საზოგადოებრივი ჰეი , შენ! ვინა ხარ, ქართველო?! როგორი მხრიდან გიცნობს მსოფლიო?! 2021, 9 აპრილი, 12:07 მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს, რას წერენ ქართველ ხალხზე უცხოელი ავტორები, როგორ გამოვიყურებით სხვების თვალით დანახული ქართველები. ჩვენი რომელი განსაკუთრებული თვისებები ხვდებათ თვალში. ვეთანხმებით თუ არა ამ ქათინაურებს. თუმცა ეს შთაბეჭდილებები შორეულ წარსულში მოგვიხდენია მათზე და აქ პარალელიც შეიძლება გავავლოთ, რანი ვიყავით და რანი ვართ... *** უცნაურია, მაგრამ იმანუილ კანტს, რომელიც ცნობილი იყო მისი შესუსტებული ლტოლვით ქალებისადმი, ეკუთვნის სიტყვები: “საქართველო მზეთუნახავების ორანჟერეაა” *** ქართველები უნიკალური, ყოველმხრივ დაჯილდოებული ხალხია. ბარონი ფონი *** ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი… კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა. ქრისტოფ რომელი *** დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში კი პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე. ფრიდრიხ დიდი *** ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.* ვინკელმანი * * * არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე. სტრაბონი * * * დიოსკურიის მახლობლად სვანები(სოანები) ცხოვრობენ… ისინი ძალაგულოვანნი არიან და თავიანთი გამბედაობითა და საბრძოლო ძლირებით თითქმის ყველა ხალხზე შეუპოვარნი არიან. კავკასიის მაღალი მთებიც უჭირავთ და ყველა მეზობელ გვარ-ტომს განაგებენ. ჰყავთ მეფე და სამკაციანი საბჭო. ამბობენ, რომ სვანებს შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ლაშქარი, რადგან მთელი ხალხი ერთნაირი ძალის მებრძოლია. სტრაბონი (ძვ. წ. I – ახ. წ. II საუკ.), «გეოგრაფიკა» *** ალეპოში პიეტრო დელა ვალე ერთ მოგზაურს გაეცნო. იმასაც აღტაცებით მოეთხრო ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალიშვილის მანანას მშვენიერების ამბავი (შემდეგ მოჰყვება მისი თავგადასავალი). იოჰან ვოლფგანგ გოეთე *** არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი, თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს. სიუზან ეიზენჰაუერი *** ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი, რასაც ასევე ახსენებს პაპის დესპანი, ბერი რუბრუკი, წმინდა ჯვაროსანი ლუი მეცხრისა. – ა.გ.)… საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არ არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა (შემდეგ დიდი მოგზაური ლაპარაკობს დედათა მონასტერზე, ტბაზე, ზღვაზე, თევზაობაზე, და განაგრძობს გზას აღმოსავლეთისაკენ, ჩინეთისაკენ, სადაც ბოგდიხანს ემსახურებოდა ჩვიდმეტი წელი. მისი ცნობები საქართველოზე უფრო სარწმუნო და კეთილსინდისიერია, ვიდრე ზოგი თანამედროვე «მეგობრისა», რომელიც უნდო, გაუმართლებელი ფანტასტიკის სფეროში გადადის). მარკო პოლო *** თეიმურაზ მეფის მშვენიერი დესპანის ქება – დიდებამ სპარსეთშიც შეაღწია… შაჰი დიდი ხანია მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა და მისმა სილამაზემ იმდენად შეიპყრო, რომ უსირცხვილოდ შესთავაზა დამორჩილებოდა მის აულაგმავ ვნებას. დედოფალმა, რომლის პატიოსნება და უმწიკვლობა კიდობნიდან ამოფრენილი ქათქათა გვრიტისას შეედრებოდა, შაჰს უხამს წინადადებაზე მტკიცე უარით უპასუხა*. ამბროსიო დუშ ანჟუში, *** ქეთევან დედოფალი სამსხვერპლოზე მეორე მარიამ სტიუარტი იყო…იგი დაიტანჯა ისეთი მრავალგვარი წამებით, რომელთაგან თითოეული ბევრ მოწამეს დიდებით შემოსავდა. დუშ ანჟუში *** იბერიელებისა და ქართველთა მოქცევის თაობაზე ბორონიუსთან ვკითხულობთ, რომ მათ ქრისტიანული სარწმუნოება მიიღეს 100 წელს წმინდანი პაპის კლემენტის ქადაგების შედეგად, რომელიც იმპერატორმა