საზოგადოება ელენე აბაშიძე: " შევარდნაძე ცდილობდა ქართველი ხალხი დაერწმუნებინა ბუნებრივი რესურსების არარსებობაში.." 2021, 11 მარტი, 19:59 "მე, 85 წლის პენსიონერს, ელენე აბაშიძეს მთხოვენ ზოგადად ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრება საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე. ჩემი 51 წლის სამეცნიერო მოღვაწეობიდან გამომდინარე (ვარ გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი), წყალსაცავებიდან ფილტრაციის საკითხებზე მომუშავე ჰიდროგეოლოგისათვის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კადრულობენ გეოლოგიაში ელემენტარული ცოდნის გარეშე, ხელაღებით თქვან, როგორც მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე, – საქართველოს რა რესურსები აქვს ბორჯომის წყლის გარდაო, ....
დილეტანტის დონეზე მაინც ყურადსაღებად ვთვლი ჩემს პასუხს, შევარდნაძემ შეძლო და თავისი „ელიტარული“ ინტელიგენციის საშუალებით მოშალა, მოანგრია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სულ მუდამ ცდილობდა ქართველი ხალხი დაერწმუნებინა ბუნებრივი რესურსების არარსებობაში,
დაემცირებინა საქართველოს როლი თავისი ხალხისა და კაცობრიობის თვალში.
რესურსებზე..
რით შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ მშვიდად და ზოგ შემთხვევაში ვიამაყოთ კიდეც ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით. ჯერ მინდა მოგახსენოთ, რომ 1933 წელს ბატონმა ალექსანდრე ჯანელიძემ (რომელიც მსოფლიოში ცნობილი მაღალი დონის მეცნიერი იყო) შექმნა მთელი გეოლოგიური სკოლა და რუსეთიდან გეოლოგები აქ ჩამოდიოდნენ, რათა შეესწავლათ ნამდვილი გეოლოგია.
თავისი თანამებრძოლი გეოლოგებით საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრების შესასწავლად მრავალი ექსპედიციით სწორედ მათ აღწერეს მთელი საქართველოს გეოლოგია (შექმნეს ნაშრომი 1200 გვერდზე), წიაღისეული სიმდიდრე: საქართველოში თითქმის 73 სახეობის სიმდიდრე აღმოაჩინეს (რომელიც შეიცავს მენდელევის თითქმის მთელ სისტემას), ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ტყვია, რკინა, ბარიტი… და ა. შ.
ყველა ჩვენი ქედი, როგორც სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით, მთლიანად შეიცავს წიაღისეულს, ლოპოტის მარმარილო, რომელიც არანაკლებია განთქმულ იტალიურ მარმარილოზე (ლოპოტის მარმარილო შეიცავს CaCO3-ს – 99%-ს, ხოლო კარარის – 95%-ს). სალიეთის „მარმარილოთი“ ხომ კარგად არის მოსკოვის მეტრო? გარდა მარმარილოსი, გრანიტი, ბაზალტი, გაბრო, მთელი ვულკანური ქანების სახეობები და ა.შ. მთელი კავკასიონი ხომ ამოუწურავი სიმდიდრეა.
საქართველოში მარტო ოქრო რომ ავიღოთ, დაწყებული პატარა მდინარე გლდანულადან ენგურამდე, მდინარეები თითქმის ყველა (მაგალითად ყვირილას აუზის მდინარებიც) შეიცავენ ოქროს. ორი საუკუნის მანძილზე, ეკატერინე მეორედან მოყოლებული, ყოველ სვან ოჯახს შეწერილი ჰქონდა წელიწადში 8 გრამი ოქროს მიწერება მოსკოვისათვის. ახლა ვერცხლის შესახებ: კავკასიონის მწვერვალებს გარშემო აკრავს თითქმის ერთი მეტრი სიმძლავრის ვერცხლის შემცავი ფენა. საკმარისია დავასახელოთ ბოლნისის საბადოების პროდუქტიულობა და წიაღისეულის მრავალფეროვნება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა ყოველნაირად ჩქმალავდნენ მონაცემებს, თუ რა წილი ჰქონდათ რესპუბლიკებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ცნობილია, რომ 9 მილიარდი და მეტიც მიდიოდა საერთოდ საქართველოდან და გვიბრუნდებოდა რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის მხოლოდ 2 მილიარდი. ჟირინოვსკი ამას ამბობს, რომ თითქოს ჩვენ მოსკოვი და რუსეთი გვარჩენდა ორი საუკუნის განმავლობაში. მისი თქმით, თითქოს რუსეთი ჩვენგან არაფერს სარგებლობდა და კეთილშობილური ჟესტით ჩვენს რესპუბლიკებს უანგაროდ ეხმარებოდა.
საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც დიდი რაოდენობით რესურსებს ფლობს. მარტო შავი ქვით უნდა გაიტანოს თავი. ზესტაფონიდან საჩხერემდე საბადოს აუზი გრძელდება და შეიცავს ნამდვილად მაღალი ხარისხის მადანს – პეროქსიტს. თუკი არ და ვერ მოვახერხეთ მათი ექსპლუატაცია, ყოველთვის დავრჩებით.
ან, ვთქვათ, ნავთობის მოპოვება რატომ არ ხდება საქართველოში? დაწყებული ფოთიდან (ჭალადიდიდან) კახეთამდე? როგორც ამბობენ ამ საბადოს ტორი დაადო შევარდნაძემ, არც თვითონ აწარმოებს და არც სხვას აძლევს უფლებას, როგორც წესია ცივილური გზით მოიპოვონ, როგორც გაზი, ასევე ნავთობი. ამისათვის საჭიროა ჭაბურღილების გაჭრა. ამერიკას რომ ვბაძავთ ყველაფერში, ამაშიც მივბაძოთ- – თუ მას 17 კილომეტრიანი ჭაბურღილები აქვს გაჭრილი, ჩვენ 4-5 კმ.-იანითაც იოლად გავალთ. ჩვენი მილიარდერები და მილიონერები ამისათვის უნდა იწუხებდნენ თავს.
ჯერ არაფერი გვითქვამს მინერალურ წყლებზე. ჩვენთან, საქართველოში, ჩვენი ჰიდროგეოლოგების მიერ შესწავლილია თითქმის 2000-ზე მეტი წყალი, რომლებსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. განა ეს სიმდიდრე არ არის? ჩვენი დასალევი წყაროს წყლით დაინტერესებულია, როგორც მახსოვს, საფრანგეთი.
ეხლა ზედაპირულ წყლებზე აგებული ჰესების შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოში იყო სულ სამი ჰიდროელექტროსადგური: რიონჰესი, ზაჰესი და ხრამჰესი. მაშინ საქართველოს მოსახლეობა დღევანდელზე მეტი იყო. ეს სამი ჰესი აკმაყოფილებდა საქართველოს მოსახლეობას და მის მაღალ დონეზე განვითარებულ წარმოებას.
ეხლა ჩვენ ათეულობით ჰესები გვაქვს და კიდევ მეტი უნდა ააგონ. ამიტომ არ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიის 30% არის მხოლოდ სავარგულები და ისიც წყლით უნდა დაფარონ? სხვა მთას უკავია და იქ მიწათმოქმედების განვითარებისათვის პირობები არ არის. გამოდის ის, რომ გლეხი უნდა დავტოვოთ უმიწოდ, რითაც გლეხი უნდა ვაიძულოთ დატოვოს სოფელი და გაემართოს ქალაქისაკენ. რატომ არ ვცდილობთ დავამაგროთ გლეხი მიწას. ჩვენი ქვეყანა მიწის სიყვარულმა გადაარჩინა, ჩვენი ქვეყანა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ მოვაღწევდით აქამდე, თუმცა შაგრენის ტყავივით შემცირებულია, მაგრამ მაინც ხომ ვარსებობთ?
გავიგოთ, რომ მხოლოდ სარწმუნოების და მიწის სიყვარულმა გადაარჩინა საქართველო მსოფლიო რუკაზე. მართლმადიდებლობა და მიწის სიყვარული დიდი დასაყრდენია ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის და გავუფრთხილდეთ ამას, თუმცა ტელევიზია და მთავრობა დიდად არ აქცევს სათანადო ყურადღებას ამ ფენომენს, ნერგავენ ურწმუნოებას და გარყვნილებას.
ელენე აბაშიძე - გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი"
446 2-ს მოსწონს
|