საზოგადოებრივი 13 რჩევა წარმატების მისაღწევად საქართველოს რეალობაში, რომელსაც ვერცერთ წიგნში და ვერც ინტერნეტში ვერ იპოვით 2021, 23 მარტი, 0:35 რაში მდგომარეობს წარმატებული ადამიანის საიდუმლო? რატომ არ არის ნიჭეერება, განათლება და შრომისმოყვარეობა საკმარისი იმისათვის, რომ იყო წარმატებული?
ზუსტად ვიცი, რომ თითოეული თქვენგანის ქვეცნობიერმა ინტუიტიურად და ლოგიკურად იცის, უბრალოდ, წესეირი ადამიანები კეტავთ გზას, რომ ცნობიერში არ გადმონაცვლოს...
დიახ, ყველამ იცით, მაგრამ არ გინდათ დაიჯეროთ, რადგან არ გინდათ მოკლათ იმედი საკუთარ თავში.... თან რაღაც არალამაზად ჟღერს ხოლმე სიმართლე, თვალის გასწორებაც ძალიან ძნელია სიმართლისთვის, ზუსტად ისე, როგორც მზისთვის... ამიტომ გირჩევნიათ შეაგუოთ თავი ტყუილს და იცხოვროთ ილუზიაში.
ბრბო ოდითგან გაურბის მწარე სიმართლეს და სჯერა ლამაზი ტყუილის. სავსეა ინტერნეტი და წიგნის მაღაზიების თაორიები ასეთი ლამაზი ზღაპრებით - როგორ გახდე წარმატებული კარიერაში, სიყვარულში, რავი, რაშიც წარმატების მიღწევა შეიძლება. ადამიანებს სიამოვნებთ ამის კითხვა კეთილი დასასრულით, მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომელსაც წარმატებამდე მიჰყავხართ! ტაძრამდე, რასაც წარმატება ჰქვია, მხოლოდ ტაძრისთვის შეუფერებელი გზები მიგიყვანთ...
მიგიქცევიათ, ალბათ, ყურადღება, რომ ძალიან ბევრ ასეთ რჩევაში არის ერთი და იგივე ფრაზა: "უნდა დაისახო მიზანი და ყველაფერი გააკეთო ამისთვის!"
რა იგულისხმება ამ "ყველაფერში", ეს უკვე მკითხველის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ეს "ყველაფერი" ნამდვილად არ არის ბრძოლა წესებით, სამართლიანი გზა, ჰუმანური საშუალებები... ამ წიგნებს მხოლოდ მოგების მიზნით გამოსცემენ, შემოსავლის გასაზრდელად იღვწიან - მე კი აგერ უფასოდ გეტყვით, რეალურად რა გზები არსებობს წარმატების მისაღწევად ნებისმიერ სფეროში - იქნება ეს სამსახური, კარიერა თუ პირადი ცხოვრება! რომელიც გინდათ, ის წარმოიდგინეთ კითხვისას.
საქართველოში თუ გინდა რაიმეს მიაღწიო ან ხელიდან უნდა წახვიდე ან ქვეყნიდანო, ოტიამ. მაგრამ არ ჩამოგვირაკრაკა, როგორ უნდა წახვიდე ხელიდან....ჰოდა, ხელწასულობისთვის არის ზუსტად ეს რჩევები, რომლებიც ნამდვილად მიგაღწევინებთ წარმატებას...
მიმოიხედეთ რამდენი ნაცნობი გყავთ ერთდროულად უგზოუკვლოდ განათლებულიც, თავდაუზოგავად მშრომელიც, ნიჭიერიც, კეთილუნარიანიც, ღირსებებით შემკულიც, კაიოჯახიშვილიც, კარგი გარეგნობის ანუ ნამდვილი დიმიტრი გელოვანები, როგორც ქუთაისში იტყვიან, მაგრამ კი გახსოვთ, დიმიტრი გელოვანმა სად და როგორ დაასრულა სიცოცხლე...
თოთოეული ღიზიანდება, თუ ვინმე გულწრფელად შეწუხებული, მაგრამ უტაქტოდ ეკითხება :
-ასე ყოველმხრივ შემკულმა, ასეთი მონაცემების პატრონმა როგორ ვერაფერს მიაღწიე ცხოვრებაში?