ტრაიანემ გადაასახლა ქერსონესის კუნძულზე (ყირიმი). მე უფრო დასაბუთებულად მიმაჩნია მამა თომას დე იეზუს კარმელიტის თვალსაზრისი… იგი ამბობს, რომ იბერიელები მოაქცია ბრწყინვალე განმანათლებელმა წმ. ნინომ… ჟან შარდენი *** შაჰ აბასს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველებისა, რადგან იცოდა, მათი საბოლოოდ დამორჩილება შეუძლებელი იყო. პიეტრო დელა ვალე, *** ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება. პიეტრო დელა ვალე *** მცირე აზია ოდესღაც თითქმის მთლიანად დასახლებული იყო იმ ხალხებით, რომლებიც ხეთებთან ერთად შეადგენდნენ ერთ მონოლითურ ეთნიურ ჯგუფს.იმ ძველ ხალხთა უშუალო მონათესავედ უნდა ჩავთვალოთ ქართველებიც. ფრიც ჰომელი, *** «ვეფხისტყაოსნის» სურათების დადგმა – პატარა ჩაგრული ერის დემონსტრაციას წარმოადგენდა. თეატრი მაყურებლით იყო გაჭედილი. აღფრთოვანებას საზღვარი არა ჰქონდა… კატკოვისა და კომპანიის ცხვირწინ… მიხაი ზიჩი *** ქართველთა ზნე-ჩვეულებების და მათი ისტორიის მრავალ სხვა საკითხზე ცნობების შეგროვება მე შევძელი ილია ჭავჭავაძესთან ნაცნობობის წყალობით… ილია ჭავჭავაძე ჭეშმარიტად ითვლებოდა თავისი ერის წინამძროლად და ბელადად… ილია ჭავჭავაძე იყო ერთ პიროვნებაში განსახიერებული მწერალი, პოლიტიკოსი და ფინანსისტი… სათავეში ედგა ეროვნული შეგნების გამაძლიერებელ გაზეთ «ივერიას»… მისი ჯმუხი აღნაგობა, მისი ღია, ინტელიგენტური სახის ნაკვთები და მიმზიდველი ბუნება ჩემთვის სამუდამოდ დაუვიწყარია. კარლ ლემან-ჰაუპტი *** ღმერთს დაუბერტყიავს უხვი კალთა ამ ქვეყანაში! არტურ ლაისტი *** საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვიდრო-სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს ზეციური შუამავალი ჩაერია… ბარონ დე-ბაი, *** გასაოცარია! თითქოს თანამედროვე ადამიანისათვის გაეწყოთ საცხოვრებელი დარბაზი წინაპრებს! რა ნიჭით იქმნებოდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს და რა დიდი ისტორია ამ საკვირველ ქალაქს! ქუჩა მიგვიძღვის სიღრმეში… ავგუსტ ფრაიერ ჰარტჰაუზენი *** არსად არ დაღვრილა იმდენი სისხლი, არსადაც არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანზარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში… თათრის ურდოები, დიდი თემურლენგის აფრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადადიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეტები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს. რობერტ ბლაიხშტაინერი *** საინტერესო ხელოვანთა სამშობლოა საქართველო. გარდასული ეპოქების მოსაგონებელი უთვალავი ნივთი მაქვს, XVIII საუკუნის ნახელავი, იმ დროისა, როცა საქართველოს სახელოვანი დროშის დიდება ისე ბრწყინავდა, რომ მამაც ერეკლეს ფრიდრიხ დიდი თავის ჯგუფთ სარდლად და მბრძანებლად თვლიდა. ო. გ. ფონ ვეზენდონკი *** ამაყ ქართველ ქალებსაც შეუძლიათ თავი ამორძალთა შთამომავლად ჩათვალონ. საქართველოს ჰყავს პალიტრის მანდილოსანი ოსტატები, მსახოიბი ქალები, მოცეკვავეები, მაგრამ ამ ხალხის ბუნებრივი ნიჭი განსაკუთრებით სიმღერაში იფურჩქნება. ქართული ხალხური მელოდიები თავიანთი უზადო ჟღერადობით მსმენელს აჯადოებენ, და კიდევ უფრო ამაღლებულია მათი ჰარმონია, როცა გუნდი მღერის. მრავალი ტალანტი იფურჩქნება ერის ცხოვრების ყველა სფეროში… ო. გ. ფონ ვეზენდონკი *** ქართველთა მშვენიერება ხომ საანდაზოდ ქცეულა! ქართველთა შორის არანაირად არაა მოსალოდნელი რაღაც აზიზად ჩამტკბარი მშვენიერება, რასაც XVIII საუკუნის სპარსელ მხატვრებთან ვხვდებით. არა, ქართველი კაცი უდავოდ ვაჟკაცური და შემმართებელია… თავიანთი სილამაზით ქართველები სრულიად სამართლიანად არიან სახელგანთქმულნი. ო. გ. ფონ ვეზენდონკი *** ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა… ჩვენს წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა. ბერტა ფონ ზუტნერი *** საქართველო – საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორი კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით, რომანტიკული ციხე-ბურჯებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრი ისტორიული ტრადიციებით. აქ აზიდულა პრომეთეს ამაყი მთა, ღრუბლებს ახევს მისი მწვერვალი, აქაა წარღვნისმერმინდელი ხალხის აკვანი დარწეული. აქ მომხდარა მსოფლიოს შემძვრელი დიდი საქმეები, აქ გამართულა ბევრი გადამწყვეტი ბრძოლა. აქ გადიოდა ყველა ძველი ხალხის დამაკავშირებელი საქარავნო და საცალფეხო გზები, აქეთ ისწრაფვოდენ ძველად და შუა საუკენეებში გამოჩენილი სარდლები და დამპყრობლები, უხსოვარ წარსულშიც და რომანოვების მეუფების ჯამსაც. აქ დამარცხდა პირველად ნიმვროდი, ბაბილონის სამეფოს დამფუძნებელი ბიბლიური გმირი, და აქვე ნახა სამარე. ძველ კოლხეთში უვლიათ არგონავტებს, დამარცხებულნი გაბრუნებულან, ასევე დამარცხდა ცბიერი ოდისევსი. კავკასიაში გაუვლიათ სკვითების ურდოებს, აქ ულაშქრია მძლე კიროსს, ალექსანდრე მაკედონელს. აქ მეფობდა მითრიდატე. აქ გაავრცელეს ქრისტიანობა ყოველ ხალხზე უწინარეს ნინომ და გრიგოლმა… აქ დაძრულა დიდი ნაკადები ხალხთა დიდი გადასახლების ჯამს, უმსხვერპლია ყველა კულტურა, ვაჭრობა, მეცნიერება, მაგრამ სამუდამოდ კი არა. ბერნჰარდ შტერნი *** საქართველოს წარსულში ჰქონია ისეთი პერიოდი, როცა ქვეყანა იფურჩქნებოდა, როცა ქართველთა მეფეები მთელი კავკასიის ისთმოსს – ორ ზღვას შუა მდებარე მხარეს განაგებდნენ – ტამანის ტალახიანი ვულკანებიდან ვიდრე მარად ცეცხლოვან ბაქომდე, ბეშთაუს ხუთი მთაგრეხილიდან ვიდრე სომხეთის ზეგნის სიღრმემდე გაშლილ ვრცელ ქვეყანაზე ბატონობდნენ. კარლ კოხი *** მიწიერი სამოთხის – საქართველოს ლაღ მკვიდრთა შუბლზე წარსული ძნელბედობის კაეშნის ღრუბლად წვება, მაგრამ სახე ებადრებათ დიდების დღეთა გახსენებაზე, რაც ყოველ ნაბიჯზე იცნობა. ქართველი უფრო მხიარულად გამოიყურება, ვიდრე მისი რომელიმე კავკასიელი თანამოძმე… მაგრამ რა დაღვრემილი გამოხედვაც არ უნდა ჰქონდეს, ქართველი კაცი მაინც მშვენიერია გარეგნულად და მის გამოხედვას სავსებით ეხამება მისი ჩაცმულობა. რობერტ კერ პორტერი, *** საქართველოს ვრცელ აღწერას აქ არ შევუდგები. არის საგნები, რომლებიც კაცმა თავისი თვალით უნდა ნახოს, სიტუაციები, რომლებიც თვითონ უნდა განიცადოს, სიტყვით ან ფუნჯით მათი გადმოცემა შეუძლებელია. ალ. პეცჰოლდტი, *** საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია. ფრიდრიხ ბოდენშტედტი *** ქართველები – კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, მეგრელნი, სვანები და სხვანი ერთ მშობლიურ ენაზე – ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ. ფრიდრიხ ბოდენშტედტი *** გრიგოლ რობაქიძის რომანის სახით ჩვენს წინაშე წარმოდგა უცნობი – ქართველები. ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში, და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული და სპარსული ზეგავლენის ქვეშ… ეს ერი დედამიწის ერთ-ერთ უშესანიშნავეს გარემოშია ჩარგული, სახელი განუთქვამს თავისი სიმღერებითა და ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის. ამ წიგნიდან გავიგე, რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რაოდენ აღსავსეა ჰეროიზმით და ამავე დროს რა გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ახლა ჩვენს წინაშე სრულიად ახალი და საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოდგა, რადგან ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ერი ნამდვილად მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, როცა