სხვა მითი: გველები ყრუა - ნამდვილად არ ესმით კი მათ ჩვენი ნაბიჯები და საუბრები?! 2021, 8 აპრილი, 22:45
მითი იმის შესახებ, რომ გველებს სმენა არ აქვთ, მეცნიერებმა წარმატებით დაამსხვრიეს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გველებს შეუძლიათ, მოისმინონ არა მხოლოდ იმ ზედაპირის ვიბრაცია, რომელზეც მისრიალებენ, არამედ ჩვეულებრივი ბგერებიც ჰაერიდან მიღებული. მითი გველების სიყრუის შესახებ დიდხანს იყო გაბატონებული და ეს თითქოს ლოგიკურიც იყო, ერთი შეხედვით, ამ ქვეწარმავლებს სმენის ორგანო, ყურიც კი არ აქვთ. რეალურად კი ცდებამ დაადასტურა, რომ გველებს აქვთ ჩვენი შიდა ყურის თითქმის სრული ანალოგი, ჩვეულებრივი ძვლებითა და თმის უჯრედებით. უბრალოდ მათ არ აქვთ სმენის აპარატის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - ყურის მიდამო (ყურის ბარაბანი). ამის ნაცვლად, მათი შიდა ყური უკავშირდება ყბის ძვალს. ყბა იღებს ვიბრაციებს დედამიწის ზედაპირიდან და გადასცემს შიდა ყურს. აი, ასე ესმით გველებს ნებისმიერი ხმა. ისმის მეტად საინტერესო კითხვა: გრძნობენ თუ არა გველები ყურებით ჰაერის ვიბრაციას, რხევას? ესმით თუ არა ჩვეულებრივი ხმები? ორჰუსის უნივერსიტეტის ზოოლოგების ჯგუფმა დანიიდან გადაწყვიტა ამ პრობლემის გარკვევა. ექსპერიმენტები ჩატარადა სამეფო პითონზე. გველს მიუმაგრეს დინამიკი (სპიკერი) სხვადასხვა სიხშირის ხმების გადასაცემად. როგორც შედეგები აჩვენებს, ყველაზე მეტ აქტიურობას ქვეწარმავლის ნეირონები (ნერვული უჯრედები) ავლენდა 80-დან 160 ჰერცამდე სიხშირის ხმებზე (რაც დაახლოებით უტოლდება ვიოლონჩელოს ყველაზე დაბალ ნოტებს). კვლევის ავტორების აღნიშვნით, მოცემულ მომენტში გველები ისმენდნენ ზუსტად ჰაერის ვიბრაციებს. სპიკერის (დინამიკის) მიერ გადმოცემული ზედაპირის ვიბრაციის ხმა იყო ძალიან სუსტი იმისათვის, რომ ქვეწარმავლებს იგი ეგრძნოთ. პითონის თავზე დამაგრებული სენსორის საშუალებით გაირკვა, რომ ჰაერის ვიბრაციებს თავისუფლად შეუძლია შიდა ყურის სმენითი ძვლების გააქტიურება. შეიძლება, ვთქვათ, რომ გველები ხმებს მთელი თავის ქალით ისმენენ. აქედან გამომდინარე, გველებს ესმით არა მხოლოდ ჩვენი ნაბიჯები, არამედ საუბრებიც. ამასთანავე, ჯერ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ყველა (3 000-მდე) სახეობის გველს აქვს კი ამის უნარი თუ მხოლოდ სამეფო პითონების უნიკალური თვისებაა ხმების თავისუფალი აღქმა (ექსპერიმენტები ჩატარდა მხოლოდ სამეფო პითონზე)? ამას მომავალი კვლევები და მათი შედეგები გვიჩვენებს.
125 შეფასება არ არის
|