სხვა სანაპიროზე ნაპოვნი უსიამოვნო სუნის მქონე ქვა, რომელიც ათასობით დოლარი ღირს 2021, 18 მარტი, 10:21 ფულს სუნი რომ არა აქვს, ამაში იღბლიანი ბრიტანელი მამაკაცი დარწმუნდა, რომელმაც ერთი უჩვეულო ნივთი, საკმაოდ კარგ ფასში გაყიდა. კენტ ვილმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მორაკამბის (ჩრდ. ბრიტანეთი) პლაჟზე სეირნობისას, მისმა ძაღლმა ფეხბურთის ბურთის ხელა ქვა იპოვა, რომელსაც უსიამოვნო სუნი ჰქონდა. ძაღლმა მისი ყნოსვა დაიწყო და ნაპოვნ ნივთს არ შორდებოდა. როდესაც კენტი ახლოს მივიდა, მძაფრი სუნი შეიგრძნო. მის შესახებ არაფერი იცოდა და ამიტომ, ფეხი ჰკრა და გვერდით გადააგდა. ლოდი გასკდა, ხოლო მის შიგნით სხვა, უცნობი სუბსტანცია აღმოჩნდა. მაშინ კენტმა მისი თან წაღება გადაწყვიტა, რომ ის ვინმესთვის ეჩვენებინა და გაერკვია, თუ რასთან ჰქონდა საქმე. სახლში მისვლის შემდეგ, პირველი რაც მან გააკეთა, ინფორმაციის მოძიება Google–ის მეშვეობით დაიწყო და მიხვდა, რომ ეს «მყრალი ქვა» სახლში ტყუილად არ წამოიღო, — აღმოჩნდა, რომ ის ამბრა იყო, ცვილისმაგვარი ნივთიერება, რომლის გამომუშავება კაშალოტის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხდება და რომელსაც ცხოველები ფურთხთან ერთად გამოყოფენ. ხოლო, დროთა განმავლობაში, ის სანაპიროზე ხვდება. ამბრას «პარფიუმერისს ოქროსაც» უწოდებენ, მას სუნამოს წარმოებაში, არომატის ფიქსატორად იყენებენ და რადგან ეს ნივთიერება დიდ იშვიათობას წარმოადგენს, ძალიან მოთხოვნადია და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. წლის მანძილზე მსოფლიოში, ამბრას პოვნის მხოლოდ 2–დან – 5–მდე შემთხვევა ფიქსირდება და როგორც მეცნიერები ამბობენ, მისი იმ სანაპიროებზე გამორიყვა, რომელთანაც ნივთიერების «შემქმნელები» ბინადრობენ (სამხ. აფრიკა, ჰავაი, ინდოეთი, შრი–ლანკა და ჩრდ. რეგიონები, სადაც კაშალოტები ზაფხულში მიგრირებენ), უფრო ხშირად ხდება. უბრალოდ, ადამიანები მას ყურადღებას არ აქცევენ. რაც შეეხება ღირებულებას, ის ამბრას მასაზე არის დამოკიდებული და ფასი 60 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 746 3-ს მოსწონს
|