აღწერას და მოყოლებას იწყებს. ამ რომანში… არის რაღაც ქაოტური, ძველისძველი ლეგენდებიდან და ბალადებიდან ამოკრებილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში… მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა… ფანტაზიას უფრო და უფრო ხიბლავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებული ტაშკენტი და თბილისი… ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს, რომ ჩვენს… მეცნიერულ სამყაროში მითოსს შემოქმედებითი არსებობა ისევ ისე გრძელდებოდა. სტეფან ცვაიგი * * * გრიგოლ რობაქიძე იქცა ნამდვილ სიმბოლოდ ქართული ლიტერატურისა, რომელმაც კვლავ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ლიტერატურაში. რაბინდრანათ თაგორი პირველი სახელი იყო, რომელიც საუკუნოვანი დუმილის შემდეგ გაიჭრა ევროპაში აღმოსავლეთიდან. მას მოჰყვა გროგოლ რობაქიძე, რომელიც ბევრად უფრო გამოხატავდა თავდაპირველ საწყისს, ვიდრე ინდოელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გრ. რობაქიძემ მოგვიტანა ჩვენ, დასავლეთ ევროპელთ, ქართული მიწა, მისი სისხლი, სუნთქვა და ფერები. რუდოლფ კარმანი, *** ესაა დასამამიდან ოქროს საწმისის მდიდარი ქვეყანა კოლხეთი. ფაზისს მოჰქონდა ოქრო არგონავტების ჟამიდან. აქ იცოდნენ ოქროს მოპოვების ხელოვნებაც და მრავალი სხვა ხელოვნებაც, რომელტა ზირები იაზონისა და ლამის ადამის ჟამსაა საძიებელი. კარლ ჰაინრიხ ფონ გაიერსპერგი, *** ქართველები მშობლიურ ანდალუზიელებს მომაგონებენ, მათი მშვენიერი მამული კი – ანდალუზიას. დოლორეს იბარური * * * ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს… არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ… საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა… ჰანს-იორან ჰოქსტენტი, * * * რუსთაველი ფილოსოფიური პოეზიის წარმომადგენელია. მაგრამ არც აქ მიჰყვება ბრმად აღმოსავლეთისა და დასავლეთის პოეტურ ხელოვნებას. აღმოსავლეთის დიდი მოაზროვნე, ის ეძებს არა საპირისპირო ცნებათა შეკავშირება-შეერთებას, არამედ თვით საგანთა შინაარსში ჩაქსოვილი წინააღმდეგობის მოხსნას, მსოფლიო ჰარმონიას, სიკეთისა და სილამაზის დაპირისპირებათა გაუქმებას. რუსთაველისათვის, ადრეული ჰუმანისტისათვის, ფილოსოფიური პოეტური ხელოვნება ნიშნავს ცხოვრების სიბრძნეს ადამიანთა სამყაროში, მოწოდებას მოქმედების, ბრძოლისაკენ ამქვეყნიური ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის… ჰუგო ჰუპერტი *** დიდი მოურავი – ქართველთა ჯარის სარდალი, უბადლო და ძლევამოსილი ვაჟკაცი, თავისი ძალით ყველას აღემატებოდა. შაჰის წინააღმდეგ იბრძოდა, იბერიის სამეფოში მრავალ წარმატებას მიაღწია. შემდეგ, როცა ბედმა უმუხლთა, თურქებს შეეხიზნა, სადაც მისი ძლიერებისა და დიდებისადმი შურის მსხვერპლი გახდა… შემდეგ მისი სხეული გაკვეთეს და ამოუღეს გული, ჩვეულებრივი ადამიანის გულისგან განსხვავებული… ქრისტეფორე დე კასტელი, *** შენდება და მშვენდება ახალი საქართველო. ძველი და ახალი ღვინის შერევა შეიძლება არ ვარგოდეს, მაგრამ ძველი და ახალი სიბრძნე შესანიშნავად ეწყობა ერთიმეორეს. ბერტოლტ ბრეხტი * * * ცოტა არ იყოს, შერცხვენილები ვართ, რომ საქართველოში გერმანულ კულტურაზე ბევრად მეტად იციან, ვიდრე გერმანელებმა ვიცით ქართულ კულტურაზე (იგივე თქვა კურტ ბარტელმა ქართველ მწერლებთან შეხვედრაზე 1954 წ.). ჰელმუტ ულრიხი * * * კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილი არიან ივერიელები (ახლანდელი ქართველები)… ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილი მცირე აზიაში. მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები) და ტიბარენები (ტებალ-ტაბლაი), რომელთაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაპადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში (ამავე აზრს გამოთქვამენ ბულგარელი ვ. გეორგიევი, აკად. არნ. ჩიქობავა, აკად. შ. ძიძიგური, პროფ. გრ. გიორგაძე და სხვ.). ედუარდ მაიერი * * * ჩემს ძვირფას ქართველ მკითხველებს! წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული და გაოცება, როცა თბილისიდან ჩემი რომანის მთარგმნელმა, მეგობარმა მწერალმა… წერილობით მაცნობა, რომ საქართველოს ერთ-ერთი გამომცემლობა ჩემს «ისლანდიის ზარს» ბეჭდავს და ისიც 25000-იანი ტირაჟით! ეს მაშინ, როცა სხვა პატარა ქვეყნებსი – დანიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში ჩემს წიგნებს სულ 1500 ან 2000 ცალს ბეჭდავენ და დიდ ქვეყნებში – ამერიკაში, ინდოეთსი, საფრანგეთსი თუ ჩინეთში ჩემი წიგნი მხოლოდ მცირე ტირაჟით იბეჭდება. როცა გავიგე, რომ ჩემი რომანი ასეთი დიდი ტირაჟით გამოდის ძველი კულტურის ქვეყანაში – საქართველოში, კმაყოფილების გამოსახატავად სიტყვა ვერ მიპოვნია. დღეს ისეთ გუნებაზე ვარ, რომ მინდა მთელი საქართველო მყავდეს სახლში სტუმრად და ყველას გადავეხვიო. ჰალდორ ლაქსენი * * * მთელი ხუთასი წლის განმავლობაში ევროპის მეცნიერებისათვის უცნობი დარჩა ისეთი დიდმნიშვნელოვანი ნაწარმოები, როგორიცაა «ნიალის საგა». ეს ლიტერატურული ძეგლი საუკენეების მანძილზე რჩებოდა რამდენიმე ისლანდიელი გლეხის კერძო საკუთრებად – და მას ახლაც როგორღაც არ იცნობს მთელი მსოფლიო. ამ ნაწარმოების ბედი ძალიან ჰგავს თქვენი ეროვნული ეპოსის «ვეფხისტყაოსნის» ბედს.რუსთაველი უმაღლესი რანგის პოეტია. ჰალდორ ლაქსენი * * * ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ფიზიოლოგიის ქართული სკოლის ფუძემდებელი – აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი. ბატონ ივანეს და მისი მოწაფეების შრომები ფასდაუდებელი შენაძენია მსოფლიო მეცნიერების საგანძურში. რობერტ დოტი *** ქართველები უძველესი კულტურის ხალხია. ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ არ იცის, ვის ენათესავებიან ისინი – ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს… კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ. შარლ ჰუმელი, * * * ქართველთა ქვეყანაში მათთან ყოფნა მთელი მოვლენაა, რადგან გარშემო მუდამ გულითადობა და მხიარულება სუფევს. ვინც თქვა, ქართველი ტემპერამენტით ირლანდიელს ჰგავსო, ცხადია ქათინაურით დაგვაჯილდოვა. ეილინ ო’ჰანლონი, * * * რაც საქართველოში ვიხილე, სრულიად უჩვეული იყო. რამაც მე მომაჯადოვა, იყო არა მარტო უძველესი კულტურული ქვეყნის ეგზოტიკა, არამედ ის თანადროული ინტენსიურობა, რომლითაც ადამიანები დღეს საქართველოში ცხოვრობენ. ვერავითარი ნაწერი ვერ გადმოსცემს ამას. ფრიც მისაუ, *** ქართული ხელოვნების განვითარება შერწყმულია ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ განვითარებასთან, მის ისტორიასთან. ეს იძლევა ფონს, ურომლისოდაც ქართული ხელოვნების განვითარების ბევრი საკითხი გაუგებარი იქნებოდა… მისი გაცნობით ხელოვნების მოყვარულის წინაშე გადაიშლება ლამაზი, უცხო სამყარო. კლაუს ვესელი, * * * გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს. რიხარდ მეკელაინი * * * 1967 წლის ოქტომბერში განსაკუთრებით ძვირფასი, საოცარი წერილი მივიღე, ჩემთვის უცნობი ქართველი თანამოკალმისაგან… თქვენი «მიჯაჭვული ტიტანი» ქართულ მიწაზე დააბიჯებსო, მწერდა. მაშინ გადავწყვიტე მენახა მშვენიერი ზღაპრული ქვეყანა, სადაც ჩემი რომანის საყვარელი გმირი დააბიჯებდა და ოცი ათასი მეგობარი გამიჩნდა. ქართული იყო პირველი ენა, რომელზედაც ჩემი ორტომეული ითარგმნა… ასე მოვხდი საქართველოში, რუსთაველის ქვეყანაში, გავიცანი ძვირფასი ადამიანები, პოეტ იოსებ ნონეშვილს და სხვათა თანხლებით მოვიარე კახეთი. დიდება მიქელანჯელოს, რომელმაც ჩვენ ასე დაგვამეგობრა! როზემარია შუდერი * * * საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. ეს ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. პირველი ნაბიჯი რუსთაველის ქვეყნისკენ 40 წლის წინ გადავდგი, მას შემდეგ მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკებისა და რუსთავის გიგანტების შეხამება. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები. ალფრედ კურელა * * * როცა თბილისის მუზეუმში იშვიათი ხელოვნებით ნახელავ ოქროსა და მინანქრიან ჯვრებს იხილავთ, მაშინღა გაცნობიერდება თქვენი დიდი ხნის ნაფიქრალი, რატომ არის ეს ქვეყანა ასე ამაყი! ამაყია თავისი წარსულით, და დღევანდელი დღეც არანაკლებ საამაყო აქვს… თბილისში, შეხვედრაზე ჩვენ თარჯიმანი არ დაგვჭირვებია, ერთმა პოეტმა გერმანულად დაწერილი ისეთი ლექსი წაგვიკითხა, ყოველი სტრიქონი წიგნს დაამშვენებდა სატიტულო ფურცელზე… აღტაცებული ვარ ქართული ხელოვნებით, მუსიკით… ჰაინც კალოვი, *** ძვირფასო მაესტრო! რა შესანიშნავია თქვენი ლექსი «მომაკვდავი არწივი»! როგორ შესძელით თქვენ, უცხოელმა, ჩვენი ძნელი გერმანული ენის ასე გაშლა და ამაღლება, როგორც ვერ შესძლებდა გერმანელი პოეტი! რაც შინაარსით ასახეთ, ესაა მადლი და კიდევ მეტი. მე თქვენი გენიის შემშურდებოდა, რომ ოდნავი მიდრეკილებაც მქონდეს შურისადმი, მაგრამ რაკი ასეთი მიდრეკილება რა გამაჩნია, დამრჩენია მხოლოდ თქვენი ნიჭით აღტაცება. თასილო ფონ შეფერი გრ რობაქიძეს *** პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რასთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი. გუსტავ კირკი *** ქართული პოეზია მსოფლიო პოეტური აზროვნების მწვერვალია… მოხიბლული ვარ რუსთაველით, ბარათაშვილით. არც ერთ კულტურულ ქვეყანას არა ჰყავს რომანტიზმის ისეთი წარმომადგენელი, როგორიც ბარათაშვილია. მარჩელ პეტრიშორი *** აქ მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე ინგლისში, თქვენ შემონახული გაქვთ მეგობრობის მაღალი ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაინდული მეგობრობის დრო წავიდა. დავით ლანგისგანაც ვიცოდი, რომ სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, მაგრამ ჩემგან ნანახმა და განცდილმა ყოველ მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოს ყოველი კუთხე მოვლილი მაქვს, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება სვანეთმა მოახდინა. სტივენ ჯონსი * * * ცნობილი მეცნიერი სირ მორის ბავრა ამბობს: ყოველ ხალხს ისეთი მითები აქვს, როგორსაც ისინი იმსახურებსო. ქართული მითოლოგიური სამყარო მდიდარია. უძველესი დროიდან, რაც არგონავტებმა კოლხეთის მიწაზე დადგეს ფეხი, საბერძნეთსა და საქართველოს მრავალმხრივი ისტორიულ-კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ.ამიტომ დიდი გამოხატულებაც ბუნებრივად ჰპოვა ამ ურთიერთობამ დიდ ქართულ მითოლოგიურ ლექსიკონში, სადაც ყურადღება გამახვილებულია ძველი საბერძნეთის მითებზე, რომლებიც შედარებით უფრო ცნობილი იყო საქართველოში. სხვადასხვა მხრიდან ეფინება შუქი მითებს, ჩატარებულია ჰერკულესის შრომა, სიამოვნებით ვეცნობი ამ ნაშრომს იმ ენაზე, რომელზედაც შეიქმნა ამდენი მითი, თქმულება, თვით «ვეფხისტყაოსანი», და ვფიქრობ, რომ ყოველი ასეთი შრომა დაფასების ღირსია, მისი ავტორი მიიღებს ჯილდოდ თანამედროვე და მომავალი თაობების მადლობას. ჩვენ ვაფასებთ ანტიკურობას – დიდი წარსულის ნიშანსვეტს. ქეთრინ ვივიანი *** რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი» დღემდე ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენს ქართველთათვის, როგორც პოლიტიკური და მორალური წყარო… თუ ვინმე მათ (ქართველებს) სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია. მიხაი ზიჩი *** სტოელების და სოკრატელების ძლივს შეძენილი წიგნები გაგიყიდია, რათა შეგეძინა იბერიული პერანგი! მოგებული ხარ… კვინტ ჰორაციუს ფლაკუსი *** საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა. ჰანს შერფიგი, დანიელი მწერალი *** ქართული ენა მშვენიერი ენაა, ზუსტი და მოქნილი, ორიგინალური. რენე ლაფონი *** ჩემო მკითხველო, თუ საქართველო საკადრისად მაინც ვერ დაგიხატე, გაიხსენე ირლანდიაც, იტალიაც, ჰოლანდიაც, ავსტრიაც და შვეიცარიაც… არც კნუტ ჰამსუნი დაივიწყო, 1903 წელს საქართველოს რომ «თავგადასავალთა ქვეყანა» უწოდა და კარგად თვითონაც ვერ გაარკვია, მართლა ნახა ის თუ დაესიზმრა. ადოლფ ენდლერი *** საქართველოსაც ყველა სამხრეთული ქვეყნის სიკეთის მადლი ჰფენია. აქაური ხალხის ცხოვრებაში სრული დინამიზმი და ტრადიციულად მხიარული განწყობილება იგრძნობა. ქართველები გულწრფელი, ენაწყლიანი, ლაღი და ტემპერამენტიანი ხალხია… ნამდვილი შემოქმედებითი ასპარეზია ქართული სუფრა… საქართველო მზიური, მრავალფეროვანი ქვეყანაა. გილერმო დიას პლაია *** თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია. გუნთერ ბროკი *** გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ. ლაიბნიცი *** ჩემი ღრმა რწმენით, ისტორიულად ასე ტანჯული ქართველი ერი კაცობრიობაში დაიმკვიდრებს იმ ადგილს, რომლის ღირსიცაა მისი ათასწლიანი სახელმწიფო კულტურა. არტურ ლაისტი *** ვენეციის ადმინისტრაციული ორგანოები და ჩვენი უნივერსიტეტი დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოსადმი, როგორც სხვადასხვა კულტურის თავშესაყარისამდი… ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება გადავაბიჯო დარიალის ხეობას და მივატოვო თქვენი გასაოცარი ქვეყანა. ძნელი კი არა, შეუძლებელიც. ლუიჯი მაგაროტი *** მოხიბლული ვარ ამ ქვეყნის სილამაზით, მისი ხალხის შრომის მოყვარეობით, მდიდარი კულტურით, პოეზიის დიდი სიყვარულით. რუსთაველის მშობელი ხალხი მართლაც პოეტური და დიდებული ერი ყოფილა. ჯეფრი დატონი, *** ქართველებს გამორჩეული, მშვენიერი სახე აქვთ და ამაყობენ თავიანთი მშვენიერი ქვეყნით, როგორც მე ვამაყობ იმით, რომ ნიუ-იორკელი ვარ, საქართველოში კვლავ დავბრუნდები. ბილი ჯოელი *** ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებით იგი მსოფლიო ენაა. ნიკო მარი *** ვემშვიდობები ჩემს ძვირფას ქართველ მეგობრებს, რომელნიც მსოფლიოში ცნობილნი არიან ყველაზე თბილი და კეთილი გულით, ქედს ვიხრი მათი საოცარი მუსიკის წინაშე… თქვენ მოინადირეთ ამერიკული გულები. მარკ ზუვერი *** საქართველო – მშვენიერი ქვეყანაა. ჩემი თანამემამულეები ხშირად მეკითხებიან, ლეგენდებით მდიდარმა ქვეყანამ, აზიასა და ევროპას შორის კუნძულივით რომ ჩამჯდარა, რით მომაჯადოვა. უამრავი რამით! უცხოელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უპირველეს ყოვლისა ქართველთა კეთილშობილური სტუმართმოყვარეობა, რისი წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ გერმანელებს. თან გადაგყვებიან, ყოველ ნაბიჯზე გვხდებიან, სასიამოვნო სიურპრიზებით გახარებენ, მეტადრე თუ ორიოდე სიტყვას იტყვით მათ ენაზე. ქუჩაში საკუთარ მანქანას გაგიჩერებენ, რესტორანში ღვინოს გამოგიგზავნიან, სანაქებო სუფრას გაგიშლიან, ენამჭევრი თამადა მოგხიბლავს… ქართველთა ცხოვრების არსს რომ ჩასწვდე, თვითონ უნდა იყოს მათი ზეიმის მონაწილე. გაგაოცებთ საქართველოს ძველი კულტურა, ციხე კოშკებისა და ტაძრების სახით, დიდი ხელოვნების სახით… ყოველივე ამას იოლად ვერ ჩასწვდებით. როზემარია კულინგ-ლიტშკე *** უწინაც გაგონილი მქონდა, რომ საქართველო ქებული ქვეყანაა, ცნობილი თავისი გულთბილი, მოსიყვარულე ადამიანებით. ნანახი გაგონილს ემთხვევა. მინდა