საბუნებისმეტყველო პლანეტის ბირთვში კიდევ ერთი სტრუქტურა აღმოაჩინეს 2021, 5 მარტი, 10:40 ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის გეოფიზიკოსმა ჯოან სტივენსონმა და მისმა კოლეგებმა დედამიწის შიდა ბირთვში დაფარული სტრუქტურის ნიშნები აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები ჟურნალ – Journal of Geophysical Research გამოაქვეყნეს, მოკლედ, აღმოჩენის შესახებ მოთხრობილია Science Alert-ის პუბლიკაციაშიც (Scientists Detect Signs of a Hidden Structure Inside Earth's Core). «ტრადიციულად, გვასწავლიან, რომ დედამიწა 4 ძირითადი სტრუქტურული ელემენტისგან შედგება. ესენია: ქერქი, მანტია, გარე ბირთვი და შიდა ბირთვი. მაგრამ, ეს ასე არ არის.» — აღნიშნა სტივენსონმა. ჩვენი ცოდნა, დედამიწის ქერქის ქვეშ არსებული ფენების შესახებ, ძირითადად, იმ ნივთიერებების კვლევას ეფუძნება, რაც მის ზედაპირზე, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ხვდება და ასევე, სეისმურული ტალღების გავრცელებაზე დაკვირვების შედეგებს. ტალღებზე დაკვირვებით, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გავარვარებული შიდა ბირთვი, რომლის ტემპერატურა 5000° С – აღემატება, დედამიწის საერთო მოცულობის მხოლოდ 1% შეადგენს. გარდა ამისა, ახალი კვლევა შეიცავს იმის მტკიცებულებას, რომ დედამიწის შიდა ბირთვს, შესაძლოა, 2 სხვადასხვა ფენა ჰქონდეს. მკვლევართა ჯგუფმა დედამიწის შიდა ბირთვის ათასამდე მოდელი, სხვადასხვა სეისმოლოგიური ცენტრიდან მიღებულ, დედამიწის სიღრმეში ტალღების გადაადგილების შედეგებს შეადარა და აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელმაც შეიძლება, იმ რკინის სტრუქტურის ცვლილებაზე მიუთითოს, რომლისგანაც დედამიწის ბირთვი შედგება. აღმოჩნდა, რომ ბირთვში, რკინის კრისტალებს ორ განსხვავებულ ფენაში, სხვადასხვა სტრუქტურული განლაგება აქვს. ეს კი, იმას ხსნის, თუ რატომ არის, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტის შედეგი, დედამიწის სტრუქტურის ამჟამინდელ მოდელებს არ ემთხვევა. «ეს ძალიან საინტერესოა — და შეიძლება, იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ სახელმძღვანელოების გადაწერა მოგვიხდეს!» — დაამატა მევნიერმა. 218 9-ს მოსწონს
|