ახლა მოდაშია გამოთქმა, რომელიც კლიშედ აქციეს მიზანმიმართყლად: "ცოდნა ერთია და მეორეა მისი გამოყენების უნარი"
არა, ბატონებო!
ძალიან ცდებით...
ამ თანამგრძნობ, მაგრამ უტაქტო კითხვაზე პასუხი არის ცალსახა და მარტივი:
ვერ კადრულობენ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებას! თანამედროვცე რეალობისაგან წამოყენებულ მოთხოვნებსა და მათ პიროვნულ ღირებულებებს შორის ბრძოლაა თითოეულში! და იმარჯვებს ღირსება, მარცხდება წარმატება, და ხშირად ჯილდო არის: ღირსეული შიმშილი!
13 რჩევა წარმატებისკენ:
რჩევა 1 : არაფერში დაგჭირდება თავდაუზოგავი შრომა, პროფესიული უნარების გამომუშავება, საკუთარ სრულყოფაზე ზრუნვა. ეს იმ ძალას და ენერგიას წაგართმევს, რაც სხვა უფრო ავანტიურისტული და უტილიტარისტული უნარების გამომუშავებასა და წარმატების რეალურ მიღწევაში დაგჭირდება. რადგან წარმატების მისაღწევად კოლოსალური ნეგატიური ძალა და ენერგიაა საჭირო. დაზოგე დრო და ენერგია, მიმართე მხოლოდ რეალური გზებისკენ. რჩევა 2: არ იკითხო კლასიკური ლიტერატურა. ცხოველურმა ბუნებამ არ დატოვა გაადამიანურების გზაზე მყოფი ჰომო საპიენსი. ადამიანი ისევ ცხოველია, სოციალური ცხოველიო, არისტოტელემ. ყველა ადამიანში არის მოპოვებისა და ნადავლით სიამოვნების მიღების დაუცხრომელი სურვილი. უბრალოდ, მერე ზოგს არაპრაქტიკულად, მაღალი იდეალებით გვზრდიან, გვაჩეჩებენ ხელში კლასიკურ ლიტერატურას, რომ შევიყვაროთ დონ კიხოტი, მიშკინი, ყველაზე სუფთა და წესიერი პერსონაჟები, მათთან ერთად განვიცადოთ, თანაგრძნობადი ვიყოთ სიკეთისა და დაჩაგრული ადამიანებისადმი, ვიყოთ სიმართლისტები, დავგმოთ ბოროტება და მისგან გამომდინარე ნებისმიერი თვისება ანუ გავკეთილშობილდეთ. ამასობაში ადამიანები, რომელთაც არაფერი აქვთ წაკითხული და არ არიან ამ არაპრაქტიკული იდეებით ნაკვებნი, სიამოვნებით ახდენენ მანიპულირებას შეენი კეთილშობილებით, ღირებულებებზე ორიენტირებული მსოფლმხედველობით, შენი ყველაფერზე ვარწასვლით, მოთმინებით, მიტევებით, შენზე გადავლით. ზოგჯერ სწორედ შენი ბრმა იარაღად ქცევით ან რაიმე ფასეულის დატყუებით აღწევენ უზარმაზარ წარმატებებს, იქმნიან ფინანსურ, სოციალურ, კულტურულ თუ სიმბოლურ კაპიტალს.
რჩევა 3: არ ისწავლო და იმეცადინო თავგადადებით! განათლება წარმატებას არაფერში სჭირდება... პირიქით, წარმატებისკენ გზაზე შეიძლება დიდ დაბრკოლებადაც კი გექცეს, რადგან არავის უყვარს მასზე განათლებული, მასზე ინტელექტუალი.. ნუ, საკუთარი კომპლექსების გამო.
თუმცა კარგი განათლება მშიერს არ დაგტოვებს, რადგან ყველას, ადრე თუ გვიან, დასჭირდება ვირები. საქმე ვინმემ ხომ უნდა აკეთოს?
რჩევა 4. მაგრად დატრენინგდი აფერისტობაში, პირმოთნეობაში, კარგად შეძვრომაში, აქე და ადიდე ის, ვინც გჭირდება (ქება სიამოვნებთ ადამიანებს), დაუკოცნე ხელები და თუ საჭირო გახდა ფეხებიც, მაშინაც კი თუ ამ ხელ-ფეხის დაკბენა გწყურია. ითამეშე, ითამაშე, ითამაშე! ცხოვრება ერთი დიდი სცენააო, გოფმანმა!
