x
შიგელოზის ეტიოლოგია,სიმპტომები,გართულებები და პრევენცია

image


შიგელოზი არის ბატქერიული ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.შიგელოზი გამოწვეულია ბაქტერიების ჯგუფ შიგელას მიერ, რომელიც ვრცელდება კონტამინირებული წყლისა და საკვების, ან ფეკალური მასების საშუალებით.ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ბაქტერია გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც აღიზიანებს ნაწლავს.სიმპტომები ვარირებს სიმძიმის მიხედვით, მსუბუქი ფორმის შიგელოზის დროს, სიმპტომები შესაძლოა არც აღინიშნებოდეს.რისკ-ჯგუფში არიან ბავშვები, რომლებიც სწავლობენ სიარულს, ასევე სკოლამდელები, რაც დაკავშირებულია თითების პირის ღრუში ხშირ მოთავსებასთან.
შიგელოზის მთავარი სიმპტომი არის დიარეა, ვლინდება მუცლის ტკივილი, ტენეზმა, გულისრევა და ღებინება, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სისხლიანი ან ლორწოვანი განავალი, თანმდევი ტემპერატურის მომატებით.პირველი სიმპტომები აღმოცენდება ინფიცირებიდან 3დღეში, ზოგჯერ 1კვირაში.
ჩვეულებრივ, დიარეა და შიგელოზის სხვა სიმპტომები 2-7დღემდე ვლინდება, მსუბუქი ფორმა გრძელდება რამდენიმე დღე და არ საჭიროებს მკურნალობას, მნიშვნელოვანია ჰიდრატაციის შენარჩუნება, ხოლო თუ დიარეა გაგრძელდა 3 დღეზე მეტხანს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

როგორ ვრცელდება ინფექცია?
ნივთებთან შეხებით-შიგელოზის გავრცელების ყველაზე ხშირი გზა არის პირდაპირი კონტაქტი დაავადებულთან, მაგ.: პიროვნება, რომელიც უვლის შიგელოზით დაავადებულ ბავშვს, საფენების/თეთრეულის გამოცვლის შემდეგ, ხელების დაუბანლობის ან არასათანადოდ დაბანის შემთხვევაში, ბაქტერია რჩება ხელებზე, ან იმ საგნებზე, რომელთანაც კონტაქტი უკვე აღინიშნებოდა.ეს ერთი მხრივ, ზრდის ინფიცირების რისკს როგორც დაავადებულის მომვლელისათვის, ისე სხვა პირებისთვის, ვინაიდან ბაქტერია ცოცხლობს საგნებზე და შანსი იმისა, რომ ამ საგანთან შეხებით სხვა პიროვნებაც დაინფიცირდეს, რა თქმა უნდა, არსებობს.
საკვებით- საკვებ პროდუქტებზე ბაქტერია შესაძლოა გადავიდეს სადილის მომზადების პროცესში, ხილი და ბოსტნეული კი ბაქტერიით ბინძურდება ფეკალური მასებით კონტამინირებულ მიწაზე გაზრდისას.
ფეკალური მასებით კონტამინირებული წყლის გადაყლაპვით, აუზებსა და ტბორებში
სექსუალური კონტაქტი- ინფიცირების რისკი არსებობს ორალურ-ანალური სექსუალური აქტის დროს.