ამერიკელებმა უფრო ახლო გაიცნონ საქართველო. თბილისი ის ადგილია, სადაც ასეთი შეხვედრები უნდა ეწყობოდეს. რიკ ინდერფუტი *** რუსეთში ამჟამად არ არიან კარგი გენერლები. ერთადერთი გამონაკლისია ბაგრატიონი. ნაპოლეონი *** მე არ ვიცი ბაგრატიონის სამხედრო ნიჭის საიდუმლოება, მაგრამ ბრძოლის ველზე ის სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და მისი გადაწყვეტილება ყოველთვის გამარჯვებით გვირგვინდება. ბარკლაი-დე-ტოლი *** ლეგენდარულია საქართველო არა მარტო თავისი სტუმართმოყვარეობით: თქვენი ქალაქისა და ქვეყნის სილამაზე, თქვენი ხალხის სილამაზე, თქვენი მდიდარი ისტორია და კულტურული საგანძურები მიმზიდველია ყველა სტუმრისათვის. ყოველივე ეს ხდის თითოეულ მოგზაურობას აქ არა მარტო სასიამოვნოს, არამედ აგრეთვე, განმანათლებელს; და რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი – დაუვიწყარია. ჯეკ მეტლოკი *** თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი. ტონინო გუერა *** ჭეშმარიტად გულადი, ღონიერი, ტანად სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი, დევის ძალის მქონე იყო დიდი მოურავი, თანაც მჭევრმეტყველი, საზრიანი და ყოველ საქმეში ჭკვიანი, უძლეველი მეომარი. მუსტაფა ნაიბი *** ადამიანებს შორის ინგლისში არაა ისეთი გულთბილი და ახლო დამოკიდებულება, როგორც თქვენთან. ჩვენ ერთიმეორისგან განცალკევებით ვცხოვრობთ, საკუთარ თავსი ჩაკეტილები. პირადად მე თბილისში მეტი სითბი ვიგრზენი. სტივ ჯონსი *** ქართველი ერი, რიცხვით მცირე, ცივილიზაციით და სულით ძლიერია. ალბერტ მალში *** კაცობრიობა ვერ განთავისუფლდება, თუ საქართველო არ განთავისუფლდა. ედგარ მილო, *** ეს ქართველური სალამი „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ იმდენსვე ეუბნება ადამიანს, რის თქმაც შეუძლიან თორმეტ ტომს ისტორიულის თხზულებისა. ოლივერ უორდროპი * * * „პალმი უკვე მეორედ მთხოვს რედაქციაში მისვლას და განმარტებას იმისას, თუ რად შევისწავლე ასე კარგად ქართული და არ მოვისურვე რუსულის ცოდნა“ პატრიკ ო’ლირ, *** ყოველი ქართველი პოეტია, ხოლო ქართველი პოეტი – ორმაგ პოეტი. ოვანეს თუმანიანი ** სიყვარულის გრძნობაა, რითაც იზომება სიდიადე ერისა. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებულია ხალხი. ქართველნი ცოტანი არიან, მაგრამ რუსთაველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად. კ. ბალმონტი *** ებრაელობა თავის სამშობლოს – საქართველოს კი არ გაქცევია, ის თავის სამშობლოში – ისრაელში წავიდა, თან კი წაიყოლია საქართველოს უზომო სიყვარული და მადლიერება. ეს იმ ტრადიციით აიხსნება, რაც ქართველთა და ებრაელთა 2600 წლოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით ჩამოყალიბდა და დღისდღეობით თანამოძმეობის იდეალური მაგალითია საერთაშორისო მასშტაბით. აბრაჰიმ ნირი *** თამარი შთამაგონებელი სახე იყო მაშრიყ-მაღრიბის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მწერალთა, ისტორიკოსთა, მეფეთა და სარდალთა ნიჭისა და მჭევრმეტყველების გამოსავნელად. თურქ-სელჯუქთა სულთნებს თამარის უფრო ეშინოდათ, ვიდრე მრისხანე აღმოსავლეთი მბრძანებლებისა. «პოლიტიკის წარმატებამ თამარი აქცია ყველაზე უფრო პოპულარულ პიროვნებად ისტორიასა და ლეგენდებში. მისი სილამაზე აღაფრთოვანებდა ქვეშევრდომებს, მხედართმთავრებს გამარჯვებისკენ გზას უნათებდა». მარიუს კანარი *** თამარი იყო მატრიარქი, ბრძენი და პურიტანი მმართველი, ფრთხილი და გონიერი დიპლომატი, ურყევი მებრძოლი, ღვთისმოსავი, გულმოწყალე და შემწყნარებელი ხელმწიფე. უილიამ ალენი *** თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული. მონტესკიე *** ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ. ალ. დიუმა 333 9-ს მოსწონს
|