმში ლიდერს არ გააჩნია სინდისი და ზნეობა, იგი საზოგადოების კონტროლს ცდილობს. ასეთები სიჯიუტით გამოირჩევიან და საკუთარ ტყუილს ებღაუჭებიან. ლიდერი იმ მასის წარმომადგენელია, რომელსაც წინ მიუძღვის. მისი უმაღლესი ამოცანაა, იმოქმედოს როგორც გარე სამყაროსგან მოძრაობის მაგიურმა დაცვამ და იყოს ხიდი მოძრაობასა და გარე სამყაროს შორის. ლიდერთან გაიგივებულია მთელი ორგანიზაცია. ტოტალიტარიზმში ლიდერი საბოლოოდ მარცხდება, რადგანაც ტყუილს სიმართლეს ჩაანაცვლებს. ტოტალიტარულმა რეჟიმმა შექმნა ახალი ორგანიზაციები. ხალხს აიძულებდნენ ესარგებლათ ამ ორგანიზაციებით. ასე ადვილად იმართებოდა ყველა სფერო. ვინც ამ ორგანიზაციებს არ ემხრობოდა, იგი ხალხის მტრად ცხადდებოდა. ეს ორგანიზაციები იქმნებოდა პროპაგანდისტული ტყუილების რეალობად გარდასაქმნელად. არენდტი ორგანიზაციას და პროპაგანდას ერთი და იმავე მედლის ორ მხარედ მიიჩნევდა. ხელისუფლებაში მოსვლამდე იქმნებოდა ფასადური ორგანიზაციები. გაევლებოდა განმასხვავებელი ხაზი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის. ფუნქციონერთა დანიშვნა ხდებოდა ზემოდან და საბოლოოდ ერთი ადამიანის ხელში გადადიოდა. ორგანიზაციებს ახასიათებდათ ანონიმურობა. არამკაფიოდ მხარდამჭერებს პოლიტიკური პროცესის გადამწყვეტ ძალად მოიაზრებდნენ. ფასადური ორგანიზაციები დამცავი კედელივით ერტყა გარს მოძრაობების წევრებს. მოძრაობა დაიყო ელიტურ ფორმაციებად, წევრებად და მხარდამჭერებად. პარტიის რიგითი წევრებისგან ელიტური ფორმაციები იმით განსხვავდებოდა, რომ ელიტა არ არის შექმნილი იდეოლოგებისგან. მისი მიზანია გააქროს მასების უნარი, ერთმანეთისგან განასხვაოს ტყუილი და მართალი. ელიტას ამზადებდნენ დაუნდობელი ბრძოლის საწარმოებლად. ფასადური ორგანიზაციები იყვნენ არამარტო ტოტალიტარული მოძრაობის ფასადი არატოტალური სამყაროსადმი, არამედ არატოტალიტარული სამყაროს ფასადიც მოძრაობის შინაგანი იერარქიისათვის. ჰანა არენდტის შრომების კითხვისას მნიშვნელოვანია დავაკავშიროთ ისეინი იმ სახელმწიფოსა და იმ ეპოქას, სადაც და როდესაც ვცხოვრობთ. გაგავლოთ პარალელები და ვიპოვოთ ტოტალიტარიზმის ნიშნები, ან ტოტალიტარიზმის პროგნოზირება მოვახდინოთ! 452 7-ს მოსწონს
|