თვალთმაქცურად იქეცი ხელის ბიჭად/ გოგოდ, მოიპოვე ნდობა. დაემონე, რომ დაიმონო! თუ ვინმე ოხერმა და ნამეტანი ერუდირებულმა ამ პროცესზე გვერდიდან დაკვირვებით გაგშიფრა პიროვნულად და გაღიზიანდა შენი სტრატეგია-ტაქტიკით, ეცადე, დაიმეგობრო იგი, მასაც შეუძვრე, ესტუმრო სახლში ძღვენით (იმედია, სტუმარ-მასპინძელი ასეთ ადამიანს წაკითხული და გააზრებული ექნება), მოიწვიე სტუმრად, დაიმოყვრე ბოლოს და ბოლოს ან დაინათლიმირონე... გაიხსენე, რა გააკეთა რუზველტმა, როგორ გადმოიბირა ოპოზიციონერი. და თუ რუზველტმა გააკეთა ეს, შენ რით ხართ რუზველტზე ნაკლები?!
ჰო, თუ ნამუსიანი და, ზოგადად, ღირსეული ადამიანია, წინააღმდეგობასაც ვერ გაგიწევს, გამოიყენე მისი კეთილშობილება შეენი მზაკვრული მიზნების სასარგებლოდ. ხოლო თუ უნამუსოა შენსავით, არც გაუკვირდება და ასეთთან ალიანსიც კი შეიძლება შეკრა სამომავლო წარმატებების ერთად მისაღწევად... ძალა ხომ ერთობაშია?
რჩევა 5: დახელოვნდი ადამიანების მაქსიმალურ გამოყენებაში, ანგარებით მიუდექი ყველაფერს, იყავი გამორჩენაზე. გამოიყენე მაქსიმალურად ყველა, ვისაც შენს წინ წასაწევად ბევრი ბერკეტი აქვს, რადგან ცხოვრება კიბეა და ხვალ შეიძლება აღარ ჰქონდეს. როცა ხვალ გამოუსადეგარ ადამიანად იქცევა, შეგიძლია მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო - ახალ და შენთვის საჭირო ბერკეტმიღებულ ადამიანებს ასიამოვნებ ამით.
კარიდან გაგიშვებენ უარით? ფანჯრიდან შეუხტი. თავი მსხვერპლად მოაჩვენე, მოყევი, როგორ უსამართლოდ გექცევიან ირგვლივმყოფები, თორემ აი, როგორი კარგი ხარ სინამდვილეში, მაგალითად, მისთვის?! მონდომებული, თავდადებული... ამის დასამტკიცებლად ათასნაირი ხერხი და საშუალება არსებობს.... თუ პაწია ტექნიკები არ ეყოფა ამ საქმეს, არსებობს დიდიც - მაგალითად, საწოლი... რავი კაცია, ქალია, დღეს სულერთია....
მიეცი, რომ მოგეცეს....
რჩევა 6: გადაუარე, გაიარე!
შესაბამისად, ეს რჩევაც მოკლე იქნება, ძალიან ბევრი რომ არ იფიქრო გადავლილზე...
რჩევა 7: ისწავლე ინტრიგების ხლართვა. ეს ერთგვარი ხელოვნებაა... ისე უნდა ჩახლართო, თვითონაც რომ ვეღარ უპოვო თავი და ბოლო, თორემ თუ თავი და ბოლო ღიად დაგრჩა, შეიძლება ვინემ მოქაჩოს და პაჭიჭს თავი შეეხსნას - გაიშიფრო!. ამიტომ დახვეწილად უნდა იმოქმედო... ისსწავლე სხვა ადამიანეების გვამებზე შედგომით ამაღლება - აი, ის რა ცუდია, მე რა კარგი. პარალელები ჭრის! რაც შეეხება ტყუილებს, არამც და არამც სრული და დაუჯერებელი ტყუილი! ტყუილი უნდა იყოს ნახევარსიმართლე.
მაგალითად, მარტივად რომ გაიგოს ყველამ: N-ი ნიჭიერია, განათლებულია, შრომისმოყვარეა და ეს ნათლად ჩანს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ვერ დაიმალება. როცა მისი დისკრედიტება და ჩახსნა გინდა და მასზე იტყვი, რომ უნიჭოა, ამას არავინ დაგიჯერებს. მეტი დამაჯერებლობისთვის N-ზე უნდა მოიფიქრო რაიმე კომპრომატი, რომლის შემოწმებაც შეუძლებელია.
