ფსიქონევროლოგია არანორმალური 2021, 11 მარტი, 20:06
2006 წელს მედიცინის დოქტორ ვაჟა კენჭაძესთან ბავშვი მიიყვანა დაღონებულმა მამამ. ბავშვი, რომელიც გარემოცვამ შეაფასა როგორც "ოფიციალური არანორმალური". შეწუხებულ მამას პროფესიონალის დიაგნოზი და რჩევები აინტერესებდა. ბიჭი იყო ძალიან დათრგუნული, ჩაკეტილი, ენაბორძიკობდა. მამამ - ალალმა, წესიერმა და მოკრძალებულმა კაცმა - ისაუბრა შვილის მიერ გამოვლენილ "არანორმალურობებზე":
"კორპუსის ეზოში ბავშვებს კნუტი დაეჭირათ და ხეზე კუდით ჰკიდებდნენ, მერე ერთმანეთს ბურთივით ესროდნენ. ჩემი ბიჭი ფანჯრიდან უყურებდა ამას. (ვერ მეგობრობს მეზობელ ბავშვებთან). უცებ მოსწყდა ადგილს, გიჟივით ჩაირბინა კიბე, ეცა ბიჭებს, ერთს სახე ჩამოკაწრა, მეორეს წიხლი უთავაზა და ასე ბრძოლით გამოგლიჯა კნუტი. გადმოდგნენ მეზობლები, მათ შორის, იმ ბიჭების დედები და ჩემს ბიჭს გიჟი, არანორმალური და აგრესიული ეძახეს". მამა რამდენიმე მსგავს ისტორიასაც მოჰყვა.
ფსიქიატრი: "ეს ნორმალური ბიჭია. მას არ აქვს პიროვნების დარღვევა, პიროვნების აშლილობა. ის შესანიშნავად განასხვავებს სიკეთეს ბოროტებისგან! ეს არის კრიტერიუმი! მას ცოტა წახმარება სჭირდება ნევროზულობაზე. აი, ის ორი სადისტი ბიჭი კი ... ზუსტად ისინი არიან არანორმალურები და ჩემი პროფილის პაციენტები. ადამიანს შეიძლება სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ჰქონდეს ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, სანამ სიკეთის და ბოროტების განსხვავება შეუძლია! თქვენი შვილი ნორმალურია! კეთილი ადამიანები ხშირად არიან ნერვიულები... ისინი გარემომცველ ბოროტებას და უსამართლობებს ვერ უყურებენ მშვიდად, რადგან ვერ ეგუებიან ბოროტებას. ბოროტებებზე სრულიად ადეკვატურად - გაღიზიანებულად რეაგირებენ, რადგან მათთვის მიუღებელია, მათთვის წარმოუდგენელია ასეთი ბოროტებები!"
58 4-ს მოსწონს
|