გარდაიცვალა ადამიანი და მოხვდა ღმრეთის სამსჯავროზე. დიდხანს უყურებდა მას გაოგნებული ღმერთი და საეჭვოდ დუმდა. ვერ მოითმინა კაცმა და ჰკითხა მას:
— უფალო, ჩემს ხვედრზე რას იტყვი? რატომ დუმხარ? მე ხომ დავიმსახურე ღვთის სასუფეველი. მე ძალიან ვცდილობდი! — ღირსების გრძნობის განცდით, განაცხადა მან.
— როდიდან არის, — გაუკვირდა ღმერთს, — რომ ცდა დამსახურებაში ითვლება?
— მე ნორმალური არაფერი მცმია, — ჯიუტად აგრძელებდა ადამიანი — ქატოსა და ხმელ ბარდას ვჭამდი, არაფერი დამილევია, წყლის გარდა, ქალს არ გავკარებივარ. ჩემს ორგანიზმს მუდმივი მარხვით ვაუძლურებდი და სულ ვლოცულობდი…
— მერე რა — შეაწყვეტინა ღმერთმა. — მე ვიცი, რომ იტანჯებოდი — მაგრამ, რისთვის იტანჯებოდი?
— შენი სახელის სადიდებლად, — არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა კაცმა.
— ძალიან კარგი სახელი კი გამომივიდა! — მწუხარებით გაიღიმა ღმერთმა. — ესე იგი, მე ხალხს ვაშიმშილებ, ვაიძულებ ძონძებში იაროს და სიყვარულის სიხარულს ვართმევ?
სიჩუმემ დაისადგურა… ღმერთი ისევ ჩაფიქრებული იჯდა და ადამიანს უყურებდა.
— და მაინც, რა იქნება ჩემი ხვედრი? — გაახსენა თავი ადამიანმა.
— ვიტანჯებოდიო, ამბობ, — ჩუმად ჩაილაპარაკა ღმერთმა. — როგორ აგიხსნა, რომ გაიგო… აი, მაგალითად, დურგალი, აქ შენს მოსვლამდე რომ იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე, ხალხისთვის სახლებს აშენებდა. ის სულ მუშაობდა, სიცხეში, სიცივეში... ხან შიმშილობდა კიდეც და ხშირად, ჩაქუჩსაც ირტყავდა თითებში და ამის გამო იტანჯებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სახლის მშენებლობას აგრძელებდა და გაწეული შრომის ანაზღაურებასაც იღებდა. შენ კი, გამოდის, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაქუჩს ირტყავდი თითებში... — ღმერთი რამდენიმე წამს გაჩუმდა — მერე და, სახლი სად არის? შენ გეკითხები, სად არის სახლი?!!
***
ერთხელ ანგელოზმა ღმერთს მიმართა:
— უფალო, პრობლემა მაქვს.
— რა გაღელვებს, ჩემო ანგელოზო? — გაეღიმა ღმერთს.
— როგორ გითხრათ, ამ ბოლო დროს, მე ძალიან მიჭირს მფარველი ანგელოზის მოვალეობის შესრულება. რატომღაც აღარ მესმის ადამიანების, აღარ შემიძლია მათი გაგება… დროდადრო მგონია, რომ სულ ცოტაც და ჩემს გაღიზიანებასაც შეძლებენ!
— კონკრეტულად რა არ მოგწონს ადამიანებში?
— ისინი ყოველთვის უკმაყოფილოები არიან იმით, რაც აქვთ და ხშირ შემთხვევაში, არ იციან რა უნდათ. გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებენ. ერთმანეთს ეომებიან და გარემოს ანადგურებენ. ვერ იტანენ იმათ, ვინც მათ არ ჰგავს. ისინი სხვების აზრზე არიან დამოკიდებულნი და ხშირ შემთხვევაში, ბრძენს კი არა, დემაგოგებს უჯერებენ. ისინი ეკლესიაში ლოცულობენ და მალევე, ცოდვას ჩადიან. ეს ყველაფერი ძალიან მამწუხრებს!
— ხო, შვილო ჩემო, საქმე მართლაც სერიოზულად ყოფილა, — თქვა და ჩაფიქრდა ღმერთი. — შენ მართალი ხარ, რამე უნდა მოვიმოქმედოთ. და ძალიან სასწრაფოდ! შენ შემფასებლობა გაგიჩნდა — ეს კი იმის ნიშანია, რომ ანგელოზობას კარგავ… ალბათ ადამიანებისგან გადაგედო!
— მეც მაგას არ ვამბობ, — უპასუხა დაღონებულმა ანგელოზმა. — მე ვფიქრობ, პროფესიონალური ზრდა მესაჭიროება. გამიგია, რომ ზოგიერთ ანგელოზს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გზავნიან. შემიძლია, რომ მეც ვითხოვო სასწავლებლად გაგზავნა?