ჩვეულებრივ, შიგელოზი ალაგდება გართულებების გარეშე, მაგრამ საჭმლის მომნელებელ სისტემას სჭირდება რამდენიმე კვირა ან თვე, რომ დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას.
შიგელოზის გართულებებს წარმოადგენს:
დეჰიდრატაცია- ხშირი დეფეკაცია იწვევს დეჰიდრატაციას, რაც ვლინდება თავბრუსხვევით, ჩავადნილი თვალებით და ა.შ.
გულყრა-შიგელოზით დაავადებულ ზოგიერთ ბავშვს აქვს გულყრა, რომელიც უფრო ხშირად ვლინდება მაღალი ტემპერატურის დროს, თუმცაღა შესაძლებელია აღმოცენდეს ნორმალური ტემპერატურის დროსაც, დღესდღეობით უცნობია გულყრას იწვევს მაღალი ტემპერატურა თუ ასოცირებულია თვითონ შიგელას ინფექციასთან.
რექტალური პროლაპსი-მდგომარეობა, როდესაც მსხივილი ნაწლავის ბოლო ნაწილი, სწორი ნაწლავი, ჩამოცურდება და გამოვარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლოს არსებული კუნთოვანი შესავლიდან, ანუსიდან.
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი-ხდება სისხლის წითელი უჯრედების ნაადრევი ლიზისი, ანუ დაშლა, მცირდება ერითროციტების რაოდენობა, რაც იწვევს ჰემოლიზურ ანემიას, ვითარდება თრომბოციტოპენია და სისხლის დაშლილი უჯრედები იჭედება თირკმელების საფილტრაციო სისტემაში, რამაც საბოლოოდ შესაძლოა მიგვიყვანოს თირკმლის მწვავე უკმარისობამდეც.
ტოქსიკური მეგაკოლონი-იშვიათი გართულებაა, რა დროსაც მსხვილი ნაწლავი პარალიზდება, ნაწლავის პერისტალტიკა, დეფეკაცია და გაზების გამოდევნა მცირდება, ვლინდება მუცლის ტკივილი და შებერილობა, ტემპერატურის მომატება და სისუსტე, მკურნალობის უგულებელყოფა გამოიწვევს ნაწლავის რუპტურას, შემდგომი პერიტონიტით.
რეაქტიული ართრიტი-ვითარდება ინფექციის საპასუხოდ, ნიშნები და სიმპტომები მოიცავს სახსრების ტკივილსა და ანთებას, თვალების სიწითლეს, ქავილსა და გამონადენს(კონიუქტივიტი) და ურეთრიტს-მტკივნეული შარდის გამოყოფა.
ბაქტერიემია-შიგელას ბაქტერია შესაძლებელია ნაწლავებიდან გადავიდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და გამოიწვიოს ბაქტერიემია.

შიგელოზის საწინააღმდეგოდ არ არსებობს ვაქცინა, თუმცა პრევენციისთვის დაიცავით შემდეგი წესები:
ხშირად დაიბანეთ ხელები, თბილი წყლითა და საპნით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში
ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, თუ როგორ იბანენ ხელებს
გადაყარეთ ბავშვის გამოყენებული საფენები სათანადო წესით, თავი მოუკარით პაკეტში ან ჩანთაში არსებულ გამოყენებულ საფენს, რათა არ გაავრცელოთ ბაქტერია
დეზინფექცია გაუკეთეთ იმ ადგილს, სადაც ბავშვს უცვლით საფენს
არ მოუმზადოთ სადილი სხვებს, თუ გაქვთ დიარეა
მოარიდეთ ბავშვი სხვა ბავშვებს, თუ მას აქვს დიარეა
თავი აარიდეთ წყლის გადაყლაპვას საცურაო აუზსა და ტბაზე ცურვისას
თავი აარიდეთ სექსუალურ კონტაქტს პიროვნებასთან, რომელსაც აქვს ან ცოტა ხნის წინ ჰქონდა დიარეა
არ წახვიდეთ საცურაოდ, სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდებით (დიარეის დასრულებიდან სულ მცირე 2დღის განმავლობაში)

არსებობს თუ არა შიგელოზით ხელახლა დაინფიცირების შანსი?
შიგელა არის ბატქერიების ჯგუფი, რე-ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფექციის გამომწვევი იქნება არა ის კონკრეტული ბაქტერია, რომლითაც უკვე დაინფიცირდით წარსულში, არამედ შიგელას ოჯახის სხვა ბაქტერია.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?
დიარეა და სისხლიანი განავალი მრავალი დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს, იმისთვის რომ დაისვას შიგელოზის დიაგნოზი საჭიროა განავლის ლაბორატორიული კვლევა, რათა დადასტურდეს შიგელას ბაქტერიის არსებობა.

დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს დიდი რაოდენობით წყლის მიღებას, რადგან აღდგეს დიარეის გამო დაკარგული სითხის რაოდენობა, ნუ გამოიყენებთ დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.მედიკამენტებმა, როგორიცაა ლოპერამიდი და ლომოტილი, შესაძლოა უფრო გაართულოს მდგომარეობა.
მძიმე შემთხვევებში, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ეს ძირითადად ეხება პიროვნებებს სხვა მძიმე დაავადებებით, ასევე ხანდაზმულებსა და ჩვილებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შიგელას ოჯახის ზოგიერთ ბაქტერიას აქვს რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ, შესაბამისად ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შესაძლოა შედეგი არც კი გამოიღოს.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0