სხვა რატომ უშენენ შიმპანზეები ქვებს ხეს? - გამაოგნებელი კვლევის შედეგები 2021, 1 აპრილი, 20:50 დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები მაიმუნები ხეებს ქვებს ესვრიან - ალბათ, ცდილობენ გარკვეული ხმა გამოსცენ. 2016 წელს, მაქს პლანკის ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და ექს-მარსელის უნივერსიტეტის მკვლევრები შეეცადნენ, გაარკვიათ, რომ მაიმუნის გარკვეული ჯგუფები, კერძოდ, შიმპანზეები ხეებს უშენენ ქვებს. მათ შენიშნეს, რომ ამ რეგიონში მცხოვრები შიმპანზეებისათვის ამგვარი ქცევა ჯგუფურ გართობას ჰგავს. ამასთანავე, შიმპანზეები არა მხოლოდ ხეებს, არამედ სხვა საყვარელ, რჩეულ მცენარეებსაც უშენდნენ ქვებს. ფესვებში უხვად ეყარა რიყის ქვების გროვა. ასეთი "გართობის" მოყვარული შიმპანზეები იპოვეს ლიბერიის, კოტ დ იუვარის, გვინეა-ბისაუსა და სიერა-ლეონეს ტერიტორიაზე. თუ რუკას გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ქვების კოლექტიური სროლა ლოკალიზებულია შედარებით მცირე ფართობზე. მეცნიერები ამას უკავშირებენ მაიმუნებს შორის გავრცელებულ ადგილობრივ ტრადიციას. არსებობს ვარაუდი, რომ მცენარეებისათვის ქვების დაშენა მაიმუნებისათვის არა გართობა, არამედ რიტუალის ნაწილია. შიმპანზეებს არც ისე დიდი ძალა აქვთ, თუმცა ისინი მთელი ენერგიით ცდილობენ ხეებისათვის ქვების დაშენას. მეცნიერები მივიდნენ ჰიპოთეზამდე, რომ მაიმუნების ასეთი ქცევა უკავშირდება ხმას, რომელიც ხეებზე ქვების მოხვედრისას ჟღერს. ბიოლოგები დაბრუნდნენ იმ ადგილას, სადაც შიმპანზეების მიერ ხეებისათვის ქვების სროლის ფენომენი პირველად შენიშნეს და გარკვეულ ხეებში დაამონტაჟეს მიკროფონი. კვლევის პროცესის დასაჩქარებლად ბიოლოგები თვითონაც ესროდნენ ხეებს ქვებს და დარტყმისას გამოცემული ხმის მახასიათებლებს აფასებდნენ, მაგალითად, ყრუ ხმა იყო თუ მკაფიო და რამდენ ხანს ისმოდა ექო. 13 სახეობის მცენარისა და ქვის სროლის სხვადასხვა სცენარის შემოწმების შემდგომ ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ შიმპანზეები ქვის დასაშენად ირჩევენ კონკრეტულ ხეებს, ყველაზე ხშირად კი ღია ფესვების მქონე ხეებს. ასეთ ხეებზე დარტყმისას ხმა იყო უფრო დაბალი და გრძელდებოდა გაცილებით მეტხანს, ვიდრე სხვა შემთხვევებში. მკვლევართა აზრით, ხმა ნამდვილად ის ძირითადი მიზეზია, რის გამოც აფრიკული მაიმუნები ხეებს ქვებს ესვრიან. რისთვის სჭირდებათ პრიმატებს ხეზე ქვების მიხეთქებით წამოსული ხმის გაგონება, ეს ზუსტად ცნობილი არაა. უნდა ვიფიქროთ, რომ ამით უბრალოდ სიამოვნებას იღებენ, მათ მოსწონთ გარკვეული ხმების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. 166 შეფასება არ არის
|