— შეგიძლია, შვილო ჩემო. ასეთი კურსები მართლაც არსებობს, და ძალიან ეფექტურიც არის! ვისაც სწავლა უნდა, როგორც წესი, კარგ შედეგსაც აღწევს.
— იქ რა საგნებს ასწავლიან?
— სხვადასხვას, სხვადასხვა საგანს! მე ვიტყოდი, რომ მრავალმხრივი განათლებაა! შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტია ანგელოზებისთვის. იქ შენ აუცილებლად იპოვი მეგობრებს, თანამოაზრეებს და არ მოიწყენ.
— და სწავლის ფორმა როგორია? ლექციები? სემინარები?
— მეტწილად ინტერაქტიურია. ყველაფერი პირადი გამოცდილების მიღებაზე, გრძნობაზე და შეგრძნებაზე არის აგებული. მაგრამ, ცოტა თეორიაც იქნება, სხვადასხვა თვალსაზრისის გამოსახატავად. ეს პლურალიზმისთვის და არჩევანის გაკეთების თავისუფლებისთვის არის საჭირო.
— ჰო, უფალო, ეს ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდება! მე ძალიან მინდა ამ კურსებზე მოხვედრა. რა უნდა გავაკეთო?
— რა გააკეთო? მხოლოდ მიღების წესებს უნდა გაეცნო, შვილო… პირველ რიგში, შენ მიიღებ სხეულს, ის გაიცემა ერთხელ და სამუდამოდ, გამოცვლა არ შეიძლება. ის შეიძლება შენ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. მაგრამ, ის ერთადერთია, რაც შენთან სწავლების დასრულებამდე იქნება. სხვა ყველაფერს, მხოლოდ დროებით სარგებლობაში მიიღებ, სხვადასხვა ვადით. გასაგებია?
— გასაგებია. არაფერი არ არის ჩემი, სხეულის გარდა. საჭიროა მისი გაფრთხილება, რადგან სწავლის პერიოდის მანძილზე, ის ერთადერთია.
— შემდეგ… შენ მოგიწევს სწავლა დღე და ღამე, რამდენიც საჭირო იქნება, დაწყებული პროცესის დასასრულებლად. ყოველი ადამიანი და ყოველი მოვლენა, შენი მასწავლებლები იქნებიან, ამიტომ მათზე გაბრაზებას აზრი არა აქვს.
— მაგრამ თუ შეცდომას უშვებენ?
— არ არსებობს შეცდომები. არსებობს მხოლოდ გაკვეთილები და მასწავლებლები. და გაითვალისწინე, რომ შენც იქნები ვიღაცისთვის მასწავლებელი.
— მე? მასწავლებელი??? მე რომ არ ვიცი! ან რომ არ გამომივიდეს?
— ასეც შეიძლება მოხდეს… წარუმატებლობა – წარმატების განუყოფელი ნაწილია. ყოველი ჩავარდნის გაანალიზება და მისი და მისი წარმატებად გადაქცევა შეიძლება!
— შეიძლება გაკვეთილზე უარის თქმა, თუ რამე არ გამომივა?
— გაკვეთილი სხვადასხვა ფორმებში გამეორდება, ვიდრე სრულად არ აითვისებ. თუ ადვილ გაკვეთილს არ აითვისებ, — თანდათანობით უფრო და უფრო გართულდება. როდესაც აითვისებ, ჩათვლას ჩააბარებ და შემდეგ გაკვეთილზე გადახვალ. აი, ასეთია პროგრამა!
— და როგორ მივხვდები, რომ გაკვეთილი ათვისებული მაქვს?
— სიბრძნე პრაქტიკით მიიღწევა. როდესაც შენი ქმედება, გაგება და შეხედულება გარემო პირობებზე შეიცვლება, ე. ი. გაკვეთილი ათვისებულია.
— დიახ, გავიგე. ძალიან მინდა რომ სიბრძნე მალე შევიძინო!
— ნუ ხარ სულსწრაფი, ანგელოზო! ხანდახან, ცოტა რაღაცა უკეთესია, ვიდრე — ბევრი არაფერი. შენ ყველაფრის მიღებას შეძლებ, რასაც მოისურვებ. შენ ქვეცნობიერად ზუსტად განსაზღვრავ, რაში რამდენი ენერგია უნდა დახარჯო და იმას თუ როგორ უნდა მიიქციო ხალხის ყურადღება. დაფიქრდი იმაზე, რაც გაქვს — და იცოდე, რომ ეს, სწორედ ის არის, რაც გინდოდა. შენი «დღევანდელი დღე», შენი «გუშინდელი დღით» არის განპირობებული, ხოლო «ხვალინდელი დღე», «დღევანდელი დღით» იქნება განსაზღვრული.
— მაგრამ თუ შემეშალა, თუ ისეთი რამე ავირჩიე, რაც მომავალში პრობლემებს შემიქმნის?
— რაც გარეთა, შიგნითაც ის არის და პირიქით. გარეგანი პრობლემები — შენი შინაგანი მდგომარეობის ზუსტი ანარეკლია. შეცვალე ის, რაც შიგნით არის — და გარეთ ყველაფერი თანდათანობით შეიცვლება... ცხოვრება გიკარნახებს!
— და როგორ? როგორ გავიგებ რას მიკარნახებს?
— ტკივილი — არის საშუალება, რომელსაც სამყარო იყენებს, რომ შენი ყურადღება მიიქციოს. თუ სული ან სხეული ტკივილს განიცდის — ეს იმის ნიშანია, რომ ცვლილებების დრო მოვიდა!
— ნუთუ სხვა ანგელოზები, რომლებიც კურსებზე სწავლობენ, ტკივილს მომაყენებენ, უფალო?
— დაიმახსოვრე, რომ თქვენ ყველანი — მოსწავლეები ხართ, და ყველანი თანაბარ პირობებში იმყოფებით. სხვები — მხოლოდ შენივე ანარეკლები არიან. შენ ვერ შეძლებ იმის შეყვარებას ან შეძულებას რაც სხვაშია, თუ ის არ ასახავს შენს პირად თვისებებს. გახსოვდეს: იქ მხოლოდ ანგელოზები არიან, ისეთები როგორიც შენ ხარ, სხვა სულიერი იქ უბრალოდ არ არის. ასე, რომ, ნებისმიერი ტკივილი — მხოლოდ თამაში იქნება, შეფასება, შენი გონების რეაქცია.
— კიდევ რამე უნდა ვიცოდე, ღმერთო?
— ალბათ, კი. მინდა რომ გაიგო: იქ, სადაც შენ მოხვდები, არ არის უკეთესი ადგილები, ვიდრე აქ. წარსული მაშინვე უნდა დაივიწყო, მომავალს ვერ იწინასწარმეტყველებ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის მომენტი, ის წამი, გაელვება, რომელშიც იქნები.
— მე მიჭირს იმის გაგება, რასაც მეუბნები. მაგრამ, შევეცდები. ვფიქრობ, მასწავლებლები ყველაფერს ამიხსნიან. ასე არ არის?
— არ ღირს საკუთარი პასუხისმგებლობის მასწავლებელზე ან სხვა ვიღაცაზე გადაბარება. მასწავლებლები შენ პროგრამას გაძლევენ, შენ კი სწავლობ! შენთან იმდენი დარჩება, რამდენის ათვისებასაც მოისურვებ.
— მე შევეცდები ყველაფერი ავითვისო, რისი ათვისებაც შესაძლებელი იქნება!
— დიახ, ჩემო ანგელოზო! ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთე, შესაძლებლობის ფარგლებში — და მიზანს მიაღწევ.
— მაგრამ შენ, — შენ, უფალო, ძველებურად მიხელმძღვანელებ? თუ წიგნებით და კონსპექტებით მომიხდება სწავლა?
— არც ერთი წუთით არ მიგატოვებ, შვილო ჩემო! მე მუდამ შენთან და შენში ვიქნები. მაგრამ ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვიქნებით და შენ ხელახლა მოგიწევს ჩემი მოსმენის, ჩემი ხმის გაგების სწავლა. მხოლოდ იმით შემიძლია დაგამშვიდო, რომ შენს ყველა კითხვაზე პასუხი, — შენშივე არის. შენ იმაზე მეტი იცი, ვიდრე წიგნებში ან კონსპექტებში წერია. შენ მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო, საკუთარ თავს უსმინო და საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეს. ასე, რომ, თუ არ გადაიფიქრე, ახლავე მოვახდენ შენს ტრანსპორტირებას, სწავლის ადგილზე!
— კარგი. მადლობელი ვარ უფალო! მზად ვარ. მთავარია, თქვენი დარიგება არ დავივიწყო!
— აქ კი სურპრიზი გელოდება, პატარავ, — გაიცინა ღმერთმა. — იცი, ანგელოზის გადამზადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მან ყველაფერი თავიდან, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. შენ ყველაფერს დაივიწყებ, რაც მე ახლა გითხარი. და მაშინ გაიხსენებ ჩვენს საუბარს, როდესაც საამისოდ მზად იქნები… აბა, წავიდეთ?
— წავიდეთ! — გაბედულად შემოჰკრა ფრთები ანგელოზმა და დაინახა მის წინ გახსნილი გვირაბი, რომელშიც დახუჭული თვალებით, როგორც უფსკრულში ისე გადაეშვა. ის ღმერთს ენდობოდა და ამიტომ, არ ყოყმანობდა. თუმცა, მისი ფრენა არც ისე ხანგრძლივი იყო…
… გაისმა კივილი, და დედამიწაზე, კიდევ ერთი ადამიანი დაიბადა.