ქალი და მამაკაცი "როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები?" - დასკვნითი ნაწილი 2012, 4 სექტემბერი, 23:21 ![]() მიუხედავად იმისა, თუ როგორ ურთიერთობას ხართ მიჩვეული და როგორ ოჯახურ გარემოში აღიზარდეთ, თუ გსურთ ბიბლიის პრინციპების თანახმად იცხოვროთ და ეფექტურად მოაგვაროთ უთანხმოებები, უნდა მოერიდოთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც თქვენს მეუღლეს გულს ატკენდა. საკუთარ თავს დაუსვით ქვემოთ მოყვანილი კითხვები: „როცა მეუღლეს პასუხს ვუბრუნებ, გულს ხომ არ ვტკენ ჩემი სიტყვებით?“ ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, იაკობი გვაფრთხილებს: „პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია უზარმაზარი ტყის გადაბუგვა! ენა ცეცხლია“ (იაკობი 3:5, 6). როდესაც მეუღლეები ენას კონტროლს არ უწევენ, მცირე უთანხმოება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სერიოზულ კონფლიქტში. იმ ოჯახებში, სადაც ხშირად ემოციებს ვერ თოკავენ და ერთმანეთს სიტყვიერად უსწორდებიან, ვეღარ იქმნება ისეთი გარემო, სადაც სიყვარული დაისადგურებდა. უთანხმოების მოგვარების ყველაზე სწრაფი საშუალება ისაა, რომ დაინახოთ თქვენი მეუღლის გაღიზიანების მიზეზი და მოუბოდიშოთ იმის გამო, რომ თავი ვერ მოთოკეთ. „ნაკლებად სერიოზულად ხომ არ ვეკიდები ჩემი მეუღლის გრძნობებს?“ „ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი“, — მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა (1 პეტრე 3:8). დავფიქრდეთ ორ მიზეზზე: პირველი - თქვენ შეიძლება ნაკლებად გესმით, რას გრძნობს და განიცდის თქვენი მეუღლე. მაგალითად, თუ რაღაცის გამო თქვენი მეუღლე თქვენზე მეტად არის შეწუხებული, თქვენ შეიძლება ეუბნებით მას: „შენ ამას ზედმეტად განიცდი“. შეიძლება ამას იმიტომ ამბობთ, რომ გსურთ მეუღლეს დაანახვოთ, რომ ეს პრობლემა არცთუ ისე საგანგაშოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრისთვის ასეთი სიტყვები ბევრი ვერაფერი ნუგეშია. როგორც ცოლებს, ისე ქმრებს სურთ, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანები უგებდნენ და თანაუგრძნობდნენ მათ. გარდა ამისა, მეტისმეტი სიამაყის გამო ერთი მეუღლე შეიძლება სერიოზულად არ ეკიდებოდეს მეორის გრძნობებს. ამაყი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს. შეიძლება ის ამას იმით აღწევს, რომ სხვებს დამამცირებელი სახელებითა თუ შედარებებით მიმართავს. დაფიქრდით, როგორ იქცევით, როდესაც თქვენი მეუღლე თავის საწუხარს გიზიარებთ. აისახება თანაგრძნობა თქვენს სიტყვებში, ხმის ტონსა და სახის გამომეტყველებაში? თუ ყურადღებას არ აქცევთ ხოლმე თქვენი მეუღლის გრძნობებს? „ხშირად ხომ არ ვასკვნი, რომ მეუღლეს ეგოისტური მოტივები ამოძრავებს?“თუ ცოლ-ქმარი სიფრთხილეს არ გამოიჩენს, მათაც შეიძლება ერთმანეთს არასწორი მოტივები მიაწერონ. მაგალითად, თუ მეუღლე რაიმე სასიამოვნოს აკეთებს თქვენთვის, ხომ არ ფიქრობთ, რომ ის რაღაცას გიმალავთ ან სანაცვლოდ რაღაცას მოგთხოვთ? თუ მეუღლე რაღაც შეცდომას უშვებს, ხომ არ ასკვნით, რომ ის ეგოისტია და თქვენზე არ ზრუნავს? მაშინვე ხომ არ იხსენებთ მის მიერ წარსულში ჩადენილ მსგავს შეცდომებს და ძველ „სიას“ ამ ახალ შეცდომასაც ხომ არ უმატებთ? პავლე მოციქულმა დაწერა: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორინთელები 13:4, 5). მართალია, ნამდვილი სიყვარული ბრმა არ არის, მაგრამ ის „განაწყენებას არ ითვლის“. პავლემ ისიც თქვა, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“. ასეთი სიყვარული მიამიტური კი არ არის, არამედ ნდობა ახასიათებს. ის არ არის ცინიკური და ეჭვიანი. ის სიყვარული, რომელზეც ბიბლია საუბრობს, მზადაა პატიებისთვის და სხვა ადამიანს არასწორ მოტივებს არ მიაწერს. თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ ასეთ სიყვარულს გამოავლენს, მათ ბედნიერი ოჯახი ექნებათ. ![]() 35 4-ს მოსწონს
|