"იცით? N ძალიან ნიჭიერია, განათლებულიც, შრომისმოყვარეც, მაგრააამ.... ვერ გიტანთ!". N ვერასდროს დაამტკიცებს, რომ იტანს ან პირიქით, ძალიანაც მოწონს პირი, ვისაც ეს უთხრეს. მთლად უკეთესია, თუ " მაგრააამ" -ს შემდეგ აღარ გააგრძელებ, მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმებ... უფრო მეტი იქნება ნათქვამი ამით, ვიდრე ფრაზა "ვერ გიტანთ" ამბობს
ეს ყველაზე პრიმიტიული მაგალითია, უამრავი რთული ვარიანტი არსებობს....
ამასთან შეეცადე წაიღ-წამოიღო ამბები, თუნდაც გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით, რადგან მეფეს პირველი მომჩივანი მართალი ჰგონია.
არის კიდევ ერთი ძალიან "იდეალური" გზა: დააბრალო პოტენციურ კონკურენტს ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. ვინც დაიჯერებს, დაიჯერებს, თვითონ მის ფსიქიკას ხომ დაშლი მარტივ მამრავლებად რაგინდ ძლიერი ადამიანიც არ ინდა იყოს.
რჩევა 9: ისწავლე ადამიანების დამობინგება, დაშანტაჟება. მოუსმინე ყველას ყურადღებით. ორ კურდღელს ერთად დაიჭერ - ადამიანებს ძალიან უყვართ მათი პრობლემების ყურადღებით მსმენელები და მეორეც - რა იცი, ეს მოსმენილი როგორ დაგჭირდება და ამ მოსმენილს როგორ გამოიყენებ თუნდაც ნახევარსიმართლის შეთზვისას მის წინააღმდეგ?!. ეძებე ასეთი დეტალები მათ საუბრებში. და თუ ვერ იპოვი, უკეთ ხომ მაინც გაიცნობ მის სხვა მხარეებს, რომ მერე ლამაზად და სარწმუნოდ შეაძვრინო კატა ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ იქნება?!
ამასთან, საუკეთესო ტექნიკაა, თვითონ აბულინგო კონკურენტები, მაგრამ თავი გამოიყვანო ბულინგის მსხვერპლად. დასცინე რაც შეიძლება ბევრი ზურგს უკან. იმაში დასცინე, რაშიც თვითონ ხარ დასაცინი. ეს პროექციაა.
რაც შეეხება დაშანტაჟებას, რა იცი, ვინ რას მიაღწევს ცხოვრებაში და ყურებით გეყოლება დაჭერილი, ცხვირით დაატრიალებ, რომ მთელი ცხოვრება გათრიოს ზევით-ზევით მერე საკუთარი სიბინძურის გადაფარვის მიზნით.
რჩევა10: დაიკიდე, რას იფიქრებენ ადამიანები შენზე, მათგან სიყვარული, პატივისცემა და, ზოგადად, ღირსება, რადგან როცა შვილებს მოშივდება, ღირსებას ვერ დაუჭრი და შეუწვავ.... თან როცა წარმატებას მიაღწევ, ისედაც გექნება ადამიანებისგან "დაფასებაც", სიყვარულიც", 'პატივისცემაც", "ავტორიტეტიც" - გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და იმიტომ! სულერთია, რა საზიზღარი საშუალებებითაც არ უნდა მიაღწიო მიზანს, წარმატებამიღწეულთან ის ადამიანებიც კი, რომლებიც თავიდან გაკრიტიკებდნენ, მოვლენ და მუხლებს დაგიკოცნიან.
რჩევა 11: დაივიწყე სამართლიანობა! არავის უყვარს სამართლიანი ადამიანი, თვით დაჩაგრულსაც კი, რადგან როცა ოდესმე თავს ამოჰყოფს ნეხვიდან და თვითონ გახდება სხვების მჩაგვრელი (მეტწილად ასე ხდება), მოგიშორებს თავიდან და ცხოვრებიდან, როგორც მოწმეს! განადიდე შენთვის საჭირო არარაობა და არასდროს გამოიდო თავი, როცა ხედავ, რომ ვიღაცას, ვინც არაფერში გჭირდება, უსამართლოდ ექცევიან, რადგან ორ მტერს იძენ: ერთს, ვისაც მის გამო პასუხს გასცემ და მეორეს - პოტენციურ მტერს, როგორც ზევით გითხარი. პირიქით, ერთი დიდი ქვა შენც აიღე და ესროლე. ძალიან ასიამოვნებ უსამართლობის ავტორს, რადგან უსამართლობას ადვილად სწორედ ისინი სჩადიან, ვისაც ამის ერთი ადგილი აქვთ და, შესაბამისად, ბერკეტებიც... დახუჭე თვალები ყველა უსინდისობაზე, რასაც შენი წარმატებისთვის საჭირო პერსონა ამჟღავნებს და ნებისმიერ დანაშაულზე, რასაც სჩადის. მის ყველა ქცევასა და სიტყვაში ეძებე თუნდაც მისხალი, რისთვისაც მხარს დაუჭერ და გაამართლებ. მოკლედ, ყველა ვარიანტში უნდა "გააპრავო"... და ამტკიცო, რომ შავი თეთრია. რას იზამ, წარმატება კი გინდა და ტვინის ჭყლეტა და სულის გასვრა - არა?
რჩევა12: იყავი პატივმოყვარე და საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის. ეს თავდაჯერებულობას შეგმატებს. ვის რაში აინტერესებს, რას ფიქრობენ ასეთებზე დანინგი და კრუგერი? სამაგიეროდ, რაბლეს ხომ აქვს, "ყოველი ადამიანი იმდენი ღირს, რამდენადაც თავს იფასებს"?! ჰოდა, სავსე თავთავი კი არა, ტოროლა, აწიე თავი მაღლა და, ცხვირიც მაღლა გაჰყვება თავს. არაჩხუნე საკუთარი ბამბები, იტრაბახე, რაც შეიძლება ბევრი, იტრაბახე თაყვანისმცელმებით, ლობისტებით, "კრიშებით", მიღწეული პაწია წარმატებებით, რომლებსაც რა საშუალებით მიაღწიე, მაინც არავინ მოიკითხავს ...
რჩევა13: იყავი საშიში ადამიანი, თან ძალიან საშიში. ყველაფერზე წამსვლელი.... როცა იცი, რომ საშინლად იქცევი, თავდასაცავად თავდასხმა აირჩიე... შიში შეიქმს სიყვარულსო - და, მართალია, "ვეფხისტყაოსანი" მხოლოდ გაპროზაებულად შეიძლება გქონდეს სკოლის გამოცდისთვის მოვალეობისთვის გადაკითხული (და არა თვითონ პოემა, მაგრამ ეს სიტყვები აუცილებლად უნდა იცოდე, რადგან ძალიან გამოგადგება წარმატების მისაღწევად და ყურადღება არ მიაქციო სახე ყოვლისა ტანისა შემქნელს პროლოგში. თუმცა ღვთისნიერებისკენ უნდა მოუწოდო სხვებს, რადგან ყველა რომ შენსავით არაღვთისნიერ გზას დაადგეს, მერე ძალიან გაგიჭირდება წარმატების მოპოვება. არაღვთისნიერთა შორის ყველაზე არაღვთისნიერის გამოვლენა ფრიად ძნელი იქნება. დაე, სხვებმა იფორთხონ მთელი ცხოვრება ტაძრებში და მუხლები გადაიტყაონ, ეს შენს წისქვილზე დაასხამს წყალს - ისინი იმედებს ღმერთზე გადაიტანენ და არა აქტიურ მოქმედებაზე. ამით დროს მოიგებ. არენას გაითავისუფლებ.
მაქსიმალურად შეეცადე გადაიღო ფოტოები სანთლებით ხელში ფრესკების წინ ღვთის კრავის სახით, დაარწმუნო სხვები, რომ წარმატება მხოლოდ ღმერთით მოდის შენთან...
***
მართალია, ასეთი ადამიანი შენი არსებობით ვერსადროს შეცვლი უკეთესობისკენ ქვეყანას და, მით უფრო, სამყაროს, მაგრამ ან კი რატომ უნდა შეცვალო?ეგდოს ისეთი, როგორიც არის! ამღვრეულ წყალში ხომ უფრო მეტ თევზს დაიჭერ შენ თვითონ და რა გენაღვლება?!
175 5-ს მოსწონს
|